ფულის ხიბლი
ჩახედე პარტიას ჯიბეში
გასულ კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავისი მორიგი კვლევის შედეგები გაგვიმხილა. კვლევა კი ისეთ პროზაულ და, ამასთანავე, მნიშვნელოვან ფაქტორს ეხებოდა, როგორიც პარტიების შემოსავალ-გასავალია. კერძოდ, ამ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამჯერად ქართულ პოლიტსცენაზე მოღვაწე ქართულ პოლიტპარტიებს გასული, 2012 წლის ჯიბეში ჩაუხედა, თან – გაითვალისწინეთ, რომ ფულის ამ ნუსხაში უშუალოდ საარჩევნო ხარჯი არ შესულა.
როგორც გაირკვა, ყველაზე მეტი შემოსავალ-გასავალი „ნაცმოძრაობას“ ჰქონია: სახელდობრ, შემოსავალი – 23 მილიონი ლარი, გასავალი – 22 მილიონი, „ქართული ოცნების“ ფინანსები აწ უკვე უმცირესოელ კოლეგებთან შედარებით მოკრძალებულია: შემოსავალი – 6 მილიონი, გასავალი – 12. ყველაზე ღარიბულად ქართველი ლეიბორისტების პარტიული ჯიბე გამოიყურება: სულ რაღაც 300 000 ლარი დაუხარჯავს მშრომელთა პარტიას 2012 წელს პარტიული საქმიანობისთვის (იმიტომ, რომ, ისევე იტანჯებიან, როგორც მათი ხალხი იტანჯება!).
თუ ზემოთქმულს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზემოთვე ჩამოთვლილი პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შევუპირისპირებთ, ცხადი გახდება, რომ პარტიის ჯიბესავსეობა მოპოვებული მანდატების, თუ მთლად პირდაპირ არა, უბრალოდ მაინც პროპორციულია. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ უხვი ფინანსები მთლად გამარჯვების გარანტიაც არ ყოფილა – როგორც ჩანს, ფულს მარილიც, ანუ, ცოტა მარიფათიც უნდა მოაყარო!