რითი დაიღალა გივი თარგამაძის ცოლი და ისმინება თუ არა მისი ტელეფონი
„ჩე გევარას შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში არავის ღირსებია იმდენი ყურადღება, რამდენიც გივი თარგამაძეს – ვგულისხმობ მისთვის მსოფლიო რევოლუციონერობის დაბრალებას,” – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი რუსი ჟურნალისტის შეკითხვას. უკვე თვეა, რაც გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსეთის სასამართლომ ქართველ დეპუტატს, პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ბრალი რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადებასა და ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერისთვის წაუყენა და დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ჩვენ აღარ მოვყვებით გივი თარგამაძეზე გავრცელებულ ჭორისა თუ სიმართლის გარკვევას, თუ რა ქონებას ფლობს ის საქართველოსა და უცხოეთში; რომ ის „რევოლუციების ბიზნესით” არის დაკავებული; რომ უკრაინაში მცხოვრები ქართველი (არა მხოლოდ) კანონიერი ქურდების მფარველი და მეგობარია... ჩვენ დღეს მას სხვა მხრიდან – საყვარელი ქალის თვალით დაგანახვებთ. ნინო მუშკუდიანის ჩვენთვის მოცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ ვინ არის სინამდვილეში გივი თარგამაძე, რა აზრისაა მისი მეუღლე ყველა იმ ბრალდებაზე, რაზეც მის ქმარს ედავებოდნენ, ედავებიან და ასე შემდეგ.
ცოლის შეფასებით, გივი თარგამაძე რბილი ხასიათის, მეოჯახე მამაკაცია. ის ძალზე მოწესრიგებულია თავის ნივთებთან და სამოსთან მიმართებაში. ქმრის ერთადერთ ნაკლად არაპუნქტუალურობას მიიჩნევს, რადგან, ყოველთვის ყველგან აგვიანებს. თუ შინ არის, ძირითადად მუშაობს; ხანდახან საოჯახო საქმეებშიც იღებს მონაწილეობას და დრო შვილებისთვისაც რჩება. სახლში არასდროს ლაპარაკობს პოლიტიკაზე მხოლოდ ერთი მიზეზით – დაიღალა. ქმრისთვის ტანსაცმელს ნინო თავად ყიდულობს. გივი თარგამაძე, თურმე, კოსტიუმებსა და ჰალსტუხებს ვერ იტანს, თუ მაინც მოუწია მათი ჩაცმა-გაკეთება, დიდხანს ასე გამოწყობილი ვერ ძლებს – შინ შეირბენს და აუცილებლად ჯინსს ჩაიცვამს. ნინოსა და გივის ორი ქალიშვილი ჰყავთ – ნატალი და ეკატერინე. ცოლ-შვილის მიმართ ძალიან ყურადღებიანია. უყვარს მათთვის სიურპრიზები, ძვირფასი საჩუქრების გაკეთება.
– ნინო, პირველ ყოვლისა, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. სად არის ახლა თქვენი მეუღლე-მეთქი, რომ გკითხოთ, უაზრობა იქნება – ვიცი, მაინც არ მიპასუხებთ, ამიტომ, თქვენი, როგორც გივი თარგამაძის ცოლის აზრი და განცდები მაინტერესებს იმ საკითხზე, რის გამოც ის დღეს ინტერპოლით არის ძებნილი.
– გივის არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დაიჭირონ. ამიტომ, იმის შიში არ მაქვს, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ და რაღაც... დარწმუნებული ვარ, ვერაფერს მოუძებნიან. ისე კი, რაღაც ჭორები ყოველთვის არსებობდა, რომ მილიონები იშოვა, რომ ბევრი სახლი გვაქვს არა მხოლოდ თბილისში, უცხოეთშიც. ერთ-ერთ გაზეთში ვნახე იმ სახლების ფოტოები, რომლებიც ვითომ ჩვენი საკუთრებაა. სასაცილოა ეს ყველაფერი. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ბრალდებებს, არანაირი როლი არ აქვს გივის ამაში. უყურეთ „მეცხრე არხს“? მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ქართველმა ეს იკადრო, რაც მათ იკადრეს; ძალიან აღშფოთებული ვარ. როგორც ვხვდები, ზუსტად იცოდნენ, სად იყო გივი, მივიდნენ, გადაუღეს და მერე ეს კადრები რუსულ ტელეარხებს გადასცეს. ამ კადრების შემდეგ მას ადგილსამყოფლის შეცვლა მოუწია. თან, სიუჟეტი ასე დაიწყო: რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და ეს კადრები მათ მოგვაწოდესო. მე ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, შენი ქვეყნის მოქალაქე უნდა დაიცვა. აქ რომ ვერაფერი მოუგონეს, ახლა რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებას აბრალებენ. რა თქმა უნდა, განვიცდი, ვნერვიულობ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გული ცუდს არ მიგრძნობს. საქართველოს მხარეს უფლება არ აქვს, გივი რუსეთს გადასცეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ უფლება რომ ჰქონდეთ, გადასცემენ. აქ რომ შეჰქმნოდა პრობლემა, ასე არ ვინერვიულებდი; ღმერთის წყალობით, თუ ადამიანი ჯანმრთელი ხარ, ამას გადაიტან, მაგრამ, იქ, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვედრას არავის ვუსურვებ.
– ფიქრისთვის ყველაზე კარგი დრო არის ღამე. ძილის წინ თუ ფიქრობთ ხოლმე, რაში შეიძლება იყოს მართალი თქვენი მეუღლე, რაში მტყუანი და რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი?
– ღამით საერთოდ არ მძინავს. ჩვენ ასეთი რეჟიმით ვცხოვრობდით: რადგან გივი გვიან მოდიოდა სახლში, ყველა ჩვენი მეგობარიც გვიან მოდიოდა ჩვენთან და ისე გახდებოდა ხოლმე დილის ხუთი, ექვსი საათი, რომ ვერ ვიგებდით. ამიტომ, ასეთ რეჟიმს შევეჩვიე. ვინც ფიქრებში მიდის, მერე დეპრესიაში გადასდის; ამიტომ, ვცდილობ, არაფერზე ვიფიქრო და, ან ვკითხულობ, ან ტელევიზორს ვუყურებ...
– ან ქმარს ელაპარაკებით კომპიუტერით.
– არა, გივიმ საერთოდ არ იცის კომპიუტერთან ურთიერთობა. „ფეისბუქსზე“ ვიღაცას მისი გვერდი აქვს გაკეთებული. ასე რომ, მინდა იცოდეს ყველამ, რომ ეს გივი თარგამაძის „ფეისბუქი“ არ არის.
– სატელეფონო მუქარები, შემოთვლები, თვალთვალი ხომ არ ყოფილა?
– მუქარა და ეგეთი რაღაცეები არა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ. მართლა დავიღალე. ხან გამორთულია და ვერსად ვრეკავ, ხან საშინლად შიშინებს... ბევრჯერ მითქვამს ტელეფონში საუბრისას სპეციალურად, იქნებ გამისწოროთ, თორემ, ვეღარ ვლაპარაკობ, დავიტანჯე-მეთქი. ან, რა უნდა ვილაპარაკო ისეთი, მაგას კი არ ფიქრობენ.
– თქვენს ქონებაზე მუდმივად არის ლაპარაკი. გივი თარგამაძე რომ არ იყოს თანამდებობის პირი, არ ჰქონდეს კარგი მატერიალური შესაძლებლობები და იყოს ძალიან დაბალი სოციალური ფენის, ღარიბი ადამიანი, თუ იქნებოდით მის გვერდით?
– მე რომ გივის გავყევი ცოლად, არც თანამდებობა ჰქონდა და არც არაფერი, ჩვეულებრივად ვცხოვრობდით და, მიმაჩნია, რომ დღესაც ასე ვცხოვრობთ. მას არასდროს გამოუყენებია თანამდებობა პირადი მიზნებისთვის. რომ დავქორწინდით, პავლოვზე ვცხოვრობდით გივის მშობლებთან. ჩვენი მეზობელი ბანკში მუშაობდა, რომელიც დაგვეხმარა ცალკე ბინის შეძენაში – ნუცუბიძის ქუჩაზე რაღაც ფართი იყო და ნელ-ნელა უნდა გადაგვეხადა. შევიძინეთ. მერე ეს ბინა გამოჩნდა, ის გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ. ამაზეც დაგვჭირდა საბანკო სესხის დამატება.
– კუს ტბის თვალისმომჭრელ კომპლექსზე რას გვეტყვით, რომელიც გივიმ შეიძინა და სადაც ახლა მისი დედა და ძმა ცხოვრობენ.
– ჩემმა დედამთილმა რამდენიმე წლის წინ პავლოვზე გაყიდა ბინდა და იქ იყიდა.
– ვიცი, მიჩვეული ხართ ქმრის ხშირ წასვლა-წამოსვლებს, მაგრამ, ახლა ალბათ ძნელია, ოჯახის გვერდით რომ არ არის. მისი არყოფნა თუ აისახა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე? ალბათ, ახლა რაღაც-რაღაცეებზე გიწევთ უარის თქმა, მაგალითად, ისეთ ნივთებზე, რაც ოჯახში აუცილებელი არ არის: ცნობილი მხატვრის ფერწერული ტილო, ძვირფასი ავეჯი, სამკაული...
– რა თქმა უნდა, ძნელია, აქ რომ არ არის. ფინანსურად კი აისახა იმდენად, რამდენადაც ჩვენ არავინ გვეხმარება, ოჯახს გივი განაგებს. ჯერჯერობით არ ვიცი, რას აპირებს, რა იქნება, რადგან, საერთოდ არ გვაქვს არანაირი კონტაქტი ერთმანეთთან. შეძენით კი, რა ვიცი... არასდროს მქონია მოთხოვნილება, ძვირფასი ნახატი, სამკაული ან ანტიკვარები მეყიდა, ეს ჩემში არ ზის და არც არასდროს მიმიცია თავისთვის ამის უფლება.
– კარგი. ახლა მის ხასიათსა და თვისებებზე ვისაუბროთ.
– გივი არ არის წუწუნა და მომთხოვნი, როგორც ქართველ ქმრებს სჩვევიათ. ძალიან დამოუკიდებელია, საკუთარ თავს თვითონ უვლის. ბევრჯერ ყოფილა, რომ საუზმე, ჩასაცმელი თვითონ მოუმზადებია და აქეთ შემოუთავაზებია, ჩაი ან ყავა ხომ არ გინდაო. ძალიან მშვიდი ხასიათისაა. უკვე 12 წელია, ერთად ვართ და ჯერ მისგან ხმამაღალი სიტყვა არ გამიგია; არ მახსოვს, ჩემთვის რამე ეწყენინებინა. შეიძლება სახლში საჭმელი არ დახვდეს, მაგრამ, არასოდეს იტყვის საყვედურს. არც ჩაცმის მხრივ არის პრეტენზიული. უყვარს ჯინსები, მაისური, სადა ფერები. პიჯაკები, პერანგები და ჰალსტუხები მისთვის ტრაგედიაა. ძალიან უნდა ეხვეწო, რომ პიჯაკი ჩაიცვას. კლასიკურ სამოსში ვერც ყველა ქალი გრძნობს თავს კარგად და მეც ასე ვარ. სულ მგონია, ცუდად ვხდები და, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ და გამოვიცვლი. საერთოდ, გივიმ ტანსაცმლის ამოჩემება იცის. ახალ რაღაცას რომ იყიდის, მასთან შეგუება უჭირს. კონკრეტულ სავაჭრო ცენტრში დავდივარ და ვხედავ თანამდებობის პირები როგორ დადიან და ვაჭრობენ. გივის ეს მომენტი არ აქვს.
ერთი ამბავი გამახსენდა: ჯვარი რომ დავიწერეთ, ხუთი თვის შემდეგ ქორწილი გვქონდა მანამდე მეგობრებთან ერთად თურქეთში ვიყავით საქორწილო კაბის შესაკერად. უკან რომ ვბრუნდებოდით, ყველაფერი, რაც შევიძინეთ, ერთ ნომერში გადავიტანეთ. გივი გაფითრებული სახით ჩამოვიდა ფოიეში და თქვა – ნომერში შევედი და არაფერი აღარ დამხვდაო. ავედით და, ვხედავთ, ყველაფერი ადგილზეა. აღმოჩნდა, რომ სხვის ნომერში შესულა, შხაპიც მიუღია და მოწესრიგებულა კიდეც.
– პოლიტიკის გარდა სად წარმოგიდგენიათ ქმარი?
– გივი პოლიტიკის გარდა ვერსად წარმომიდგენია. როგორც ვიცი, ადრე კარგი ჟურნალისტი იყო. დედამისს უნდოდა, ექიმი გამოსულიყო და სამედიცინოზეც სწავლობდა, მაგრამ, მერე თავი დაანება და ჟურნალისტიკაზე ჩააბარა.