მამათა შეგონებანი
თეოფანე დაყუდებული: ლოცვების დაზეპირება ლოცვით მოღვაწეობის ერთ-ერთი ხერხია, თქვენ კი გეგონათ, როგორც კი დაიზეპირებდით სიტყვებს, უმალ გულიდან ამოგივიდოდათ ლოცვა? ახლა ხედავთ, რომ მოლოდინმა არ გაამართლა, თუმცა ამაში დამნაშავე ლოცვების ზეპირობა კი არ არის, არამედ ის ხერხი, რომელსაც იყენებს ის, ვინც იზეპირებს. ლოცვების დაზეპირება საჭიროა არა იმდენად მეხსიერებით, რამდენდაც გულითა და გონებით ლოცვის სულით უნდა აღივსო გაიაზრო მისი შინაარსი, შეიგრძნო და შეითვისო იგი ისე, რომ როცა შეუდგები ზეპირად ლოცვას, აზრი და გონება წინ უძღოდეს სიტყვებს. როგორც ხედავთ, აქაც ყურადღების დაძაბვა გმართებთ. გულს ძალა დაატანეთ, რომ შესატყვისი გრძნობები აღიძრას. სწორედ ასეთი ლოცვა იქნება უკეთესი საშუალება მლოცველის სულის აღზრდისთვის. დაზეპირებული ლოცვა გარკვეულწილად უკვე არის შინაგანი ლოცვა. იგი უფრო ახლოსაა გულისმიერ ლოცვასთან. ზეპირად ლოცვისას ეცადეთ, გონება გულში ჩაიტიოთ, როგორც რაიმე ცარიელ ჭურჭელში. თუ ამას შეძლებთ, მაშინ განურთველი ლოცვის ჩვევასაც შეიძენთ.
ანტონ ჭყონდიდელი: თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, – უკურნებელ საფრთხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენი ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის, რომ სიმდაბლე მისი ნაყოფი არ არის და თუ ნაყოფს ბოროტად შერაცხ, შენგან ისიც ბოროტად შერაცხილი იქმნება, თქმისაებრ: „ხე ნაყოფთაგან საცნაურ არს“. მიხედე კეთილად განსჯით თქმულის სიტყვის ძალას: სიმდაბლის განგდებით და შეურაცხებით ქრისტე შენგან შეურაცხად განგდებული შეიქმნა. სიმდაბლის განგდებამ რადგან ამის მსგავსი მოუგონებელი საფრთხე გეამთხვია, ვალი გაქუს, რომ სიმდაბლე შეიტკბო და ამპარტავნება მოიძაგო.
ნიკოლოზ სერბი: მოვალეობის მორალი – მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა „მოვალეობა“ სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კი ავალდებულებს. სიყვარული თვისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა თავისი არსით მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი გონივრულია.
ოპტინელი ბერი: მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან ბრძოლაში, იგი, ლოცვის მსგავსად, ახალ განმყოფ ზღუდეს აღმართავს შენს სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის. მარხვა იწყება საკვების შეზღუდვით, ხოლო მაღალ საფეხურებზე იგი ლოცვასა და ღვთის ჭვრეტასთან ერთობაში აღწევს უმაღლესს – უვნებობას.