ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება სამოქალაქო დავის შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელის ღირებულების განსაზღვრა, თუ მხარის შესაძლებლობას აღემატება, განსაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ, რა კრიტერიუმებით ხდება ოჯახური დავების შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლოს განსაზღვრა, ანუ, რომელ სასამართლოში უნდა იქნეს ოჯახურ დავასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახური დავების განსჯადობის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. კერძოდ: სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე, ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ, შეიძლება, შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისთვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელის შეტანა შეიძლება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს სასამართლო განიხილავს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეიძლება, მოსარჩელის თხოვნით, საქმე გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ – სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
კითხვა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დამიყადაღეს საბანკო ანგარიშები. საქმის განხილვა გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა, შემდგომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩემს სასარგებლოდ. ყადაღის შედეგად ჩემმა ბიზნესმა განიცადა დიდი ოდენობის ზარალი. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა, იმის გამო, რომ სასამართლომ ამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ, ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
კითხვა: მაინტერესებს, რა ვადით შეუძლია მოსამართლეს, თანამდებობიდან გადააყენოს პირი თუ ის ბრალდებულად არის ცნობილი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება ბრალდებული თანამდებობის პირის მიმართ და ის გამოტანილი განჩინებით გადააყენოს თანამდებობიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
კითხვა: მაინტერესებს, რა ღონისძიებები ტარდება, თუკი ჩანს, რომ პირი დანაშაულის ჩადენისთვის იყენებს კომპიუტერულ სისტემას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან. ამასთან, ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება ბრალდებული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული ანუ გიჟი იყო?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, მხარის შუამდგომლობით, სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია, ამ პირის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ გადაწყდება იმ ბრალდებული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას იყო შერაცხადი, ხოლო განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოში უკვე შეურაცხადის მდგომარეობაში იმყოფება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ, მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება იმ მსჯავრდებული პირის შემდგომი სასჯელის მოხდის საკითხი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაავადდება ფსიქიკურად და გახდება შეურაცხადი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.