რატომ ვერ ახერხებს ქართველი გლეხი მიწის დამუშავებას დამოუკიდებლად და რატომ არის მომგებიანი ჩინელების, ინდოელებისა და კოპტებისთვის საქართველოში მიწათმოქმედება
უკვე დაიწყო „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის“ მეორე ეტაპი – „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც სამკომპონენტიანია. პირველი კომპონენტი გულისხმობს 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის გაცემას მცირე ფერმერებისათვის: ზედა ზღვარი – 5 000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი ფერმერისთვის – 0, თუ ამ ვადაში სესხს ვერ დაფარავს, მას თვეში 3-პროცენტის გადახდა მოუწევს. მეორე კომპონენტი 2-წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტია საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის, თანხა 5 000-დან 100 000-ლარამდე მერყეობს და მისი საპროცენტო განაკვეთი 8-ს არ აღემატება. მესამე კომპონენტი 7 წლამდე ვადით შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემას გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის, რომლის ზედა ზღვარიც 1 მილიონი ლარი იქნება, საპროცენტო განაკვეთი კი – არაუმეტეს 3-ისა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს მესამე კომპონენტში არანაკლებ 60 საწარმოს დაფინანსება იგეგმება. რა შედეგს გამოიღებს ზემოხსენებული პროექტი როგორც გლეხებისთვის, ისე ბანკებისთვის და, რაც მთავარია, რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. თემაზე პაატა კოღუაშვილი გვესაუბრება.
– ის ღონისძიებები, რომლებსაც ატარებს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გამოსაცოცხლებლად, შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის არა მხოლოდ ჩვენს დამპურებელ, არამედ მის მომგებიან დარგად ქცევას?
– სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რამდენიმე პირობაა: მელიორაციული მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, ზოოვეტმომსახურება და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა. ჩვენს გლეხობას მთელი ამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამის საშუალება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ბანკები სოფლის მეურნეობას, როგორც სარისკო წარმოების სფეროს, ფაქტობრივად, არ აკრედიტებდნენ. ერთი პროცენტიც კი არ იყო უშუალოდ სოფლის მეურნეობაზე გაცემული კრედიტები და პლუს ამას იყო ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
– დანარჩენ მსოფლიოში როგორაა გადაწყვეტილი აგროკრედიტების საკითხი?
– მთელ მსოფლიოში ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი, იმიტომ რომ კაცობრიობის არსებობის საძირკველშია ადამიანთა სურსათით უზრუნველყოფა და სწორედ ეს განაპირობებს მის ძალიან დიდ მნიშვნელობას. მაგალითად, იაპონიამ სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებისთვის საპროცენტო განაკვეთი საერთოდ გაანულა. შეერთებულმა შტატებმა 2,5 პროცენტამდე დაიყვანა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, საშუალოდ, 3 პროცენტია.
– იაპონიამ გაანულაო, სახელმწიფო იხდის პროცენტს თუ კერძო ბანკებმა რატომ უნდა გასცენ 0-პროცენტიანი კრედიტები?
– იქ სხვაგვარადაა საკითხი გადაწყვეტილი. არსებობს სპეციალიზებული ბანკები, არამომგებიანი საბანკო სისტემები, რომლებიც ფერმერთა საკუთრებაა. მსგავსი სისტემები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ბელგიას, ჰოლანდიას, გერმანიას და ასე შემდეგ. მისი მთავარი წევრები არიან კოოპერატივები ან ფერმერები. ამიტომ ჩვენთანაც უნდა დაიწყოს სოფლად კოოპერაციის პროცესი, კანონიც ცოტა სხვაგვარი უნდა იყოს და არა ისეთი, როგორსაც დღეს იღებენ. ბანკისთვის ვინ უფრო სანდო კლიენტია: ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი? რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ კრედიტზე და იქ დაუბრუნებლობის ვარიანტი არ არსებობს?! ამდენად, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევქმნათ, უფრო კარგი იქნებოდა, გუშინ ან გუშინწინ დაგვეწყო. როდესაც რომელიმე ჩინოვნიკს ეტყვი, რატომ გააკეთეთ ეს პროექტი კომერციული ბანკების მეშვეობითო, გიპასუხებენ, ეს ახლა ვერ მოესწრება. ასეთ ჩინოვნიკს უნდა ვუთხრათ: თუ არ დავიწყეთ, არასდროს არ მოესწრება. ამიტომ უნდა დავიწყოთ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია. ამას ავტომატურად ებმება აგროსადაზღვევო სისტემა. მით უმეტეს, რომ ასეთი სისტემა საქართველოში უკვე დამუშავდა, ევროგაერთიანების ექსპერტების მონაწილეობით, ბრიუსელში მოიწონეს და დამტკიცდა. ამერიკელებმა ეს 1916 წელს გააკეთეს.
– ვაიმე, ასი წლის წინათ?!
– ფრანგებმა უფრო ადრე, მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში, ეს სისტემა ერთგვარი ურთიერთდახმარების სალაროა. უფროსი ასაკის ადამიანებს ახსოვთ, თამაშობდნენ ეგრეთ წოდებულ სალაროს. მაგალითად, თვეში დებდნენ 50 ლარს და, ვისაც რიგი უწევდა, ის იღებდა სრულ თანხას. აი, ასეთი მარტივი წესით დაიწყო ამ სისტემის მშენებლობა, ძალიან დიდი სრულყოფა განიცადა და დღეს უძლიერესი საბანკო სისტემების სახის არსებობს. თავიდან სახელმწიფოც შედის საწესდებო ფონდის ფორმირებაში. მაშინ, 1916 წელს 125 მილიონი დოლარი ჩადო ამ ფონდში ამერიკის ხელისუფლებამ.
– ჩვენთანაც შეიქმნა 700-მილიონიანი ფონდი, თუ ასეთი გამოცდილება არსებობს, ამ თანხის ნაწილი სწორედ ასეთი სისტემის შექმნას მოხმარებოდა?
– ეს საქართველოს მამაცი და ქველი პრემიერ-მინისტრის სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ მან იცის, რა არის სოფელი და ესმის სოფლის მნიშვნელობა ჩვენი ერის იდენტობისა და ვინაობის შენარჩუნებისთვის, მისი დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისთვის. ფონდი კრედიტებს ვერ გასცემდა, ამიტომ მოინახა მარტივი სქემა, რაც საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში იყო აპრობირებული. კომერციულ ბანკებს სთხოვეს ამ პროგრამაში მონაწილეობა, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობით გასცენ და დაიბრუნონ ეს კრედიტები. ფონდი კი ბანკებს გადასცემს რაღაც თანამონაწილეობის თანხას, ოღონდ დღემდე ვერ გავიგე, რა არის ეს თანამონაწილეობა, მაგრამ, ფაქტია, ის 9-პროცენტიან სუბსიდირებას გააკეთებს. სქემა ასეთია: ბანკები კრედიტებს გასცემენ 17 პროცენტით, საიდანაც ფონდი ფარავს 9 პროცენტს, ფერმერი კი იღებს 8 პროცენტად. მინდა, ვთქვა, რომ პროცენტი ძალიან მაღალია.
– ჩვენთან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ბანკები ხსნიდნენ მაღალი რისკებით, თუ ფონდი ამ რისკს ანეიტრალებს თავისი გარანტიით, რატომ მაინც 17 პროცენტად?
– რა თქმა უნდა. არადა, ვიცით, რომ ეს კომერციული ბანკები გვთავაზობენ სამომხმარებლო სესხებს 13,95 პროცენტად. მაშინ 15 პროცენტად მაინც მიეცათ სოფლის მეურნეობისთვის, როდესაც სახელმწიფო დგას გარანტად?! ასეთ შემთხვევაში, გლეხი გადაიხდიდა 6 პროცენტს, 14-ად რომ მისცენ, გლეხი გადაიხდიდა 5 პროცენტს, რაც აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ კერძო ბანკები ამას არ აკეთებს, ამბობენ, სარისკოაო, არადა, თუ მე, სახელმწიფო, თანამონაწილე ვარ, გადაზღვევას ვაკეთებ, ეს ძალიან მაღალი პროცენტია. ეჭვი მეპარება, გლეხებმა შეძლონ 100 000-ლარიანი კრედიტების აღება, ვფიქრობ, ცოტა სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ეს გაკეთდა, ძალიან კარგი იქნება.
– ვინ შეიძლება, იყოს მილიონიანი აგროკრედიტის პოტენციალური ამღები?
– აქ ლაპარაკია გადამამუშავებელი წარმოებების შექმნაზე. თუმცა, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პირველი ამოცანაა სანედლეულო ბაზის შექმნა. როდესაც არ გაქვს ხორცი, ბოსტნეული ან ხილი, წინასწარ არ უნდა აშენებდე საკონსერვო და გადამამუშავებელ ქარხანას. ჯერ უნდა შექმნა ნედლეული და შემდეგ უნდა გადაამუშავო, თორემ ეს ტიპურ სოციალისტურ მუშურ-გლეხურ ხაფანგს ჰგავს: არ გაქვს ხორცი და აკეთებ სოსისების ქარხანას, რაც მოხდა კიდეც საქართველოში 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ამიტომ, უპირველესად, უნდა დადებულიყო სოფლის მეურნეობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.
– როგორც მე გავარკვიე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს დათვლილი, ამ ფონდის მეშვეობით განხორციელებული პროექტებით რის და რამდენ მოსავალს უნდა ველოდოთ, სად გასაღდება ის, ბაზარი თვითონ დაარეგულირებსო. დაარეგულირებს?
– როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდის სახელმწიფო, კონცეფციაა დასამუშავებელი, რა გჭირდება, რა შეიძლება, გაიტანო გარეთ და ასე შემდეგ. ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორშიც ჩვენ ვართ, სახელმწიფოები თავად არიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემსყიდველები, დამფინანსებლები და დისტრიბუტორები, ანუ წარმოებული პროდუქციის გამანაწილებლები. გლეხებს აკლიათ კრეატიულობა, ისინი ელიან, რას იტყვის ბატონი ბიძინა მას კი უწყება აწვდის საკითხებს, უწყება კი თავის პრობლემებზე არასდროს დაელაპარაკება. მე სპეციალიზებულ აგროსაკრედიტო სისტემას გავაკეთებდი და ეს დოკუმენტი არის კიდეც მზად და ამას ეყოფა 250 მილიონი. რაც შეეხება მილიონიან კრედიტებს: ამით მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობა თუ ისარგებლებს ან, თუ ვინმე გადაწყვეტს მეფრინველეობის ან მეცხოველეობის დიდი კომპლექსის გაკეთებას. თუ ამ კრედიტებს აიღებს ის 60 გადამამუშავებელი საწარმო, რომლებსაც შპს-ეს ფორმა ექნებათ, ეს ნიშნავს, რომ ისევ ისინი დარჩებიან ფასების მკარნახებლებად, მონოპოლისტებად, ისევ ისინი გამდიდრდებიან და არა – მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველი გლეხობა. ჩვენ ეს გადამამუშავებელი საწარმოები კოოპერაციულ გაერთიანებებს უნდა გადავცეთ, რომელიც ერთ რაიონში იქნება იმდენი, რამდენი სოფელიცაა. – მე, როგორც მივხვდი, ჯერჯერობით ამ პროექტით ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში ისევ ბანკები აღმოჩნდნენ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროექტი გამოიღებს სასურველ შედეგს?
– რაც არის, ამას არაფერი არ ეშველება, მაგრამ სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება, სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვისაც მიწა აქვს, აძლიო ასეთი ბარათი. მიწათმოქმედის სტატუსია მისაღები, გავიგოთ, ვინ არის ეს გლეხკაცი, რა უფლებები და მოვალეობები აქვს. ბენდუქიძემ ეს სტატუსი გააუქმა 2005-ში, თუმცა მთელ მსოფლიოში არსებობს. იმიტომ რომ სოფლად ცხოვრობს ექიმიც, მასწავლებელიც, კულტურის მუშაკიც, მძღოლიც და ისინი არ არიან სოფლის მეურნეები.
– ნიშნავს, რომ ეს 700 მილიონი არაეფექტიანად დაიხარჯება?
– წელს ვერ მოხდება ამ თანხის ათვისება. კანონია მისაღები მიწის კონსოლიდაციის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ, სოფლის სტატუსის შესახებ. სხვანაირად არ გამოვა. გადავხედოთ გერმანიის მაგალითს, იტალიის მაგალითს. თავის დროზე პირველი კოოპერატივები 1570-იან წლებში იტალიაში გაკეთდა. დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის მზად მილიარდის ასათვისებლად. ყველანი შევთანხმდით, რომ გლეხკაცი უნდა გავაძლიეროთ, სოფელი ავაღორძინოთ, ახლა გზებზეა ლაპარაკი. ჯერ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ ერევა ზოგიერთ პრობლემას. უამრავჯერაა ეს დაწერილი, მაგრამ , ბატონ ბიძინას არ ეუბნებიან. აი, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკანონებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ღია ბაზარზე გატანა და დღეს ნებისმიერ უცხოელს აქვს საქართველოში მიწის ყიდვის უფლება, მაშინ, როდესაც გაღატაკებულია ქართველი გლეხკაცი, არადა, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არის, რომელიც ამ მიწას იყიდის. ხომ ხედავთ, რა ხდება, მიაქვთ ყველაფერი ინდოელებს, ჩინელებს…
– სულ მიკვირს, თუ ქართველი გლეხისთვის არამომგებიანია მიწის დამუშავება, რატომ ეწაფებიან ამ მიწას უცხოელები? თავიანთი დაკრედიტებით ჩამოდიან?
– საქართველოში 4 000 კოპტია ჩამოსული, ძველი ეგვიპტელები, მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ დასავლეთ საქართველოში. ეგვიპტური სოფელი უნდა გავაკეთოთო. 22 000 სპარსია, ინდოელები, ჩინელები. ჩინელები და ინდოელები დაფინანსებულები მოდიან. მაგრამ, რა გინდა, რომ უქნა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს?! ვამზადებთ სარჩელს ახალგაზრდა იურისტებთან ეთრად, შევიტანთ, მაგრამ იტყვის, განიხლვას არ ექვემდებარებაო, ამიტომ მიწის არსებულ კანონმდებლობაში ისეთი რეგულაციები უნდა შევიტანოთ, რაც წინააღმდეგობაში არ მოვა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
– ეს შესაძლებელია?
– კი ბატონო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება აქვს უცხოელს, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელშიც მონაწილეობას იღებს უცხოელიც. არ უარვყოფთ ამას, მაგრამ ისეთი შეზღუდვები და რეგულაციები უნდა შევიტანოთ, რაც აქვთ საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, შვეიცარიას, ირლანდიას, პოლონეთს, საერთოდ ყველას. მაგალითად, ჩეხეთი ევროკავშირის წევრია და მისი კანონმდებლობით, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება, იყიდოს ჩეხეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მაგრამ მოქმედებს რეგულაციები. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ას წელზე მეტია, უცხოელს შეუძლია, იყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მაგრამ რამდენია გაყიდული? 0,7 პროცენტი. რატომ? იმიტომ რომ რეგულაციებია. მყიდველს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრების გამოცდილება, შესაბამისი კაპიტალი, იმ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს ათი წელი და, მათ შორის, სოფლად 5 წელი. კიდევ ბევრი შეზღუდვებია. მაგალითად, თურქეთში უცხოელს არ შეიძლება, ჰქონდეს ამდენი და ამდენი მიწა, თურქეთში არ შეიძლება, რომ ამდენი და ამდენი პროცენტი მიწის იყოს უცხოელების ხელში. იგივეა ყველგან და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, რომ დავიცვათ ჩვენი ერის საარსებო ბაზა!