კვლევის თანახმად, მსოფლიო რეიტინგში კეთილდღეობის მაჩვენებლით საქართველოს პენსიონერები 89-ე ადგილს იკავებენ. ამის პარალელურად, ცნობილია გაეროს მონაცემიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში, საშუალოდ, 800 ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება, მათგან 300-ის დაღუპვის მიზეზი, სწორედაც რომ, საკვების უკმარისობაა. ეს ორი მაჩვენებელიც მოწმობს, რომ, რაგინდ მრავალი ავტობანი ავაშენოთ, ევროსტანდარტებამდე ძალიან შორია. იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ ამ სავალალო სტატისტიკის მიზეზებსა და მათი შეცვლის შესაძლებლობებს.
– სხვა ქვეყნებთან შედარებით, რამდენად სავალალოა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის ჩვენი მაჩვენებელი?
– ჩვენთან რომ ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის საშუალო ევროპული დონე იყოს, შეგვეძლებოდა, წლის განმავლობაში 500-600 ბავშვის სიცოცხლე გადაგვერჩინა და მოკვდავობის მაჩვენებელი არ იქნებოდა 200-220-ზე მეტი. თუ იაპონიას ავიღებთ, იქ ძალიან იშვიათად იღუპებიან ჩვილები. ჩვენთან, ოფიციალური მონაცემით, ყოველ ათას ბავშვზე 12 ბავშვი იღუპება, ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 6-7, იაპონიაში – 2,8, სინგაპურში – 1,9. ამერიკის მონაცემიც, დაახლოებით, ემთხვევა ევროპულს. ასე რომ, ევროპაზე ორიენტაცია მხოლოდ დროშების ფრიალით კი არ უნდა ავიღოთ, არამედ, იმ სისტემური ყურადღებითა და მიდგომით, რასაც ისინი იჩენენ ცალკეული სოციალური ჯგუფების მიმართ.
– პოსტსაბჭოთა სივრცესთან შედარებით როგორ გამოვიყურებით?
– ეს მაჩვენებლები: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობა და სხვა, ძალიან მაღალ კორელაციაშია ცხოვრების დონესთან. მხოლოდ ქველმოქმედება და შემოწირულობა ამ პრობლემას ვერ უშველის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების დონის საერთო გაუმჯობესებაზე, – აი, ეს არის ამ პრობლემის გასაღები, რომ შევამციროთ, ჯერ, ბავშვთა მოკვდაობა და შემდეგ, გავზარდოთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
პენსიონერთა რაოდენობას უნდა შევხედოთ სტრუქტურულადაც: ჩვენთან 1999 წელს საპენსიო ასაკმა გადაიწია 5 წლით, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერი ხელისუფლება ერიდება ასეთი მყისიერი ნაბიჯის გადადგმას, რადგან საკმარისია, ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ გამოაცხადოს საპენსიო ასაკის გაზრდა, ჩათვალეთ, ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება მისთვის. ამიტომ ევროპულ ქვეყნებს აქცენტი აღებული აქვთ 15-20-25-წლიან პერიოდზე. ისინი ლაპარაკობენ, თუ როგორ მოხდება საპენსიო ასაკის ზრდა, მაგალითად, 2025 წლისთვის და ამას უკავშირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. არის ცალკეული გათვლები, რის მიხედვითაც, 2030 წლისთვის საპენსიო ასაკი, დაახლოებით, ისეთივე იქნება, როგორიც იყო გასული საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში.
– ანუ მაღალი?
– მაღალი, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება, თუმცა თანაფარდობა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და საპენსიო ასაკს შორის, უცვლელი დარჩება. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას ჰქვია „ასაკის ინფლაცია“. ეს ნიშნავს, თუ, მაგალითად, 2030 წელს 65 წლის ადამიანი ისე იგრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ, როგორც დღეს 60 წლის ადამიანი, რაც დრო გავა, მით უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში იქნება დაბერება გათვალისწინებული.
– თუ ასე მივუდგებით საკითხს, მაშინ საპენსიო ასაკის ზრდა საგანგაშო არ უნდა იყოს?
– საგანგაშო არ არის, თუ ის მისდევს ცხოვრების დონისა და კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ სტრატეგიული ხაზი უნდა ავიღოთ საპენსიო ასაკის ინდექსაციაზე. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ საპენსიო ასაკიც გაიზარდოს იმ თანაფარდობით, როგორც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის კვალობაზე იზრდება ჯანმრთელი ცხოვრების პერიოდი, რაკი უფრო გვიან დგება ავადმყოფობისა და ბიოლოგიური დაბერების სხვა შეუქცევადი ბიოლოგიური პროცესები.
– ჩვეთან პირიქითაა, საპენსიო ასაკს ადამიანები ელოდებიან, როგორც შვებას, რადგან პენსიას მაინც აიღებენ.
– ჩვენთან, რატომღაც, პენსიონერებმა დაივიწყეს პიპინია ერისთავის ნათქვამი: აწი ვაპირებ ცხოვრებასო.
– მე ვიტყოდი, უფრო დაავიწყებინეს.
– ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ პენსიონერმა თავი იგრძნოს სრულყოფილ პიროვნებად და ახალგაზრდა ასაკში მიუღწეველი სურვილები მაინც დაიკმაყოფილოს: მოგზაურობა იქნება თუ ახალი შთაბეჭდილებების მიღება.
– რა იგულისხმება ევროპული გაგებით პენსიონრების კეთილდღეობაში?
– კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორი არსებობს და ნიშნავს ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობას, კვებას, ძილს, საცხოვრებლის ფართობს, შემოსავალს, მიმდინარე მოთხოვნილებების მეტ-ნაკლებად სრული სახით დაკმაყოფილებას. ჩვენგან განსხვავებით, ევროპასა და ამერიკაში პენსიონერთა მატერიალური კეთილდღეობა, დაახლოებით, 1,5-ჯერ უკეთესია, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში.
– ყველაზე წელგამართული ფენაა პენსიონერები?
– სიღარიბის დონე მათში გაცილებით დაბალია, შემოსავლებისა და დანაზოგების დონე – გაცილებით მაღალი. საბჭოთა პერიოდის დამსახურება თუ ბრალი იყო, მაგრამ მაშინ მოსახლეობის 83-85 პროცენტს ჰქონდა ანაბრები და დღეს ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, იმ ჯგუფში, ვისაც დეპოზიტებზე ანაბარი აქვთ გახსნილი, პენსიონერთა რიცხვი ძალიან მცირეა.
– რა იწვევს ბავშვთა მაღალ მოკვდაობას, დედების ჯანმრთელობის მდგომარეობა, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ? ყოველწლიურად ერთ წლამდე ასაკის 800 ბავშვის სიკვდილი კატასტროფული მაჩვენებელი მგონია ჩვენი დემოგრაფიის მქონე ქვეყნისთვის.
– აბსოლუტური მატება, ანუ ბუნებრივი მატების მაჩვენებელი, სხვაობა შობადობისა და მოკვდაობის აბსოლუტურ მაჩვენებლებს შორის, ბოლო მონაცემებით, იყო 7 000-ზე ოდნავ მეტი. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 45 000-55 000-ს წლების მიხედვით, ანუ, საშუალოდ, 50 000 იყო. სამი წლის წინათ მატება გვქონდა 15 000, მაგრამ შემდეგ შემცირდა, რადგან რამდენიმე ათასით გაიზარდა მოკვდაობის მაჩვენებელი და 3 000-4 000-ით შემცირდა შობადობის მაჩვენებელი, ამიტომ მათ შორის სხვაობამ იკლო.
– რა კომპონენტები იწვევს ამას?
– კვება, ჯანდაცვის სისტემა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ამისადმი მოსახლეობის კულტურის დაბალი დონე. უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, რა კვების პროდუქტები მოიხმარო. ესეც თავის როლს ასრულებს.
– გაეროსვე მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ბავშვთა 9 პროცენტი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, 25 პროცენტი – ფართობით სიღარიბეში, ანუ 35 პროცენტი არასრულფასოვან გარემოში იზრდება. რას ნიშნავს ეს, რომ ისინი არასრულფასოვან მოქალაქეებად გაიზრდებიან?
– უკეთეს შემთხვევაში, იქმნება სოციალური ფონი ქართველი გავროშების კვლავწარმოებისთვის; უარეს შემთხვევაში, იმ ტიპის ცხოვრების წესი ქმნის ამადუს ცნობილი რომანის, „ქვიშის კარიერის გენერლების“ გმირებს. ჯერ კიდევ 2 000-იან წლების დასაწყისში ჩატარდა კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ საქართველოში და აღმოჩნდა, რომ საქართველოში 15 წლამდე ასაკის რამდენიმე ათეულათასობით ბავშვი იყო, რომლებიც არც სწავლობდნენ, არც მუშაობდნენ და თავიანთ ნებაზე იყვნენ მიშვებულნი. დღეს ეს ციფრი, ალბათ, კიდევ უფრო მაღალი იქნება.
– პრაგმატულად რომ შევხედოთ საკითხს: ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი, თუ მიაღწევს საპენსიო ასაკს, სახელმწიფოს უფრო ძვირი არ დაუჯდება?
– თქვენ უფრო ოპტიმისტურად უყურებთ საკითხს: ისინი საპენსიო ასაკის მიღწევამდეც შეუქმნიან პრობლემებს საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ხდება მათი მაუგლიზაცია. ის შეიძლება, სარგებლობდეს ტრანსპორტით, ლიფტით, მაგრამ იყოს გაუცხოებული და არ ჰქონდეს კომუნიკაბელურობა, არ ფლობდეს ქცევისა და კომუნიკაციის იმ ნორმებს, რაც მიღებულია საზოგადოებაში. ესეც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით. ხოლო, პესიმისტური გათვლებით, მივიღებთ იმას, რაც ილია ჭავჭავაძემ აღწერა თავის მოთხრობაში „სახრჩობელაზედ“: ასოციალურ პირობებში ისინი ჩამოყალიბდებიან დამნაშავეებად. ამიტომ ჯობია მეტი მზრუნველობა გამოვიჩინოთ ამ ბავშვებისადმი, მოვაქციოთ ისინი გარკვეულ ჩარჩოებში მანამ, სანამ დაკარგავენ ამ დროს, რადგან შემდეგ მათი ადაპტაცია და რესოციალიზაცია გაცილებით რთული იქნება, თუ დაგვიანებული არ აღმოჩნდა.
– თუ არის ასეთი მონაცემი: როგორ მოქმედებს მძიმე სოციალური პირობები ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე?
– ამის სტატისტიკა არ არის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღალ კავშირშია ერთმანეთთან, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება ახალი ინფორმაცია, შთაბეჭდილებები, გარემოსთან ადაპტირება, რაც უფრო მოკლებულია ამ პირობებს ბავშვი, მით მოკლებულია ის გონებრივი განვითარების შესაძლებლობას. მარტო ბუნებრივი ნიჭით კი ფონს ვერ გავა. ჩვენ ბევრი გონებაგახსნილი ადამიანი გვინახავს, თუმცა მათ სათანადო სწავლა-განათლების მიღების გარეშე საკუთარი თავის რეალიზაცია ვერ მოუხდენიათ. სოციალურმა ლიფტებმა რომ იმუშაოს, ჩვენ გვჭირდება არა მარტო ბუნებით ნიჭიერი ადამიანები, არამედ მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, იმისთვის, რომ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და მოახდინონ თვითრეალიზება.
– გამოდის, რომ ჩვენ ვკარგავთ მეოთხედს იმ შემოქმედებითი ძალიდან, რომელმაც უნდა შექმნას ამ ქვეყნის მომავალი. თუ კრეატიული, გონებრივად განვითარებული ადამიანების კრიტიკული მასა არ გვეყოლა, პროგრესს რა გამოიწვევს?
– არსებობს ამის საფრთხე. განვითარების პერსპექტივა და რესურსი უკავშირდება თვითკმარი სისტემის ჩამოყალიბებას. იმის ალბათობა, რომ ღარიბი ოჯახები ღარიბებად დარჩებიან, ჩვენთან უფრო მაღალია, ვიდრე იმის ალბათობა, რომ მდიდარი ოჯახის შვილები გაღარიბდებიან, მიუხედავად თავიანთი უნარ-ჩვევებისა და ნიჭისა. ამიტომ ეს მომენტი გასათვალისწინებელია. ვახსენე სოციალური ლიფტები, რაც ჩვენთან ვერ მუშაობს, არადა, მთელ მსოფლიოში, ევროპასა თუ ამერიკაში და ახლა უკვე რუსეთშიც, ნიჭიერ პიროვნებას სათანადო პირობებს უქმნიან, რომ მათ შეძლონ თავიანთი ამ უნარების უკეთ გამოვლენა და მეტი სოციალური აქტივობა.
– თუკი ბავშვების პირობები რამდენიმე წელიწადში შეიძლება, გამოსწორდეს და დრო მეტ-ნაკლებად ითმენსავით, პენსიონერებს ამდენი დრო არ აქვთ. ვინმეს პოსტსაბჭოთა სივრცეში აქვს ჩვენზე უარესი მდგომარეობა, ამ მხრივ?
– ჩვენზე ცუდი ვითარებაც არის, მაგალითად, ტაჯიკეთში, თუმცა თურქმენეთზე მონაცემები ნაკლებად ვრცელდება. ჩვენ ოდნავ ვუსწრებთ მოლდოვას. მაგრამ მთლიანობაში ასეთი სიტუაციაა: საშუალო ეკონომიკურ დონესთან შედარებით, ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ქვეყანაში საშუალო ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ნაკლები გვყავს დაქირავებულთა კონტინგენტი და ბევრი გვყავს პენსიონერი. გასული საუკუნის 80-იან წლებში ყოველ 100 დაქირავებით დასაქმებულზე მოდიოდა 42 პენსიონერი, დღეს მოდის 131 პენსიონერი. ესეც არის იმის მიზეზი, რომ ჩვენთან პენსიონერთა დონე საერთო დონეს ჩამორჩება.
– ამერიკული სამყაროს დევიზია: თუ ღარიბი დაიბადე, შენი ბრალი არ არის, მაგრამ, თუ ღარიბად კვდები, ეს უკვე შენი ბრალიაო. ჩვენ მივალთ ოდესმე ამ თეზამდე?
– ამერიკელებს სხვა ფრაზაც აქვთ ნათქვამი: თუ ჭკვიანი ხარ, მდიდარი რატომ არ ხარო, მაგრამ ეს მოქმედებს ნორმალურ საბაზრო პირობებში, სადაც თამაშის საერთო წესებია ყველა ვერტიკალსა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში. ამ პრინციპმა რომ ჩვენთან იმუშაოს, უნდა გვქონდეს კანონის უზენაესობა და თამაშის საერთო წესს იცავდეს ყველა მოთამაშე და, უპირველესად, არბიტრები.
– როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, რომ ბავშვები და პენსიონერები შიმშილით არ იხოცებოდნენ, რომ ასაკის მომატება გარდაუვალ სიღატაკეს არ ნიშნავდეს? სხვადასხვა ქვეყანამ ხომ გაიარა ეს გზა და არსებობს მათი გამოცდილება?
– სხვადასხვა ზომების გატარება შეიძლება და თვით ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც კი ბოლომდე არ არის დაძლეული სიღარიბე. მაგალითად, ამერიკაში სასურსათო ტალონების მიმღებთა რაოდენობა ათჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობას. ესე იგი, ეკონომიკური განვითარება არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ბოლომდე იხსნება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მაღალ კორელაციაშია. შეიძლება, შეძლებულ ოჯახს ჰქონდეს საშუალება და თავის ბავშვებს ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ აჭმევდეს ხიზილალას. მაგრამ, თუ გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ, მათ შორის გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, გადამდები ავადმყოფობები, აბსოლუტურად დაცული შეძლებული ოჯახის შვილიც ვერ იქნება. ამდენად, ეს სოციალური წყლულები უნდა მოვიშუშოთ, ბროლის კოშკებში კი არ უნდა აცხოვრონ შეძლებულებმა თავიანთი ოჯახის წევრები, არამედ იზრუნონ იმისთვის, მინიმუმამდე დავიდეს გაჭირვებულ ადამიანთა რაოდენობა და ამის ერთ-ერთი საფუძველია ეკონომიკა: სამუშაო ადგილების შექმნა.
ჩვენ შეგვიმცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთაა გასული და მათ გასულ წელს მილიარდ 400 მილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი უცხოური ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან. საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში, რადგან საქართველოში, სადაც მოსახლეობას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი მოზარდი თაობისადმი მზრუნველობა, ჩვილთა მოკვდაობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც უნდა ბანალურად გვეჩვენოს, უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებასა და შემდგომ შექმნილი დოვლათის სამართლიან განაწილებაზე. ეს ახალი რეცეპტი არ არის, მაგრამ ამაზე უკეთესი რეცეპტი კაცობრიობას ჯერჯერობით არ მოუგონია. მაგალითად: ნორვეგიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ეკვატორულ აფრიკაში.
скачать dle 11.3