გაყიდულია!!!
115/115
ოფიციალური სტატისტიკით, ამ ჩვენს ქვეყანაში (სახნავ-სათეს-საძოვარ, მთა-ბარიანად) თითოეულ მოქალაქეზე სულ რაღაც 115-115 მეტრი მიწა მოდის, მაგალითად, ინდოეთში საქმე გაცილებით სავალალოდაა – თითო მოსახლეს 50-50 მეტრი მიწა თუ ერგება.
ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ინდოეთის მკვიდრთ მრავლად შეხვდებით ჩვენს სამშობლოში (იქნებ, პრინციპითაც: მუქთა იყოს, კუბო იყოს).
შესაბამისად, არც ის გაგვკვირვებია, რომ გასულ კვირას დიცში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, სოფლის მოსახლეობამ შეიტყო, რომ სოფლის ტერიტორიაზე არსებული 140 ჰექტარი სარეზერვო ფართობი 2012 წლის დეკემბერში ინდოეთის მოქალაქეებისთვის მიუყიდიათ.
თავის მხრივ, ინდოელებს თადარიგი დაუჭერიათ და მიწის დამუშავებას ღამით შესდგომიან, მაგრამ, რაკი მზე ყოველდღიურად მოაფენს ხოლმე თავის მანათობელ სხივებს არემარეს, მოხნულ-დამუშავებული მიწა დილით დიცელებმაც შეამჩნიეს (უფრო მეტიც, ის-ის იყო, ახლად გამოჩეკილ მეპატრონეებს ხეხილი უნდა დაერგოთ). ხოლო, რადგან შეამჩნიეს, ვაშლის ხის ნერგების გასაშენებლად ამოთხრილი ორმოებიც მიუსწორ-მოუსწორეს და ტერიტორიაც დაატოვებინეს.
დიცელები არ აპირებენ, მიწის ეს ფართობი ვინმეს დაუთმონ (2008 წლის ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავითო!) და იმის ეჭვიც აქვთ, რომ ის დარღვევებით გასხვისდა.
ამბის სიუჟეტიც მოწმობს, რომ სამართალდამცველების ჩარევის გარეშე ფონს ვერ გავალთ, თუმცა, თუ ჩვენს ქვეყანაში მოვლენათა განვითარების ქრონიკას გადავხედავთ, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ დედაწულიანად სტამბულის ბაზარზე ვართ გაყიდულები.