ქმარმა სახლიდან გამოტყუებული ცოლი სადარბაზოშივე დაჭრა და შემდეგ მანქანაში წამებით მოკლა
20 მარტს თბილისში საზარელი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. იმ დღეს საინფორმაციო სააგენტოებმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელეს: ორხევის ხიდთან, ქმარმა, საკუთარ ავტომობილში, ცივი იარაღის გამოყენებით წამებით მოკლა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე, შემდეგ კი ამავე ავტომობილით წავიდა პოლიციაში და ცხედრით თავად ჩაჰბარდა სამართალდამცველებს. როგორც მეორე დღეს გაირკვა, მოკლული და მისი დედამთილი ერთსა და იმავე საბავშვო ბაღში მუშაობდნენ, რასაც სკანდალი და მშობლების მიერ დედამთილის სამსახურიდან გაშვების მოთხოვნა მოჰყვა. წყვილის ოთხი ბავშვი დაობლდა.
ჩვენ ვესაუბრეთ ვერაზე მდებარე ბაღის თანამშრომლებს, ასევე, გარდაცვლილის მეზობლებს. გარდაცვლილი ვარკეთილის ტერიტორიაზე ცხოვრობს (ზუსტ ადგილმდებარეობას და მის სახელს, რა თმა უნდა, არ ვასახელებთ). მოკლული ახალგაზრდა ქალი და მისი ძმა დედამ ობლობაში, უმამოდ გაზარდა, როგორც მეზობლები ყვებიან, დიდი წვალებით.
მეზობელი: საშინელი ტრაგედია მოხდა. დედამისმა დიდი გაჭირვებითა და სიყვარულით გაზარდა ორივე და-ძმა და ეს გოგო თავიდანვე ამ არაკაცის ხელში აღმოჩნდა. ერთი პერიოდი ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამით ტანჯავდა ოჯახს. მერე, როგორც ყველა ნარკომანმა, რომელსაც ნარკოტიკის ყიდვის საშუალება აღარ ჰქონდა, სმა დაიწყო. სულ სკანდალები ჰქონდათ სახლში. როგორც ამბობენ, ცოლს ხელითაც ეხებოდა – სცემდა ხოლმე და არც ოთხი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ერიდებოდა სკანდალებს.
– გაშორება არ უცდია?
– როგორ არა! გაშორება უკვე დიდი ხანია უნდოდა, მაგრამ, ეს ბიჭი არ ანებებდა თავს, სადაც არ უნდა წასულიყო, აკითხავდა და აშინებდა. ამ გოგოს ისეთი ძმა ჰყავს, არა მგონია, ვინმეს რამე შეარჩინოს, ალბათ, მისი შიშით ჩაჰბარდა პოლიციას. ბოლო დროს საწყალი გოგო თავისი დაქალის სახლში იმალებოდა. ქმარმა მის ადგილსამყოფელს მიაგნო და მოტყუებით გამოიყვანა გარეთ.
ოჯახის ახლობელი: უთხრა – ჩამოდი, ამ ერთხელ დამელაპარაკე და გავშორდეთ, განქორწინებაზეც ხელს მოგიწერ და აღარ შეგაწუხებო. ეს გოგოც მოტყუვდა და ჩავიდა. როგორც ამბობენ, სადარბაზოშივე დაუჭრია და მანქანაში ძალით ჩაუტენია. შემდეგ კი ორხევის ხიდთან საშინელი წამებით მოუკლავს – დაჯიჯგნილი ჰქონდა სხეული. მერე კი, ასე მანქანაში გვამით მივიდა პოლიციის შენობაში და ჩაჰბარდა.
როგორც უკვე გითხარით, გარდაცვლილი და მისი დედამთილი ერთად მუშაობდნენ საბავშვო ბაღში: მოკლული აღმზრდელი იყო, დედამთილი კი – მზარეული. ბაღის ბავშვების მშობლები კატეგორიულად მოითხოვდნენ მკვლელის დედის სამსახურიდან გაშვებას, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილებულია თუ არა მათი მოთხოვნა. ვერაზე მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის მზარეული ძალიან კარგი ქალია და, იმის გამო, რომ შვილმა ასეთი საშინელება ჩაიდინა, მან სამსახური არ უნდა დაკარგოს, მით უმეტეს, რომ, ოთხ ბავშვს, რომელთა დედა მკვდარია, მამა კი ციხეში ზის, გაზრდა და გამოკვება სჭირდება. თუმცა, ზოგიერთს ამ ქალისგან ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, რომ, რძალი შვილმა მოუკლა, შვილი პოლიციას ჩაჰბარდა, ის კი მეორე დღეს ჩვეულებრივად მივიდა სამსახურში. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ მომხდარის შესახებ არ გახმაურდებოდა.
ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მშობლები მზარეულის სამსახურიდან გაშვებას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მკვლელობაზე დედამ წააქეზა შვილი, რაც სრულ სიცრუედ მიაჩნიათ იმათ, ვინც მკვლელის დედას იცნობდა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ დედამთილმა რძლის მობილურში სხვა მამაკაცისადმი მიწერილი მესიჯები იპოვა და ამის შესახებ შვილს უამბო, მაგრამ, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით.
– დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ მართლაც მესიჯები გახდა ეჭვიანობის, შემდეგ კი – მკვლელობის მიზეზი?
მეზობელი: არ ვიცი და ვერც ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა მოკლა შენი ოთხი შვილის დედა თუ არანორმალური არ ხარ?!
ასეა თუ ისე, ყველა მოსაუბრე აღიარებს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, მაგრამ, კონკრეტულად რა ფაქტი გახდა ამის მიზეზი, ვერ დავაზუსტეთ. მეზობლები ტირილით მხოლოდ იმას ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალის სხეული დასახიჩრებულია, რომ ის სისასტიკით არის მოკლული და უკვე აღარაფერი ეშველება.