როგორ უნდა მოაწყოთ საძინებელი მშვიდი ძილისთვის და რა შემოაქვს ბინაში შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის მცენარეებს
თუ გსურთ, ოჯახში სიმშვიდე, ჰარმონია, კეთილგანწყობა და სიყვარული შეინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ოთახების სწორად მოწყობა. ამაში კი, ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.
პირველ ყოვლისა, თქვენი და თქვენი რჩეულის საძინებელში უნდა იყოს წესრიგი და სიმშვიდე. ამიტომ, რაც უფრო დაშორებული იქნება თქვენი საძინებელი სახლის ან ბინის შემოსასვლელიდან, მით უკეთესია. თქვენი სიმყუდროვე არ უნდა დაარღვიოს სტუმრების, ბავშვების ან უცხო ადამიანების ხმებმა. რა სასიყვარულო ღამე გექნებათ, თუ საძინებელში სამზარეულოდან საჭმლის არომატი შემოდის?! საძინებლის არჩევისას, ეცადეთ, ოთახს არ ჰქონდეს საერთო კედელი არა მარტო სამზარეულოსთან, არამედ, აბაზანასთან: არ მიადგათ თქვენი საწოლი სველ კედელს. ის, თუ სად უნდა იყოს სასთუმალი, არ არის საჭირო, დაეყრდნოთ უნივერსალურ რეკომენდაციას. ეს, შესაძლოა, თქვენთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. შეასრულეთ უბრალო ასტროლოგიური რჩევა: საძინებლის კარი არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ, რადგან, ფეხები კარის მიმართულებით – ეს მიცვალებულის პოზაა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორია თქვენი საწოლი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ ეგრეთ წოდებული „დამაშორებელი ნიშნები:” წყვილს აუცილებლად უნდა ედგას ერთი დიდი საწოლი, უნდა ეგოს ერთი ქვეშაგები და ეხუროს ერთი საბანი. არ ვარგა ცოლ-ქმრის დაწოლა გაშლილ დივანზე. უკეთესია, თუ შეიძენთ საწოლს, რომელიც ოთხ ფეხზე დგას. საძინებელში, აგრეთვე, საწოლის ქვეშ არ უნდა შეინახოთ ზედმეტი, უსარგებლო ნივთები. სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის იქ სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს. საძინებელ ოთახში აუცილებლად უნდა იდგეს მაგიდა, რომელზეც იდგმება სარკე. სარკე მაგიური ნივთია, რომელსაც შეუძლია, როგორც შეანელოს, ასევე, გააძლიეროს ნეგატიური ენერგია. ამიტომ, ის ისე დადგით, რომ თქვენი საწოლის გამოსახულება სარკის ცენტრში არ მოხვდეს. ასევე, დასვენების დროს, არ უნდა ხედავდეთ სარკეში თქვენს ორეულს.
ბევრი ადამიანი საძინებელში ამჯობინებს მუშაობას, რაც არ არის სწორი. ოთახში, რომელშიც შედიხართ დასასვენებლად და გსურთ, გაატაროთ დაუვიწყარი ღამე, ნახოთ ფერადი სიზმრები და რჩეულს ეალერსოთ, არ შეიძლება მუშაობა, კითხვა, წერა ან ტრენაჟორზე ვარჯიში. წიგნების თარო და საწერი მაგიდა დადგით საძინებლის გარეთ. ჯობია, ღამით საყვარელ ადამიანთან, ან, თუნდაც მარტომ, მშვიდი და ჰარმონიული გარემო შექმნათ და ლამაზი სიზმრები ნახოთ.
თუ ბინაში ოთახის მცენარეები გაქვთ, ეს წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ თქვენთვის ასტროლოგიურად საჭირო ქოთნის ყვავილები, რომლებიც სახლისა და ზოგადად, საცხოვრებლის ატმოსფეროს გასუფთავებას უწყობს ხელს – ეს გამოიხატება არა მარტო დღის განმავლობაში ნახშირორჟანგის შთანთქმაში, არამედ, უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაში.
ყვავილები ყველა ბინაში ვერ ხარობს. ისინი აგრესიული ადამიანების სახლში ვერ უძლებენ ემოციურ დატვირთვას და იღუპებიან. სადაც ბევრია ყვავილი, იმ სახლის მცხოვრებთ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ნაკლებადაც აწუხებთ ავადმყოფობები. ყვავილს შეუძლია, პატრონს ხასიათი შეუწყოს.
ცნობილია, რომ მცენარეები, ადამიანის მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან. თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე ხარობს, ეს თქვენს წარმატებებზეც აგებს პასუხს. ის შეუმჩნევლად, სიძნელეების გარეშე, გააძლიერებს თქვენში დამატებით ენერგიას და ჩამოგაშორებთ უარყოფით ენერგიას. სხვა ზოდიაქოს ნიშნის მცენარეები კი იმ თვისებებს შეგძენთ და მოგანიჭებთ, რომლებიც არ გაქვთ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია იელი, ბეგონია და გერანი. ვერძებს ეს მცენარეები წარმატებებს მოუტანს პირად საქმეებში, გაუუმჯობესებს გუნება-განწყობას, მოუხსნის სტრესს და ასევე, განუვითარებს საკუთარი თავის რწმენას.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის მიზანშეწონილია ია და ყოჩივარდა. ეს მცენარეები მათ მატერიალური სახსრების გაუმჯობესებასა და მოზიდვაში ეხმარება. ასევე, ამ ადამიანებში ავითარებს შემოქმედებით უნარს და მათ საცხოვრებელს უარყოფითი ენერგიებისგან წმენდს.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს „უხდებათ“ სურო და გვიმრა. ეს მცენარეები მათ ურთიერთობების დასტაბილურებაში ეხმარება, სიამოვნებას ანიჭებს და უფრო ტაქტიანს ხდის.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ალოე და აგავა. ეს მცენარეები მათში თვითრწმენას ავითარებს, ეხმარება ახლობლებთან საერთო ენის გამონახვაში, სახლში კი სიმშვიდე შემოაქვს. ასევე, ალოე და აგავა კირჩხიბებს ინტუიციის განვითარებაში ეხმარება.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის მიზანშეწონილია კალა, ვარდი და უკადრისა. ისინი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უვითარებს დამოუკიდებლობის გრძნობას, უმყარებს თვითრწმენას, ეხმარება შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში. სახლში კი თბილ და მყუდრო ატმოსფეროს უქმნის.
თუ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული სახლში მონსტერას გაახარებს, ეს მცენარე მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ინტელექტუალურ საქმიანობასა და საღ აზროვნებაში დაეხმარება.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ქრიზანთემა. ეს მცენარე სასწორებს ათავისუფლებს უსარგებლო ეჭვებისგან, ანიჭებს სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას, ჰმატებს სიმტკიცესა და საკუთარი თავის რწმენას. ასევე, წმენდს ატმოსფეროს ნეგატიური ენერგიისგან.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია კაქტუსი. ის მათ ასწავლის ემოციების კონტროლს, ამშვიდებს, იცავს შეცდომებისგან; ეხმარება, რომ საჭირო სიტუაციებში თავი ხელში აიყვანონ; აუმჯობესებს მეხსიერებას და შემოსავლების მოზიდვაში უწყობს ხელს.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის საუკეთესო ვარიანტია ლიმონი. ეს მცენარე აძლიერებს ახლის შეცნობის უნარს, ავითარებს ცნობისმოყვარეობას, ეხმარება დამოუკიდებლად მოქმედებაში.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის კარგია ფიკუსი. ეს მცენარე მათ წარმატებების მოპოვებაში ეხმარება, უქმნის მყუდრო გარემოს ბინაში, თავიდან ააცილებს ჩხუბს და აძლევს ძალას კრიტიკულ სიტუაციებში.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის სასარგებლოა რძიანა და მარანთა. ეს მცენარეები მათ სძენს ორიგინალურ თვითგამოხატვის უნარს, უბიძგებს სიახლეებისკენ და ეხმარება კარიერულ წინსვლაში. ეს მცენარეები ზრუნავს ბინაში ოჯახური სიმყუდროვის შექმნასა და შენარჩუნებას.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ორქიდეა. ეს მცენარე მათ ეხმარება პრობლემების მოგვარებაში, აძლევს სტიმულს და ათავისუფლებს დეპრესიისგან. ასევე, ორქიდეა ინტუიციას უვითარებს თევზებს და მათ ოჯახურ სიმყუდროვეზეც აგებს პასუხს.
ასე რომ, შეიძინეთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ქოთნის მცენარეები, დადგით სახლში და მიიღეთ მათგან დადებითი და საჭირო ენერგია – ეს თქვენი მომავლისთვის სიმშვიდისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდება.