ქეთა თოფურიას “სულიკო„ – “პრემია მუზ-ტევე 2013„-ზე
27 მარტს რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები „პრემია მუზ-ტევე 2013-ისთვის“ მოწყობილ გალა საღამოზე შეიკრიბნენ, მოდის მოყვარული რუსი მომღერლები და შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოპრანჭულები იყვნენ, ვინაიდან, თავად ღონისძიების მოთხოვნაში იყო მკაცრი დრეს-კოდი: კლასიკური კოსტიუმები – მამაკაცებისთვის და საღამოს კაბები – ქალბატონებისთვის. თუმცა, ამ კლასიკური ჩარჩოების ფარგლებშიც კი, „ა-სტუდიოს“ სოლისტმა მაინც მოახერხა საღამოზე დამსწრეთა და პრესის ალაპარაკება განსაკუთრებით ღრმა დეკოლტეს წყალობით, რაზეც შეზღუდვები ნამდვილად არ ყოფილა დაწესებული. ქეთამ ყველა გააოცა თავისი თამამი სამოსით. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ქეთას შავმა კაბამ ისეთი ეფექტი მოახდინა, მამაკაცები თვალს ვერ სწყვეტდნენ. თუმცა, საბოლოოდ, მომღერალმა მაინც მოიხურა ბეწვის ორიგინალური ჟაკეტი დიდი ღილებით. ქეთამ ჯგუფ „ა-სტუდიოსთან” ერთად ჯგუფის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, გამოსვლის დასასრულს კი „სულიკო” იმღერა და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ „ა-სტუდიოს” სოლისტი „პრემია მუზ-ტევეს“ გალა საღამოზე რიგითი სტუმარი არ ყოფილა. ჯგუფი „საუკეთესო პოპ-ჯგუფის” ნომინაციაში პირველ ნომრადაა წარდგენილი. აიღებს თუ არა „ა-სტუდიო” ჯილდოს, 7 ივნისს, „პრემია მუზ-ტევე 2013-ის“ დაჯილდოებაზე გაირკვევა. ქეთა ერთადერთი ქართველი მომღერალი არ ყოფილა გალა საღამოზე – მოწვეულ სტუმართა შორის ირაკლი ფირცხალავაც იყო. ინტერნეტში ქეთასა და ირაკლის ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა.