კლუბ “მისონში„ ახალგაზრდა პოეტებისა და ჯგუფ “ფრანის„ ერთობლივი საღამო გაიმართა
28 მარტს კლუბ „მისონში” ახალგაზრდა პოეტებმა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პოეზიის საღამო მოაწყვეს, რომელსაც „მარტის გაცილება” უწოდეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ფრანი”. გურამ ადამაშვილმა და ბაჩო რამიშვილმა წაიკითხეს როგორც ძველი, ისე ახალი ლექსები. საღამოს ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მწერლები, მსახიობები, ასევე, პრესისა და მედიის წარმომადგენლები. მიწვეულ სტუმრებს უამრავი ლამაზი ლექსისა და სიმღერის მოსმენის საშუალება ჰქონდათ. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა.
გურამ ადამაშვილი: „მე და ბაჩო დიდი ხნის მეგობრები ვართ. დაახლოებით ორი თვეა, რაც ერთობლივად ვატარებთ საღამოებს, და, ეს, ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ჩვენ დავარქვით „მარტის გაცილება“. დავურეკეთ ჯგუფ „ფრანს“, რომელიც ძალიან მეგობრულად დაგვიდგა გვერდში და ასეთი ლამაზი საღამო გამოვიდა. ეს არის ლექსისა და სიმღერის სინთეზი, ფაქტობრივად, ექსპერიმენტი“.
ბაჩო რამიშვილი: „ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე პოეზიის საღამოებს. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ჯგუფი ფრანი ავირჩიეთ იმიტომ, რომ მაინც პოეზიაა, ერთობლიობა, მეგობრობა. დღევანდელი საღამოს ჩატარების განსაკუთრებული მიზეზი არ გვქონია, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, ლამაზად გაგვეცილებინა მარტი. როდესაც წერ ახალ ლექსს, საზოგადოებამ თუ არ შეაფასა, მე ვერ შევაფასებ. როგორც ხედავთ უამრავი ადამიანია მოსული, რაც ძალიან მახარებს“.