კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხსნელი ბანდიტი

შელი მშვიდად იჯდა და მოღუშული უსმენდა მეგობარს. ნენსი აღშფოთებული ცდილობდა მის რაღაცაში დარწმუნებას:

– მომისმინე, საყვარელო. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. აღარ შემიძლია, ვუყურო, როგორ იწმენდს შენზე ფეხებს ეს ნაძირალა. ეგ ყოველთვის გღალატობდა. რისთვის გჭირდება? ასეთი ლამაზი ხარ, მდიდარი... მოიშორე!

შელიმ გაიღიმა:

– ძალიან აზვიადებ, ნენსი. ჯეიკი, შეიძლება, იდეალური არ არის, მაგრამ, არ მიღალატებს, ვუყვარვარ. თანაც, გეყოფა ჩემზე ზრუნვა, აღარ მჭირდება მფარველები. დიდი ხანია, გავიზარდე.

ნენსი მიხვდა, რომ გადაამლაშა. შელის უცნაური ხასიათი ჰქონდა. საკუთარ თავში მას მერე ჩაიკეტა, რაც თხუთმეტი წლის ასაკში, მშობლები უბედური შემთხვევის შედეგად დაეღუპა – იახტით სეირნობისას ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. შელი მათ „რკინის ხელით“ ეჭირათ, გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად იღებდნენ და იმდენი მოახერხეს, თვითშეფასების უნარი საერთოდ დაუქვეითეს. ჰოდა, რაღა უნდოდა მისთვის თავის შეყვარებას?! ნენსი უყურებდა მეგობარს, რომელიც საყვარლად ბუსხავდა ტუჩებს და ფიქრობდა: „ეს სანამ ფაქტებით არ გაიგებს მწარე სიმართლეს, მანამდე ვერ დაიჯერებს, როგორი ნაძირალა ქმარი ჰყავს“. მერე უცებ ადგა.

– მე წავალ. გასაგები მიზეზების გამო, არ მინდა ჯეიკთან შეხვედრა. 

– კარგი, როგორც გინდა. თუმცა, მეეჭვება, მოასწრო, უკვე დაბრუნდა – კარის ხმა გავიგონე.

ნენსი მეგობრის ქმარს ძვირფასად მოწყობილ ჰოლში შეეჩეხა. კაცმა მსუნაგი მზერით გააცილა ის და რაღაც სულელური ხუმრობა მიაძახა. ნენსის ძალიან უნდოდა, მაგრად გამოელანძღა, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა.

– როგორ ხარ, ჩემო ტკბილლოყებავ? – ჯეიკმა ცოლს ლოყაზე აკოცა, – ხომ არ მოიწყინე? ორი დღე კიდევ და, აქედან შორს წავალთ – კუნძულზე დავისვენებთ. მთავარია, ფული კარგად დავაბინაოთ.

– შენ ფიქრობ, გაქვს უფლება, სრულიად განკარგო ჩემი ფული?

– საყვარელო, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. შენ მხოლოდ ხელი უნდა მოაწერო საბუთებს და ყველა საზრუნავისგან შორს იქნები. რამდენიმე თვეში კი ჩვენი კაპიტალი გასამმაგდება.

უცებ ტელეფონმა დარეკა. ჯეიკმა ცოლს დაასწრო და ყურმილი აიღო. მოუსმინა, რაც უთხრეს და შელის მიუბრუნდა:

– საყვარელო, მე ახლა ყურმილს კაბინეტში ავიღებ და, როცა დაგიძახებ, ეს ყურმილი დაკიდე. 

შელიმ თავი დაუქნია. თუმცა, როცა ქმარი გავიდა, ყოყმანი დაეტყო. ტელეფონის აპარატთან მივიდა და, სანამ გასათიშს თითს დააჭერდა, ყურმილი ყურთან მიიტანა. ქმრის ხმა გარკვევით ესმოდა. ის უკმაყოფილოდ ჟღერდა. ჯეიკი ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა:

– რა სულელი ხარ. ნელა-ნელა ამ უტვინო ბარბის ემსგავსები. ჩემი ცოლისგან ცარიელი ხომ არ წამოვალ? სულ ცოტაღა დარჩა. წარმოიდგინე, რა კარგად ვიცხოვრებთ ბარბის მემკვიდრეობით. მეც ყელში ამომივიდა ეს ლამაზი თოჯინა. მეორედ სახლში აღარ დამირეკო, მე თვითონ გნახავ!

შელიმ ძლივს მოასწრო ყურმილის დაკიდება, ოთახში ჯეიკი შემოვიდა ღიმილით.

– მე ახლა ცოტა ხნით წავალ, ბარემ, ბილეთებს შევუკვეთავ. დილით საბუთებს მოიტანენ, ხელს მოაწერ და... ბედნიერებაა, ხომ მართალია, როცა მზეზე თბები და არაფერზე ფიქრობ?!

შელის დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს, რაღაცაზე ფიქრობდა... დილით, სანამ ქალი დილის გაზეთებს ათვალიერებდა, ჯეიკმა ყავა დალია და სახლიდან გავიდა. ქალის ყურადღება ერთი სტატიის სათაურმა მიიპყრო – მათ რაიონში ვიღაც მანიაკს მდიდრული ვილის დიასახლისი მოეკლა, მერე გაეძარცვა და პოლიცია ეძებდა. შელიმ ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ამ დროს ჯეიკმაც შემოაღო კარი. მშვენიერ გუნებაზე იყო, რაღაცას ხმადაბლა ღიღინებდა.

– საბუთები მოვიტანე, ხელი მოაწერე.

– არა! – ეუცრად მკაცრად თქვა შელიმ.

– რაო? ეს რას ნიშნავს?

– ხელს არ მოვაწერ. წუხელ შენი სატელეფონო საუბარი მოვისმინე – მე ხომ უტვინო ბარბი ვარ.

კაცი ჯერ გაფითრდა, მერე გაწითლდა.

– ოჰ, შე ძუკნა, როგორ გაბედე! – იყვირა და ხელი მთელი ძალით შემოარტყა. შელი დაეცა. შეეცადა გაქცევას, მაგრამ, ჯეიკი ფეხში სწვდა და თავისკენ დაითრია. შელი უკვე გონებას კარგავდა, რომ მოულოდნელად ვიღაცის ჩახრინწული ხმა გაისმა.

– მაგ ქალს ხელი გაუშვი. ახლა მე გამოვედი სცენაზე და თუ ჩემს ყველა მოთხოვნას არ შეასრულებ, შუბლს გაგიხვრეტ!

შელიმ შეხედა. ჯეიკს კეფაზე რევოლვერის ლულა ჰქონდა მობჯენილი. კაცი, რომელსაც ეს რევოლვერი ეჭირა ხელში, ავად აბრიალებდა თვალებს – აშკარა იყო, დანაქადნს შეასრულებდა. ჯეიკი გაშეშდა, ბანდიტმა ახლა ქალს უყვირა:

– აბა, ადექი, სწრაფად! შენ გეუბნები! სეიფი გააღე და ფული და ძვირფასეულობა მოიტანე. მარდად, მარდად, თორემ, შენს ქმარს შუბლს გავუხვრეტ!

შელი ნელა წამოდგა.

– მარდად-მეთქი, ნუ ზოზინობ!

– სეიფი საძინებელშია, მეორე სართულზე.

– წადი და მეც გამოგყვები. სისულელე არ გააკეთო, თორემ, ამ კრეტინს ტვინს გავასხმევინებ. ასე ნელაც ნუ იმოძრავებ, შეიძლება, გავბრაზდე...

– შელი, ღვთის გულისთვის, გაინძერი... – ამოიხავლა ჯეიკმა.

– სეიფში ძვირფასეულობაა და ცოტა ფული. ყველაფერს მივცემ.

სეიფის კარი მაშინვე არ დაემორჩილა... არ გაიღო... ამან ბანდიტი გაამწარა და ააყვირა. ჯეიკს შეეშინდა:

– შელი, გემუდარები, ნუ რისკავ...

ამასობაში სეიფის კარიც გაიღო. ქალი ნახევრად ამოეფარა სქელი რკინის კარს და ხელი სეიფში შეყო. მერე სწრაფად გამოსწია და ორივე მამაკაცმა მოულოდნელობისგან დაიღრიალა.

– იცოდე შენს ქმარს მოვკლავ... სამამდე ვითვლი! – დაიღრიალა ბანდიტმა. მაგრამ, ქალს გაქვავებულ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია.

– შელი, შელი... შენ ამას არ იზამ, შენ არ მისცემ უფლებას, რომ მომკლას!

შელიმ რევოლვერს მეორე ხელიც შეაშველა, გაასწორა და ლულა ბანდიტის სახეს დაუმიზნა. თითი სასხლეტზე ედო. ორივე იარაღი თითქმის ერთდროულად გავარდა. ჯეიკიც და ბანდიტიც თითქმის ერთდროულად ჩაიკეცნენ იატაკზე.

... პოლიციამ მაშინვე მისცა გამოუვალი მდგომარეობით, თავდაცვის მიზნით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. ამან ერთი საათი წაიღო. შელი მოყვა, რომ ქმარმა მისი დაცვა გადაწყვიტა, როცა ნახა, რომ ბანდიტმა დაარტყა და ამიტომ მიიღო ტყვია კეფაში. მან მოახერხა, იატაკზე დაგდებული იარაღი აეღო და თავდაცვის მიზნით გაესროლა... პოლიციამ მიუსამძიმრა უნუგეშო ქვრივს.

როცა პოლიციელები წავიდნენ, შელიმ გაიღიმა და ყელმოღერებული მივიდა სარკესთან. როგორ ცდებოდა ის, ვინც მასში მხოლოდ უტვინო თოჯინას ხედავდა. ჯეიკი სულელი იყო, როცა ფიქრობდა, რომ დაუსჯელად შეძლებდა მის დაჩაგვრას. შელიმ ხომ დიდი ხანია, თავის დაცვა ისწავლა – ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის ასაკში, როცა ზღვის ფსკერზე გაისტუმრა მკაცრი და პრინციპული მშობლები, რომლებსაც ჯიუტად არ უნდოდათ ქალიშვილის აზრის გათვალისწინება.

скачать dle 11.3