ყველა კაცი ერთნაირია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N12-13(639)
ის, რაც მართლა გვინდა
... დედები არცთუ იშვიათად ცდილობენ საკუთარი, არაორგანიზებული სურვილების ქალიშვილებში განხორციელებას. როცა პატარა ვიყავი, დედაჩემს ბალეტზე დავყავდი. იმიტომ კი არა, რომ მე მინდოდა, ბალერინა გავმხდარიყავი – არა! დედაჩემს აუცილებლად რაღაცაზე უნდა ვეტარებინე. მისი სამსახურის გვერდით კი საბალეტო სკოლა იყო... ანუ, ისეთივე ენთუზიაზმით მატარებდა სამუსიკო სკოლაში, საბალეტო სკოლის ნაცვლად, იმ მეზობელ შენობაში მუსიკალური სკოლა რომ ყოფილიყო. რამდენიმე წელი მორჩილად ვიტანდი მკაცრი მასწავლებლის, გამყინავი ხმით გაცემულ ბრძანებებს, ტკივილებს მუხლებსა და ფეხის თითებში, გაბუჟებული კუნთებისგან მიყენებულ უსიამოვნო განცდას... მერე გავაპროტესტე... ჩემში მეამბოხემ გაიღვიძა და დედაჩემს გამოვუცხადე, ამიერიდან გავაკეთებ იმას, რაც მართლა მინდა-მეთქი... – ქეთიმ გაიღიმა და სიგარეტის ნამწვი ოსტატურად გადააგდო ოდნავ შეღებული ფანჯრიდან.
– მერე, აკეთებ იმას, რაც მართლა გინდა? – თვალებმოჭუტული ჩაეკითხა ლელა, – ანუ, მაგ დღის შემდეგ სულ იმას აკეთებ, რაც მართლა გინდა?!
– კარგი, რა, დამცინი? უბრალოდ, დედაჩემი მიხვდა, ჩემგან, ბალერინას ვინ ჩივის, უბრალო მოცეკვავეც არ გამოვიდოდა, ტყუილუბრალოდ გადაყრილი ფული დაენანა, სულ ეს იყო... – ქეთიმ მხრები აიჩეჩა, – აკეთო ის, რაც მართლა გინდა, დიდი ფუფუნებაა. მიუწვდომელი ფუფუნება ჩემთვის და პრინციპში, ყველა ქალისთვის. მით უმეტეს, გათხოვილი ქალისთვის.
– ეს ბოლო ფრაზა, ალბათ, მრავალმხრივ უნდა გავიგოთ, – თავი გადააქნია ლელამ.
– ზუსტად ისე უნდა გავიგოთ, როგორც ვთქვი. ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე. აბა, მითხარი, ბოლოს როდის გააკეთე ის, რაც მართლა გინდოდა.
– ინტიმურ წვრილმანებს ნუ ჩავუღრმავდებით, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ნატომ, – დამინდეთ...
– შენ სულ ინტიმი ნუ გელანდება. საერთოდ, სხვა თემაზე ვლაპარაკობთ.
– ვითომ? ვილაპარაკებთ, ვილაპარაკებთ და ბოლოს მაინც ინტიმამდე მივალთ. ეს ხომ ის არის, რაც მართლა გვინდა, – ხელები გაშალა ნატომ.
– ვა, ეს დღეს აღარ ხუმრობს, – გაუკვირდა ლელას, – ნატო, გაზაფხულის გავლენაა, თუ...
– „თუ“ – გამორიცხე... საერთოდაც, ვიხუმრე... სახლში აღარ მივდივართ?
– რა გეჩქარება? ვიყოთ კიდევ ცოტა ხანს. ამაზე კარგად ვერსად დავისვენებ. თან, ფიტნესის გაკვეთილზეც ვარ წასასვლელი და ჯერ ადრეა.
ლელამ ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, ფიტნესიღა გაკლდა სრული ბედნიერებისთვისო. ქეთი მიუხვდა.
– რაც ბავშვი გავაჩინე, საშინლად აღარ მომწონს საკუთარი სხეულის ფორმები. ფიტნეს-კლუბში მივედი და იოგას გაკვეთილებზეც ჩავეწერე. ძალიან მაგარია. აუზიც არის სრული რელაქსაციისთვის.
– რა არის მაგარი, იოგა თუ იოგას მასწავლებელი? – გაეხუმრა ნატო და თვალი ჩაუკრა.
– სულ ტყუილად იცინი. სხვათა შორის, არც შენ გაწყენდა. ძალიან უწყობს ხელს თვითშეფასების ამაღლებას.
– ჰოო? შენ აგიმაღლა უკვე? ანუ, იმის თქმა მინდოდა, ეს ის არის, რისი გაკეთებაც შენ მართლა გინდა? – ოსტატურად ჩაურთო ლელამ და ამოიოხრა, – ეჰ, მესმის შენი. რამდენი ხანია, მინდა, ერთი კვირით სადმე გავემგზავრო მარტო. ჩავწვე ჰამაკში და არაფერზე ვიფიქრო. არ გამოდის, რა... სანამ პატარები ვართ, იმას ვაკეთებთ, რაც მშობლებს უნდათ... მერე, რაც უნდათ ქმრებს, ჩვენს უფროსებს, შვილებს, ნათესავებს... საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის დრო აღარ რჩება. კარგად რომ დაფიქრდე, ძალიან სევდიანად ჟღერს ეს ყველაფერი...
– ერთი ნაცნობი მყავს, – თქვა ნატომ, – ხუთშაბათობით ერთი საყვარელი მოსდის, შაბათობით – მეორე, ორშაბათობით – მესამე. თან, სამივეს თავის ჭკუაზე ათამაშებს.
– კვირაობით კი იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც მართლა უნდა? – ჰკითხა ლელამ და სამივეს სიცილი აუტყდა.
* * *
– იყო გულახდილი – ეს კარგია, მაგრამ სრული სისულელეა, ყველაფერი დაუფარავად მოყვე, – გიგიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და ზუკას თვალებმოჭუტული მიაჩერდა, – მაგალითად, მე სულ ასე ვიქცევი.
– როგორ? – ეჭვით ჰკითხა ზუკამ, რომელიც დიდად ვერ დაარწმუნა გიგის თეორიამ.
– როგორ და, არასოდეს ვახმოვანებ ინფორმაციას, რომლის დაფარვაც საჭიროა.
– მარტივ ენაზე მაგას ტყუილი ჰქვია. ისედაც ვიცი, ნინის რომ ატყუებ. სხვა გოგოებს რომ ხვდები, ეგ რა არის? – ზუკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, – ერთხელაც იქნება, ნინი ყველაფერს გაიგებს. ჩემთვის ამორალურია, როცა რამდენიმე რომანს ერთდროულად „ახუჭუჭებ“. ამიტომაც ვიკავებ თავს სერიოზული ურთიერთობებისგან.
– არა ხარ მართალი. რა გამოდის? – არასოდეს აკეთებ იმას, რაც მართლა გინდა. ანუ, ვითომ ყველასთან მართალი ხარ და საბოლოოდ გამოდის, რომ ეგ შენი სიმართლე არავის სჭირდება. თავად შენც კი არაფერში გარგია. იცი, რა არის მთავარი პრობლემა შენთვის? – როგორც კი კონკრეტულ გოგოზე იწყებ ფიქრს, ქვეცნობიერში მონოგამიაზე აწერ ხელს. ეს არაბუნებრივია.
– ისე მსჯელობ, მგონი, მრავალცოლიანობის მომხრე ხარ, – დასცინა ზუკამ „ღრმა“ ფილოსოფიაში „გადავარდნილ“ თანამშრომელს.
– რას გეტყვი, იცი? მთავარია, სანამ ერთ ცოლს მოიყვან, მანამდე არ „დაგაზიანოს“ სტერეოტიპებმა. არ აგცდება იმის კეთება, რაც სხვებს უნდათ და ახლა მაინც უნდა გააკეთო ის, რაც მართლა გინდა.
– და, რა გინდა. ნინის სიყვარულს ეფიცებოდე და კიდევ რამდენიმე შტერ გოგოს აბამდე პარალელურად?
– შენ რომ ერთიც ვერ შეგიბამს, ამაში მე არ ვარ დამნაშავე. წადი, შეხვდი იმ შენს დულცინეას, სანამ იმანაც გადაიფიქრა, თორემ დეპრესია გაგირთულდა. ოღონდ, ფრთხილად იყავი, ძალიან არ გაგისერიოზულდეს ურთიერთობა. ერთი და იგივე ძუძუს ჩემმა მტერმა უყურა...
ოთახში შემოსულმა ვახომ გარკვევით გაიგონა გიგის ნათქვამი ბოლო ფრაზა.
– ცუდი არ იქნებოდა, პრივატული საუბრებისთვის დრო შესვენებაზე გამოგენახათ. მით უმეტეს, ინტიმურ თემებზე. თქვენი ხმა მთელ ოფისში ისმის. შეიბრალეთ ის გოგო.
– ვინ, თიკო? – გაიოცა გიგიმ, – მაგისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რაზე ვილაპარაკებთ.
– როგორც ჩანს, აქვს. გიგი, იმ დღესაც გითხარი და რატომ მაიძულებ გაგიმეორო, ეს ერთი გოგოა ამ ოფისში და შეეცადეთ, ჭკუიდან არ გადაიყვანოთ.
გიგიმ მხრები აიჩეჩა.
– საერთოდ ვერ ვხვდები, რა პრობლემაა. დედოფალივით ვანებივრებთ.
– კი, როგორ არა. ყველაფერზე გეტყობათ. ამიტომაც ტირის ხოლმე ასე ხშირად.
– ოო, ქალების ამბავი არ იცი? თვითონ არ იცის, რა უნდა.
– ჰო, პრინციპში ეგ ასეა, – ვახომ შუბლზე მოისვა ხელი, – ზოგჯერ ქეთიც ისე იქცევა, შოკში მაგდებს. არადა, თავიდან ისე კარგად იყო ყველაფერი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცნობდი. ახლა კი, დღე არ გავა, რამე სიურპრიზი არ მომიწყოს. ზოგჯერ, საერთოდ არ მესმის მისი.
– ქალების ვის ესმის? – გამოცდილი კაცივით ამოიოხრა გიგიმ. ზუკამ ირონიულად ჩაიღიმა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა:
– რა გაცინებს, ჩემს ნაცნობებს შორის არიან მამაკაცები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ქალს ხვდებიან...
– მერე რა, ესე იგი, აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მართლა უნდათ.
მშვიდად განმარტა გიგიმ, ზუკას ორაზროვანი ფრაზა.
– ჰო, თითქოს ასეა, ერთი შეხედვით. მაგრამ, რეალურად, მხოლოდ პრობლემებს იქმნიან, ანუ ეძებენ პრობლემებს. ჩვენს დროში ადვილია მოიქცე ისე, თითქოს ყველაფერი ფეხებზე გვკიდია – რაც ადრე მარტო თავგამოდებული ბერბიჭებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ადრენალინის დიდ დოზას ნამდვილად იღებ დანაღმულ მინდორზე სიარულით, თუმცა აფეთქება რომ სასიამოვნო იყოს, ძალიან მეეჭვება.
– მე ჯერ ცოლი არ მყავს. ამიტომ სულაც არ ვფიქრობ, რომ დანაღმულ მინდორზე დავდივარ.
ზუკამ მოხერხებულად მოიკალათა ფანჯრის რაფაზე და ცელქი ბიჭივით ააქანავა ფეხები.
– შენ რა გაცინებს? – წარბი შეიკრა გიგიმ, – ჩემმა პასუხმა არ დაგაკმაყოფილა?
– როგორ არა. ძალიან მაგარი იყო. ყველაფერი ცხადია, მაგრამ ვახო, მგონი, არ გეთანხმება.
გიგიმ ვახოს შეხედა.
– პრინციპში, შენ მეტი გამოცდილება გაქვს ამ საქმეში.
– რომელ საქმეში? არ გისმენდით, – ფიქრიდან გამოერკვა ვახო.
– თუმცა შენ „გაშალე“ და არ გვისმენდი? ქალების პონტში, რა, – არასოდეს იციან, რა უნდათ.
– ყველას რომ გათხოვება უნდა, მაგაში დარწმუნებული ვარ, – თვალები აუციმციმდა ზუკას.
– მაგაზე ქალები გიპასუხებდნენ, რა არის ამაში ცუდიო.
– ცუდი ის არის, რომ ცოლების როლში საკუთარ არსებობას გვაყვედრიან. სურვილებს და პრიორიტეტებს ურევენ. ჩვენს გადაკეთებას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვიმტკიცონ – ქორწინება შეცდომაა, – ვახომ სავარძელი თავისკენ მიიჩოჩა და ჩამოჯდა, – აი, მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი, მაგრამ ეს ის ქეთი არ არის. ოჯახმა შეცვალა. სულ გაღიზიანებულია, სულ ცდილობს, ჩხუბის და კამათის საბაბი იპოვოს და ჭიქაში ქარიშხალი ატეხოს. რატომ? არ ვიცი.
– იქნებ, კომუნიკაციის დეფიციტია? შეიძლება, რაღაცის თქმა უნდა და ვერ გეუბნება. სადღაც წავიკითხე, როცა ცოლ-ქმარს შორის გაურკვეველი საკითხები რჩება, ეს მათ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.
– შენც სულ ფსიქოლოგიური ტესტებით არ აგებდე ურთიერთობას, – დასცინა გიგის ზუკამ, – თუმცა, ერთ რამეში გეთანხმები. საუბარი აუცილებელია. შენს საქმეში კი ვერევი, მაგრამ რომ დაელაპარაკო? ვიცი, კაცებს გვიყვარს უსიამოვნო და რთული საუბრებისთვის თავის არიდება; მით უმეტეს, საშინელებაა ქალთან ურთიერთობის გარკვევა. მაგრამ, ამის გარეშეც რომ არ გამოდის?!
– ბიჭო, რა არ მესმის, იცი? აი, უცხოეთში ხომ ახერხებენ ქალები და კაცები ამ მარტივ ურთიერთობებს. პირველივე პაემანზე „აიასნებენ“ სიტუაციას. აუხსნიან ქალს, რომ მასთან ერთად ცხოვრების განზრახვა არა აქვთ, არც სამომავლო გეგმებზე ლაპარაკის სურვილი და გვარდება საქმე.
ზუკამ თავი გადააქნია.
– მეეჭვება, მთლად ასე მარტივად იყოს საქმე. ეგ კინოებში ალაითებენ, რა... პროსტო, იმათ ქალებს ოჯახები დიდად არ ევასებათ. კაცების მოვლაზე თავს არ იწუხებენ.
– აუ, ჰოდა, ჩვენებიც ნუ შეიწუხებენ, რა! არ მინდა, ბატონო, როგორმე მივხედავ საკუთარ თავს, ხელები აიქნია გიგიმ.
– მიხედავ, როგორ არა. დედაშენი არ გივლიდეს ერთი? სამსახურში კი თიკო გიდუღებს ყავას. მაგასაც ვერ ახერხებ.
– ვერ ვახერხებ კი არა, არ ვახერხებ. მიდუღებს საკუთარი ინიციატივით და უარს ხომ არ ვეტყვი? ეწყინება. მგონი, მოვწონვარ კიდეც.
– აბა, ეგ საიდანღა მოიტანე? – სიცილი აუტყდა ზუკას, – ყავას მეც მიდუღებს და ვახოსაც, ორივე მოვწონვართ?
– რატომაც არა? შეიძლება, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის საკუთარ არჩევანში, – უკან არ დაიხია გიგიმ.
– მოვრჩით, საქმეს მივხედოთ, – თქვა უცებ ვახომ, – თიკოს კი მოეშვით, შინაურია და არ შეიძლება.
– ეჰ, ბოლოს ყველა ეგეთი შინაური ხდება ხოლმე, – ბრძნულად დასძინა გიგიმ. მერე ზუკას შეხედა. უნდოდა, ეკითხა, რას შვრება შენი რომანი იმ ქალთანო, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა.
თიკოს არც უცდია შეღებული კარი მიეხურა. იჯდა და უსმენდა ბიჭების ლაპარაკს. მერე ამოიოხრა და ტელეფონის ყურმილს მოჰკიდა ხელი. ნომერიც აკრიფა, თუმცა, სანამ საუბარს დაიწყებდა, გათიშა და გულხელდაკრეფილი მიაჩერდა კომპიუტერში სოციალური ქსელის გვერდზე გახსნილ ფანჯარას... სად წახვედი? მომისმინე, არ გინდა, შევხვდეთ? მაინტერესებს, მართლა ისეთი ხარ, როგორიც ფოტოებზე თუ ფოტოშოპი არ დაგენანა?.. ამ ფრაზას ორი „სმაილი“ მოჰყვებოდა.
„იდიოტი. წარმოდგენა არ აქვს, ქალს როგორ უნდა ელაპარაკოს. მეც დავფეთდები და შევხვდები მაგ უზრდელს, მეტი საქმე არა მაქვს. ყველა კაცი ერთნაირი რატომ არის?! საშინელებაა, ერთს ვერ იპოვი ნორმალურს. უფრო სწორად, ნორმალური ვინც არის, ყველა დაკავებულია, სამწუხაროდ.“
ფიქრები შემოსასვლელი კარის ხმამ გააწყვეტინა. ოფისში ლაშა შემოვიდა შეშლილი სახით. ხელში ორი ბოთლი შამპანური ეჭირა. იღლიაში კი შოკოლადის ვეება ყუთი ჰქონდა გაჩრილი.
– ბიჭი მყავს! სამი კილო და ოთხასი გრამი, ორმოცდათორმეტი სანტიმეტრი. უკვე ვნახე და სურათებიც გადავუღე, – მიაყოლა სხაპასხუპით.
– ვაიმე, რა მაგარია! – აკივლდა თიკო, – შეშლილივით წამოხტა და ლაშას კისერზე ჩამოეკიდა.
– ნელა, ნელა, ბოთლები დამიცვივდება! ისედაც ძლივს მიჭირავს... ეს ყუთიც გამომართვი, რა...
ხმაურზე დიზაინერების ოთახიდან ერთდროულად გამოცვივდნენ ვახო, გიგი და ზუკა.
– ვა, რა ხდება? – იკითხა გიგიმ.
– ბიჭი შეეძინა, – ლაშას დაასწრო თიკომ, – რას გაშეშებულხართ, მოდით, მოულოცეთ...
– მაგარია! მართლა გაჩნდა თუ იმდღევანდელივით, „ლოჟნაია ტრივოგაა“... სამი საათი რომ ვიყურყუტეთ სამშობიაროს მოსაცდელში.
– რა „ლოჟნაია“, ბიჭო... დაიბადა. ორი საათის წინ, აი, ფოტოებიც მაქვს, – ლაშამ, როგორც იქნა, გაითავისუფლა ხელები, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ამაყად გაშალა, – ნახეთ, როგორ მგავს.
ზუკამ ცხვირი აიბზუა.
– ნუ აფრენ! ჯერ რას უნდა მიხვდე, ვის ჰგავს. ცხვირი და თვალები არ ეტყობა წესიერად.
– ძალიან კარგად ეტყობა. მაგარი ლამაზი ტიპია. ხელში რომ დამაჭერინეს, ისე ჭკვიანურად მიყურებდა, გავგიჟდი, – ეწყინა ლაშას და ზუკას მობილური გამოგლიჯა, – მომეცი აქ, ნეტავი, შენ რა გესმის.
– ეჰ, ჯერ არც შენ გესმის წესიერად. ღამეებს რომ გაგათენებინებს ჭყივილით, მერე მიხვდები. თან, რომ ვერც იგებ, რა უნდა? მაგრად მეშინია პატარა ბავშვების. ერთი წლიდან კიდევ ვიტან, მაგრამ მერე ლაპარაკს ხომ იწყებენ და დაუსრულებლად მეკითხებიან რაღაცეებს, ვგიჟდები. მახსოვს, რა მძიმედ გადავიტანე ის პერიოდი, ჩემმა დამ რომ იმშობიარა და თავის ღლაპთან ერთად, მთელი ორი თვით ჩაგვისახლდა. ლამის შევიშალე. ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა. ვერც ვერაფერს ვამბობდი. ორსულობის შემდგომი დეპრესია, თუ რაღაც ამდაგვარი უბედურება სჭირდა ჩემს დას და ჩემები ფეხაკრეფით დადიოდნენ სახლში. ჭკუიდან გადამიყვანეს, – თქვა გიგიმ და ლაშას თანაგრძნობით მოუთათუნა მხარზე ხელი, – ასე რომ, ჩემო ძმაო, მოემზადე სირთულეებისთვის. ახლა იწყება, რაც იწყება.
– ნუ აშინებ ამ კაცს. შენი სულელური მოსაზრებები შენთვის შეინახე. მამა გახდა და ბედნიერია... – გაბრაზდა თიკო და ლაშას მიუბრუნდა, – ამას არ მოუსმინო. ძალიან გამიხარდა.
ლაშამ საცოდავი თვალებით შეხედა ვახოს. ვახო მიუხვდა.
– გიგის მართლა არ მოუსმინო. მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ჩემი შვილი რომ დაიბადა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ეს არის ის, რაც მთელი სიცოცხლე მინდოდა-მეთქი. უძილობას კი ნელ-ნელა შეეჩვევი. თანაც, ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. ზოგი საერთოდ არ ტირის, რა იცი, იქნებ გაგიმართლოს და შენი აღმოჩნდეს მათ რიცხვში.
– დაამშვიდა, თავისი ჭკუით, – გაიცინა გიგიმ, – მაგრამ ეს ისეთი ამბავია, მაინც უნდა აღვნიშნოთ. თიკო, გაცუნცულდი და ჭიქები მოიტანე... თამადა მე ვარ, იცოდეთ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში