ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ძაღლს ჯღიბამ?
პასუხი: ჯღიბა არის სისხლის მწოველი პარაზიტი, რომელიც ძაღლის კანში იბუდებს და კანის ზედაპირიდან იკვებება სისხლით. პარაზიტის დიდი რაოდენობით დასევით ძაღლი დასუსტდება და, შეიძლება, სიკვდილის პირასაც კი მივიდეს, რადგან, ჯღიბას ტოქსინი შეჰყავს ორგანიზმში და ცხოველი იწამლება. არსებობს პარაზიტების საწინააღმდეგო წვეთები, რომელიც ძაღლს თვეში ერთხელ უნდა დააწვეთოთ. ასევე არის სპეციალური ყელსაბამები. იმ შემთხვევაში, თუ წვეთებისა და ყელსაბამის საშუალებით ვერ შეძლებთ პარაზიტებთან გამკლავებას, უნდა გამოიყენოთ სპეციალური დასაბანი საშუალებები. ერთი ჯღიბაც რომ შენიშნოთ ცხოველის კანზე, მაშინვე ანტიპარაზიტული საშუალებებით უნდა მოაშოროთ ის, რომ არ გამრავლდეს.
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა ძაღლებში ლეიკემია და რა არის მისი პირველადი ნიშნები?
პასუხი: ძაღლებში ლეიკოზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, ამას გამოკვლევები სჭირდება. საერთოდ, ეს დაავადება ძაღლებში ძალიან იშვიათობას წარმოადგენს. პირადად მე ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ მქონია, აქედან გამომდინარე, ეს დაავადება ალბათ, ძაღლებში თითქმის არ გვხვდება.
კითხვა: ჩემი ძაღლი ძალიან ხშირად იფხანს ყურს. მაინტერესებს, ყურის პრობლემები აქვს თუ, უბრალოდ, ჩვევაა?
პასუხი: თუ ძაღლი ერთსა და იმავე ყურს ხშირად იფხანს, შეიძლება ეს ყურის პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, თავის დაზღვევის მიზნით, ასეთ დროს ცხოველი ვეტერინარმა უნდა გასინჯოს.
კითხვა: მაინტერესებს, დასაშვებია თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკების მიცემა?
პასუხი: ანტიბიოტიკის მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. გარდა ამისა, მანვე უნდა განსაზღვროს წამლის დოზები და მიცემის ხანგრძლივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს. ამიტომ, მოერიდეთ ძაღლისთვის თვითნებურად მედიკამენტების მიცემას.
კითხვა: როგორ შევუნარჩუნოთ ცხოველს იმუნიტეტი?
პასუხი: მთავარია ცხოველს იმუნიტეტი არ მოუშალოთ: არ აჭამოთ არასასურველი საკვები, არ დაასუსტოთ და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, კარგი მოვლა-შენახვის პირობებში ცხოველის იმუნიტეტი არ სუსტდება.
კითხვა: ყველაზე მეტად რომელი საკვები იწვევს ძაღლებში ალერგიას?
პასუხი: ასე ზედაპირულად ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ალერგიას ის საკვები იწვევს, რომელიც კონკრეტულად ამა თუ იმ ცხოველის ორგანიზმს არ უხდება. არის საკვების სხვადასხვა კატეგორია, ამიტომ, ფინანსურად რომელსაც შეწვდება პატრონი, ძაღლიც იმ საკვებით იკვებება. აქედან გამომდინარე, თუ ძაღლს ხარისხიან საკვებს აძლევთ, პრობლემებიც ნაკლები გექნებათ.
კითხვა: როგორ გამოიხატება ძაღლებში ლეიშმანიოზი და როგორ უნდა მივხვდეთ ამ დაავადების საწყის ფორმას?
პასუხი: ლეიშმანიოზის საწყისი ფორმა გამოიხატება შემდეგი ნიშნებით: ძაღლი იწყებს წონაში კლებას, ეზრდება ბრჭყალები, თვალების გარშემო ეწყება ბეწვის ცვენა და, ასევე, შეამჩნევთ უხასიათობას.