კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუსწორდა მამაკაცი ცოლის უფროსს

 44 წლის ზაზა კ-შვილის გვამი მეზობლებმა საკუთარ სახლთან, ავტოფარეხის შესასვლელთან აღმოაჩინეს.  მას გულ-მკერდის არეში  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ორი  ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, აღმოჩნდა ზაზა კ-შვილის პირადი ნივთები – საფულე და მობილური ტელეფონი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხედარი გაძარცვული იყო და დამნაშავეს გარდაცვლილისთვის ოქროს ჯაჭვი,  ჯვარი და ქორწინების ბეჭედიც მოეხსნა. წინასწარი  გამოძიებით, გარდაცვლილის პირადი ნივთები დამნაშავემ გვამის გაძარცვის  შემდეგ გადაყარა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს. ოპერატიულ-სამძებრო სამსახურმა ჩადენილი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დამნაშავე, რომელმაც  დანაშაული აღიარა, ციხიდან ახალი გათავისუფლებული,  ყაჩაღობის ბრალდებისთვის ნასამართლევი, 36 წლის კოტე ი-ძე აღმოჩნდა. მან დანაშაულის მოტივაცია რამდენჯერმე შეცვალა.

ვინ იყო დამნაშავე,  რა აკავშირებდა გარდაცვლილს მკვლელთან და საბოლოოდ რა გახდა დანაშაულის მოტივი

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება  შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დაიწყო, სადაც დამნაშავეს  კვალი თითქმის არ ჰქონდა დატოვებული. დაიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეზობლები. როგორც დადგინდა, ზაზა კ-შვილი  კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და რა უნდა გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი, ყველასთვის გაურკვეველი იყო. მამაკაცს სახლის სიახლოვეს ორი მარკეტი ჰქონდა გახსნილი და  დროის დიდ ნაწილს იქ ატარებდა. მკვლელობის დღეს, მაღაზიის გამყიდვლის ნანა ი-შვილის განცხადებით, ზაზა კ-შვილი მაღაზიიდან მასთან ერთად გავიდა. ეს ქალბატონი გახლდათ, ვინც მამაკაცი ბოლოს  ნახა ცოცხალი. ამონაწერი ნანა ი-შვილის  ჩვენებიდან: მაღაზია ერთად დავკეტეთ. ზაზამ შემომთავაზა,  სახლში მე გაგიყვანო. კარგ ხასიათზე იყო, სახლთან რომ მიმიყვანა, ზუსტად იმ დროს დაურეკა ცოლმა.“ ზაზა კ-შვილი იმ ღამეს სახლში  არ მისულა – ოჯახი დიდხანს ელოდა მამაკაცს, მოგვიანებით, ზაზა კ-შვილის მეუღლემ დაკითხვისას განაცხადა: „იმ ღამეს, ბოლოს რომ ველაპარაკე ტელეფონით, მითხრა: გამყიდველს მივიყვან და მოვდივარო. ნახევარი საათი რომ არ გამოჩნდა, კიდევ დავურეკე, არ მიპასუხა. ვიფიქრე, თვითონ გადმორეკავდა, მაგრამ არ დარეკა. კიდევ ბევრჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა.  არ ვიცოდი, სად მომეძებნა – მთელი ღამე აფორიაქებული ვიყავი. დილით მეზობლის  ქალის კივილი რომ გავიგე, მივხვდი, ჩვენს თავს უბედურება ხდებოდა”.  

მკვლელობიდან რამდენიმე საათში  გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზა კ-შვილის მეზობელი ქალბატონი, მკვლელობის ღამეს შემთხვევით  მკვლელს გადაეყარა.  ამონაწერი ლიდა ს-იას ჩვენებიდან: „ზაზას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემს ხელში გაიზარდა, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი იყო. მისგან ხმამაღალი სიტყვა არავის გაგვიგონია სამეზობლოში. მე  საცხობში ვმუშაობ და სახლში ყოველთვის გვიან ვბრუნდები. იმ ღამესაც, ალბათ, პირველი საათი იქნებოდა, ჩემს კორპუსთან რომ მივედი. ციოდა,  გარე განათება გამორთული იყო და ძალიან ბნელოდა. სადარბაზოსთან მოკლე გზით მისვლა გადავწყვიტე, რომელიც ავტოფარეხებზე გადის. ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო – უცებ ერთ-ერთი ავტოფარეხიდან მამაკაცი გადმოხტა. ბნელოდა, მაგრამ ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი  სახეც კარგად გავარჩიე და ჩაცმულობაც.  ის, რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, მისი სიმაღლე იყო.  ასეთი  სიმაღლის მამაკაცი არასდროს  მინახავს.  ღამე იყო და ძალიან შემეშინდა,  თვითონაც უცნაურად  შემომხედა. ვიფიქრე, ავტოფარეხის უკან ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყო შესული. აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა მკვლელი ყოფილიყო. მხოლოდ დილით, როცა მეზობელმა ზაზას  ცხედარი აღმოაჩინა,  მივხვდი, რომ ჩადენილ დანაშაულთან მას ჰქონდა კავშირი.”  ლიდა ს-იას ჩვენების მიხედვით  შეიქმნა მკვლელის ფოტორობოტი – ის 40 წლამდე მამაკაცი იყო, გამხდარი და არასტანდარტულად მაღალი.         

 ვერსია, რომ მკვლელი მძარცველი იყო, რომელიც ზაზა კ-შვილს არ იცნობდა, თავიდანვე გაჩნდა, თუმცა ძიებამ  ოპერატიული სამსახური სხვა კვალზე დააყენა.  დაიკითხა ზაზა კ-შვილის თანამშრომელთა და ახლობელთა დიდი წრე. გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  მაღაზიის ერთ-ერთი  გამყიდვლის, ანა მ-ძის ჩვენება, მან სამართალდამცველებს  ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელმაც გამოძიება  სწორ კვალზე დააყენა. ამონაწერი ანა მ-ძის ჩვენებიდან: „ხუთი წელია, რაც ზაზასთან ვმუშაობ. ძალიან დადებითი ადამიანი იყო, ყველაფერში გვერდით გვედგა ვინც კი მის  ორ მაღაზიაში ვიყავით დასაქმებული. საეჭვო ზაზას საქმიანობასა და წრეში არასდროს არაფერი შემიმჩნევია, თუ არ ჩავთვლით ერთ გარემოებას –   მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი და ზაზა იკითხა. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ძალიან მაღალი მამაკაცი იყო.  მე ვუთხარი, ზაზა მაღაზიიდან გასულია და მალე დაბრუნდება-მეთქი. ის კვირა მე ვმუშაობდი. ის კაცი მეორე დღესაც მოვიდა და ისევ იკითხა ზაზა. ძალიან  ნერვიული და აგრესიული სახე ჰქონდა, ისეთ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზაზას ტელეფონი არ მივეცი. ამ კაცმა მაღაზიაში ერთი კვირა იარა, მაგრამ ზუსტად ისეთ დროს მოდიოდა, როცა ზაზა მაღაზიაში არ იყო. ეჭვი გამიჩნდა, რომ ამას შეგნებულად აკეთებდა. რამდენჯერმე, გვიან ღამით  მაღაზიის  სიახლოვესაც შევნიშნე – ამის შესახებ  ზაზას ვუთხარი კიდეც, მაგრამ ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმ დღეს, ჩემი „სმენა” რომ სრულდებოდა, მაღაზიის დაკეტვამდე, გარეთ გამოვედი. მაღაზიასთან ჩემი შემცვლელი ნანა ი-შვილი დავინახე – ჩვენსკენ  მოდიოდა და ანერვიულებული ჩანდა, უცებ შეჩერდა, მამაკაცს, რომელიც უკნიდან წამოეწია  რაღაც მიაწოდა და გამოელაპარაკა. ის მამაკაცი კი სწორედ ის იყო, მთელი კვირა რომ დადიოდა ჩვენთან. ცოტა ხნის შემდეგ, როცა მაღაზიაში შევბრუნდი,  ნანას ვკითხე კიდეც: ვინ იყო ის კაცი, შენ რომ ელაპარაკებოდი-მეთქი. საუბარი სხვა თემაზე  გადამიტანა და პასუხი არ გამცა.  მეორე დღეს ჩვენი საერთო ნაცნობისგან შევიტყვე, რომ ნანას ქმარი ერთი თვის გათავისუფლებული იყო ციხიდან.  ნანა ამ თემაზე არავისთან ლაპარაკობდა, მე ეჭვი გამიჩნდა, რომ ის მამაკაცი ნანას ქმარი იყო, მაგრამ რატომ ეძებდა ზაზას და რატომ რჩებოდა მისი  ვინაობა გასაიდუმლოებული, ამაზე პასუხი არ მქონდა.” 

განსაკუთრებით  მაღალი მამაკაცის  ორჯერ გამოჩენა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. ცხადი იყო, რომ გარდაცვლილის მეზობლისა და გამყიდვლის მიერ აღწერილ საეჭვო გარეგნობის მამაკაცს მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა. სამართალდამცველებმა ნანა ი-შვილის მეუღლის  გადამოწმება დაიწყეს – როგორც დადგინდა, ის წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი. ორივე სასჯელი მას მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდა მოხდილი. ნანა ი-შვილი ქმრის შესახებ არავისთან საუბრობდა. გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაკითხა ქალბატონი, რომელიც ზაზა კ-შვილის მაღაზიის  გამყიდველი იყო და რომელმაც მამაკაცი ბოლოს ნახა. მისი  მეორედ დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის კიდევ უფრო მეტი  რამ გახდა ცნობილი.  ნანა ი-შვილმა ის ღამეც გაიხსენა, „როცა სახლში მივედი. ჩემი ქმარი სახლში არ იყო და ალბათ, ორ საათში დაბრუნდა. მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა, არც წასვლას ვეკითხებოდი და არც მოსვლას. არ მეძინა და როცა ქურთუკი გაიხადა, პერანგზე სისხლის ლაქები შევნიშნე. გულმა არ მომითმინა და ვკითხე,  რატომ ჰქონდა ტანსაცმელი დასვრილი. ჩხუბი მომივიდა ქუჩაში უცნობ კაცთანო, – მითხრა. ეჭვი არ ამიღია,  მეორე დღეს, როცა ზაზას მკვლელობა გავიგე, მაშინ კი დავეჭვდი ცოტა. კოტეს ვკითხე, ზაზა ხომ არ გინახავს-მეთქი. არაო, მკაცრად, მაგრამ დაბნეული სახით მითხრა. ვიცოდი, რომ კოტე და ზაზა  ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბავშვობიდან შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ  წლები იყო ერთმანეთი არ ენახათ და საერთოც არაფერი ჰქონდათ.  ხანდახან ცუდად კი იხსენებდა ზაზას, რაც არ მსიამოვნებდა. ის ისეთი ყურადღებიანი იყო ჩემი და  ჩემი შვილების მიმართ, მის გალანძღვას ქმარსაც ვერ ვაპატიებდი. ზაზას მკვლელობიდან მეორე  დღეს,  კოტეს  საფულეში 500 ლარი ვუპოვე – გამიკვირდა, ამდენი ფული მას საიდან უნდა ჰქონოდა, მაგრამ როცა ვკითხე მითხრა: ტოტალიზატორში მოვიგეო. დავიჯერე ეს ვერსია, რადგან ტოტალიზატორში ხშირად თამაშობდა. თუმცა, მისი მოგებული ფული არასდროს მინახავს.”

  როგორც მოგვიანებით, კოტე ი-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების შემდეგ გაირკვა, ფული, რომელიც მას მეუღლემ აღმოუჩინა, გარდაცვლილის ოქროს ნივთების გაყიდვით ჰქონდა აღებული. ნივთები მას ნაცნობი ოქრომჭედლისთვის ჩაებარებინა. დაკავებული კოტე ი-ძე ჩადენილ დანაშაულს თავიდან უარყოფდა, თუმცა გამოძიებას მის წინააღმდეგ იმდენი სამხილი ჰქონდა, იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა. პირველი ვერსია, რომელიც მან მკვლელობის მოტივად დაასახელა ეჭვიანობა იყო – ჩემს ცოლს აქეთ-იქით რომ დაატარებდა, ეს ვერ ვაპატიეო. მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და მკვლელობის მოტივად, სამსახურში ზაზა კ-შვილის მიერ  მისი ცოლის შეურაცხყოფა დაასახელა, რაც ნანა ი-შვილს არ დაუდასტურებია.  დაკავებულის შემდეგი  ვერსია, ახალგაზრდულ წლებში არსებულ დაპირისპირებას  უკავშირდებოდა –   ერთხელ ბიჭებთან შეურაცხყოფა მომაყენა და შური წლების შემდეგ ვიძიეო, – განაცხადა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კოტე ი-ძემ,  რაც მან მკვლელობის მთავარ  მიზეზად დაასახელა სასამართლო პროცესზეც.  

როგორც გამოძიებით დადგინდა, კოტე ი-ძე  ერთი კვირა დარაჯობდა ზაზა კ-შვილს, სახლთან და სამსახურთან ჩასაფრებული შესაფერის დროს ეძებდა. მკვლელობის ღამეს, როდესაც ზაზა კ-შვილმა   მანქანა  ავტოფარეხში გააჩერა, ჩუმად თავს დაესხა და დანა ორჯერ დაარტყა. ამის შემდეგ ცხედარი ავტოფარეხის უკან გადაიტანა და გაძარცვა. როგორც მან განაცხადა, ცხედრისთვის ქურთუკის გახდაც უნდოდა, მაგრამ ხელი  მოულოდნელად გამოჩენილმა ქალმა შეუშალა. შემთხვევის ადგილიდან გაქცეულმა დამნაშავემ საფულიდან 200 ლარი ამოიღო, საფულე და  მობილური ტელეფონი რამდენიმე კორპუსის მოშორებით დააგდო,   ოქროს სამკაულები კი  მკვლელობიდან  მეორე დღესვე გაყიდა. დანაშაულის იარაღი – დანა, სამართალდამცველებმა დამნაშავის მითითებით, მეზობლის ბაღში ჩაფლული იპოვეს.  როგორც დაკავებულმა განაცხადა, დანის მოშორება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. სასამართლომ  კოტე ი-ძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით და  მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3