კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სკამკოჩაშვილი-სკამკოჩიშვილი

გვარის გვარის ფუძეა მეტსახელი სკამკოჩა. ეს მეტსახელი წარმოშობილია მეგრული გამოთქმიდან „სკან კოჩი“, რაც ნიშნავს „შენს კაცს“.

სკამკოჩიშვილი და სკამკოჩაშვილი ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში 65 სკამკოჩიშვილი ცხოვრობს: ოზურგეთში – 47, თბილისში – 10, ბათუმში – 8.

69 – სკამკოჩაშვილი: ოზურგეთში – 61, თბილისში – 5, ბათუმში – 3.

ტუჩაშვილი-ბაბაშვილი

დღევანდელი ტუჩაშვილები სოფელ ქურთაში 1781 წლის აღწერით ტუჩიაშვილებად არიან ჩაწერილები.

ტუჩაშვილების პირვანდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხოლო ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბაშვილი ყოფილა.

1744 წლის აღწერაში ხურთისში სამი კომლი ბაბიაურია დაფიქსირებული.

ბაბეური-ბაბიაურები ანუ ბაბაშვილები ტუჩაშვილების გვარზე მეთვრამეტე საუკუნეში გადასულან: 1781 წლის აღწერაში, ისინი, ვინც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილი.

ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში. ეს გვარი, როგორც სიონში, ისე ხერთვისში, თრუსოდან არის გადმოსული.

მეთვრამეტე საუკუნეში სოფელ მნაში ბაბეურების რვა ოჯახი ცხოვრობდა. ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ერთმანეთში ქალს დღესაც არ ათხოვებენ.

საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.

122 ბაბაშვილი: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.

ჩიქავა

გვარის ფუძეა ჩიქა. ამ ფუძით რამდენიმე გვარია წარმოქმნილი, მაგალითად ჩიქავა: ჩიქვანაია, ჩიქვინიძე, ჩიქობავა, ჩიქოვანი.

გვქონდა ადრეული ფორმა ჩიქვანი – მთავრული გვარი სვანეთში, საიდანაც არის ნაწარმოები გვარები: ჩიქვანია და ჩიქოვანი.

ალექსანდრე ღლონტს, წიგნში „ქართული საკუთარი სახელები,“ შეტანილი აქვს მამაკაცის საკუთარი სახელი ჩიქვი.

საქართველოში 203 ჩიქავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 165, თბილისში – 36, ფოთში – 2.

ანთია 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანთია, რომელიც ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლოკვეცილი ფორმაა და დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად იქცა.

ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.

ასევე, გვხვდება ტოპონიმები, მაგალითად, საანთიო – ზანის თემის მარჯვენა მხარეს.

ზოგი მკვლევარი ანთიას ანთიმოზის შემოკლებით ვარიანტად განიხილავს.

საქართველოში 2 033 ანთია ცხოვრობს: ზუგდიდში – 916, წალენჯიხაში – 493, თბილისში – 181. არიან სხვაგანაც.

კოჭლამაზაშვილი 

კოჭ ძირის შემცველია გვარები: კოჭაური, კოჭლამაშვილი, კოჭლამაზაშვილი, კოჭლამაზიშვილი და სხვა. ასევე, გვხვდება გვარი კოჭიბროლაშვილი.

გადმოცემით, დღევანდელი გოზალიშვილების ძველი გვარ-სახელი სწორედ კოჭიბროლა ყოფილა. კოჭიბროლა თეთრფეხება ცხენს ეწოდებოდა.

როგორც გოზალიშვილების, ისე კოჭლამაზაშვილების გვარში, კოჭლამაზა და კოჭიბროლა მეტსახელებია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კოჭლამაზაშვილებს 678-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 1 463 კოჭლამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 423, სიღნაღში – 407, რუსთავში – 227. არიან სხვაგანაც.

350 კოჭლამაზიშვილი: სიღნაღში – 271, თბილისში – 49, ლაგოდეხში – 9. არიან სხვაგანაც.

ხორავა 

მეგრულად ხორუა იგივეა, რაც სახლობა. ხორეთი სოფელია ლანჩხუთის რაიონში.

გვარის ძირძველი სამკვიდროა ლესიჭინე. ასევე, ეს გვარი გვხვდება სოფლებში: ზანა, კეთილარი, მენჯი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ვედიკარი, კახათი, მარანი, ძველი სენაკი და სხვა.

ხორავა სოციალურად დაწინაურებული საგვარეულოა. ამ გვარის წარმომადგენლები როგორც 1890, ისე 1904 წელს, აზნაურებად არიან დაფიქსირებულები.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, რაოდენობის მიხედვით, ხორავა 304-ე ადგილზეა.

საქართველოში 2 536 ხორავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 629, თბილისში – 424, ზუგდიდში – 356. არიან სხვაგანაც.

თუნგია 

გვარი თუნგია მომდინარეობს მამაკაცის მეტსახელიდან თუნგა.

თუნგი სპილენძიის ან თიხის ვიწროყელიანი დოქია.

თუნგიებს გალის რაიონში რაღაც დაუშავებიათ, სოფელი შეშელეთი მიუტოვებიათ, სამეგრელოში ჩამოსახლებულან და აზნაურ მელიებს მინდობიან. მათი ძირი ილორაში გვხვდება.

საქართველოში 228 თუნგია ცხოვრობს: ზუგდიდში – 110, თბილისში – 34, აბაშაში – 17. არიან სხვაგანაც.

თორდია-თორდინავა-თოდრაძე

არსებობს მოსაზრება, რომ თორდია, ბგერათა გადასმით, თოდრაძეთა გვარიდან არის მიღებული. თითქოს თოდრაძეები კახეთიდან  კოლხეთში არიან მიგრირებული და იქ თორდიები გამხდარან.

მსგავსი მაგალითი უცხო არ არის ქართული ონომატიკისთვის, მაგრამ, ამ მოსაზრების გაზიარება ეჭვქვეშ დგება, რადგან, თოდრაძეები გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და კახეთში ცხოვრობენ, კოლხეთში კი მსგავსი გვარი ჯერ არ იკითხება ისტორიულ საბუთებში.

შესაძლოა, კოლხური გვარის წარმომავლობა მესხეთში გაჩენილ ფეოდალურ საგვარეულოს – თორელს, თორელებს დაუკავშირდეს. ასეთი მაგალითი უკვე გვაქვს: ჩორჩანელებიდან ხურცისძე-ხურციძეების გვარები წარმოიშვა და ამ უკანასკნელთაგან კოლხეთში გავრცელდა გვარები: ხურცია, ხურცილავა, ხოლო ლეჩხუმში კი – ხუციძე.

თორდია და თორდინავა ერთი და იგივე გვარია. ორივეს ფუძეა თორი. პირველში სუფიქსია ია, მეორეში კი – ავა. 

ქართლში გაჩნდა თორელების საგვარეულო, ხოლო იქიდან წასულებმა სამეგრელოში შექმნეს გვარები: თორია, თორდია, თორდინავა.

სიტყვა თორს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: თორი აბჯრის ერთ-ერთი სახეობა იყო ძველ საქართველოში; ასევე, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მოიცავდა შავწყალას, გუჯარეთისა და მტკვრის ხეობას ტაშისკარიდან დვირამდე. ეს ტერიტორია დღევანდელი ბორჯომის რაიონშია.

სათორდიო არის უბანი ჩხორიოში, ჭკადუაშის საზღვართან.

საქართველოში 1 596 თორდია ცხოვრობს. ზუგდიდში – 1 208, თბილისში – 151, წალენჯიხაში – 76. არიან სხვაგანაც.

229 თორდინავა: მარტვილში – 131, თბილისში – 57, ქუთაისში – 30. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3