კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ოჯახის ტრაგიკული საიდუმლო

დედაჩემს ჰყავდა ტყუპისცალი და, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. დეიდაჩემსაც ვუყვარდი და, რადგან იცოდა, რომ დედაჩემი ამის უფლებას არ მისცემდა, მის ჩუმად მნახულობდა ხოლმე – სანამ პატარა ვიყავი, საბავშვო ბაღში მაკითხავდა, რომ წამოვიზარდე – სკოლაში, თან, სულ საჩუქრებით მოდიოდა. ყოველთვის ვერა, მაგრამ, ზოგჯერ დედა მაინც იგებდა ხოლმე ამ ვიზიტების შესახებ და საშინლად ბრაზდებოდა – თავის დას ლანძღავდა, მის მოტანილ სათამაშოებს კი მიყრიდა. მე ძალიან განვიცდიდი მათ ასეთ ურთიერთობას, მაგრამ, შიშით ვერაფერს ვეკითხებოდი, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რაც შეეხება მამაჩემს, საერთოდ არ ერეოდა დების საქმეში. მხოლოდ ერთი-ორჯერ მახსოვს, როცა მამამ დედას უთხრა (თავის დას რომ ლანძღავდა) – აღარ დაიღალე ამ სისულელის გამო ნერვებს რომ იშლიო? ამ სიტყვებზე დედა ისე გადაირია, სულ ცოფები ჰყარა, მამაჩემიც გალანძღა და რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი დალეწა. ვერაფრით რომ ვერ დააწყნარა, მამამ მომკიდა ხელი და იქაურობას გამარიდა.

ზოგადად, დედაჩემი ძალიან წყნარი და მშვიდი ქალი იყო, მაგრამ, როგორც კი საქმე დეიდაჩემს შეეხებოდა, გიჟს ემსგავსებოდა. 

რომ გავიზარდე, ძალიან ჩამაფიქრა ამ ამბავმა. გარდა იმისა, რომ თავად ფაქტი მაწუხებდა, ინტერესით ვკვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ტყუპი დების ასეთი ურთიერთობის მიზეზი. ერთხელ (მაშინ უკვე სკოლას ვამთავრებდი) დედას ბოდიშის მოხდით ვკითხე, გამაგებინე, ასეთი რა დაგიშავა დეიდაჩემმა, რომ შენი ცხოვრებიდან ამოშალე და მისი სახელის ხსენებაც კი ჭკუიდან გშლის-მეთქი. დედაჩემს მაშინვე შეეცვალა სახე, შევატყვე, რომ ძალიან აეშალა ნერვები, მაგრამ, როგორღაც მოთოკა თავი და მითხრა: ეს შენი საქმე არ არის, არც სხვისი, მარტო ჩვენ ორს გვეხება. არის შეცდომები, რომელთა პატიებაც შეუძლებელია, თუნდაც ასი წელი იცოცხლოს ადამიანმა. მეტს არაფერს გეტყვი და, ძალიან გთხოვ, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოო. მაინც გავბედე და ვუთხარი: მას ხომ ჩვენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი (დეიდა გაუთხოვარი იყო). არ მაინტერესებს, მე ამ თემაზე ლაპარაკი დავამთავრეო. პასუხმა არ დამაკმაყოფილა და შესაფერისი დრო რომ შევურჩიე (დედაჩემი მაღაზიაში იყო წასული), მამაჩემი დავიმარტოხელე და იმას ჩავაცივდი – გამაგებინე, რა ხდება-მეთქი, მაგრამ, იმანაც, რომ იტყვიან, თავიდან მომიშორა. ერთადერთი, ვინც ამ კითხვაზე პასუხს გამცემდა, დეიდა იყო, თუმცა, მას ასეთ რამეს ვერ ვკითხავდი.

ერთ დღეს (მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი) ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა: დეიდაშენის მეზობელი ვარ და მისი დავალებით ვრეკავ. ძალიან ცუდად არის და, გთხოვა, მასთან მოხვიდეო.

დეიდასთან რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი (დედაჩემის ჩუმად) და ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა. მივხვდი, რომ, რადგან მეზობელს დაარეკვინა, მართლა ძალიან ცუდად იყო და იმ საღამოსვე წავედი მასთან, დედას კი ვუთხარი, გოგოებთან მივდივარ-მეთქი. სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. კიბეები ავირბინე და ოთახში რომ შევვარდი, იქაურობა ექიმებითა და მეზობლებით იყო სავსე. დეიდაჩემი თვალებდახუჭული იწვა საწოლში, ექთანი კი რაღაც ნემსს უკეთებდა. მეზობლებმა ცნობისმოყვარე თვალებით დამიწყეს თვალიერება და ერთმანეთს რაღაცა გადაუჩურჩულეს. მე დაბნეული ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მერე მათ ერთი ქალი გამოეყო, ხელი ჩამკიდა, მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა: დღეს მე დაგირეკე. უკვე დიდი გოგო ხარ, თანაც, შენ მეტი არავინ ჰყავს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და, ამიტომ, მე მთხოვა, შენთვის ყველაფერი მომეყოლა. ერთი თვის წინ, სრულიად მოულოდნელად, ქუჩაში ცუდად გახდა და გულწასული წაიქცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ექიმებმა ფილტვის კიბო დაუდგინეს, მეოთხე სტადია. მაშინვე მითხრეს, რომ დიდი დღე აღარ ეწერა. ახლა უკვე წუთები აქვს დათვლილი. დილით მითხრა, არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ ჩემს დასთან არ მოვინანიო ჩემი დანაშაული, მაგრამ, ის არც მოვა და არც მომისმენს, ამიტომ, მაიკოს დაურეკე და უთხარი, თუ მე ვერ შევძელი ლაპარაკი, შენ უნდა უთხრა სიმართლეო. როგორც ხედავ, ლაპარაკის თავი აღარ აქვს, ამიტომ, მე მომიწევს მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებაო.

სიმართლე გითხრათ, ყველანაირ ისტორიას ველოდი, გარდა იმისა, რაც მოვისმინე. თურმე, დედაჩემი მამაჩემს რომ გაჰყვა ცოლად, რამდენიმე თვე დედას მშობლებთან ცხოვრობდნენ, რადგან, მამას ბინა არ ჰქონდა, ბებია, ბაბუა და დეიდაჩემი კი ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, ერთ დღეს, როცა დედა მეგობრებთან ყოფილა წასული, მამა სახლში ნასვამი მოსულა და სამზარეულოში დეიდაჩემთან დაუწყია არშიყობა. თუმცა, „არშიყობა“  კიდევ მსუბუქი ნათქვამია. საწყალი გოგო ატირებულა და სამზარეულოდან გაქცევა უცდია (იმ დროს, ეტყობა, არც ბებია და ბაბუა იყვნენ სახლში, თორემ, მამაჩემი, სიმთვრალის მიუხედავად, ამდენს ვერ გაბედავდა), მაგრამ, ამ ნაძირალა კაცს კუთხეში მიუმწყვდევია, კოცნა დაუწყო და თან ეხვეწებოდა – ჩემი საყვარელი თუ გახდები, დედოფლად გაქცევ, ჩიტის რძეს არ მოგაკლებ და ხელისგულზე გატარებო. საწყალ დეიდაჩემს ხმამაღლა დაუწყია ტირილი, თან ემუდარებოდა, გამიშვიო და თავიდან იშორებდა, ის კი მაინც არ ეშვებოდა და ხელებს უფათურებდა. სწორედ ამ ბღლარძუნში ყოფილან, დედა რომ წამოსდგომია თავს. შეშინებულ მამაჩემს დეიდაჩემისთვის ხელი გაუშვია და ისიც გაქცეულა თავის ოთახში, გაოგნებულ დედაჩემს კი, იმის ნაცვლად, რომ მამაჩემს ბოდიში მოეხადა და მოენანიებინა, უნამუსო ტყუილები დაუხვავა: ჩემთვის ვიჯექი და ჩაის ვსვამდი, შენი და რომ შემოვიდა, სიყვარულში გამომიტყდა და მეხვეწებოდა, მომეფერეო. მე თავიდან ვიშორებდი, ის კი ძალით მეკვროდა მთელი სხეულით და ერთად დაწოლას მთავაზობდაო.

ეს რომ გავიგე, ისე შემძულდა მამაჩემი, იქ რომ ყოფილიყო, ალბათ, მკვლელობას ჩავიდენდი. მაგრამ, გაოგნებული დავრჩი დედას პოზიციით: როცა თავის დას შეუვარდა ოთახში და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, საწყალმა გოგომ ყველაფერი ისე უამბო, როგორც მოხდა, მაგრამ, დედაჩემმა მისი კი არა, თავისი ნაძირალა ქმრის ტყუილები დაიჯერა და, რა თქმა უნდა, მშობლების სახლიდან სკანდალით წავიდა მამაჩემთან ერთად, ტყუპისცალი და კი სამუდამოდ ამოშალა თავისი ცხოვრებიდან.

იმ საღამოს დეიდაჩემი გარდაიცვალა. მეორე დღეს იმ მეზობელმა ანდერძი და საბუთები გადმომცა, რომელშიც ეწერა, რომ დეიდაჩემი მთელ თავის ქონებას მე მიტოვებდა.

დედამ დის სიკვდილი რომ გაიგო, ძალიან განიცადა, მაგრამ, პანაშვიდებზე მაინც არ წავიდა. გასვენების წინა საღამოს კი საშინელი სისასტიკე გამოვიჩინე: ჩემი მშობლები დავსვი და ყველაფერი, რაც მეზობლისგან გავიგე, ორივეს ერთად მოვუყევი. მამაჩემი პირდაპირ დავადანაშაულე მომხდარში, არაკაცი და ნაძირალა ვუწოდე, თან, გამოვუცხადე, რომ მის შვილობაზე ვამბობდი უარს და დედის გვარზე ვაპირებდი გადასვლას. დედაჩემს კი ვუთხარი – თუ მაინც ამ ლაჩარ კაცუნასთან აპირებ ცხოვრების გაგრძელებას, თვალით ვეღარ მნახავ-მეთქი. მერე კი კატეგორიულად მოვთხოვე – ხვალ გასვენებაში მარტო წამოხვალ, უამისოდ, შენი დის სულს ბოდიშს მოუხდი და ყველაფრისთვის პატიებას სთხოვ-მეთქი. მერე ავდექი და დეიდას სახლში წავედი, რომ მისთვის უკანასკნელი ღამე გამეთია და მეც მეთხოვა პატიება ჩემი და ყველა ჩემიანის ნაცვლად.

დედა მართლაც მოვიდა გასვენებაში. შავები ეცვა და თვალები ტირილისგან ჰქონდა დასიებული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუჭირდა, მაინც დასძლია თავს, ჩაეხუტა თავის დას და ტირილით, ხმამაღლა სთხოვა მის სულს პატიება. ისე გულით ტიროდა და მოთქვამდა, დარწმუნებული ვარ, მიუტევა დეიდაჩემმა.

იმ დღიდან მე და დედა დეიდას ბინაში გადმოვედით და ჩვენი ნივთები წამოვიღეთ. მე შევასრულე ჩემი მუქარა – დედის გვარი მივიღე და მამის სახელად ბაბუაჩემის სახელი ჩავაწერინე. ყოფილმა მამაჩემმა ვეღარ გაბედა ჩემთან მოსვლა „ახსნა-განმარტებებისა“ და ახალი ტყუილების სათქმელად. ამიტომ, როცა შევუთვალე, ეგ ბინა უნდა გავყიდო და ყველას ჩვენ-ჩვენი წილი გვერგება-მეთქი, უსიტყვოდ დამეთანხმა. როგორც მერე გავიგე, თავისი წილი ფულით სადღაც გარეუბანში უყიდია ერთოთახიანი ბინა, მას შემდეგ კი აღარაფერი შემიტყვია მამაზე, რომელიც ოდესღაც სიგიჟემდე მიყვარდა და კაცობის ეტალონად მიმაჩნდა.

რაც შეეხება დედას, დეიდაჩემის სიკვდილის შემდეგ ეკლესიაში ათენებს და აღამებს და უფალს შენდობას ევედრება, დის საფლავზე კი ყოველდღე დადის და საათობით ელაპარაკება თავის ტყუპისცალს, რომლისთვისაც 25 წელი ხმა არ გაუცია.

მაიკო, 29 წლის.

скачать dle 11.3