რა როლს თამაშობს ჩვენს ბედ-იღბალზე მშობლის სახელის დარქმევა და როგორ დავგეგმოთ სასურველი მომავალი სავსემთვარეობის პერიოდში
ამქვეყნად უამრავი რამ არსებობს, რაც ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე აგებს პასუხს. ეს ყველაფერი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებდნენ. ალბათ, ბევრისთვის გასაკვირი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სახელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ბედისწერაზე, ხოლო ჩვეულებრივი მარილი ადამიანის ბედის სწორი მართვისთვისაც გამოიყენება. თუ ეზოთერიკოს, ქალბატონ დარიკოს დავუჯერებთ, უბედური ადამიანი არ არსებობს; არც მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა გაგიჭირდებათ და არც პრობლემებისგან თავის დაღწევა, თუ საკუთარ ცხოვრებას სწორად მართავთ.
დარიკო: არ მსიამოვნებს, როცა ადამიანები საკუთარ ბედზე დაიწყებენ მოთქმას, ყველას თავს აბეზრებენ წუწუნით, თუ როგორ იტანჯებიან უიღბლობის გამო. ასეთ ადამიანებთან კონტაქტს ყველა ერიდება, რადგან, მათგან უარყოფითი ემოცია მოდის. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს უარყოფითად აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე. არადა, არ დაიჯერებთ, რომ, ჩვეულებრივ სუფრის მარილს ადამიანის ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, რადგან მას გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. მოკლედ, სავსემთვარეობისას, როცა ის შაბათ დღეს ემთხვევა, ღამის პირველ საათზე, უნდა აიღოთ მუჭით მარილი, ისე გახვიდეთ სახლიდან გზაჯვარედინზე, რომ ხმა არავის გასცეთ, დადგეთ, მარილის ნახევარი თავს უკან გადაყაროთ, ნახევარი კი უკან წამოიღოთ სახლში. ეს მარილი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ერთ პატარა ტომსიკაში ჩაყარეთ, მეორე – მეორეში (ტომსიკები თვითონ უნდა შეკეროთ, ხავერდის წითელი ქსოვილისგან). ერთი ბალიშის ქვეშ დაიდეთ, მეორე კი ჩანთით ატარეთ. თან, ეს სიყვარულშიც მოგიმართავთ ხელს, ფინანსურ კეთილდღეობაშიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად კი რომანტიკულ ურთიერთობაში მოგიგვარებთ პრობლემებს. დამიჯერეთ, ეს უძველესი დროიდან გამოცდილი მეთოდია. მაგალითად, თუ საყვარელ ადამიანს დაშორდით და კვლავ გინდათ მასთან შერიგება, ამ საქმეშიც მარილი დაგეხმარებათ, კერძოდ, წელიწადის ნებისმიერი სეზონის ბოლო კვირა დღეს, ღამის 12 საათზე, დადექით გზაჯვარედინზე თქვენი სახლისკენ ზურგით, სამჯერ დაიყვირეთ იმ ადამიანის სახელი, ვისთან შერიგებაც გსურთ და მარილი თავს უკან გადაყარეთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის თქვენთან უახლოეს მომავალში დაბრუნდეს. მარილი მლაშეა და ის ორ ადამიანს ერთმანეთს აწყურებს, თუ გარკვეული გრძნობა არსებობს მათ შორის. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებასა და რჩეულის გვერდით ყოფნას, ამიტომ, ამ რიტუალის ჩატარება და ბედის ცდა ნამდვილად ღირს.
– ყოველთვის მესმოდა, რომ სახელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. იმასაც ამბობენ, ადამიანი თავის სახელს ემსგავსებაო. ეს ასეა?
– რასაკვირველია, სახელი დიდ როლს თამაშობს ჩვენს ბედ-იღბალში. მაგალითად, ძველი ინდოელები, სანამ ბავშვი არ წამოიზრდებოდა, სახელს არ არქმევდნენ. ესპანელები კი რამდენიმე სახელს არქმევენ ახალშობილს, რომ ბოროტი ძალებისთვის აებნიათ თავ-გზა და ამით დაეცვათ მემკვიდრე. მათ მიაჩნიათ, რომ ბოროტ ძალებს ამ ადამიანის ნამდვილი სახელის ამოცნობა გაუჭირდება და უბრალოდ, ვეღარ ავნებს მას. ებრაელები მამის სახელს არ არქმევენ შვილს, რადგან, მათი აზრით, ეს უბედურების მომტანია.
– ქართველებში კი პირიქით, თუ მამის სახელი ჰქვია შვილს, ეს დიდი პატივია.
– დიახ, ასეა. მაგალითად, ჩემი სახელი არ მომწონს. საბედნიეროდ, ისეთი აღნაგობა და ისეთი სტილი მაქვს, ასაკი არ მეტყობა და შედარებით ახალგაზრდად გამოვიყურები. 46 წლის ვარ და, რომ ვიტყვი, დარიკო მქვია-მეთქი, ყველას ეცინება. თანაც, დედის სახელი მქვია. თურმე, რომ დავიბადე, დედა ცუდად ყოფილა, ექიმებს გადარჩენის იმედი არ ჰქონიათ და მისი სახელი ამიტომ დამარქვეს. საბედნიეროდ, დედა გადარჩა და ახლა ის უკვე 72 წლისაა. დედა მთელი ცხოვრება უიღბლო იყო და მისი უიღბლობა მეც დამყვა. დარწმუნებული ვარ, მისი სახელის დარქმევამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს უიღბლობაზე. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მშობელმა შვილს გარდაცვლილი წინაპრის ან უიღბლო ადამიანის სახელი დაარქვას. ახლობლის სახელის დარქმევით, ახალშობილს მის გარკვეულ ბედისწერასაც უზიარებ. ხოლო, როცა მშობელი შვილს თავის სახელს არქმევს, ფაქტობრივად, ბავშვს მშობლის ენერგეტიკა აქვს გაზიარებული. ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვს, კერძოდ, ყოველი სახელი, თავისთავად, ცუდ ან კარგ ენერგეტიკას ატარებს, აქვს საკუთარი კოდი და, ამიტომ, ერთმანეთის მოსახელე ადამიანები რაღაცით ყოველთვის ჰგვანან ერთმანეთს. სეხნიები, ასევე, თავისებურად, ერთმანეთის ბედ-იღბალს იზიარებენ, ერთნაირი შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. ასე რომ, უმჯობესია, მეტსახელიც შეირჩიო, თუ გრძნობ, რომ წინაპრის სახელის გამო არ გიმართლებს. ასე შესაძლო უიღბლობას მეტად დააღწევ თავს. თავად, ბავშვობიდან ყველა დარიკოს მეძახის და, რატომღაც, ვერ შევაჩვიე ახლობლები, რომ ზედმეტი სახელი დამიძახონ. მეუბნებიან, ასე ვართ შეჩვეული და გაგვიჭირდება სხვა სახელის დაძახებაო. არადა, დარწმუნებული ვარ, თუ სახელს შევიცვლი, გავთავისუფლდები უარყოფითი კარმისგან, მეტადაც გამიღიმებს იღბალი და მგონი, გათხოვებასაც მოვასწრებ (იცინის).
– მართალია, რომ გარდაცვლილი ადამიანის სახელის დარქმევით ადამიანზე მისი ბედისწერა გადადის?
– რასაკვირველია. ყველას თავისი მისია და ვალი აქვს დედამიწაზე, მაგრამ, თუ გარდაცვლილის სახელს დაარქმევთ შვილს, მაშინ, დიდი შანსია, ხასიათების დამთხვევა მოხდეს. ეს მსგავსება გენეტიკური კარმისა და ერთნაირი სახელის ენერგეტიკის შედეგია. კერძოდ, გარდაცვალების დროს, ზოგჯერ ბებია-ბაბუის ან სხვა ახლობლის სული ღია ასტრალში ვერ გადის, ოჯახის რომელიმე წევრის აურას ეწებება და სული ამ ადამიანის ენერგეტიკით იწყებს საზრდოობას და ისინიც ემსგავსებიან გარდაცვლილებს. ალბათ, ბევრ ახლობელში თქვენც აღმოაჩენდით ასეთ მსგავსებას. დედას დარიკო მისი გარდაცვლილი დეიდის პატივსაცემად ჰქვია, მერე ეს სახელი მე დამარქვეს და ასე ვიზიარებთ ერთმანეთის ბედს. კერძოდ, დედა მამაჩემმა მაშინ მიატოვა, როცა ჩემზე იყო ფეხმძიმედ, დეიდამისი მშობიარობას გადაჰყვა, მე კი საერთოდ ვერ ვეღირსე ბედს. თითქოს არაფერი, მაგრამ, აბა, პარალელი გაავლეთ და დაფიქრდით, რამხელა დამთხვევაა. ფაქტია, რომ ეს ერთსა და იმავე სახელს, უკავშირდება.