რატომ არის 1 აპრილის ხუმრობა დაკავშირებული მაცხოვრის აღდგომასთან და შეიძლება თუ არა ამ დღეს ერთმანეთის მოტყუება
დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესიაში ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება და ამ დღეს ტაძრის შუაგულში ხდება ჯვრის საზეიმო გამობრძანება. ამ კვირიდან, ასევე, იწყება მარხვის გაშუალედება და, შეიძლება ითქვას, რომ აღდგომის მარხვა უკვე სხვა ფაზაში გადადის. ჩვენში გავრცელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია 1 აპრილის ხუმრობაა, რომელსაც სინამდვილეში მაცხოვრის აღდგომასთან აქვს კავშირი. როგორია ამ საკითხების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება‚ ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღეს ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირის განმავლობაში ტოვებენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ მარხვის შუაგულს უკვე მივაღწიეთ. ამ დროს, ერთი მხრივ, თავს იჩენს და იგრძნობა დაღლილობა, ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვჭირდება; მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრწყინვალება უფრო ხილული ხდება. დიდმარხვა ჩვენი დიდჯვარცმის დროა, ჩვენი თუნდაც შეზღუდული გამოცდილება ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის საკითხავში ჟღერს: „რომელმან აღიღო ჯვარი თვისი და შემომიდგნენ მე“, მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად იტვირთა. მხოლოდ ქრისტეს ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი, მისი ჯვარი ჩვენს ჯვარს საზრისსა და დიდ ძალას ანიჭებს. გამხნევებული შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში და სამარხვო ღვთისმსახურების ტონიც იცვლება. თუ პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის გაწმენდაზე იყო მიმართული, მეორე ნახევარში ვიგებთ, რომ მარხვამ უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში. დიდი მარხვა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენლად ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანების, საგნების, სამსახურის მიმართ. დიდი მარხვა საზრისის ძიების პროცესია, აუცილებლად უნდა გავაღრმაოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგან, ჩვენც თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც ხშირად შეუგნებლად იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქცევით, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებენ ამქვეყნად ყოველივე ადამიანურს. დიდი მარხვა ის დროა, როდესაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური იმას, რასაც ვამბობთ, რადგან, ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, სიტყვებმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე – ძალაც. დიდი მარხვა ის დროა, როცა ადამიანი თითქოს კვლავ პოულობს სარწმუნოებას და თვით სიცოცხლესაც მისი საღმრთო მნიშვნელობით: თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს; ვსწავლობთ ღმრთისგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით; ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბარსა და ზედაპირულ ფიქრებს; ვიღებთ ადამიანებს და, ყოველივე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ კვლავ ვიპოვოთ თვით ღმერთი და დავუბრუნდეთ მას...
– ბევრი ადამიანი მარხვის შუა პერიოდში მიდის ეკლესიაში და ითხოვს მარხვის დაწყებას. ეს მიზანშეწონილია?
– დიახ, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის მარხვის შუაში ან ბოლოს და გვეკითხება, რომ პურზე და წყალზე შეინახავს მარხვას და, თუ ჩაეთვლება ეს მარხვად, თუ იქნება ის უფლისთვის სათნო. რა თქმა უნდა – არა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაგიური ქრისტიანები. დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა. ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდური შეხედულებები, რომლებიც ძალიან ფესვგადგმულია ადამიანების გონებაში. მათზე შეიძლება, ითქვას – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დღეს ადამიანები ყოველგვარი აღსარების, ზიარების გარეშე, პურსა და წყალზე იტანჯავენ თავს, ბოლოს კი არც ეკლესიაში მოდიან, და თუ მოდიან – მხოლოდ აღდგომას, ლიტურგიაზე, მხოლოდ ხატის გამობრძანებას თუ დაესწრებიან და შემდეგ ისევ უბრუნდებიან ცხოვრების წარმართულ წესს. ნუ გავხდებით თვითრჯულები, თვითმართლმადიდებლები, ხალხურ მართლმადიდებლობაში ნუ ვიქნებით, ნუ მოვიგონებთ ახალ ეკლესიას, ახალ სწავლებას, მოდერნისტულს, გაუბრალოებულს.
– მამაო, მინდა გკითხოთ 1 აპრილის ხუმრობის შესახებ, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს თარიღი მაცხოვრის აღდგომას უკავშირდება.
– ეს დღე ხშირად აღდგომის მარხვის პერიოდს ემთხვევა და, მეც მინდა, რომ ამ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ამ დღეს ყველანი, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლებიც‚ ერთმანეთს ეუბნებიან, დღეს 1 აპრილია, მოტყუება ადვილიაო. ეს სიტყვები ჩვენში საკმაოდ ფეხგადგმულია და, შეიძლება ითქვას‚ ტრადიციადაც იქცა. ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ 1 აპრილს, როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს‚ მომხდარა ქრისტეს პირველი აღდგომა. ხალხის გარკვეულ ნაწილს, ვისაც ეს ამბავი არ გაუხარდა, როდესაც ეუბნებოდნენ: ქრისტე აღდგაო, პასუხობდნენ: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილიაო. ასე რომ‚ დღეს 1 აპრილი სიცრუის დღეა და შესაბამისად, როდესაც ვიტყუებით‚ თავს ცოდვაში ვიგდებთ. დიდი მამა იოანე კრონშტადტელი წერდა: „უდიდესია სიტყვა, ძეს ღვთისას სიტყვა ეწოდა“. ჩვენ მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა კი არ იკარგება, არამედ, რჩება. ჯოჯოხეთი არსებობს არა მხოლოდ იმქვეყნად, სადაც ცოდვილები იტანჯებიან, არამედ, ამქვეყნადაც, ხოლო ჯოჯოხეთი სოფელში არის ბოროტების საშინელი, უხილავი საუფლო. არც ერთი ტყუილი, პირმოთნედ ნათქვამი, რომელსაც ადამიანის ენა წარმოთქვამს, უკვალოდ არ იკარგება და ბოროტების უხილავ საუფლოში ინახება. სწორედ იქ გროვდება ჩვენი ცოდვები, სიცრუე და საბოლოოდ გადაიქცევა დამანგრეველ სატანურ ძალად და ენერგიად, რომელიც შემდეგში თავს დაგვატყდება სხვადასხვა ტრფობისა და გამოცდის სახით. მერე კი გვიკვირს, საიდან მოდის უამრავი განსაცდელი, რომელიც თავს უხვად დაგვატყდა. ამიტომ, ჯობია, ასეთი ხუმრობისგან თავი შევიკავოთ, რათა უფლის ჯვარმცმელებსა და მგმობელებს არ ვეზიაროთ. წმიდა მამები ხშირად ადამიანს სიტყვიერ არსებად მოიხსენიებდნენ. სიტყვით ის მიმართავს ღმერთს და ეს სიტყვა არის მისი ღირსება და უპირატესობა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პირუტყვმა აჯობა ადამიანს – ჩვენ ვცრუობთ და ვპირფერობთ. იაკობ მოციქულმა ისიც თქვა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია“ (იაკობ. 3,2). იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი, მორწმუნე გახდეს, საკუთარ თავზე სიმართლის თქმა და მოსმენა უნდა ისწავლოს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ, როგორც დამბლადაცემული ავადმყოფი‚ დიდი ძალისხმევით, ტკივილით აკეთებს თითოეულ მოძრაობას, დგამს თითოეულ ნაბიჯს, ასევე ჩვენც – სულიერად დადამბლავებულებმა, ძალდატანებით უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე სიმართლის ლაპარაკი. თანამედროვე ადამიანები ხშირად სხვებს აღიქვამენ, როგორც უბრალო ნივთს და ასე ამიტომაც გაუცხოვდნენ თვით უახლოესი ნათესავები ერთმანეთისთვის. გაუცხოება, სიცივე ადამიანებს შორის, ჩვენი დროის უბედურება და სენია. ტყუილი კი, როგორც მამები გვასწავლიან, აშრობს ადამიანის გულს და საბოლოოდ ქვად აქცევს მას.