სწავლანი მამათა ცხოვრებიდან
მოწყალებისათვის
ერთხელ, როცა ნეტარი გრიგოლი (ჩვენი წელთაღრიცხვით 604 წელი) სენაკში იჯდა და წერდა, მოვიდა მასთან გლახაკი და შეევედრა:
– შემიწყალე მე, მონაო ღვთისაო, რამეთუ ნავი ჩემი წყალმა შთანთქა და ჩემი ქონებაც დავკარგე და სხვებისაც, რომელიც ნავით გადამქონდა. აწ რა ვიღონო, არ ვიცი.
მამა გრიგოლმა მოიხმო იკონომოსი და უთხრა:
– მიეცი ამ კაცს ექვსი დრაჰკანი.
მცირე ხნის შემდგომ კვლავ მოვიდა ის გლახაკი ნეტარ გრიგოლთან და სთხოვა:
– შემიწყნარე, მონაო ღვთისაო მაღლისაო, რამეთუ ბევრი ფული დამეხარჯა და მიწყალობე ცოტა რამ, – ხოლო ნეტარმა გრიგოლმა კვლავ მოუწოდა ძმასა მას იკონომოსსა და უთხრა:
– წადი და მიეცი ამ გაჭირვებულ კაცს კიდევ ექვსი დრაჰკანი.
მიიღო წყალობა გლახაკმა და წავიდა. ცოტა ხანში, იმავ დღესვე, მობრუნდა გლახაკი და მესამედ ითხოვა მამა გრიგოლისგან წყალობა. მაშინ წმიდა მამამ მესამედაც უხმო იკონომოსს, რომ კვლავაც მიეცა გლახაკისათვის ექვსი დრაჰკანი. ძმამ უპასუხა, რომ არც ერთი დრაჰკანი აღარ დარჩენოდათ. წმიდა გრიგოლმა უთხრა: მაშინ, სხვა რამ მიეცი გლახაკს – ან ვერცხლის ჭურჭელი, ან სამოსელი, რათა ცარიელი არ წავიდეს იგი.
იკონომოსმა კვლავ მიუგო, რომ არაფერი გააჩნდათ, გარდა ერთი ვერცხლის პატარა ჯამისა, რომლითაც დედამისმა დამბალი ოსპი მოიტანა. „ჰოდა, ის ჯამი მიეცი!“ – უთხრა მამა გრიგოლმა. წაიღო ის ვერცხლის ჯამი გლახაკმა და აკურთხებდა ნეტარ გრიგოლს.
ერთხელ, ნეტარმა გრიგოლმა თორმეტ გლახაკს მოუწოდა ტრაპეზზე, ხოლო ტაბლასთან იხილა ცამეტი გლახაკი. მაშინ მოიხმო იკონომოსი და ჰკითხა:
– ჩემის სიტყვის საწინააღმდეგოდ, რისთვის შემოიყვანეთ ტრაპეზზე ცამეტი გლახაკი?
განკვირდა იკონომოსი და უპასუხა:
– მერწმუნეთ, წმიდაო მეუფეო, თორმეტნი სხედან აქ.
მეცამეტე გლახაკს სხვა ვერავინ ამჩნევდა, ნეტარი გრიგოლის გარდა, რომელიც ხედავდა, თუ როგორ იცვლებოდა სახე მეცამეტე გლახაკისა: ხან მხცოვნად გამოჩნდებოდა იგი, ხანაც – ჭაბუკად. ტრაპეზობის შემდგომ გრიგოლმა სენაკში შეიყვანა ის მეცამეტე გლახაკი და ჰკითხა: „გაფიცებ ძალსა ღვთისასა, მითხარი, ვინ ხარ შენ, ანუ რა გქვია?“ გლახაკმა უპასუხა: „რად გინდა ჩემი სახელი. მე ის გლახაკი ვარ, სენაკში რომ მოვედი შენთან და მომეცი თორმეტი დრაჰკანი და დედაშენის მოტანილი ვერცხლის ჯამი. უწყოდე ამიერიდან, რადგან შენ სულგრძელობითა და მარტივი გულით მომეპყარ, უფალმა ბრძანა შენი დადგინება მღვდელმთავრად თვისის ეკლესიისა, რომლისათვის პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია; და ბრძანა შენი დაჯდომა საყდარსა პეტრესსა, რომლის სათნოებასაც მიემსგავსე, რამეთუ ეგრეთ განუყოფდა იგი მონაგებთა მათ, რომელთა მოართმევდნენ მას მორწმუნეები. ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: „საიდან იცი შენ, რომ უფალმა ბრძანა ჩემი მღვდელთმოძღვრად დადგინება?“ გლახაკმა უპასუხა: „მე ანგელოზი ვარ ყოვლისა მპყრობელისა ღვთისა და იქიდან ვიცი ყოველი, რომ მაშინაც უფალმა მომავლინა შენის გონების გამოსაცდელად, რათა გამოჩნდეს, რომ კაცთმოყვარებით და არა მავნებლობით იქმ მოწყალებასა“. გაიგო რა გრიგოლმა, რომ ანგელოზი ელაპარაკებოდა, შეშინდა, რადგან, არ ეხილა ანგელოზი. ხოლო ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, აჰა ესერა მომავლინა უფალმან, რათა შენთანა ვიყო მარადის, ვიდრე ხარ სოფელსა ამას შინა აწ უკვე რაიცა გქონდეს სათხოვნელი ღვთისაგან, ჩემ მიერ აუწყე უფალსა“.
ამ სიტყვაზე ნეტარი გრიგოლი დავარდა მიწაზე და თაყვანი სცა უფალსა და თქვა: „თუკი ესოდენ მცირედი და არარა გულსმოდგინებისათვის ესოდენი წყალობა გამოაჩინა ჩემზე სახიერმა ღმერთმა, რომ ანგელოზი თავისი მოავლინა ყოფად ჩემდა, რაგვარ დიდებას არიან მიმთხვეულნი მაშინ ის პირნი, რომლებიც მის მცნებებს ასრულებენ და იქმნან სიმართლეს და მრავალსა მოწყალებასა, რომელთათვისცა ბრძანა უფალმა დადგომად მარჯვენით მისა და სმენად ხმასა მას სანატრელსა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი“.
და ამ დღიდან მარადის იყო ანგელოზი ნეტარ გრიგოლთან.
„ცხოვრება გრიგოლ პრომთა პაპისაი“