როგორ გააშვილეს ტყუპისცალი მეჯვრისხევის სამშობიარო სახლიდან და ვინ ეძებს გაშვილებულ ძმას ჟინვალიდან
68 წლის თამარ მიხეილის ასული ჩხიკვაძე ეძებს 50 წლის ძმას (სახელი და გვარი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას. სამწუხაროდ, მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. 1962 წლის 24 აპრილს დედაჩემმა იმშობიარა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში და გააჩინა ტყუპი ქალ-ვაჟი, მაგრამ, სამშობიარო სახლში მას უთხრეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა. ამ ამბის გასვლიდან 30 წლის შემდეგ, დედამ შემთხვევით გაიგო, რომ მისი შვილი გააშვილეს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ დაკარგული ძმის პოვნაში. სამწუხაროდ, დედა ცოცხალი აღარაა, მაგრამ მეც და ჩემს დანარჩენ დედმამიშვილებსაც ძალიან გვინდა ძმის პოვნა. ჩემი ძმა ამჟამად 50 წლის უნდა იყოს, იმედი მაქვს, მან გაიგო, რომ ნაშვილებია და ამ სტატიის წაკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდება.
– ქალბატონო თამარ, გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მოხდა 1962 წელს და რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმა გაშვილებულია?
– დედაჩემი, ნინა გიორგის ასული პაპიტაშვილი, კირბალში ცხოვრობდა. 1962 წლის 24 აპრილს მან იმშობიარა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. დედაჩემი იმ დროს 40 წლის იყო. მას გაუჩნდა ტყუპი ქალ-ვაჟი. ბიჭი უფრო დიდი და ჯანმრთელი ყოფილა. მშობიარობის მეორე დღეს დედას მოუყვანეს გოგონა, ბიჭზე კი უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა. დედა ძალიან ცუდად იყო და მას შვილის ცხედარიც არ უნახავს. ტყუპების გარდა, დედას 4 შვილი უკვე ჰყავდა, სავარაუდოდ, სამშობიაროში იფიქრეს, რომ მეტი შვილი მას აღარ სჭირდებოდა და ამიტომაც დაუმალეს ვაჟი. ოჯახში, ასე თუ ისე, ყველა შეგუებულები ვიყავით იმ ამბავს, რომ ჩვენი ძმა გარდაიცვალა. ალბათ, არაფრის ეჭვიც არ გაგვიჩნდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ამ ამბიდან უკვე 30 წელი იყო გასული, როდესაც დედაჩემს შეხვდა იმ სამშობიარო სახლის ერთ-ერთი სანიტარი ქალი, რომელმაც უთხრა, რომ ჩემი ძმა, სინამდვილეში, გააშვილეს. ის სანიტარი ქალი სოფელ ზერტში ცხოვრობდა. მან ისიც თქვა, რომ ჩემი ძმა მეორე სანიტარმა თავის უშვილო მამიდას მიაშვილა. ამ ამბის შემდეგ დედამ მოსვენება დაკარგა და სპეციალურადაც კი ჩავიდა ზერტში იმ სანიტრის სანახავად, ვინც სიმართლე გაუმხილა, მაგრამ, როცა იმ ქალმა ნახა, თუ როგორი ინტერესით კითხულობდა დედა თავისი შვილის ამბავს და ყველაფრის გარკვევა უნდოდა, შეშინდა და უთხრა, მოგატყუეო. სამწუხაროდ, ის სანიტარი ქალიც ამჟამად ცოცხალი აღარაა. ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ავფორიაქდით, ამას თან ერთვოდა ჩემი დის, ანუ, დაკარგული ვაჟის ტყუპისცალის შეგრძნებებიც. მოგეხსენებათ, ტყუპებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ და ისინი ერთმანეთს დისტანციაზეც გრძნობენ. როდესაც ჩემმა დამ ეს ამბავი გაიგო, ძალიან გაბრაზდა. სამწუხაროდ, დედაჩემი ცოცხალი აღარაა, მაგრამ, ყველა დედმამიშვილს ძალიან გვინდა ძმის პოვნა.
– აქამდე თუ ეძებდით ძმას და რა ხერხებით?
– მე დავრეკე გადაცემა „პროფილში“ და მოვყევი ჩემი ისტორია, მაგრამ, პასუხიც არ მიმიღია. არ ვიცი, სხვანაირად როგორ შეიძლება ჩემი ძმის პოვნა – მე ხომ მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ამიტომ, თქვენ მოგმართეთ. ერთხელ ჩემს ძმასაც ვუთხარი, მოდი, მოვძებნოთ ჩვენი დედმამიშვილი-მეთქი, მაგრამ არ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ჩემი ძმა გაშვილებული იქნება გორის რაიონთან ახლომახლო რომელიმე სოფელში და იქ უნდა ვეძებოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემმა ძმამ გაიგო თავისი ისტორია, ანუ, იცის, რომ ის ნაშვილებია და, თუ ის მიხვდება, რომ საუბარი სწორედ მასზეა, იქნებ, დაგვიკავშირდეს. მინდა, მან იცოდეს, რომ ჰყავს ტყუპისცალი და, რომელიც ამჟამად გერგეთში ცხოვრობს და მასაც ძალიან უნდა ძმის პოვნა. გამორიცხული არ არის, რომ ჩემს ძმასაც, ისევე, როგორც მის ტყუპისცალ დას, გარკვეული შეგრძნებები ჰქონდეს და იქნებ ინტუიციამ უკარნახოს, რომ საუბარი სწორედ მასზეა, ან, იქნებ, მან გაიგო, რომ ნაშვილებია გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიით ის მიხვდება ყველაფერს და დაგვიკავშირდება. დედაჩემს ძალიან უნდოდა მისი პოვნა. ამჟამად ის ცოცხალი აღარაა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მის სულს გაუხარდება, თუკი დედმამიშვილები ერთმანეთს ვიპოვით.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.