კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ქმარი და რისი გაგება უჭირს მის ცოლს

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ურთიერთობაში შეცდომას ყველა უშვებს, განურჩევლად სქესისა და, ხშირად – ასაკისა. შეყვარებული თუ უმზერ, ადვილად დახუჭავ თვალს ნაკლზე; დაუფიქრებლად შეამკობ ღირსებებით, რომლებიც, რეალურად, არ გააჩნია. სიყვარული კარგია, მაგრამ, საღი აზრის შენარჩუნება – აუცილებელი. ფსიქოლოგები გვირჩევენ: ნუ მივაწერთ პარტნიორს ისეთ თვისებებს, რომლებიც მას არ აქვს და, სავარაუდოდ, არც ექნება. აჯობებს, დავინახოთ მისი ნაკლოვანებები და კარგად დავფიქრდეთ, შეგვიძლია თუ არა მასთან ერთად ცხოვრება.

თეიკო (37 წლის): გული მწყდება, რომ ჩემს  პრობლემაზე საჯაროდ მიწევს საუბარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირადი ცხოვრება ასე ამერეოდა. ალბათ, ბევრი ამბობს ამას. ასეა ადამიანი – არ უნდა, დაიჯეროს, რომ ცუდი მასაც დაემართება; მით უმეტეს, როცა ბედნიერია, ადვილად რწმუნდება იმაში, რომ მის ცხოვრებაში ყოველთვის ასე იქნება. რატომღაც, ქალებს უფრო გვიყვარს ოცნებებში ფრენა. მამაკაცები ჩვენზე გაცილებით პრაგმატულები არიან.

– თუ – პესიმისტურად განწყობილები?

– ეს თითქმის ერთი და იგივეა. ეს ჩემი მოსაზრებაა და ამ აზრს თავს არავის ვახვევ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კაცებისთვის უფრო ადვილია ცხოვრება.

– რატომ გგონიათ ასე? კაცებსაც ღალატობენ და კაცებსაც ტოვებენ. სიყვარულიც არ არჩევს ქალსა და კაცს.

–  მაგაში გეთანხმებით, მაგრამ, პროცენტულად, ქალები გაცილებით ხშირად ვზარალდებით; თანაც, მამაკაცისთვის საზოგადოებრივ აზრს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. უფრო ხშირად, საზოგადოებრივი აზრი გაცილებით ჰუმანურია მათ მიმართ. ქალს თუ უღალატებენ – არა უშავს, კაცი ვიღაცასთან წავიდა – რა მოხდა მერე?! მაგრამ, ქალი თუ უღალატებს ქმარს,  აუცილებლად ბოზია.

– ანუ, ქალსაც აქვს გამართლება, როცა ღალატობს?

– არა, ამას არ ვამბობ. ღალატი ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია. თუმცა, თუ ვინმესთვის პატიებას მოვინდომებთ, გამამართლებელ მიზეზს აუცილებლად ვიპოვით – ამისი თქმა მინდოდა. სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს ვინდომებდი და ვპოულობდი კიდეც იმას, რისი პოვნაც მინდოდა. ქალები ამბობენ, ჩვენ თვითონ ვიბრმავებთ თვალებსო, – ამას ვერ დავეთანხმები. არც სიყვარული გაბრმავებს. უბრალოდ, ზოგიერთ მამაკაცს აქვს უნარი, თავი იდეალურად მოგაჩვენოს, მერე კი „რელსებიდან გადავიდეს“. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ. კაცი მეტ-ნაკლებად იდეალური მანამდეა, სანამ მიზანი აქვს – შენი ხელში ჩაგდება. გარანტირებულად მისი გახდები თუ არა – აზარტს კარგავს. იცით, როგორი მოხიბლული ვიყავი ჩემი ქმრით? ყველაფერი მომწონდა მისი – გარეგნობაც, ხასიათიც. გარეგნობა ახლაც კარგი აქვს, ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ, ხასიათს რაც შეეხება... კეთილი იყო და ხელგაშლილი, ღიმილიანი, თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი... როგორ ვთქვა, თვალები შეგნებულად დავიბრმავე-მეთქი, ეს ყველაფერი რეალურად იყო. მარტო მე კი არა, ჩემი მშობლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მომავალი სიძით – პირველივე შეხვედრაზე შეაყვარა თავი ორივეს. 

– ანუ, არტისტია? კარგად ითამაშა როლი?

– ასე გამოდის. ძალიან ცდილობს, დამიმტკიცოს, რომ მე ვერ აღვიქვამ მოვლენებს რეალურად. შეიძლება, მე დავბრმავდი, დავყრუვდი და გამოვშტერდი, მაგრამ, სულელი ნამდვილად არ ვარ. არადა, ისე კარგად დაიწყო ყველაფერი... თუმცა, მხოლოდ დაიწყო – გაგრძელება აბსოლუტურად სხვანაირი ჰქონდა. ჩემი ქმარი უმტკივნეულოდ „ჩაჯდა“ ჩვენს რეალობაში. მთელმა ჩემმა გარემოცვამ ბუნებრივად და უპრობლემოდ მიიღო. შაბათი და კვირა ნამდვილ ზეიმად მიქცია. სულ სადღაც დავყავდი, ან – სახლში მანებივრებდა სიურპრიზებით. ბუნებაში მწვადებს წვავდა და ჩემს მეგობრებს პიკნიკს უწყობდა.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს იდილია?

– ერთი წელიც არა. ყველაზე მეტად გამაოგნებელი ისაა, რომ წყნარი, უპრეტენზიო და ზრდილობიანი კაცი, უცებ უხეშ, უტიფარ ქმრად იქცა. სულ ყვირილით ლაპარაკობს.

– თქვენ ვერ ხვდებით, რა არის ამის მიზეზი?

– ახლა უკვე ვხვდები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო დავკარგე მიზეზის ძიებაში – მას საკუთარ თავში ვეძებდი. მეგობრებს ვეუბნებოდი ეს იდეალური კაცი გადავრიე, რაღაც ძალიან შემეშალა-მეთქი. რამდენი ხანიც უნდა იცნობდე მამაკაცს, მაინც ვერ გაიგებ, რა უდევს მას თავში.

– ქალისას გაიგებ?

– თუ მართლა შეყვარებულია – აუცილებლად. ვიცი, მეტყვით, შეყვარებული მამაკაციც ხომ გახსნილიაო, მაგრამ, ტყუილია – კაცი უფრო ეგოისტია სიყვარულში, ვიდრე ქალი.

– ბევრი არ დაგეთანხმებათ.

– შეიძლება. სულაც არ ვცდილობ, ვინმე ძალით დავითანხმო, ყველას საკუთარი აზრი აქვს ცხოვრებაზეც და კაცთან ურთიერთობაზეც. სამწუხაროდ, „სიყვარულის ნავი“ ძალიან მყიფეა და სწრაფად იმსხვრევა ოჯახურ რიფზე. თანაც, ზოგჯერ პირველზევე.

– მით უმეტეს, თუ ქარიშხლებიც ხშირად არის.

– თქვენ წარმოიდგინეთ, ქარიშხლები როცა არის, ხშირ შემთხვევაში ნავი უძლებს ამას. დააკვირდით: არსებობენ წყვილები, რომლებიც სულ ჩხუბობენ და მაინც ერთად არიან. არ ვიცი, ეს რა ფენომენია, მაგრამ, ფაქტია, რომ ისინი რაღაცნაირად აგვარებენ ურთიერთობას. ჩემი ქმარი ძალიან სწრაფად მოეშვა და მოდუნდა ოჯახურ თავშესაფარში – ინერტული და უინტერესო გახდა. ისე იქცეოდა, თითქოს ოცი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით.  ტელევიზორთან რომ დაჯდებოდა, მის წინ სულ შიშველსაც რომ მევლო, რეაქცია არ ჰქონდა, არადა, არ გამოვიყურები ცუდად. სახლშიც სულ ფორმაში ვარ და მამაკაცების ყურადღების ნაკლებობასაც არ ვუჩივი. ვიფიქრე, ეს უინიციატივობა და ინერტულობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, მაგრამ, მოვტყუვდი. უბრალოდ, ორ ფრონტზე ბრძოლის უნარი არ აღმოაჩნდა.

– რას გულისხმობთ?

– ანუ, სახლში ვეღარ მოჰქონდა საჭირო ენერგია, იმიტომ რომ სხვასთან ხარჯავდა. მე სულელი კი ვფიქრობდი, საწყალი, როგორ იღლება სამსახურში; ეტყობა, ოჯახმა მეტი პასუხისმგებლობა გაუჩინა და მეტს მუშაობს-მეთქი, მაგრამ, თურმე, სადა ხარ – სამსახურში ფლირტი და არშიყი ართმევდა ძალას.

– დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით? ფაქტები გაქვთ?

– ფაქტები რომ არ მქონდეს, ასე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებდი ჩემს პრობლემაზე. ერთხელ დედამისთან წავიწუწუნე, ვეღარ ველაპარაკები, სულ ჩუმად არის, არსად დავდივართ, ფეხბურთის ყურებაც კი არ აინტერესებს-მეთქი და მიპასუხა: რა ტყუილად იშლი ნერვებს, სანთლით საძებარი ქმარი გყავს. იცხოვრე მშვიდად და პრობლემას ნუ იქმნიო. მეც დავუჯერე და, მანამდე ვცდილობდი, საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ მართლა ძალით ვიქმნიდი პრობლემას, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი. არადა, გარედან ისე ჩანს, რომ იდეალური კაცი მყავს გვერდით: მშვიდი, წყნარი, არ სვამს, არ ეწევა, ფულის ხარჯვა არ უყვარს... თურმე, საერთოდ არ ყოფილა ეს შესაშური. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მისმა ამ მოჩვენებითმა სიწყნარემ და სიმშვიდემ ლამის კედლებზე ამიყვანოს. ჩემი სიყვარული მისადმი თოვლივით დნება და მალე სულ გაქრება – ამას ცხადად ვგრძნობ. იმასაც ვფიქრობ, ღირს კი წვალება ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად? ჩემი ქმარი ხომ არ შეიცვლება? ის ისეთია და, თუმცა ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ საპირისპიროში დამარწმუნოს, ვგრძნობ, როგორც კი დავუჯერებ, ძველებურად „გაუბერავს“. როცა ჩემამდე მისი „ცელქობების“ ამბავი მოვიდა, გავოგნდი, მაგრამ, მაინც, ყველაფერი ბოროტ ენებს დავაბრალე – შურთ, ასეთი ქმარი რომ მყავს და ცდილობენ, წყალი აგვიმღვრიონ-მეთქი.

– იქნებ მართლაც ასე იყო?

– სამწუხაროდ, სიმართლის მარცვალი ყოველთვის არსებობს. სულ უცეცხლოდ კვამლი ნამდვილად არ ჩნდება. ერთხელ „ჩამაწვეთეს“, მეორედ, მესამედ და მეც ცოტა გამოვფხიზლდი. დავუწყე ჩემს ქმარს თვალყურის დევნება, რისი გაკეთებაც ძალიან არ მინდოდა – მძულს ასეთი ჯაშუშობა ურთიერთობაში. მეცოდებოდნენ ის ქალები, რომლებიც ასეთ რეჟიმში ცხოვრობდნენ. მეც მათ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი, ეს ჩემთვის სერიოზული სტრესი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაღაცის გაკეთება რომ არ გინდათ და იძულებით აკეთებთ – რამხელა დისკომფორტია.

– რომ დაგეტოვებინათ ყველაფერი ისე, როგორც იყო?

– დამეტოვებინა და ჩემი ქმრისთვის ჩემი გასულელების საშუალება მიმეცა?! რა ვქნა, არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ, სირაქლემის პოზაში იცხოვრონ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს არაფერი ხდება. პირველივე ფაქტზე (ეს იყო რომანტიკული ესემესი). ჩემი ქმარი, კედელთან მივაყენე და მანაც მაშინვე ყველაფერი აღიარა, თანაც, ერთთან კი არა, ორთან ურთიერთობა: მერე რა მოხდა, ვერთობიო. შენ რა გაკლდება ამით, არც ოჯახის დანგრევას ვაპირებ, არც რომელიმეს ცოლად მოყვანასო. მოგწონთ ასეთი ლოგიკა? მეტყვის ვინმე, რომ ნორმალური პასუხია? თურმე, არაფერი მაკლდება იმით, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალებს ეკურკურება და ეტრფიალება, სახლში კი  მუთაქასავით დევს და მისი ინერტულობის გამო ლამის არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. ხან ფიტნეს-ცენტრში ვიყავი, ხან სალონში, ტუჩებიც კი გავიდიდე...

– ამ ყველაფერს ქმრის ყურადღების მოსაპოვებლად აკეთებდით?

– რა თქმა უნდა. მაგრამ, რეალურად, სხვა კაცების ყურადღებას ვიპყრობდი, ჩემი ქმარი კი მაინც ვერ მამჩნევდა. ძალიან დამთრგუნველია ეს ქალისთვის. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ინგრევი ადამიანი.

– თქვენს ქმარს რომ ისევე გაეგრძელებინა ურთიერთობა თქვენთან, როგორც ქორწინებამდე, ხომ ვერაფერს მიხვდებოდით?

– ვერა, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი ქმარი „რელსებიდან გადავიდა“. საზიზღარი სტერეოტიპის ტყვეობაშია. არ ვიცი, რამდენი კაცია მისი „მიმდევარი“, მაგრამ, მარტო რომ არ იქნება, ამ თავის იდიოტურ შეხედულებებში, ფაქტია. ამტკიცებს, რომ ცოლი უკვე აღარ არის საინტერესო ქალი. დაპყრობილ მწვერვალზე არც ერთი თავმოყვარე ალპინისტი მეორედ აღარ ავაო, – ასე მითხრა. გეკითხებით, რისი ღირსია? რომ ვუღალატო და იმას „დავაპყრობინო ჩემი მწვერვალი“, ვინც ინტერესსა და აზარტს გამოიჩენს, ვიქნები დასაძრახი?

– თქვენ ეს არ უთხარით ქმარს?

– ვუთხარი. ჯერ გაიცინა, მერე კი სერიოზულად მითხრა: გარყვნილი რომ არ იყო, ეგ აზრი თავში საერთოდ არ მოგივიდოდაო. ახლა ვფიქრობ, რა ვქნა – გავეყარო? ჩემი ქმარი მეუბნება, რომ იმ ქალებთან სექსი არ ჰქონია და ამას არც აპირებდა, მაგრამ, მე არ მჯერა მისი. იმასაც ვიტყვი, რომ ჩემთვის არანაკლებ მტკივნეული იყო ის „პრელუდიები“ ვიღაცეებთან. თუმცა, თვითონ მიაჩნია, რომ ეს სალაპარაკოდაც არ ღირს. რომელ ქალს მოეწონება, მისი ქმარი სხვა ქალს სწერდეს: შენი ერთი გამოხედვით მუხლებში ძალა მერთმევა და მთელი სხეული მიბუჟდებაო? იმდენი ვიტირე, ეს რომ წავიკითხე... რატომ არ ესმით კაცებს, რას აშავებენ, როცა ცოლი ქალად არ მიაჩნიათ და სხვა ქალებს უმტკიცებენ, შეუდარებელი, მომაჯადოებელი და განუმეორებელი ხარო, თან ისეთს, საერთოდ რომ არ არიან ლამაზები? პრინციპში, მათი გარეგნობაც არ არის მნიშვნელოვანი და მე მათთან საერთოდ არ მაქვს საქმე. პრეტენზია მხოლოდ საკუთარი ქმრის მიმართ გამიჩნდა და მას ეს ძალიან არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ერჩივნა, არშიყით დაღლილს, სახლში მშვიდი გარემო ჰქონოდა. მე კი თურმე, მყუდროება დავურღვიე ბიჭს;  აქეთ ვყოფილვარ დამნაშავე, რომ ხელს ვერ ვუწყობ უსინდისობაში ისე, როგორც ეკადრება. ზოგჯერ ძალიან აგრესიული ვარ. როგორ არ ვიქნები?! დავანგრიო ოჯახი და ამით დავუსვა წერტილი ამ მარაზმს? შვილს რა ვუყო, როგორ გავაგებინო, რას ვერჩი მამამისს? მეტყვის, შენი ეგოისტობით მამა დამაკარგვინეო. იქნებ, გაუაროს და აზრიც შეიცვალოს თავის საქციელზე? მაგრამ, წყალწაღებულივით ხავსს ვებღაუჭები, მგონი...დალი მიქელაძე

скачать dle 11.3