ვინ ასწავლა „ოლიმპის“ სერბ კალათბურთელს ქართული გინება და რა აკავშირებს მას სლობოდან მილოშევიჩთან
საკალათბურთო გუნდ „ოლიმპის“ ლეგიონერი – გიგანტი სტევენ მილოშევიჩი (რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 14 სანტიმეტრია), წარმოშობით ბალკანეთიდან, მონტენეგროდან არის. მას კალათბურთელობის ოჯახური ტრადიცია აქვს და საკმაოდ ცნობილი კალათბურთელის ვაჟია. ის თანაგუნდელ ნოდარ თენეიშვილთან ერთად გვეწვია რედაქციაში.
სტევენ მილოშევიჩი: ჩემი ცხოვრება კალათბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია, კალათბურთელობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. მამაჩემი ცნობილი კალათბურთელი იყო და მისი თამაშების საყურებლად სულ დავდიოდი. თვითონაც ცხრა წლიდან ვთამაშობ. ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი პირველი სიყვარულია (იცინის). მამამ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. ის ჯერ მონტენეგროში თამაშობდა, შემდეგ საბერძნეთში წავიდა, სადაც მართლა კარგი კარიერა ჰქონდა. ჩემს არჩევანზე მამამ მართლაც მოახდინა გავლენა – ძმაც კალათბურთელი მყავს და რაც თავი მახსოვს, სულ NBA-ის თამაშებს ვუყურებ. დედას დავყავდით სულ თამაშებზე და შემიყვარდა. მონტენეგროში, ისევე, როგორც საერთოდ ევროპის ქვეყნებში, ყველაზე პოპულარული სპორტი, ნომერ პირველი ფეხბურთია... ფეხბურთი იქ გიჟურად უყვართ, მაგრამ კალათბურთი მეორეა. იუგოსლავიაში ხშირად აჩვენებენ კალათბურთის ჩემპიონატებს. ჩემი უმცროსი ძმებიც კალათბურთელები არიან... მამაჩემი სულ ესწრებოდა ჩვენს თამაშებს. თუ სხვა ქვეყანაში ვიყავით წასულები, ინტერნეტით გვადევნებდა თვალყურს და მერე შენიშვნებს გვაძლევდა, რაღაცეები არ მოსწონდა ხოლმე. ჩვენ მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. სულ შეცდომებზე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას, თან, საკმაოდ უხეშად იცის თქმა (იცინის).
– როგორი იყო შენი ბავშვობა მონტენეგროში?
– რა ვიცი (იცინის). რაც თავი მახსოვს, სულ კალათბურთს ვთამაშობ. ჩემს ქვეყანაში სკოლაში, ჩვეულებრივ, 6-7 წლის ასაკში შედიან. მე 5-ის ვიყავი, რომ წავედი ბოსნიაში. ბებიაჩემი იყო იმ სკოლაში პედაგოგი და ბევრ რამეს მპატიობდნენ (იცინის). მერე ომი დაიწყო ჩემს ქვეყანაში და იძულებული გავხდი, უკან დავბრუნებულიყავი. სიმართლე გითხრათ, ომი საკუთარი თვალით არ მინახავს. იქ, სადაც ვცხოვრობდი, არ მიმდინარეობდა ბალკანეთის კონფლიქტის საომარი მოქმედებები. 90-იანების ომმა ძალიან დააზარალა ჩემი ქვეყანა. ეკონომიკური კრიზისი იყო, გვიჭირდა, ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება.
– ქართული ტრადიციები და სერბული რამდენად ჰგავს ერთმანეთს?
– სხვათა შორის, ძალიან. ანუ, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც განსხვავდება. ორივე მართლმადიდებლური ქვეყანაა, თან აღმოსავლეთ ევროპა და ალბათ, იმიტომ. მონტენეგრო და იქაური საზოგადოება საკმაოდ პატრიარქალურია. პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენს ტრადიციებს პატივს ვცემთ, ეროვნული ღირსების გრძნობა გამძაფრებული გვაქვს, ისევე, როგორც თქვენ.
– სლობოდან მილოშევიჩის თემა...
– მივხვდი, რაც უნდა მკითხო (იცინის). გაინტერესებს, ნათესავები ვართ თუ არა? არ ვართ ახლობლები, ისიც მონტენეგროდანაა, თუმცა სხვა მხრიდან არ ვიცნობ და ვერ შევაფასებ. კარგი გადაწყვეტილებაც ბევრი მიუღია და ცუდიც ალბათ. რაც უნდა იყოს, მაინც პრეზიდენტი იყო.
– არ ამაყობ იმით, რომ მისი მოგვარე ხარ?
– რატომ უნდა ვიამაყო? (იცინის) იმან იამაყოს, თუ კარგია. ჩემზე უკეთესი რითაა?!
– ბავშვობაშიც ასეთი გიგანტი იყავი?
– კი. ყველაზე დიდი ვიყავი კლასში, უბრალოდ, ყოველთვის გაკვირვებით მიყურებდნენ და კიდევ ერთი – ძალიან მიჭირდა ჩემი ზომა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შოვნა, აქაც და საერთოდაც. კიდევ კარგი, რომ ინტერნეტით გამოწერა შეიძლება. ჩემი ძმები იწერენ, ან ჩამოაქვთ ამერიკიდან. უფრო ფეხსაცმელი. იქაური ჯინსები არ მომწონს, რაღაცნაირია. ამიტომ, აქ ვიძენ ხოლმე.
– ჩოხა არ გცმია?
– რა ვიცი, არსად მინახავს ჩოხა და ალბათ, ჩემი ზომა არც იქნება (იცინის).
– კალათბურთის თამაში რომელ კლუბში დაიწყე და საქართველოში როგორ მოხვდი?
– ჯერ მონტენეგროში ვთამაშობდი, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც მამაჩემიც თამაშობდა. მერე ბელგრადის „პარტიზანში“ ვიყავი, საბერძნეთში, თურქეთში, ვენესუელაში, კვიპროსში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში... მოკლედ, მოვიარე მთელი მსოფლიო. საქართველოში ჯერ სოხუმის უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი, მერე „ოლიმპში“ გადავედი. წინა წელს სეზონი თურქეთში დავიწყე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა რატომღაც, მერე ვენესუელაში წავედი... იქიდან უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ადაპტაციას მარტივად გავდივარ ყველგან. თბილისი დიდი ქალაქია, აქ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ასე რომ, არ არის არანაირი პრობლემა.
– რამე იცოდი საქართველოზე?
– რაღაცეები მქონდა გაგონილი, მაგრამ ბევრი არაფერი. ვიცოდი, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, გაყოფილი, სადაც არის ომი და სეპარატისტები... სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ ჩამოვედი და სულ სხვა რამ დამხვდა, ვიდრე ველოდი. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ძალიან ცივა და ეს ქვეყანა ჩემთვის რაღაცნაირად ნაცრისფერია, მეგონა, საქართველოც დაახლოებით იგივენაირი იქნებოდა – ცივი და ნაცრისფერი (იცინის). რუსეთი არ მომწონს, არც კლიმატი, არც შენობები, ხალხიც ცივია. თბილისი ძალიან მომწონს.
– ქუჩაში, ალბათ, ყველას ყურადღებას იქცევ სიმაღლის გამო.
– რა ვიცი, გააჩნია, სად. ჩემს ქვეყანაში საერთოდ მაღალი ხალხია. ბევრია ტანმაღალი ადამიანი და არ უკვირთ. თბილისში მაინც მიყურებენ და მეუხერხულება. კიდევ კარგი, მყავს ჩემზე მაღალი მეგობარი – 2 მეტრი და 30 სანტიმეტრია – ჩემი თანამემამულე. მის გვერდით რომ ვდგავარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ და აღარ ვკომპლექსდები (იცინის). განსაკუთრებით იტალიასა და საფრანგეთში მიყურებდნენ გაგიჟებულები. დგებოდნენ და სურათებს იღებდნენ ჩემთან ერთად.
– ძალიან კომუნიკაბელური ჩანხარ. ერთი-ორი ქართული სიტყვა თუ იცი?
– როგორ არა. ვისწავლე რაღაც სიტყვები, რასაც ხშირად იმეორებენ. მაგალითად, „შეჩემა“, „დავაი, ბიჭო“, „გაუმარჯოს“ (იცინის). სუფრის ტრადიციებიც კარგად გავიგე – 50 წუთი ერთ ისტორიას რომ ყვებიან და ბოლოს ამბობენ – „გაუმარჯოს“ (იცინის). ყველაზე ცუდი სიტყვა, რაც ვიცი, „შეჩემაა“. ჭამას ვერ ვასწრებ ხოლმე, სულ სადღეგრძელოებია.
– ნოდარ, შენ მისი თანაგუნდელი ხარ და აბა, ცოტა წავიჭორაოთ, აქაურობას როგორ შეეჩვია სტევენი?
ნოდარ თენეიშვილი: ვიცოდით, სანამ ჩამოვიდოდა, რომ ძალიან კარგი მოთამაშე იყო. ამასთან, მეგობრული და უკონფლიქტო. მაინცდამაინც ვერ სვამს, ეს ქართული სუფრაც ეუცნაურება. არ მახსოვს, დარბაზში ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდეს. ქალაქგარეთ გვყავდა რესტორანში წაყვანილი, „სენატში“ დაგვყავს ხოლმე.
– ნოდარ, შენ მინდა გკითხო: რამდენი ხანია, რაც კალათბურთს თამაშობ?
– კალათბურთს 6 წლიდან ვთამაშობ, უკვე 14 წელი გავიდა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სპორტიდან წასვლა არც ერთხელ არ მიფიქრია. მინდა უცხოეთში ვითამაშო.
– ქართულად არ სვამ, სტევენ?
სტევენი: კარგია, ქართული ღვინო, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მონტენეგროში რომ ღვინოა (იცინის)... ჩვენ უკეთესი ღვინო გვაქვს. სმით ბევრს ვერ ვსვამ, სად შემიძლია! სპორტსმენი ვარ.
– შენ არ ასწავლე ქართველ კალათბურთელებს სერბული ლანძღვა-გინება?
– არ მისწავლებია, რაში სჭირდებათ, ჩემამდეც კარგად იცოდნენ. ზოგადად, ჩემს ქვეყანაში ხალხი ძალიან ბევრს იგინება და ამიტომ, ასეთი სიტყვების სწავლა სერბულად არ არის ძნელი. ნამდვილად არ ვამაყობ ამით, მაგრამ რა ვქნა, ასეა.
– ქართველ გოგონებზე რა აზრის ხარ?
– რა ვიცი, არ მოვწონვარ ქართველ გოგოებს მაინცდამაინც. მე კი მომწონს, მაგრამ... სად ვხვდები ქართველ გოგოებს! ვეხვეწები, სადმე წამიყვანეთ-მეთქი და ვზივარ ასე, არ დავყავარ არსად (იცინის).
– რა ენებზე ლაპარაკობ, გარდა მშობლიურისა?
– ვიცი სერბული, ბოსნიური, ინგლისური, მესმის რუსული, გერმანული, ფრანგული. კარგად ვიცი იტალიური და ესპანური. ვიცი ბერძნულიც.
– ქართულ საჭმელს მიირთმევ ხოლმე?
– ვაიმე, ძალიან მომწონს ქართული საჭმელი, მაგრამ ისეთი ცხიმიანია, ყველაფერს ნამდვილად ვერ შევჭამ! მაინცდამაინც არ მომწონს მწვადი და ხინკალი, უფრო აჭარული ხაჭაპური და ბლინები. მე თვითონაც მშვენიერი მზარეული ვარ და კარგ რაღაცეებს ვამზადებ. ყველაფერი ვისწავლე, რაც დამჭირდა – ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მომწონს. დედაჩემის გაკეთებული ეროვნული კერძები მაინც ყველას მირჩევნია. დედაჩემი გიჟი დედაა, როგორც საერთოდ უმრავლესობა. სულ მირეკავს, მეკითხება: როგორ ვარ, სად ვარ, ძალიან ნერვიულობს. რატომ სეირნობ, სად მიდიხარ, მაკონტროლებს (იცინის). თან, რაც გაიგო, რომ კოჭის ტრავმა მივიღე, სულ გაგიჟდა. არასპორტული ტრავმა მივიღე. ბათუმში ვიყავით და ზუსტად ავტობუსის წინ დავეცი. რა ვიცი, იქნებ ხელიც მკრა ვინმემ (იცინის).