სიახლეები
ვუდსის ახალი რომანი
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სკანდალურმა სპორტსმენმა, მილიონერმა მეგოლფემ, ტაიგერ ვუდსმა და ცნობილმა მოთხილამურემ, ლინდსი ვონმა, ოფიციალურად განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რომანტიკული ურთიერთობები აქვთ. ორივე სპორტსმენმა აღიარება სოციალური ქსელ „ფეისბუქის” მეშვეობით გაახმოვანა. 37 წლის ვუდსი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული შვედ მოდელზე, ელინ ნორდეგრენზე, რომელსაც 2010 წელს სკანდალურად დაშორდა. შესაძლო ქორწინება პირველი არ იქნება ლინდსი ვონისთვისაც – ამ წლის იანვარში ოთხწლიანი თანაცხოვრება ასევე მოთხილამურე თომას ვონთან მან ოფიციალური განქორწინებით დაასრულა. ლინდსი ვონი 2010 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ხოლო ტაიგერ ვუდსის სპორტული მიღწევების ჩამოსათვლელად ისიც კმარა, რომ ის ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო მეგოლფედ ითვლება.
შარაპოვას ტკბილეულის პრეზენტაცია
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ თავისი სავაჭრო მარკის მიერ წარმოებული კანფეტების პრეზენტაცია მოაწყო მაიამიში. „სონი ოუფენ” ტურნირის დაწყებამდე შარაპოვამ საზოგადოებას წარუდგინა „შუგარპორვას” ფირმის კანფეტები, რომელთა შექმნაში ვარსკვლავმა თავად მიიღო მონაწილეობა. კანფეტების პრეზენტაციას თან ახლდა იმპროვიზებული ავტოგრაფ-სერია, რომლის დროსაც შარაპოვამ თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. „მოხარული ვარ, რომ ჩემი კანფეტების პრეზენტაციას ჩემი გულშემატკივრები დაესწრნენ. მადლობას ვუხდი მათ და ვპირდები, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც მოვაწყობ მსგავს ღონისძიებას”, – დაწერა შარაპოვამ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ლამპარდის მორიგი რეკორდი
რამდენიმე დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ჩელსის” ვეტერანმა შუახაზელმა ფრენკ ლამპარდმა კლუბში გატანილი გოლების რაოდენობა 200-მდე აიყვანა, რითაც საკლუბო რეკორდის მფლობელი გახდა, რომ მან სანაკრებო დონეზეც მოახერხა თავის გამოჩენა. სან მარინოს კარში გატანილი გოლი ლამპარდისთვის 28-ე აღმოჩნდა, რითაც მან გააუმჯობესა დევიდ პლატის რეკორდი და გახდა ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ინგლისის ნაკრების არსებობის ისტორიაში. 34 წლის ლამპარდი სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ გეგმავს და, სავსებით რეალურია, რომ მან თავის მიერვე დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებაზე იფიქროს.
ყოფილი პირველი ჩოგანი – სასამართლოში
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ქალებს შორის, ამერიკელ ჯენიფერ კაპრიატის, სასამართლოში წარდგენა მოუწევს. კაპრიატის ყოფილი „ბოიფრენდი“, ივან ბრენანი, მას ძალადობასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ბრენანის თქმით, მას შემდეგ, რაც წყვილი დაშორდა, კაპრიატი ყოფილ შეყვარებულს აშანტაჟებს, ხოლო 14 თებერვალს, ვალენტინობაზე, ხელითაც კი შეეხო. ჯერჯერობით კაპრიატის დაპატიმრების სანქცია სასამართლოს არ გაუცია, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიოს ერთ დროს საუკეთესო ჩოგბურთელი და 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გამარჯვებული ციხეში აღმოჩნდეს.
„ინტერს” ძანეტის გაშვება არ სურს
მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ვეტერანი, 39 წლის არგენტინელი ხავიერ ძანეტი, მზად არის მილანის „ინტერთან” ახალი კონტრაქტის ხელმოსაწერად. მილანური კლუბი გუნდის კაპიტნისთვის და სიმბოლოსთვის ახალი შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ კლუბს არ სურს ძანეტის გაშვება, რომლის კონტრაქტიც ამ ზაფხულს იწურება. ძანეტი 1995 წლიდან ირიცხება „ინტერში” და მას შემდეგ კლუბის უცვლელი წევრია. იგი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის. ძანეტის თქმით, რომელსაც აგვისტოში 40 წელი შეუსრულდება, ის კვლავ იღებს სიამოვნებას ფეხბურთის თამაშით და, როგორც ჩანს, ლეგენდარული ფეხბურთელი ყაბულსაა, ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტს.
შაკილ ონილის „ჰარლემ შაკი”
ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ახლა უკვე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა შაკილ ონილმა გადაწყვიტა, მოდას აჰყოლოდა და პოპულარული ინტერნეტ-მემის „ჰარლემ შეიკის” თავისებური ვერსია წარუდგინა, რომელსაც „ჰარლემ შაკი” უწოდა. ვიდეორგოლში ონილი სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ცეკვავს, მათ შორის, ჩვილი ბავშვის, რომაელი ჯარისკაცის, ელვის პრესლისა და ეგვიპტელი ქურუმის ფორმებში. კალათბურთიდან წასვლის შემდეგ ონილი ტელევიზიაში დასაქმდა, გარდა ამისა, ის კინოსა და მუსიკაშიც საქმიანობს და ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხზე იუმორისტული გადაცემა – „კომედი შაკი” მიჰყავს.
ყოფილი პირველი ჩოგნების სარეკლამო აქტიურობა
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკო, ენერგეტიკული სასმლის – „რედ ბულის” სარეკლამო ფოტოსესიაში გადაიღეს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის ფოტოსესია ნიუ-იორკის ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს ვიპ-აპარტამენტებში ჩატარდა. აზარენკოს მსგავსად, სარეკლამო ფოტოსესიაზე გამოვიდა კიდევ ერთი ყოფილი პირველი ჩოგანი – კაროლინ ვოზნიაცკი, რომელიც დანიური კომპანია JBS-ის მიერ წარმოებული ქალის თეთრეულის სარეკლამო სახე გახდა და შესაბამის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გულახდილი ფოტოებით და ვიდეორგოლით თავისი თაყვანისმცემლების არმია მამაკაცებს შორის კიდევ უფრო გაზარდა.
„სკაი სპორტის” ტელეწამყვანის „ცხელი“ ფოტოსესია
სპორტული ტელეარხის – „სკაი სპორტის” სექსუალურმა სახემ, ჩარლი ვებსტერმა, მორიგ „ცხელ“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რითაც სპორტულ სამყაროში მოღვაწე რეპორტიორები კვლავ აალაპარაკა – ჟურნალ FHM-ის მიერ ორგანიზებულ ფოტოსეტში ვებსტერმა ქალის ქვედა თეთრეულში იპოზირა. ამბობენ, რომ ამით სპორტული ჟურნალისტი ქალები გააღიზიანა, რომელთაც სურთ, რომ მათ არა როგორც სექსუალურ ობიექტებს, არამედ, როგორც თავისი საქმის პროფესიონალებს, ისე უყურებდნენ.