ფონდი „ნატახტარის” 1 წლის საქმიანობის ანგარიში
27 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში,” კომპანია „ნატახტრისა” და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს” ერთობლივი კონფერენცია გაიმართა, რომელიც, „ფონდი ნატახტრის” საქველმოქმედო პროექტის – „იზრუნე მომავალზე” ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ერთი წლის საქმიანობასა და ფინანსური ანგარიშის ჩაბარებას მოიცავდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია „ნატახტრის” მარკეტინგის დირექტორი): დასრულდა თანხის შეგროვების მეორე ეტაპი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ორი ეტაპის განმავლობაში უკვე შეგროვებულია დაახლოებით 243 000 ლარი.
თუ გასულ წელს ჩვენი ფოკუსი იყო 16-18 წლის მოზარდები, წელს ეს სეგმენტი გაიზრდება. ეს პროექტი სხვა პროექტებისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ ინდივიდუალური მიდგომაა, ანუ, თითოეული მოზარდი არის თითო ქეისი. როგორც იცით, როცა მოზარდი 18 წლის ხდება, სახელმწიფო მასზე ზრუნვას ოფიციალურად წყვეტს. ჩვენ კი ჯერ კიდევ 2011 წელს მოვახდინეთ ამ პრობლემის იდენტიფიცირება. ჩვენს შემთხვევაში, მოზარდი 18 წლის რომ შესრულდება, მისი ქეისი არ იხურება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა გადაწყდება, რომ ის მზად არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მანანა ომარაშვილი (ასოციაცია „ჩვენი სახლის” წარმომადგენელი): ჩვენი მთავარი მიზანია, როცა მოზარდი მცირე საოჯახო სახლს დატოვებს, უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება, ამისთვის კი მას არა მხოლოდ პროფესია უნდა ჰქონდეს, არამედ, ისეთი უნარებიც უნდა გააჩნდეს, რომელიც დაეხმარება, თავი ძლიერ პიროვნებად იგრძნოს, რისთვისაც მათ ყველანაირ პირობას ვუქმნით. 2012 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ 72 მოზარდთან, აქედან 10 შემთხვევა უკვე დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩვენი მომსახურება აღარ ესაჭიროებათ. 5 ბენეფიციარი უკვე მუშაობს, 4 გოგონა გაგვითხოვდა და გვითხრეს, რომ ჩვენი დახმარება აღარ სჭირდებათ. რაც შეეხება დანარჩენ ბენეფიციარებს, 4 ვაჟი დასაქმებულია, რომლებიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ, ხოლო 10 მოზარდი უკვე მზად არის მუშაობის დასაწყებად, მაგრამ, ამისთვის მათ 2-3 თვე მაინც სჭირდებათ, რადგან, ხელობის შესწავლას ამთავრებენ. 6 ბენეფიციარი კი ემზადება ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ორი ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდი დასაქმდა. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა, რადგან, მოგეხსენებათ, როგორი რთულია დღეს დასაქმება, მით უმეტეს – შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის. ორივე დასავლეთ საქართველოს ბენეფიციარია, ერთი სტილისტია, ხოლო მეორე ავეჯის დამზადების ხელობას სწავლობს.
ლელა მერაბიშვილი (ასოციაცია „ჩვენი სახლის” წარმომადგენელი): ალბათ, ბევრს დააინტერესებს, თუ როგორ ვახორციელებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას და რა სახის მომსახურებები არსებობს: ფსიქოლოგების სამსახურში – 44 პროცენტი, ადმინისტრაციულ ხარჯში 10 პროცენტი, ხოლო მოზარდების მომსახურებაში – 46 პროცენტი. ჩვენი დახმარებით მოზარდი სრულ სერვისს იღებს ცხოვრებაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად და საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად. რაც შეეხება პროფესიებს, რომლებსაც მათ ვთავაზობთ, არის: ინტერნეტ-ტექნოლოგი, მზარეული, მასაჟისტი, დურგალი, კოსმეტოლოგი, ტყავის დამუშავება-დიზაინი, ავტოშემკეთებელი. 36 მოზარდი მოვამზადეთ სხვადასხვა საგანში. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვაკეთებთ, რომ ეროვნული გამოცდებისთვის იყვნენ მზად, არამედ, მათი საერთო დონის ასამაღლებლად. თუ მოზარდი მე-9 კლასში უნდა იყოს, მაგრამ, რეალურად, მე-6 კლასშია, და მისი ასაკი არ შეესაბამება კლასს, მას დასჭირდება ექსტერნად ჩაბარება და, შესაბამისად, სხვადასხვა საგნების სწავლების გაძლიერება. ფონდი ამას უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენია ასეთი მოზარდებისთვის.