„ფორბსის” რომელი მილიარდერები იყვნენ ჩართულები ბარაკ ობამასა და მით რომნის საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაში
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მილიარდერებისთვის ერთგვარ პაექრობად ითვლება. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან კანდიდატების მხარდაჭერაში, ფინანსურ დახმარებაში, არჩევნების დასრულების შემდეგ კი შედეგებს ითვლიან. ამერიკის პრეზიდენტის 2012 წლის არჩევნებში ბარაკ ობამას და მით რომნის არაერთმა ცნობილმა და გავლენიანმა მილიარდერმა გამოუცხადა მხარდაჭერა და ჟურნალმა „ფორბსმა” მათ შორის ყველაზე უიღბლოები და იღბლიანები გამოარჩია.
შელდონ ადელსონი – 21,8 მილიარდი დოლარი
„სათამაშო ბიზნესის მეფედ” წოდებული შელდონ ადელსონი რესპუბლიკელი მით რომნის მხარდამჭერი და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველი იყო. 6 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გამარჯვება ბარაკ ობამამ იზეიმა, ადელსონი მეუღლესთან ერთად ბოსტონში გამართულ მით რომნის შესაძლო გაპრეზიდენტებისთვის დანიშნული წვეულებიდან ნაადრევად წავიდა სახლში. ოფიციალური ვერსიით, ადელსონმა, რომელიც „ფორბსის” რეიტინგში ოცდამეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში მეთორმეტეა, რომნის კამპანიას 53 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ეს თანხა, რა თქმა უნდა, მას უკან აღარ დაუბრუნდება. ამბობენ, რომ სამორინე „ლას-ვეგას სენდსის” მფლობელი მომავალში აღარ აპირებს საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას.
ჰაროლდ სიმონსი – 7,1 მილიარდი დოლარი
მილიარდერი ჰაროლდ სიმონსი, ჰოლდინგ „ვალი ინკის” მფლობელი და ამერიკელი მილიარდერების ტოპ-400-ში 49-ე ნომერი, მით რომნის გუნდის დამფინანსებელი იყო. „უოლ სტრიტ ჯურნალისთვის” მიცემულ ინტერვიუში სიმონსმა აღიარა, რომ ობამას დასამარცხებლად დიდძალი თანხა შესწირა რესპუბლიკელების შტაბს. საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ რომნის წაგება სიმონსს 23,8 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
დონალდ ტრამპი – 3,1 მილიარდი დოლარი
საქართველოში კარგად ცნობილი ამერიკელი მედიამაგნატი დონალდ ტრამპი ერთხანს თავად აპირებდა მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა გადაიფიქრა და მხოლოდ რესპუბლიკელი მით რომნის კამპანიის დაფინანსებით შემოიფარგლა. ტრამპმა არცთუ დიდი შემოწირულობა განახორციელა – სულ რაღაც 200 ათასი დოლარი, თუმცა, სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში: ეწეოდა აგიტაციას, არიგებდა მაისურებს, რომლებზეც თავისი გამოსახულება იყო დაბეჭდილი და ყველას მოუწოდებდა, რომნისთვის მიეცათ ხმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი საქართველოში ითვლება ძალიან მდიდარ და გავლენიან ადამიანად, ამერიკაში კი იგი „რიგითი” მილიარდერია, რომელსაც 400 ამერიკელი მილიარდერის რეიტინგში „მოკრძალებული“ 128-ე ადგილი უკავია.
ჩარლზ და დევიდ კოხები – 31 მილიარდი დოლარი
მით რომნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერებად ცნობილი მილიარდერი ძმები – ჩარლზ და დევიდ კოხები ოფიციალურად არ იღებდნენ მონაწილეობას რესპუბლიკელების სასარგებლოდ, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომელსაც ბარაკ ობამას გუნდი ავრცელებს, რომ კოხებმა დემოკრატი კანდიდატის ანტირეკლამაში 33,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ამ ცნობის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, რადგან, მილიარდერი ძმების საკუთრებაში არსებული არაკომერციული კომპანია AFP ერთადერთი კომპანიაა (რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო კამპანიის დაფინანსება), რომელიც კანონით ფლობს უფლებას, რომ არ გაავრცელოს ინფორმაცია თავის დონორულ შემოსავლებზე. ცნობისთვის, ჩარლზ და დევიდ კოხები ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ბიზნესმენებად ითვლებიან – ძმებს მეოთხე პოზიცია უკავიათ უმდიდრესი ამერიკელების ტოპ-400-ში და მათი საერთო კაპიტალი 31 მილიარდ დოლარს აღემატება.
ირვინ ჯეიკობსი – 1,5 მილიარდი დოლარი
კომპანია „ქუალკომის” დამფუძნებელი, 79 წლის ამერიკელი მილიარდერი ირვინ ჯეიკობსი ბარაკ ობამას კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. ჯეიკობსმა, რომლის პირადი კაპიტალი 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამერიკელი მილიარდერების რეიტინგში 311-ე პოზიციაზეა, დემოკრატების საარჩევნო შტაბს 2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა ანგარიშზე. ირვინ ჯეიკობსი ამერიკაში საკმაოდ ცნობილი ფილანტროპია. ის კალიფორნიაში ცხოვრობს, მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გარდა, ჯეიკობსი საგანმანათლებლო სისტემის მსხვილ დამფინანსებლად ითვლება და რამდენიმე ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტს, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, სან-დიეგოს უნივერსიტეტს უწევს ფინანსურ დახმარებას და სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს.
ჯეიმს საიმონსი – 11 მილიარდი დოლარი
„რენეისენს ტექნოლოჯი კორპორეიშენის” დამფუძნებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მილიარდერად ცნობილმა ჯეიმს საიმონსმა, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებაში 3,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2005 წელს გავლენიანმა გაზეთმა „ფაინენშალ თაიმსმა” სიამონსი პლანეტის ყველაზე ჭკვიან მილიარდერად დაასახელა. როგორც ჩანს, საიმონსმა სწორად გათვალა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის არჩევანი დემოკრატიულ პარტიაზე შეაჩერა. აკადემიკოს ჯეიმს საიმონსს „ფორბსის” ამერიკელი მილიარდერების ტოპ-400-ში 28-ე ადგილი უკავია.
უორენ ბაფეტი – 46 მილიარდი დოლარი
საფინანსო ბაზრის ლეგენდა, „ომაჰელი ორაკული” უორენ ბაფეტი, ბარაკ ობამას მხარდამჭერი და კამპანიის დამფინანსებელია, თუმცა, თანხა სიმბოლურია – 38,5 ათასი დოლარი. ბაფეტი ობამას პოლიტიკით კმაყოფილია და პირადად უჭერს მხარს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, რომ მდიდრებს სპეციალური გადასახადები დაუწესონ. მსოფლიო მილიარდერებს შორის ბაფეტი უსაზღვრო ავტორიტეტით სარგებლობს, მას მესამე ადგილი უკავია „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგში – მის წინ მხოლოდ მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმ ელუ და „მაიკროსოფტის მამა” – ბილ გეითსი არიან.