კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოლიმპიური თამაშების მონაწილე მონარქების ტოპ-ათეული

სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ნახვა სპორტულ შეჯიბრებებზე  მეტწილად საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ვიპ-ლოჟებშია შესაძლებელი. მაგალითად, უკანასკნელ ორ დიდ სპორტულ ფორუმს – ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში და ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, არაერთი მონარქიული ოჯახი დაესწრო. თუმცა, სპორტის ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც მონარქები თავად იღებდნენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც ძირითადად, ოლიმპიურ თამაშებზე ხდებოდა. პირველი ოლიმპიადა, რომელზეც მონარქიული ოჯახის წევრი სპორტსმენის ამპლუაში წარდგა, 1912 წლის ოლიმპიადა იყო და მას შემდეგ მონარქები ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე იღებდნენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ჟურნალმა „ფორბსმა” ათი ყველაზე ცნობილი ოლიმპიელი მონარქისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

დიდი მთავარი დიმიტრი პავლეს ძე – ოლიმპიადა 1912

ერთ-ერთი პირველი მონარქი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში, იყო დიდი თავადი დიმიტრი რომანოვი – ალექსანდრე მეორის შვილიშვილი და ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი. ბავშვობაში სუსტი და ხშირად ავადმყოფი დიმიტრი პავლეს ძე, რომელიც სამხედრო სამსახურში მსახურობდა, 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილის რანგში ჩავიდა. თავადი ცხენოსნობაში იღებდა მონაწილეობას ჯერ ინდივიდუალურ კონკურსში, შემდგომ კი – გუნდურ შეჯიბრში და კნიაზმა საერთო ჩათვლაში მეცხრე ადგილი დაიკავა – მას კიდევ ერთი მონარქიული ოჯახის წარმომადგენელმა, პრუსიის პრინცმა ფრიდრიჰ კარლმა გაუსწრო, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სტოკჰოლმის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შემდეგ თავადი დიმიტრი პავლეს ძე მეფის რუსეთში ოლიმპიური მოძრაობის სულისჩამდგმელი გახდა.

ნორვეგიის მეფე ოლაფ მეხუთე – ოლიმპიადა 1928

დიდ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მეოცე საუკუნეში ნორვეგიელი მონარქების ერთგვარ ტრადიციად იქცა. მეფე ოლაფ მეხუთემ, ჯერ კიდევ კრონ-პრინცობის პერიოდში, მონაწილეობა მიიღო 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ამსტერდამში. აფროსნობაში მან საკუთარი იახტით („ნორმა”) მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა და ყველა კონკურენტს გაუსწრო, რისთვისაც ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის სიყვარული ოლაფმა თავის შვილს, ნორვეგიის ამჟამინდელ მეფე ჰერალდ მეხუთესაც ჩაუნერგა, რომელიც, მამის მსგავსად, იახტსმენი გახდა და მონაწილეობა სამ ოლიმპიადაში მიიღო. 1964 წელს ის ნორვეგიის მედროშეც კი იყო, თუმცა, მერვე ადგილზე უკეთესი შედეგი არ უჩვენებია.

საბერძნეთის მეფე კონსტანტინე მეორე – ოლიმპიადა 1960

1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებზე საბერძნეთის მომავალმა მეფემ, კრონ-პრინცმა კონსტანტინემ, აფროსნობაში მიიღო მონაწილეობა და „დრაკონის” კლასში ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. 20 წლის მომავალი მონარქი ოლიმპიადაზე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რომ კონსტანტინე მეორის ეკიპაჟის წევრი გახლდათ ესპანეთის ამჟამინდელი დედოფალი სოფია – კონსტანტინეს უმცროსი და. კონსტანტინე საბერძნეთის უკანასკნელი მეფე გახლდათ, რადგან, 1974 წელს ქვეყანაში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა.

ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი – ოლიმპიადა 1972

2012 წელს გემთმშენებელმა ვერფმა, „ვარადორ 2000-მა“, რესტავრირებული იახტა „ფორტუნა” წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას. ამ იახტით მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა ესპანელი მონარქი ხუან კარლოსი. მეფემ მაშინ ვერ აჩვენა კარგი შედეგი და ოლიმპიადიდან უმედლოდ დაბრუნდა სახლში. საინტერესოა, რომ ოლიმპიურ თამაშებში ესპანური მონარქიული ოჯახის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა: 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებში ხუან კარლოსის ქალიშვილი, პრინცესა კრისტინა იღებდა მონაწილეობას და აფროსნობაში გუნდურ ჩათვლაში მე-20 ადგილი დაიკავა; გაცილებით წარმატებული გამოდგა პრინცი ფილიპის გამოსვლა მშობლიურ, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე, სადაც მან მე-6 ადგილი დაიკავა. ესპანური სამეფო ოჯახის ერთადერთი მედალოსანი წარმომადგენელი ხუან კარლოსის სიძე, ხელბურთელი ინიაკი ურდანგარინია.

ინგლისის პრინცესა ანა – ოლიმპიადა 1976

საბერძნეთიდან დიდ ბრიტანეთში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანის საპატიო მისია დედოფალ ელიზაბეთ მეორის ქალიშვილს, პრინცესა ანას ხვდა წილად, რადგან იგი იმ დროისთვის სამეფო ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი გამოდგა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოლიმპიურ თამაშებში – მონრეალის 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში პრინცესა ანა ცხენოსნობაში მონაწილეობდა, სადაც 24-ე ადგილი დაიკავა. 1994 წლამდე ანა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ოლიმპიური ტრადიცია სამეფო ოჯახში ანას ქალიშვილმა, ზარა ფილიპსმა განაგრძო, რომელმაც დედაზე გაცილებით წარმატებულად იასპარეზა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში და საცხენოსნო სპორტში ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მონაკოს მთავარი ალბერ მეორე – 1988, 1992, 1994, 1998 და 2002 წლების ოლიმპიადები 

მონაკოს დიდი მთავარი ალბერ მეორე რეკორდსმენია მონარქებს შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თვალსაზრისით. რენიე მესამისა და გრეის კელის ერთადერთი ვაჟი ბავშვობიდან იყო ჩართული სპორტში. შავი ქამარი ძიუდოში, ჩრდილოეთ პოლუსის დაპყრობა და რალი „პარიზი-დაკარში“ მონაწილეობის მიღება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ალბერ მეორემ ხუთ ზამთრის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, კალგარიში, ალბერვილში, ლილეჰამერში, ნაგანოსა და სოლთ-ლეიკ-სიტიში. დიდი მთავარი ბობსლეის შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას და მისი უმაღლესი შედეგი 24-ე პოზიციის დაკავება იყო. ცნობისთვის, ალბერ მეორის მეუღლე, სამხრეთაფრიკელი მოცურავე შარლინ უიტსტოკი, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ბრუნეის პრინცი ჯეფრი ბოლკიაჰი – 1996 და 2000 წლების ოლიმპიადები

პირველად ოფიციალური მონაწილის სტატუსით, ბრუნეის სასულთნომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ატლანტის 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღო. ქვეყანას მისი მოქმედი ფინანსთა მინისტრი პრინცი ჯეფრი ბოლკიაჰი წარადგენდა სასტენდო სროლაში, რომელსაც საკვალიფიკაციო რაუნდის გავლა გაუჭირდა და შეჯიბრება 49-ე ადგილის დაკავებით დაასრულა. მომდევნო ოლიმპიადაზე ჯეფრიმ კვლავ სასტენდო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი შედეგი ოდნავ გააუმჯობესა – 45-ე პოზიცია დაიკავა.

იორდანიის პრინცესა ჰაია – ოლიმპიადა 2000

სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე იორდანიის მედროშე პრინცესა ჰაია გახლდათ, რომელმაც ცხენოსნობის შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, საპრიზო ადგილს ვერ შესწვდა. ცხენოსნობით ჰაია 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ტელევიზორში ყურების დროს დაინტერესებულა და მამისთვის, იორდანიის მეფე ჰუსეინ პირველისთვის, უთქვამს, რომ ერთხელ თავადაც მიიღებდა მონაწილეობას ოლიმპიადაში როგორც სპორტსმენი. სწორედ სიდნეიში გაიცნო პრინცესა ჰაიამ თავისი მომავალი მეუღლე – დუბაის შეიხი მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუბი. გათხოვების გამო, ჰაიას 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა მოუხდა.

დანიის პრინცესა ნატალი – ოლიმპიადა 2008

დანიის პრინცესა ნატალიმ მონარქებისთვის საყვარელ სპორტულ სეგმენტში – ცხენოსნობაში მიიღო მონაწილეობა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. ნატალის ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი, რომ დანიის ნაკრების რიგებში ოლიმპიადაზე წასულიყო და იქ საკუთარი სამშობლო ესახელებინა, რაც პრინცესას და დედოფალ მარგრეტ მეორის ძმისშვილს მშვენივრად გამოუვიდა. ნატალიმ პეკინის ოლიმპიადაზე საცხენოსნო სახეობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

საუდის არაბეთის პრინცი აბდულა ალ-საუდი – 2008 და 2012 წლების ოლიმპიადები 

საუდის არაბეთის მეფის შვილიშვილი, პრინცი აბდულა ალ-საუდიც ცხენოსნობით არის გატაცებული და მას მონაწილეობა აქვს მიღებული პეკინისა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში. 28 წლის პრინცმა კონკურის შეჯიბრში ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა საუდის არაბეთის ნაკრებისთვის. ცნობისთვის, ზარა ფილიპსი და აბდულა ალ-საუდი მონარქიული ოჯახების ჯერჯერობით უკანასკნელი წარმომადგენლები არიან ოლიმპიურ თამაშებში და, იმედია, რომ რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ან სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრადიცია გაგრძელდება.

скачать dle 11.3