კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა სითბომ გადაატანინა რთული პერიოდი რატი დურგლიშვილს და როდის არის ის არანორმალური

იურმალაში „ახალი ტალღის“ მოგებიდან ორ კვირაში, თბილისი დუეტ „ჯორჯიას“ დაშლაზე ალაპარაკდა. 2008 წლიდან დღემდე რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე მილიონჯერ აჩხუბეს და შეარიგეს, დააქორწინეს და დააშორეს. ბოლო პერიოდში ხმები მათი დაშლის შესახებ ხელახლა დაირხა, რისი გადამოწმებაც რატი დურგლიშვილთან თავად ვცადეთ. ხმები არც მართალია და არც ტყუილი, ისინი აგრძელებენ დუეტში სიმღერას და იმავდროულად, სოლო კარიერაზეც ფიქრობენ.

რატი დურგლიშვილი: ძალიან მომენატრა თქვენი მკითხველი, მივესალმები და მოვეფერები. დიდი ხანია, ვრცელი ინტერვიუ აღარ მიმიცია. ბოლო ცხრა თვემ ძალიან სერიოზული კარიერული შეფერხებები გამოიწვია, მით უმეტეს, კულტურის სფეროში მოღვაწეებისთვის. ის, რითიც ვცხოვრობთ, ამ კონკრეტულ პერიოდში არავის სჭირდებოდა. ხალხი კლუბში სიარულის ხასიათზე არ იყო. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ასე თუ ისე გადავიტანეთ. ქვეყანა, რასაც მოითხოვს, ასე თუ ისე ჩვენც იმ დინებას მივყვებით. სიმღერა ზედმეტი ფუფუნებაა და პრეტენზიაც ვერ გექნება, რომ ვინმემ ამ ფუფუნებაზე იფიქროს. არავის არაფერს ვთხოვთ არც ერთ ხელისუფლებაში, მთავარია, სტაბილურობა იყოს და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. სხვანაირად არც შეგერგება, მე, ყოველ შემთხვევაში, არ მერგება. ღმერთმა შეარგოს ყველას, თუ ვინმეს ვინმე სხვანაირად ედგა გვერდში, მე ეს არ შემიძლია. 

– წასვლა გინდოდა, ამაზე აქტიურად ფიქრობდი ზაფხულში.

– კი მინდოდა და მინდა, ეს თემა სადღაც სულ აქტუალურია, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გადავწყვიტე. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ სიამოვნებით წავა უცხოეთში. ძალიან ბევრი მაჩერებს და მეკითხება, ქვეყნიდან რატომ გარბიხარო და ეს ძალიან მაწუხებს. არსად გავრბივარ, ხალხო, არც გასაქცევად მაქვს საქმე. ვისაც გასაქცევად აქვთ, ისინი აქ არიან და მე რატომ უნდა გავრბოდე?! არავისთვის სიკეთის გარდა არაფერი გამიკეთებია, არც ქვეყნისთვის და არც თითოეული ადამიანისთვის. უბრალოდ, მინდა ახალი შესაძლებლობები გამოვნახო, ძალები მოვსინჯო. ჩემი სურვილია, რომელიც შეიძლება ხვალ გავაკეთო ან ათ წელიწადში, ან საერთოდ არასდროს. გარკვეული კონტაქტები მაქვს სხვადასხვა ქვეყანაში და მივხვდი, ვერაფერს შეძლებ, თუ იმ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. ეს კი ჩემთვის სათუთი თემაა, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. თუ რაიმე სერიოზული, ღირებული გამოჩნდება, ვეცდები ორმაგი მოქალაქეობა მივიღო. 

– რომელ ქვეყანას გულისხმობ?

– ამერიკას. ძალიან მიყვარს ევროპა, კარიერის გასაკეთებლად კარგია პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მაგრამ თუ წასვლაა, ამერიკაში წავალ. იქაური თავისუფლება, გიჟური ცხოვრების რიტმი ისაა, რაც ძალიან მომწონს. ბევრი კარგი ქართველი ცხოვრობს, შეკრულები არიან. მიყვარს ღამის ცხოვრება, კლუბები, ხალხმრავლობა, ურთიერთობები. ამისთვის იდეალურია ამერიკა. მაგრამ, ეს მაინც ფანტაზიის სფერო მგონია.

– რატომ, რა გიშლის ხელს?

– ამას საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები.  ალბათ ის, რომ არ ვიცი, რა იქნება. აქ როცა არ უნდა ჩამოვიდე, მაინც რატი ვიქნები, ყველას ვემახსოვრები. ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, ისტორიაში ჩავეწერეთ, რასაც ასე ადვილად ვერ წაშლი. უბრალოდ, არ მინდა, იქ ისე წავიდე, რომ მშენებლობაზე ვიმუშაო, იმიტომ კი არა, რომ მეთაკილება, უბრალოდ, არ მაქვს სამაგისო მდგომარეობა – უტვინო უნდა იყო ადამიანი. სადაც ჩემი საქმის კეთების ან სწავლის საშუალება მექნება, სიამოვნებით წავალ, ცოტა ხნით მაინც. 

– გავრცელებული ხმები დუეტის დაშლის შესახებ მართალია?

– ეს რეალობასთან ახლოს არ არის. არ ვამბობ, რომ დავიშალეთ, რადგან გვაქვს საბავშვო სტუდია „ესა-მესა“, სადაც უსაყვარლესი და უნიჭიერესი ბავშვები სწავლობენ. ამ დღეებში გვქონდა კონცერტები და ხშირად ვჩანვართ ერთად. ეს ჭორები გამოიწვია ერთმა მოვლენამ – მაკა „სითი კლუბში“ მღერის მარტო, ჩემ გარეშე. ანუ, გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვმუშაობთ დამოუკიდებლადაც. დუეტი არ ნიშნავს, რომ ჩარჩოებში უნდა მოვექცეთ და დამოუკიდებლად არაფერი ვაკეთოთ. ყველა დუეტი თუ ჯგუფი, ქართული თუ უცხოური, ცნობილია როგორც ჯგუფები. მისი წევრები კი როგორც სოლო შემსრულებლები. ასე იყო „სახეც“, „ქუჩის ბიჭებიც“, „ალილოც“ და ნებისმიერი უცხოური ჯგუფი. რომ მითხრა, რატი, შენ ეს ერთი რაღაც უნდა აკეთო, ის ძალიან დიდ შემოსავალს მოგიტანს, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გექნებაო, აუცილებლად უარს გეტყვი. არ შემიძლია შტამპები. საშინელი დისკომფორტია, როცა ვიღაც ზღუდავს შენს თავისუფლებას. დუეტში ეს შეზღუდვები არ გვაქვს. მე რომ ხვალ მომინდეს სოლო სიმღერის ჩაწერა, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ამის გამო განცხადება, რომ დუეტი დაიშალა – არასწორი იქნება. ეს იქნება სოლო სიმღერა, ჩემი დაწერილი მუსიკითა და ტექსტით. არ შეიძლება, ყველა სიმღერა დუეტში იმღერო. შეიძლება, სიმღერა დავწერო და ის მხოლოდ იმიტომ მივცე სხვას, რომ დუეტის არ არის. რატომ უნდა გავაკეთო ეს, როცა ის სიმღერა ჩემთვის ძვირფასია?! ხელოვანი ვარ, ფაბრიკაში ხომ არ ვმუშაობ, რომ სულ ერთნაირი რაღაცეები ვაცხო. შეიძლება ცოტა არანორმალურად ვფიქრობ რაღაცეებზე, მაგრამ რა ვქნა? – არ მომწონს ეს კანონები. დუეტამდე ვიყავი რატი და ისევ რატი ვარ. თან, დუეტი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ჩემი ხათრით მაკამ გააკეთოს რაღაც, ან პირიქით და ეს არასასიამოვნოა. როცა მარტო ხარ, სხვანაირად ხარ დამოკიდებული საკუთარ თავზე.

– ეს ხომ არ გამხდარა თქვენ შორის უთანხმოების მიზეზი?

– არავითარი უთანხმოება. უბრალოდ, დადგა ისეთი ეტაპი, როცა დუეტშიც შეიძლება, აკეთო რაღაც და მარტოც. ის, რომ მაკა და რატი ერთად უყვართ და ცალ-ცალკე არა – არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას წაიკითხავს, თუ სწორად გაიგებს, რაც ვთქვი ძალიან გამიხარდება. ხელოვანის ცხოვრება სხვანაირია. კომერციისთვის ვერ ვმუშაობ და არ ვცხოვრობ ისე, რომ ვწერო ჰიტები და პური ვჭამო. პურის საჭმელი კი არა, კომერციულად რომ მეაზროვნა, ბევრად მაღალ ფინანსურ საფეხურზე ვიქნებოდი. მირჩევნია, ნაკლები მქონდეს, თავისუფალი ვიყო და ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო.

– თქვენს პირად ურთიერთობაზე გარემოებები არ მოქმედებს? ისეთი სტარტი გქონდათ, მერე იმედები გაგიცრუვდათ...

– ძალიან უცებ მოხდა ჩვენთან ყველაფერი და რამდენიმე სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი მივიღეთ. პირველი იყო იურმალას მოგება. ამას ყველაზე თამამ, არანორმალურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. თან, პატარები ვიყავით. მერე რაღაც საოცარი მასშტაბები გაგვეშალა წინ და ორ კვირაში მეორე დიდი სტრესი გადავიტანეთ მთელ საქართველოსთან ერთად, დაიწყო აგვისტოს ომი. იმ წუთში საკუთარ თავზე საერთოდ არ ვფიქრობდით, მაგრამ მერე დრო რომ გადის, სადღაც ქვეცნობიერში, გრძნობ, რომ ძალიან დიდი შანსი გაუშვი ხელიდან. ამ ეტაპზე იმასაც ვხვდები, რომ უამრავ ადამიანს ბევრი ცუდი აქვს ჩვენთვის გაკეთებული, რასაც იმწუთას ვერ ვხედავდით. ამის გამო ბევრი რამ დავკარგეთ, უბრალოდ, არ იმსახურებდნენ ისინი ასეთ დამოკიდებულებას. დღევანდელი აზროვნებით, ყველაფერი ის თავიდან რომ გამატარო, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. ბევრ რაღაცაზე თვალი ამეხილა, ყველა ადამიანი ისეთი დავინახე, როგორიც სინამდვილეშია. ახლა უფრო მეტად მიყვარს ადამიანები და ვისაც რამე დაუშავებია მასაც უფრო მეტად ვაფასებ, – რომ არა ისინი, ბევრ რაღაცას ვერ მივხვდებოდი და ვერ ვისწავლიდი. მოკლედ, პრობლემები დაგვატყდა თავს და ერთადერთი, რაც კონკურსის შემდეგ მივიღეთ, ეს ხალხის უდიდესი სიყვარული და თვეში რამდენიმე კონცერტი იყო, რომლითაც თავი გაგვქონდა – ამ უზომოდ დიდ, დაგროვილ ენერგიას და სიყვარულს ადამიანებზე ვანაწილებდით. მთელი ეს რთული პერიოდი იმ ადამიანებმა გადაგვატანინეს, ვინც უდიდეს სიყვარულსა და სითბოს გამოხატავდა ჩვენ მიმართ და მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. ამის გამო ჩემს ხალხთან სულ ვალში ვიქნები, მთელი გულით მიყვარს თითოეული მათგანი. 

скачать dle 11.3