რის შანსს აძლევს გოგა მესხს მუსიკალური პროექტი Georgian Dreamers და რა ოცნებას აისრულებს ის გამარჯვების შემთხვევაში
ბოლო დროს GDS TV-ის ეთერში არაერთი ნაცნობი თუ უცნობი შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებსაც მუსიკალური პროექტი Georgian Dreamers აერთიანებს. პროექტი, რომელმაც სტარტი საკმაოდ წარმატებულად აიღო, GDS TV-ის ეთერში სამი თვის განმავლობაში გავა. წარმოდგენილი იქნება 8 გუნდი, თითოეული 5 სოლო შემსრულებლით ან ჯგუფით დაკომპლექტებული. მაყურებლის წინაშე ყოველ ორშაბათს ახალი ხუთეული წარდგება, რომლებიც ეთერში სტუდიური კლიპების პრეზენტაციას გამართავენ. ორმოცივე კონკურსანტის ბედი მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული, რადგან ის საკუთარ ფავორიტს ესემესის საშუალებით ირჩევს. რაც შეეხება პროექტის ფინალსა და კულმინაციას, ეს იქნება, 10 ახალგაზრდა შემსრულებლის მზა და სრულფასოვანი მუსიკალური ვიდეორგოლი, რაც უდიდესი სტიმული და პერსპექტივაა მუსიკოსი შემსრულებლისთვის. ასე რომ, თუ გსურთ, მათ შორის თქვენთვის სასურველი ადამიანი იხილოთ, უყურეთ და დაუმესიჯეთ თქვენს ფავორიტს.
ჩვენი რესპონდენტი, Georgian Dreamers-ის ერთ-ერთი კონკურსანტი, კერძოდ, მეორე ხუთეულის წარმომადგენელი, მომღერალი გოგა მესხი გახლავთ, რომლის ესემეს ნომერია: 939 10.
– გოგა, დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოხვდი მუსიკალურ პროექტში Georgian Dreamers.
– როგორც კი ამ პროექტის შესახებ შევიტყვე, მაშინვე მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. რატომაც არა! სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რადგან, დამწყები მომღერალი ხარ თუ ცნობილი, კარგი ფიარი არც ერთს არ აწყენს. ჩემი აზრით კი, GDS-ის საშუალებით ეს პროექტი ძალიან კარგი ფიარია, მიუხედავად იმისა, გახვალ ფინალურ ეტაპზე თუ არა. ფავორიტ შემსრულებელს მაყურებელი და მსმენელი ესემესის საშუალებით ირჩევს. მსმენელი იმიტომ ვახსენე, რომ ეს პროექტი რადიო „ფორტუნა პლუსის” ეთერშიც ფიარდება, რადგან, პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია რადიო „ფორტუნა პლუსი.” – ეთერში Georgian Dreamers ყოველ ორშაბათს, 23:00 საათზე გადის, სამშაბათს 13:00 საათზე გადაცემის გამეორებაა, ხოლო მთელი კვირის განმავლობაში ვიდეოები ტრიალებს GDS TV-ის ეთერში, თავისი ესემეს-ნომრებით.
– როგორ ფიქრობ, რას მოგცემს ამ პროექტში მონაწილეობა?
– პირველ ყოვლისა, მომცემს ძალიან კარგი ხარისხის ახალ ვიდეორგოლს, რაც ძალიან მახარებს. თუ შემდეგ ეტაპზე გავედი, პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მქონდეს ევროპის დონის ძალიან სერიოზული ვიდეორგოლი. იმედი მაქვს, ათეულში ერთ-ერთი მე ვიქნები.
– კონკურსანტები საკუთარი რეპერტუარით წარდგებით მაყურებლის წინაშე თუ ვინმე გირჩევთ?
– რეპერტუარს თავად ვირჩევთ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, აუცილებლად უნდა იყოს შენი დაწერილი ან შენთვის დაწერილი სიმღერა. ანუ, ამ პროექტში „ქავერები” არ არის. სიმღერა „არ მოხდება!” ლილიკო ნემსაძემ დამიწერა, ხოლო ტექსტი – ნანა ცინცაძემ.
– მსმენელი გოგა მესხს კარგად იცნობს და, აქედან გამომდინარე, ალბათ, მათი მხარდაჭერის იმედიც გაქვს. როგორია შენი პროგნოზი?
– ჩემი მსმენელი ნამდვილად მყავს. შანსები არის, მაგრამ, რომ გითხრა, ორმოცდაათი-ორმოცდაათზე-მეთქი – არა, ვფიქრობ, ცოტა მეტი უპირატესობა მაქვს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ყველა კონკურსანტის სიმღერა არ მომისმენია, მაგრამ, რაც მოვისმინე, მივხვდი, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რაც გულწრფელად მიხარია. იქნებ, ეშველოს რამე ქართულ შოუ-ბიზნესს.
– ესემესები ყველა ქსელის აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი?
– დიახ. ესემესების გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 20 თეთრს შეადგენს, ყველა ქსელის აბონენტს შეუძლია. ასე რომ, გვიყურეთ და დაგვიმესიჯეთ.
– როგორ ფიქრობ, პროექტში მონაწილეობის დროს თუ აქვს მნიშვნელობა კონკურსანტის გამოცდილებას?
– გამოცდილებას მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, თუმცა, მთავარი მაინც ის არის, იმ მომენტში როგორ იმღერებ. ვფიქრობ, დამწყები შემსრულებლებისთვის ძალიან კარგია ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან, მათთვის ეს ერთგვარი ტრამპლინიც იქნება. ოდესღაც მეც ვიყავი დამწყები მომღერალი და გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი.
– მთავარი პრიზი რა არის?
– ძალიან ძვირად ღირებული, მაღალი ხარისხის ვიდეორგოლი, რომლის გადაღებაც დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასი ჯდება. ძალიან მინდა, დასკვნით ეტაპზე ერთ-ერთი კონკურსანტი მე ვიყო. ხუთიოდე წლის წინ მქონდა საშუალება, რომ ჩემი ვიდეორგოლი ევროპულ MTV-ზე დატრიალებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ეს არ მოხერხდა. ერთეულია, ალბათ, მომღერალი, ვისი ოჯახიც ისეთი ძლიერია, რომ შვილს ორმოცი-ორმოცდაათი ათასი დოლარის ღირებულების კლიპს გადაუღებს. ამიტომაც ვერ დავატრიალე მაშინ ჩემი კლიპი ევროპაში. იმედი მაქვს ამ პროექტის საშუალებით ეს ოცნება ამიხდება. რატომაც არა.
– ახლა, ინტერვიუს დასასრულს, შეგიძლია, მიმართო იმ მაყურებელსა და მსმენელს, ვისგანაც მხარდაჭერას ელი.
– თუ მოგეწონათ ჩემი ნამღერი, დამიმესიჯეთ. ჩემი ესემეს ნომერია: 939 10.
– წარმატებას გისურვებ!
– დიდი მადლობა!