რა სტრესი გამოიარა პირველ ფეხმძიმობაზე სოფო ხალვაშმა და როდის არის მის ცხოვრებაში ყველაფერი მოზღვავებული და მოჭარბებული
სოფო ხალვაშის ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა. ის მეორე შვილს ელოდება. უკვე სქესიც იცის და სახელიც შერჩეული აქვს. ფეხმძიმობის მიუხედავად, სოფო აქტიურად ცხოვრობს. შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულია, საკუთარ ბენდთან ერთად მუშაობს ალბომზე და კონცერტის ჩატარებასაც აპირებს.
– პირველ ყოვლისა, შემოქმედებაზე გკითხავ: რა სიახლეები გაქვს?
– დაახლოებით ორი წელია, შევკრიბე ბენდი. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან, ძალიან ნიჭიერები, ერთად ვმუშაობთ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ თვითონაც ძალიან სიამოვნებთ მუშაობა და უყვართ ის, რასაც აკეთებენ. ძალიან მონდომებულები არიან. ჩავწერეთ ახალი სიმღერები. ვაპირებთ ალბომის გაკეთებას და არ გვინდა, გვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ „ქავერები“, რაც დახურულ საღამოებზე ძალიან მოსწონთ და უყვართ. ეს იქნება ჩვენი პირველი საერთო ალბომი. აქ შევა როგორც ჩემი სიმღერები, ასევე, სხვადასხვა მუსიკოსის ნაწარმოებები. ჯერჯერობით ახლა ვიწყებთ ჩაწერას, არ ვკარგავ იმ დროს, რაც შეიძლება, რომ გამოვიყენო. ვნახოთ, რა გამოვა, წინასწარ რამის თქმა ძალიან რთულია.
– მსმენელს სად შეუძლია სოფო ხალვაშის მოსმენა?
– თბილისში ეწყობა ძალიან ბევრი დახურული საღამო, სადაც ითხოვენ ბენდებს და სურთ ცოცხალი შესრულება – აღარ უნდათ ფონოგრამები და ასე შემდეგ. მომღერლისთვის ცოცხალი შესრულება ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ფონოგრამა, რადგან, ფონოგრამის დროს უფრო შებოჭილი ხარ და ჩარჩოებში ზიხარ. როდესაც ცოცხლად უკრავენ, შეიძლება, ერთი ტაქტის მაგივრად ოთხი ტაქტი იმღერო, ან – პირიქით (იცინის). ეს ყველაფერი ძალიან ორგანულად ხდება, ბუნებრივია და ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენია. ჩვენც ხშირად გვიწვევენ ხოლმე დახურულ საღამოებზე და სიამოვნებით ვთანხმდებით.
– ბენდის ჩამოყალიბება რატომ გადაწყვიტე. მსმენელი მანამდე გიცნობდა როგორც სოლო მომღერალს.
– ბენდის ჩამოყალიბება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოვშორებოდი ჩარჩოებს. ყველა მუსიკოსსა და მომღერალს აქვს იმის მოთხოვნილება, რომ საკუთარი ბენდი ჰყავდეს, მაგრამ, ყველას არ აქვს ამის საშუალება, შეიძლება ასეც ითქვას – ეს არის ერთგვარი ფუფუნება. ამ დროს ბევრად უფრო იზრდები, ბევრ ახალს პოულობ. როდესაც ჩვენი ჯგუფი შეიკრიბა, მას შემდეგ დავიწყე სიმღერების წერა. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ვწერდი ხოლმე, მაგრამ, როცა დავინახე, რომ სხვებსაც მოეწონათ, უფრო გავთამამდი. ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან ის სიმღერები, რომლებსაც მე ვწერ, ან, როცა ის კომპოზიტორი წერს, ვინც კარგად მიცნობს, რადგან, ის ხვდება, რა შემიძლია, ვიმღერო.
– დიდ, მასშტაბურ კონცერტს ხომ არ გეგმავთ?
– ალბომს, ალბათ, მოჰყვება კონცერტი. ლოგიკურია, რომ, როდესაც ჩაწერ სიმღერებს და გამოუშვებ ალბომს, გამართო კონცერტი და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანო ის, რაც შექმენი. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, გარკვეული დრო სჭირდება ალბომის ჩაწერას.
– პირად ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლე გაქვს. როგორი შეგრძნებაა, როცა მეორე შვილის დედა ხდები?
– ამ შეგრძნების გადმოცემა რთულია. ძალიან დიდი სიხარულია შვილი. ახლა უკვე მეორე სიხარულის მოლოდინში ვართ. ვიცი რა უდიდესი ბედნიერება მელოდება წინ და, აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდებით. ქეთო ყველაზე მეტად ელოდება. უკვე ვიცით, რომ გოგოა და სახელიც შერჩეული გვაქვს. ერთადერთი, ვნერვიულობ რომ, შეიძლება ქეთომ იეჭვიანოს, თუმცა ეს ნორმალური ამბავია, ხშირად ხდება ხოლმე ასე, და იმედია, ამ პრობლემას ადვილად გადავლახავთ. ვნახოთ, ჯერჯერობით ძალიან დიდ მოლოდინშია. სახელი თავად შეურჩია – მარიამს არქმევს. მე ბარბარეს დარქმევა მინდოდა, მაგრამ, ქეთომ შეთანხმება დამიდო, რომ ის დაარქმევს ბარბარეს თავის შვილს და ასე გაგვაჩუმა ყველა (იცინის).
– როგორი ფეხმძიმობა გაქვს, ხასიათი ხომ არ შეგცვლია?
– ხასიათი დიდად არ შემცვლია. განსაკუთრებულიც არაფერი მინდება ხოლმე. მაგალითად, ქეთოზე ფეხმძიმობის დროს ძალიან მინდებოდა ყავის ნალექი და მიშლიდნენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება. მე სპეციალურად ვაკეთებდი ბევრ ყავას, დიდხანს ვდგამდი და, კარგად რომ დაილექებოდა, მერე ვჭამდი (იცინის). ახლა განსხვავებული არაფერი მინდება, არც უჩვეულო ცვლილებები შემენიშნება ხასიათში. რთული ფეხმძიმობა არც პირველ შვილზე მქონია და არც ახლა. პირადად მე ვერაფერს ვატყობ ჩემს თავს.
– წონის შენარჩუნებას როგორ ახერხებ, ხომ არ დიეტობ?
– არა, დიეტა არასდროს დამიცავს. ზოგჯერ მჭირდებოდა ხოლმე, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვიცავ. ტკბილეულის მოყვარული არ ვარ, მაგრამ, ძალიან მიყვარს ყველანაირი ხორცი, ცხვრის გარდა. საერთოდ, ძალიან მიყვარს საღამოობით ჭამა. ვიცი, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ, ვერ ვიკლებ ამ სიამოვნებას და ყოველთვის საღამოობით ვჭამ. ჯერჯერობით არ აისახება ეს ჩემს წონაზე (იცინის), მაგრამ, ცოტა ხანში თუ მნახეთ ძალიან მსუქანი, მიხვდებით, რისი ბრალიცაა (იცინის).
– ფეხმძიმობის მიუხედავად, აქტიურად ცხოვრობ?
– ფეხმძიმობის გამო არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, პირიქით, ძალიან აქტიურად ვარ. მახსოვს, პირველი ორსულობის დროს სულ დავფრინავდი. „ევროვიზიაზე“ რომ წავედი, ფეხმძიმედ ვიყავი, მახსოვს, ძალიან დიდი სტრესი გამოვიარე. იმ პერიოდში სულ რაღაცას ვაკეთებდი, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობდი. ახლაც ასე ვარ – სულ მინდა, საქმეები ვაკეთო. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ცოტა დაისვენეო. ხანდახან პასიური მომენტებიც მაქვს. ორივე კატეგორიას მივეკუთვნები.
– მეუღლე, ალბათ, ყველაფერში ხელს გიწყობს და განებივრებს.
– რა თქმა უნდა, ხელს მიწყობს და ძალიან ბედნიერია. შეიძლება, მას ბიჭი უნდოდა, მაგრამ, არ ამბობს (იცინის). თუ ბიჭი გვეყოლებოდა, აუცილებლად რეზო ძოძუაშვილი იქნებოდა, მაგრამ, იმდენად საყვარელია მამისთვის გოგო, რომ უბედნიერესია ამ ფაქტის გამო და სიხარულით ელოდება ქალბატონს ოჯახში, ქალბატონ მარიამს.
– ოჯახისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსებას ადვილად ახერხებ? მით უმეტეს, უკვე მეორე შვილის დედა ხდები.
– ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ ცხოვრებაში არის შვილები, ოჯახი. მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც ქალს შეუძლია გააკეთოს ამ ცხოვრებაში, არის შვილების გაჩენა – ქალი ამით ყოველთვის მდიდარია. მე, შეიძლება, ბევრი ვერ გავაჩინო, ან – გავაჩინო, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ, ეს მართლაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა. საქართველოში ისეთი სიტუაცია არ არის, რომ შემოქმედებითად ხელი შეგეშალოს რაღაცაში. ასეც რომ იყოს, მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში და ყველაფერში დამეხმარებიან. აქ არის თვეები, როცა საერთოდ არაფერი ხდება. ამ დროს ყველაფერს ისე ვარეგულირებ, როგორც მე მინდა. ზოგჯერ ყველა საქმე ერთმანეთზეა მიწყობილი, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს მუშაობა და არაფრის დრო აღარ მრჩება. იმდენი საქმე მაქვს ხოლმე, არ ვიცი, რით დავიწყო. დალაგებულად არასდროს არ არის. ან ძალიან მოზღვავებული და მოჭარბებულია ხოლმე, ან საერთოდ არაფერი არ ხდება (იცინის). ვამბობ ხოლმე, ხომ შეიძლება, ყველაფერი ნორმალურად და გადანაწილებულად იყოს, მაგრამ, არ უნდა იწუწუნო არაფერზე. თუ ის საქმე, რასაც აკეთებ, გიყვარს, ყველაფერს ეგუები, ნებისმიერ რეჟიმს.
– ადრე ტელეეთერში ხშირად გხედავდით, ამ ბოლო პერიოდში აღარ გამოჩენილხარ. თუ იგეგმება გადაცემა ან პროექტი, რომელშიც მიიღებ მონაწილეობას?
– საქმე ისაა, რომ ამას მე არ ვწყვეტ. როდესაც რამე შემოთავაზება მაქვს, შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით არავის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი წინადადება. ამჟამად მხოლოდ ჩემს ბენდსა და ალბომზე ვმუშაობ.