რატომ არ ჩქარობს სიყვარულის დაკანონებას ეკო ფანგანი და ვისთან ერთად გაატარა მან დაუვიწყარი დრო შრი-ლანკაზე
საქმიანი, მომხიბვლელი, ლიბერალური და ამავდროულად, პრინციპული ეკო ფანგანი საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია და მიუხედავად დეპრესიული პერიოდებისა, ცდილობს, ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით შეხედოს. ის, უკვე ორი წელია, რაც მომღერალ ბექა ჩხაიძეზეა შეყვარებული, თუმცა გათხოვებას არ ჩქარობს. თუ ვისთან ერთად ისვენებდა ის შრი-ლანკაზე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მიღებული პრიზით, როდის ხდება შეურაცხადი და რატომ არ ითვალისწინებს სხვების რჩევებს, ამაზე თავად მოგვიყვება.
ეკო ფანგანი: რაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მივიღე მონაწილეობა, მივხვდი, რომ უფრო ცნობილი გავხდი და ხალხი მეტ სითბოსა და სიყვარულს მჩუქნის. თან, ცეკვაც ვისწავლე და თან, შრი-ლანკაზე დასვენებაც მოვიგე.
– მერე, ვისთან ერთად დაისვენე იქ?
– დედაჩემი ძალიან მგულშემატკივრობდა, ნერვიულობდა. მინდოდა მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია და მე და დედა გავემგზავრეთ შრი-ლანკაზე დასასვენებლად. დაუვიწყარი დრო გავატარეთ და კარგად დავისვენეთ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ცოტა ხნით იტალიაში ვსწავლობდი და ვცხოვრობდი. კარგი შემოთავაზებაც მქონდა ერთ-ერთი კომპანიიდან, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მაინც აქ ვარჩიე დაბრუნება.
– ეკო, ვიცი, რომ შენ და რუსი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ზემფირა, საკმაოდ ახლო მეგობრები ხართ და ხშირად, ერთად ატარებთ დროს. სად გაიცანით ერთმანეთი?
– ერთმანეთი, წლების წინ, ბათუმში გავიცანით „სუპტროპიკის ფესტივალზე”. კონცერტი ჰქონდა და ორი დღით იყო ჩამოსული. დავსხედით ვისაუბრეთ და, არ დამავიწყდება, მითხრა, რომ გესაუბრები, ასე მგონია, ორმოცი წლის მეგობრები ვართო (იცინის). ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. რამდენჯერმე მე გახლდით მოსკოვში, რამდენჯერმე ისიც ჩამოვიდა თბილისში და კარგი დროც ვატარეთ. ერთხელ, მისი ჩამოსვლა ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს დაემთხვა. არ იცოდა, ისე დავაყენე სიურპრიზად სახლში ზემფირა და გადაირია. საერთოდ, რთული ბუნების ადამიანია, არ უყვარს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ მცხეთაზე გიჟდება ისე მოსწონს. ბოლოს რომ იყო ჩამოსული, იქ წავედით და გავერთეთ. უკვე 12 წელია, ვმეგობრობთ.
– ესე იგი, შენს ქორწილშიც ვნახავთ.
– (იცინის). ჯერ არ ვაპირებ ქორწილს, მაგრამ, როცა გადავიხდი, აუცილებლად იქნება.
– შენი და ბექა ჩხაიძის სიყვარული უკვე წლებია, გრძელდება. ურთიერთობის დაკანონებას ჯერ არ აპირებთ?
– მართალია, მე და ბექას, უკვე ორი წელია, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ დაქორწინება, ისეთი ნაბიჯია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. ჯერ არ ვჩქარობთ. ბექას კი უნდა დაოჯახება, მაგრამ მე არ მინდა ჯერ გათხოვება. ისე, ბევრ ჩვენებაზე მცმია თეთრი საქორწილო კაბა და უკვე ვიცი, როგორ მოვირგებ (იცინის).
– შენი რჩეული არ ეჭვიანობს ასეთი საქმიანი, მომხიბლავი და აქტიური შეყვარებული რომ ჰყავს?
– კაცმა თუ არ იეჭვიანა, ისე არაფერი გამოვა. სულ ვამბობ, ტყუილად არ უნდა ინერვიულო და იღელვო – თუ მიზეზებს მიჰყევი, რა გამოლევს?
– ბოლო დროს, საკმაოდ ემტერებიან შენს მანქანას. ჯერ იყო და ნომერი მოგიტეხეს, ახლა მინის საწმენდები მოგლიჯეს და დილით ძირს დაყრილი დაგხვდა. რა ხდება, მტრები გყავს?
– მტრობისა რა გითხრათ, მაგრამ მე უფრო ხულიგნები ან ლოთები მგონია. უბრალოდ, ნერვები მომეშალა, რატომ უნდა ჩაიდინო ასეთი საქციელი? ან, ამით რას აღწევ?
– ისე, როგორი მძღოლი ხარ?
– მანქანის მართვა ადრეულ ასაკში თავად ვისწავლე და დღეს კაცური მძღოლი ვარ (იცინის). დიდი ხანია, საჭესთან ვზივარ. საჭესთან მამაკაცურიც კი ვხდები, მაგრამ სხვა ქალი მძღოლებისგან განსხვავებით, გინება არ მჩვევია.
– საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება თუ გიყვარს?
– ადრე, სულ ექსპერიმენტებში ვიყავი – ხან წითლად მქონდა თმა შეღებილი და ხან შავად. დიდი ხანია, იმიჯი არ შემიცვლია, ისეთი ეკო მაკმაყოფილებს, როგორიც ვარ.
– შენი მეგობრები ამბობენ, ეკო საკმაოდ ნაზი ბუნებისაა, მაგრამ მასში მაინც სვანური გენი დევსო. როდის იღვიძებს შენში ეს სვანური ხასიათი?
– ვეთანხმები ჩემს მეგობრებს. ჩემში ასი პროცენტით სვანური ხასიათი „ზის”. მაქსიმალურად ლიბერალური ვარ, მაგრამ უსამართლობას და ტყუილს არასოდეს არავის ვაპატიებ. ამ დროს ეს სვანური ხასიათი ზენიტშია. ასე რომ, სვანური სიფიცხე, ნამდვილად მახასიათებს და თუ უსამართლობას ვხედავ, სვანური „რქებით” შევასკდები (იცინის). თუ ადამიანს ტყუილში ან ღალატში დავიჭერ, საშიშად უკონტროლო ვხდები. შიგნიდან თვალები მითეთრდება და დრაკონი ვარ, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს. ეს ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ იშვიათად, მაინც ხდება (იცინის). მოსმენა ვიცი, ყველას ვუსმენ, რჩევებსაც ვეკითხები მეგობრებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩემით ვიღებ. ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ შენს თავს კარგად იცნობ, საკუთარ თავთან მართალი ხარ, რეალურად აღიქვამ პირად ცხოვრებას და თავს ენდობი, აქედან გამომდინარე, სწორ გადაწყვეტილებას იღებ. ბევრი იმიტომ ეკითხება სხვას აზრს, საკუთარი გადაწყვეტილების ეშინია. ასეთი შემთხვევები მეც მქონია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ისე მიმოქმედია, როგორც თავად მიმაჩნდა სწორად. ჩემი საქმე, ჩემზე კარგად არავინ იცის და ვერც გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემს სასარგებლოდ. ვინც კარგად არ მიცნობს, შეიძლება იფიქროს, ეს გოგო უდარდელიაო, მაგრამ ეს ასე არ არის. უფრო სწორად, ასე შორიდან ჩანს, თორემ დეპრესიაშიც ვყოფილვარ და რთული პერიოდებიც ხშირად მაქვს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს, ოპტიმისტი ვარ და იმავდროულად, რომანტიკულიც. სხვათა შორის, ლექსებს ვწერ და ვხუმრობ ხოლმე: „დუშა პოეტა, ვსეგდა რომანტიჩნა-მეთქი“ (იცინის). ზოდიაქოთი „ტყუპები” ვარ, ჩემში ორი ადამიანი „ზის” და ეს არა მარტო ხასიათში, გარეგნობაშიც შესამჩნევია.
– გარეგნობაში რას გულისხმობ?
– თუ კარგად დამაკვირდებით, მარცხენა და მარჯვენა პროფილი აბსოლუტურად სხვადასხვა მაქვს და თვალის ფერშიც აშკარა განსხვავებაა.