რა გადაატანინა ნაზი არონიას შვილმა და როგორ ზრუნავს მარიამ საჯაიაზე მისთვის ყველაზე ერთგული მამაკაცი
ექსდეპუტატი, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნაზი არონია პოლიტიკურ ავანსცენას, მართალია, ჩამოშორდა, მაგრამ, უმცროსი შვილის, მარიამ საჯაიას წყალობით მაინც პოლიტიკაში „დარჩა”. ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის დედა, ვისმა შვილმაც სულ ახლახან გადალახა ყბადაღებული 21 წელი, დებიუტანტი შვილისთვის ყველაზე ერთგული და სანდო მრჩეველია, თუმცა, როგორც ნაზი არონია ამბობს, მისთვის მარიამ საჯაიას პოლიტიკაში ჩართვა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. რაში „ჩაითრია” ნაზი არონიამ შვილი წლების წინ და რა არ აპატია მას, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
– ქალბატონო ნაზი, როგორ ცხოვრობთ მას შემდეგ, რაც დიდ პოლიტიკას ჩამოშორდით?
– დიდ პოლიტიკაში არყოფნის კომპენსაციას მიკეთებს ჩემი ქალიშვილი მარიამი, რომლის წყალობითაც, გამოდის, რომ მეც ისევ ჩართული ვარ იმ ყველაფერში, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება და არ მაქვს შეგრძნება, რომ მე სადღაც შორს ვარ ამ პროცესებისგან. რომ არა მარიამი, ასე აქტიურად, ალბათ, არ ვადევნებდი თვალყურს ამ ყველაფერს, თუმცა, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ბუნებრივია, მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი ინტერესი.
– როგორ გაიმეტეთ შვილი პოლიტიკისთვის, თქვენ ხომ კარგად იცოდით ამ პოლიტიკის მძიმე კულისები?
– ხანდახან მაქვს მომენტები, როდესაც მაწუხებს ეს და ვფიქრობ – ეგებ, ჯობდა, მარიამისთვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შემეშალა-მეთქი, მაგრამ, ალბათ, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში, რომელიც მან თავად უნდა გაიაროს, ახლობელმა ადამიანმა კი მას ამ გზაზე ხელი უნდა შეაშველოს, მეც არ მქონდა უფლება, სხვანაირად მოვქცეულიყავი. მარიამი არაა პატარა, მორცხვი და განაზებული გოგო, ხასიათით ძალიან აქტიურია, მაგრამ, ხანდახან მეჩვენება, რომ მისი თაობა ზომაზე მეტად თავდაჯერებულიც არის. ჩემი გავლენა, ალბათ, ის იყო, რომ ჩემმა შვილებმა, მარიამმა და ნიკამ, ჩემი პროფესია აირჩიეს – ორივე იურისტი გახდა. ეს ბუნებრივია – ბავშვი რა გარემოშიც იზრდება და რაც ესმის, ამ მხრივ უჩნდება ინტერესი. ამაში, ალბათ, მე ჩავითრიე ჩემი შვილები, თუმცა, ყველაფერი მაინც განგების ბრალია. რაც არ უნდა მოინდომო, არის ცხოვრებაში გარემოებები, რომლებიც ხშირად ჩვენს არჩევანს განაპირობებს.
– მარიამის პოლიტიკაში ჩართვას ძალიან ბევრი ხმაური, მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
– მარიამზე გავრცელებული ხმები, ჩემთვის როგორც დედისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. საკუთარ თავზე არ მტკენია იმდენი, რაც ჩემს შვილზე მეტკინა. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ დავუშალე მარიამს პოლიტიკაში ჩართვა-მეთქი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ვერ ავუკრძალავდი იმ გზის გავლას, რომელიც მისი გასავლელი იყო. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც წარმატებისთვის წინააღმდეგობების გარეშე მიეღწიოს. პოლიტიკა ბრძოლის დიდი ასპარეზია, მით უმეტეს – ქართული პოლიტიკა. მარიამი თვითონაც განიცდის ხოლმე ამ ყველაფერს, თუმცა, ცდილობს, არ შეიმჩნიოს – ამ მხრივ მარჯვე გოგოა. როგორც იქნა, გადალახა ეს ყბადაღებული 21 წელი – ახლახან გახდა 22 წლის (იცინის).
– შვილი თქვენს რჩევებს იზიარებს?
– დიახ, იზიარებს. ვურჩევ, რომ არ იყოს აგრესიულად მწვავე. რაც, ალბათ, მეგრული ხასიათისა და მისი ასაკის ბრალია. მარიამი ძალიან ჰგავს მამას. ჩემი მეუღლე უკომპრომისო და პირდაპირი იყო – ეს მართალი ადამიანების ჩვევაა. მიუკიბავ-მოუკიბავად უყვარდა თქმა, რაც კაცს უხდება, ქალს კი მეტი დელიკატურობა შეჰფერის, მით უმეტეს, როცა საზოგადოება გყავს ჩასაფრებული და გაიძახის: ამ ლაწირაკმა თვითონ რა იცის და ვის ასწავლის ჭკუასო. არადა, მარიამი ყველაფერს გულწრფელად აკეთებს, გულით სწამს და სჯერა. ახალგაზრდულ ასაკში ჩვენ ხომ ყველას გვიცხოვრია დიდი იდეებით, როცა გვგონია, რომ ყველაფრის გაკეთება და შეცვლა შეგვიძლია. მარიამი თვითონაც გრძნობს, რას ვერ აკეთებს კარგად, რა შეცდომებს უშვებს. მისი ეს თვისება მომწონს. ხშირად ერთადაც ვაანალიზებთ ხოლმე მის შეცდომებს, მის გამოსვლებს. მახსოვს მისი პირველი გამოსვლა, რომელიც მე და მისმა ძმამ, ნიკამ არ ვაპატიეთ. ისე გავკიცხეთ, იტირა კიდეც, მერე შეგვეცოდა, ასეთი რისხვა რომ დავატეხეთ თავს, ცუდად მოვიქეცით-მეთქი, ვამბობდი (იცინის). ერთხელ ხათუნა გოგორიშვილმა მითხრა: სახლში მშობლებისგან კრიტიკა და საყვედური არ მიმიღია; პირიქით, ვფიქრობდი, ამდენ რამეს ამბობენ ჩემზე და, ნეტავ, არ გაუგიათო? სახლში მივდიოდი და ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი იცოდნენო. მივხვდი, რომ ესაა სწორი, ალბათ, ეს ჯობია სასტიკ კრიტიკას, როცა ადამიანი თავის შეცდომას თვითონ გრძნობს. ჩვენი სახით მარიამს ძალიან მკაცრი შემფასებლები ჰყავს ოჯახში. ხანდახან ვფიქრობ კიდეც, რომ, ჯობია, დავზოგოთ. მისი კარიერის დასაწყისი ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. სწორედ იმ პერიოდში გამოგვეცალა ხელიდან ჩემი მეუღლე – ოჯახის დიდი საყრდენი და ზურგი. ის მარიამის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო და ასეთი იყო ყველასთან. როცა რამეს გავაკეთებდი, სულ მაინტერესებდა ჩემი მეუღლის აზრი. არასდროს შემაქებდა, მისგან არ გამიგია „ყოჩაღ”, მაგრამ საყვედურს რომ არ მეტყოდა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ არ მაკრიტიკებდა და ჩემი ქმედება მოსწონდა. ძალიან მწყდება გული, რომ ის ვერ მოესწრო შვილების წარმატებებს, ნიკას წინსვლას. ნიკა ძალიან კარგად გაუძღვა მის საქმეებს. ამ მდგომარეობამ, როცა ოჯახის პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააწვა, უცებ გაზარდა. ნიკა მარიამისთვისაც გახდა დიდი საყრდენი – ის მარიამის ზურგს უკან ჩასაფრებული ადამიანია, ვისი იმედიც ყოველთვის აქვს. ეს არის როგორც ფინანსური, ასევე, მორალური მხარდაჭერა. ნიკა არის მისთვის ყველაფერი, ზრუნავს იმ ყველაფერზე, რაში მხარდაჭერაც ამ ასაკში გოგონას მამაკაცისგან სჭირდება.
– თქვენ როგორ უდგახართ მას გვერდში?
– თითქმის ყველა საზრუნავი მოვუხსენი, ვცდილობ, რომ მისი ყველა ტვირთი გავინაწილო, მარიამი სტუდენტია და ამ მხრივაც ბევრი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. განიცდის იმასაც, რომ ბევრ დროს ვერ უთმობს შვილს, ბავშვის გაზრდა მთლიანად მე ავიღე. ბუკა ახლა გახდა 3 წლის, მას, ისევე როგორც მე და მარიამს, რთული გეოგრაფია აქვს: თბილისი-ქუთაისი-ზუგდიდი-განმუხური. მარიამს უამრავ საქმეს ვაშორებ, ტანსაცმელსაც კი მე ვუწესრიგებ. ახლა მიკვირს, მე როგორ ვახერხებდი ამდენს. პარლამენტის წევრობასთან ერთად, მე ოჯახის ქალი ვიყავი – ქმარი, შვილები მებარა, სახლ-კარი, ქორწილი და მეგრული ვაი-ვიში (იცინის). ახლაც ბევრი საქმე მაქვს ერთად: ჩემი სამსახური, დიდი ოჯახი, ბავშვები, ვცხოვრობ დიდი გეოგრაფიით: ქუთაისი-თბილისი-ზუგდიდი. მძღოლი არ მყავს, თვითონ დავდივარ ამ რეისებში. სულ ვამბობდი: რაც მე და ჩემმა მეუღლემ თბილისსა და ზუგდიდს შორის ვიარეთ, ეკვატორს შემოვუვლიდით. მეუღლე ძალიან დამაკლდა. მან არ იცოდა მოვარაყებული საუბარი, მაგრამ, შემეძლო, ყველაფერში დავყრდნობოდი. ბევრი ვერ დაიტრაბახებს, ისეთი ქმარი მყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ გული სულ განმუხურისკენ მიმიწევს, სადაც ის დავკრძალეთ. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარდა განმუხურის სახლი. თუ მინდოდა, მისთვის მესიამოვნებინა, განმუხურში მივდივარ-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე. როგორც ძველისძველ მეგრულ ოჯახს, იქ ლიმონის, მანდარინის დიდი მეურნეობა გვაქვს, რომლის გაძღოლაში მეც ვარ ჩართული.
– მარიამის პირად ცხოვრებაში ერევით?
– რა თქმა უნდა, ვერევი. რომელი დედა არ ურჩევს შვილს, მით უფრო, თუ შვილი გაძლევს ამის საშუალებას?! მარიამი გადაწყვეტილებაში „ჯიუტა” გოგოა, მაგრამ, მე მაინც ვცდილობ, ყველაფრის საქმის კურსში ვიყო. გათხოვების თემა მისი დღის წესრიგიდან ამოღებულია, ჯერ ბევრი სხვა საქმე აქვს გასაკეთებელი – ვცდილობ, ყველაფერში გვერდში ვედგე. გული იმაზე მწყდება, აღტაცება აღარ მაქვს ისეთი, როგორიც მქონდა. შარშან ისეთი ახალი წელი მოვაწყვე – ზეიმით, გასართობი ნომრებით დიდებისთვის ცალკე, ბავშვებისთვის – ცაკლე, მეზობლები და მეგობრები მყავდა ჩართული. ახლა ეს აღტაცება აღარ მაქვს. გუშინ მარიამი ქუთაისში მიდიოდა და სიმღერ-სიმღერით ალაგებდა წიგნებსა და ტანსაცმელს. საკუთარ თავს ვკითხე, მე რატომ არ გამოვხატავ სიხარულს-მეთქი და, მივხვდი, რომ აღფრთოვანების უნარი დავკარგე. მე არ მიყვარს, როცა ადამიანები წუწუნებენ და ტირიან, ამიტომაც, სულ ვცდილობ, განვეწყო იმისთვის, რომ ცხოვრება გრძელდება და მას ფეხდაფეხ უნდა მივყვე.