რატომ ვერ ბედავენ თამარ გვერდწითელთან სიმღერას თაყვანისმცემელი მამაკაცები და ვის სთხოვს ის დახვეწოს რჩევები
ქართველ პრიმადონას – თამარ გვერდწითელს‚ რომლის სიმღერა და შემოქმედებაც ქართველებს ასე ძალიან უყვართ‚ 15 მარტს, მისთვის ძალიან საყვარელი და მშობლიური ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს – ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა მისი კონცერტი‚ სადაც მისი განვლილი გზის შესახებ 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც იყო წარმოდგენილი. ქალბატონ თამარს „თბილისი მერიოტში“ შევხვდით და ვესაუბრეთ.
– ქალბატონო თამარ‚ მოდი‚ მთავარი მოვლენის შესახებ ვისაუბროთ. როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი – კონცერტი‚ ვარსკვლავის გახსნა... რა განცდა იყო თქვენთვის თქვენი ვარსკვლავის ხილვა იმ ფილარმონიის წინ‚ რომლის სცენაზეც‚ როგორც თქვენ ხშირად ამბობთ‚ ათი წლიდან დგახართ.
– იცით‚ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში‚ დაჯერებაც მიჭირს. ვერც წარმოვიდგენდი‚ რომ იმ ფილარმონიასთან‚ რომლის სცენაზეც ბავშვობიდან გამოვდიოდი‚ ჩემი ვარსკვლავი გაიხსნებოდა. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით‚ რომ ამ კონცერტზე უწმიდესი მობრძანდა. დარბაზი სავსე იყო ხალხით‚ ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს‚ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ეს თან მდევს სულ. ნამდვილი ერთსულოვნება იყო დარბაზში. ყველამ კარგად იცის‚ რა ძნელი და საპასუხისმგებლოა მშობლიურ ქალაქში თუნდაც რიგითი კონცერტის ჩატარება. თუმცა‚ რიგითი კონცერტი არ არსებობს. ასეთი საოცარი პუბლიკა არსად მეგულება. ვარსკვლავი გაიხსნა უწმიდესის ლოცვა-კურთხევით. გახსნა ადრეც იგეგმებოდა‚ მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. ასეთ მოვლენას ყოველთვის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მე მესმის ეს. ორი წლის წინ იგეგმებოდა‚ მაგრამ ჩაიშალა მაშინ‚ არ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. იანვარში დამირეკეს და შემომთავაზეს‚ ძალიან გამიხარდა. რა უნდა მეთქვა‚ – მაინც მგონია‚ ასეთ წარმატებას არ უნდა გაუთამამდე‚ კმაყოფილების განცდა წინასწარ არ უნდა დაგეუფლოს. მოკლედ‚ ზედმეტი კომენტარები არ სჭირდება ამ საკითხს (იცინის).
– ღელავდით‚ ქალბატონო თამარ?
– ძალიან ვღელავდი‚ საშინლად! აღსადგენი გვქონდა ძველი სიმღერები‚ ერთ ნაწილში გამოვდიოდი დიმიტრი დიუჟევთან ერთად. ალბათ‚ ყველაფერს თავისი დრო აქვს... ვნერვიულობდი‚ როგორ მიიღებდა მაყურებელი ჩემი და დიმიტრის დუეტს. საბედნიეროდ‚ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გაგიჟდა დიმიტრი დიუჟევი საქართველოზე‚ თავი სიზმარში ეგონა (იცინის). ნამდვილი ზეიმი იყო ეს ჩემთვის. ვიგრძენი‚ ქართველ მსმენელს როგორ მოვნატრებივარ. სატელეფონო ზარები დღემდე არ წყდება‚ მირეკავენ‚ სიყვარულს გამოხატავენ‚ მადლობას მიხდიან (იცინის). ხომ იცით‚ წარმატებას და სიხარულსაც გაზიარება უნდა. მხოლოდ ისინი კი არ არიან მეგობრები‚ ვინც გაჭირვებაში დაგიდგება გვერდში, შენი სიხარულიც უნდა უხაროდეს მეგობარს. დედაჩემი‚ მამაჩემი‚ ჩემი შვილი‚ ძმა‚ ძმისშვილი... ყველა დარბაზში იჯდა.
– თქვენი ვაჟიც თბილისშია? ის როგორ არის თქვენი შემოქმედების მიმართ განწყობილი‚ მოსწონს?
– კი. სანდრო საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა ლონდონიდან. ძალიან უყვარს ჩემი სიმღერები‚ ზოგადად‚ ქართული მუსიკა. ალბათ‚ ლონდონში რომ ცხოვრობს‚ გაათკეცებული აქვს მონატრების გრძნობა. ჩემი შვილი ნამდვილად კულისებში გაიზარდა‚ მე „მზიურში“ გავიზარდე და სანდრო – კულისებში. წლინახევრის იყო‚ პირველად გასტროლებზე რომ წავიყვანე. ამიერკავკასიაში გვქონდა კონცერტები‚ მერე – ციმბირში. წლინახევრის ბავშვი რამდენიმე თვით მყავდა წაყვანილი და მშვენივრად გრძნობდა თავს. ვცდილობდი‚ სანდროს დედის დეფიციტი არასდროს ჰქონოდა – მშობლები რომ უცხოეთში არიან და შვილები სახლში ელოდებიან. თვეობით ვიყავი გასტროლებზე და ბავშვიც ჩემთან ერთად იყო. მშვენივრად ერთობოდა‚ არც წუწუნებდა‚ არც ტიროდა‚ მოკლედ‚ გაიზარდა კულისებში. სხვათა შორის‚ მუსიკის ნიჭი აქვს – მშვენიერი ხმა და სმენა‚ მაგრამ ამ გზით არ უნდოდა წასვლა. ჩვენ გვქონია ამ თემაზე საუბარი‚ გამოაცხადა: მორჩა‚ ისტორიკოსობა მინდაო. ის ჭიდილი და ტვირთი‚ რომელიც დიდ სცენას ახლავს‚ არ უნდოდა. ზოგადად‚ ხელოვნებასთან ახლოს არის – ჯერ კინოსარეჟისორო დაამთავრა‚ შემდეგ ისტორიული ჟურნალისტიკა. ალბათ იმიტომ‚ რომ ყველაფერს ხედავდა ბავშვობიდან: ხედავდა‚ რა რთულია და არ ისურვა... ჩვენს პროფესიაში ყველას უნდა მოსწონდე‚ ყურადღების ცენტრში იყო‚ შენ უნდა აგირჩიონ‚ გაგიხსნან ვარსკვლავი... სხვა საქმეში შეიძლება იყო საშუალო‚ საშუალო მუსიკოსი დაღუპული და ჩაძირულია... ცხოვრებაშიც ბევრი ჭიდილი მქონია‚ ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. წარმატებასაც ახლავს ხოლმე უკანა‚ ბნელი მხარე. მაგრამ, ვინც არაფერს აკეთებს‚ ის არც არავის აინტერესებს‚ შემოქმედება კი ყოველთვის გრძნობებს იწვევს. რა დროც უნდა ყოფილიყო რუსეთში ჩემი კონცერტი ყოველთვის ქართული სიმღერით იწყებოდა და ეს იყო პასუხი ჩემ მიმართ თვით ყველაზე აგრესიულად განწყობილი ადამიანების ყველა კითხვაზე. ჩემს საქმეს ყოველთვის სინდისიერად ვაკეთებ – დარწმუნებული ვარ‚ ბევრი უცხოელი მსმენელი თვითმფრინავში ჩაჯდება და ჩამოვა საქართველოში იმის სანახავად‚ რა ხალხი ქმნის ასეთ შესანიშნავ სიმღერას (იცინის).
– თქვით‚ დიმიტრი დიუჟევი გაგიჟდა საქართველოზეო.
– კი. ძალიან მოიხიბლა‚ აღარ უნდოდა წასვლა (იცინის). მეოთხე დღეს ჩვენს პატრიარქს შევხვდით‚ უწმიდესს ბევრი შეკითხვა დაუსვა დიმიტრიმ. გაოგნებული გამოვიდა შეხვედრიდან და თქვა: თქვენ გყავთ ცოცხალი წმიდანი‚ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ‚ ის რა ადამიანია. მე ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი‚ რაზეც მანამდე პასუხი არავის გაუციაო. საოცარი რუსულით ესაუბრა უწმიდესი‚ დაგვლოცა‚ მობრძანდა კონცერტზე. რომ მითხრეს‚ დარბაზში შემობრძანდაო‚ საოცარი განცდა დამეუფლა. თითქოს მთელმა ცხოვრებამ გამიელვა თვალწინ. ისედაც ემოციური ვარ სცენაზე‚ განცდებში ჩავვარდი. მე პატრიარქის „ავე მარია“ და „ალილუია“ შევასრულე მისი ლოცვა-კურთხევით. ეს იყო ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების კულმინაციური მომენტი. ჩემთვის უმძიმეს მომენტებში ძალიან დამხმარებია პატრიარქი... ხშირად, რთულ მომენტებში, მარტოობისას პატრიარქის მუსიკას ვუსმენ და ვმშვიდდები.
– ბატონმა დიმიტრიმ ჩოხა როგორ მოირგო?
– დათო ოქიტაშვილმა და მისმა კომპანიამ აჩუქეს დიმიტრის თეთრი ჩოხა. კონცერტამდე დამირეკა დათომ და მკითხა‚ ასეთ სიურპრიზს ვუმზადებ და ხომ კარგი აზრიაო. ნამდვილად არ ყოფილა თავსმოხვეული‚ ძალიან დელიკატური და ორგანული გამოვიდა. დადიოდა ეს რუსი კაცი ქართული ჩოხით. ვუთხარი‚ ნამდვილ თავადს ჰგავხართ-მეთქი‚ თავადივით გამოიყურებოდა.
– თქვენი ევროპული ტურნეს შესახებ გვიამბეთ?
– გერმანია‚ ბალტიისპირეთი‚ რუსეთის მთელი სამხრეთი მხარე... ძალიან დაძაბული გასტროლები იყო‚ მაგრამ ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ასეთ რეჟიმს. ბევრი ქართველი ემიგრანტი იყო მოსული‚ მათ შორის‚ ახალგაზრდები‚ იქ დაბადებულები... ვესაუბრე და უდიდესი სურვილი აქვთ საქართველოში დაბრუნების. მაინც განსაკუთრებულად ესპანეთი და იტალია მიყვარს ევროპაში – ცეცხლოვანი ხალხია‚ ტემპერამენტით ძალიან გვგვანან‚ საოცრად გამოხატავენ ემოციებს. იტალიელებთან – ალესანდრო საფინასთან და ჯოვანი რუბიკეზოსთან ერთად ვიდექი სცენაზე. ერთ მათგანთან „კარმენი“ ვიმღერე – ხმაურიანი მაყურებელია იქ. ესპანეთში კონცერტისას ფეხზე დგებოდნენ‚ დამიჩოქეს მამაკაცებმა‚ ხმამაღალი შეძახილები ისმოდა...
– სანდროზე გვიამბეთ?
– სანდრო სწავლობს ლონდონში‚ სამეფო უნივერსიტეტში – „ქინგს იუნივერსითი“‚ ასე ჰქვია. ამერიკიდან ჩამოვიდა და 2 წელი მოსკოვში იყო‚ შემდეგ ლონდონში წავიდა სასწავლებლად, 19 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრობს. თბილი ადამიანია‚ ქართულად ფიცხი‚ მალე ბრაზდება და მალე მშვიდდება. რა თქმა უნდა‚ სასიამოვნო არაა‚ როცა შვილი ასე შორსაა‚ მაგრამ ძალიან გადაფოფრილი დედა არ ვყოფილვარ‚ ბიჭს დამოუკიდებლობა უნდა მისცე‚ თან დედამ. სანდრო ბებიის გაზრდილია და დედაჩემმა ისე გაზარდა‚ როგორც მე – ზომიერად მკაცრად. დედაჩემი იდეალური დედაა. სანდრო მე მგავს ხასიათით – ემოციურია‚ ტრადიციების დამცველი... თან რჩევებსაც ხშირად მაძლევს. ვეუბნები‚ ცოტა დახვეწე-მეთქი რჩევები. ყოველდღე ვურეკავთ ერთმანეთს‚ „სკაიპს“ ვერ ვეწყობი მაინცდამაინც (იცინის)...
– დედა გეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში?
– დედა ხშირად მირჩევდა, რაიმე შეცდომა არ დამეშვა‚ მაგრამ მაინც ვუშვებდი. აღმოჩნდებოდა‚ რომ ყოველთვის მართალი იყო‚ მაგრამ სხვისი გამოცდილებით მაინც ვერ იცხოვრებ. ის ჩემი დიდი მესაიდუმლე და მეგობარია. მანებივრებს ძალიან‚ მისთვის ხომ ყოველთვის ბავშვი ვარ (იცინის). შეიძლება‚ მოგეფეროს‚ დაგტუქსოს‚ გაგანებივროს... ყველაფერს ჩემზე მეტად განიცდის. ცდილობდა‚ თავმდაბალი და ტაქტიანი გავეზარდე... დედაშვილური სიყვარულიც კი, შეძლებისდაგვარად, ზომიერი უნდა იყოს...
– მოშურნეები ბევრი გყოლიათ?
– ყოფილან‚ ალბათ...
– პოლიტიკის გამო რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე.
– ისე გამოვიდა‚ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი არარუსი მომღერალი ვარ‚ ვისაც რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. როცა ადამიანებს ეს წოდება აქვთ რუსეთში‚ მათ არ ეხებიან. მე პოლიტიკისგან შორს ვარ. ჩემი მუსიკა საზღვრებს გარეშეა‚ ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავ. უბრალოდ‚ განვიცდიდი ამ განსაცდელს. ჩემი მეგობრებისგან ამის გამო კრიტიკა არასოდეს მსმენია... განსაკუთრებით ომის დროს გამიჭირდა. 2009 წელს კონცერტზე თითქმის ვიტირე‚ ცრემლს ვერ ვიკავებდი. მაწვებოდა და ვეღარ ვუძლებდი... ზოგი გამირბოდა და მერიდებოდა‚ მაგრამ მათიც მესმის. პოლიტიკური განცხადებები არასოდეს გამიკეთებია. ჩემს კონცერტზეც იყვნენ მოსულები ქართველი პოლიტიკოსები.
– რუსი მამაკაცები სერენადებს არ გიმღერიან?
– სერენადებს მხოლოდ იტალიელები მღერიან! თან‚ ალბათ‚ რცხვენიათ ჩემთან სიმღერის (იცინის). უფრო ლექსებითა და ყვავილებით...
– ბოლო დროს თქვენი რომანის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და მეც მინდა ამაზე გკითხოთ.
– ამის შესახებ დღესაც მეკითხებიან და მინდა ვთქვა, რომ ეს ამბავი იყო ჟურნალისტის მიერ შეთხზული და ბულვარული პრესის მიერ ტირაჟირებული, რასაც საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან! საერთოდ არ ვიცი‚ ვინ არის და მით უმეტეს‚ ოჯახის დანგრევაზე ხომ საუბარიც სასაცილოა. რუსულ პრესაში გავრცელებული პასკვილის გამო ორმა ადამიანმა სამსახურიც კი დაკარგა.
– მარტოობა ძლიერი ქალისთვის ძნელია.
– ძნელია, ალბათ... ყველას ვუსურვებ სიხარულისა და წარმატების გამზიარებელი ჰყოლოდეს გვერდით.