რატომ აღარ სჭირდებათ პარლამენტარ „ნაციონალებს“ მიხეილ სააკაშვილი და ვინ ჩასვეს თვითმფრინავში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დღეს
იმას გარდა, რომ 9 წლის განმავლობაში შეუცვლელად იყო ხელისუფლების სათავეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი მონოლითურობითაც ხასიათდებოდა: მისი მთლიანობა ვერ შეარყია ვერც მოსახლეობის ნებამ და ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა. ამასთან, ეს მონოლითურობა ერთსულოვნებითაც გამოირჩეოდა (ხშირად იქამდეც კი, რომ შავის თეთრობაშიც გვარწმუნებდნენ). თუმცა ხანი გამოხდა და ბზარი მათაც შეეპარათ. რამდენად საფუძვლიანია ის და ვინ რა მოტივით ტოვებს თუ დატოვებს ერთ დროს უძლეველ „ნაციონალურ მოძრაობას“ – თემას „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– სად გაქრა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოლითურობა?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირი სოლიდური პარტია არ ყოფილა. მას ჩამოშორდა მისი მთავარი გენერალური მდივნები, დამფუძნებლები, ანუ მიხეილ სააკაშვილის ფიარის შედეგია, რომ საზოგადოებაში ვიღაცას შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთიანი ამ წლების განმავლობაში. სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდა სერიოზული პრობლემები. იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მონოლითია, ტყუილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოახვია თავს საზოგადოებას, თუმცა, ვინც რჩებოდა, ისინი ერთად იყვნენ, მაგრამ ეს უცნაური ერთობაა. სამი დამფუძნებლიდან პარტიაში დარჩა მხოლოდ ერთი – მიხეილ სააკაშვილი.
– მონოლითურობა მითია თუ რეალობა, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის რჩებოდა ხელისუფლების სათავეში, თან საკონსტიტუციო უმრავლესობით.
– ეს სხვა საკითხია. ის რჩებოდა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ მონოლითური არასდროს ყოფილა. პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დენადობა ახასიათებდა, ასეთი არ ახასიათებს არც ერთ პარტიას. ეს იყო სახელმწიფო პარტიული წარმონაქმნი და მიხეილ სააკაშვილს ამ წარმონაქმნის შექმნა მოუხერხდა. მაგრამ, თუ ადრე მას, ვინც არ ემორჩილებოდა დისციპლინას, მაშინვე ან აგდებდნენ, ან თვითონ მიდიოდა, ეს შეიცვალა. ახალ დროებაში მოხდა ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, დათო ბაქრაძე, გამოვიდა და თქვა: თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს ასეთ და ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ ჩემი ადგილი მის გვერდით არ იქნება. მეორე მხრივ, პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა კაკო ბობოხიძემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ არ შემიშლის ხელს მიხეილ სააკაშვილი და იქვე საპირწონედ მიაყოლა ბიძინა ივანიშვილი. ანუ ნუ გვიშლის ხელს მუშაობაში პარლამენტის წევრებსო. ასეთი განცხადებების გამო ერთი წლის წინათ ორივეს დაატოვებინებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს კი ორივე იქაა. არც თვითონ აქვთ წამოსვლის სურვილი და არც მიხეილ სააკაშვილს – მათი გაშვების. ანუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ 9 წლის შემდეგ გაჩნდა ის, რაც ასე დამახასიათებელია პარტიული მუშაობისთვის. ამას მე მივესალმები, მაგრამ არ ვიცი, უშველის თუ არა პარტიას სიცოცხლისუნარიანობაში.
– არც მათ აქვთ პარტიის დატოვების სურვილი და არც მიხეილ სააკაშვილს მათი გაშვებისო. რა მოტივით გაუქრა ეს სურვილები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს?
– იმიტომ რომ ეს პარტია ოპოზიციაშია და ოპოზიციაში მყოფი პარტიის პარლამენტის წევრები გახდნენ ძალიან მნიშვნელოვნები, ვინაიდან აქვთ ხმა და ეს მათი ხმა პარლამენტს ძალიან სჭირდება. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მაღალი თანამდებობა, მაგრამ, როგორც თვითონ აღიარებს, მისი თანამდებობა ბევრს აღარაფერს ნიშნავს. ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრების მნიშვნელობა გაიზარდა და მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან რომ გარიცხოს ისინი, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმცირესობაშიც ვერ დარჩება. პარლამენტს გარეთ კი პირველსავე დღეს განულდება. ამიტომ პარლამენტარებმა ნელ-ნელა მოითქვეს სული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი ვერასდროს ვეღარ დაითხოვს პარლამენტს. ასე რომ, როდესაც მათ გაიგეს, რომ ისინი პარლამენტარები იქნებიან მომდევნო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ხმა ამოიღეს, რასაც პირადად მე, მივესალმები, არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯიბრი მაქვს, არამედ იმის გამო, რომ პარტიის ჩამოყალიბებას მივესალმები. პრინციპი ასეთია: პურს აცხობს ხაბაზი, ხოლო პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური პარტიები.
– საპარლამენტო ცხოვრებისთვის აუცილებელია საპარლამენტო ოპოზიციაო და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი წარსული აქვს ამ საპარლამენტო ოპოზიციას? „ოცნება“ სუფთა ფურცლიდან იწყებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას? თქვენ ხელს უწყობთ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულფასოვან პარტიად ჩამოყალიბებას?
– მმართველმა პარტიამ არაფერს არ უნდა შეუწყოს ხელი.
– მაშინ რატომ კოჰაბიტირებს, თუ ხელს არ უწყობს?
– მე უბრალოდ მოგახსენეთ ჩემი, კერძო პირის აზრი, თუ რა არის კარგი პოლიტიკისთვის. არ არსებობს კარგი და ცუდი პარტიები. არის პარტიები, რომლებიც იღებენ ხმებს და არის პარტიები, რომლებიც ვერ იღებენ ხმებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული არის ცუდი, მაგრამ ამ წარსულში არის კარგი წერტილები.
– კერძოდ?
– ვარდების რევოლუცია, 1 000 წელი რომ მიმტკიცონ, შევარდნაძის ხელისუფლება კარგი იყოო, ვერ დამიმტკიცებენ.
– გარდა ვარდების რევოლუციისა, რა იყო კიდევ კარგი?
– ნუ ჩამომათვლევინებთ. ამდენად, იმის თქმა, რომ შენ წარსული ცუდი გქონდა და მომავალშიც არ გამოდგები, არასწორია. მომავალში გადარჩება ის, ვისაც ქართველი ხალხი მისცემს ხმას. მე გეუბნებით, თუ პარლამენტში არ გვეყოლება ოპოზიცია, ეს იქნება ცუდი, რადგან მაშინ ოპოზიცია გაჩნდება ჩვენს რიგებში. ჩვენ კი გვინდა, შევინარჩუნოთ ის ერთიანი გუნდი, რომლითაც მოვედით ხელისუფლებაში და ის საქმეები ვაკეთოთ, რასაც ხალხს დავპირდით. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპონენტი, ყალიბდება, როგორც კვალიფიციური ოპონენტი. წარსული ჩემი საქმე არ არის, თუ ვინმემ რამე დააშავა, პროკურატურა მუშაობს და თავის საქმეს მიხედავს.
– კმაყოფილი ხართ პროკურატურის მუშაობით?
– რაც შეეხება კოჰაბიტაციას: ეს ჩემი არჩევანი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევნის პატივისცემა. ვიღაცამ ჩვენ მოგვცა ხმა, ვიღაცამ – „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ის ვიღაცაც, ვინც ხმა მათ მისცა, ჩვენი მოქალაქეა. ამდენად, კოჰაბიტაცია არის სასჯელი, გინდა თუ არა, იქნება, იმიტომ რომ ისინიც აირჩიეს.
– და არ აქვს მნიშვნელობა, გაყალბებით მიიღეს ხმები თუ დამსახურებულად?
– თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა არჩევნების შედეგებში, მაშინ არ უნდა გვეცნო პარლამენტის უფლებამოსილება, რადგან ვცანით, ესე იგი, ვაღიარებთ. მართალია, ეს არ იყო ყველაზე სამართლიანი არჩევნები, მაგრამ იმდენად სამართლიანი კი იყო, რომ ხალხის ნება გამოვლინდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე არავის ახატია, გვიწევს მათთან თანამშრომლობა. არასწორი იქნებოდა, პარლამენტში რომ ცემა-ტყეპა და გაწევ-გამოწევა იყოს და ხომ იცით, ვინ ვის მოერევა, ვის მეტი მოჭიდავე ჰყავს?!
– მგონია, ამიტომაცაა ერთობ დამცხრალია აკაკი ბობოხიძე.
– კაკო ბობოხიძე, როდესაც დამცხრალია და პოლიტიკურად ლაპარაკობს, მგონი, უფრო კარგი სანახავია, ვიდრე კაკო ბობოხიძე, რომელიც ჟურნალისტებთან საქმეებს არჩევს.
– მე რომ მკითხოთ, უკეთესი სანახავი იქნებოდა ჩვენი სახელმწიფო, ისეთი დეპუტატები რომ დაისაჯონ, რომლებიც უპრაგონოდ ათამაშებდნენ კუნთებს და კოლეგებს სცემდნენ კამერების წინ სხდომის მიმდინარეობისას.
– ეგ არ არის პარლამენტის საქმე, მე დაგისახელეთ ორგანიზაცია, რომელსაც უნდა მიმართონ, თუ ვინმეს ვინმესადმი რამე პრეტენზია აქვს. თუ პარლამენტში შემოვა საკითხი, დამნაშავეა ესა თუ ის დეპუტატი და გადაწყვიტეთ მისი უფლებამოსლების საკითხიო, განვიხილავთ. იცით, რის თქმა მინდა? წარსულში შეცდომის გარეშე ჯერ ადამიანი არ დაბადებულა, არათუ პარტია.
– შეცდომას არ გააჩნია?
– მე ვერ ვიტყვი, რომ ერთი და იგივეა დათო ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი: ერთი უფრო მესიმპათიურება, ვიდრე მეორე. თქვენ თვითონ იფიქრეთ, რომელი რომელია, მაგრამ ორივე პარლამენტის წევრია, ხმა აქვს და უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.
– კოჰაბიტაცია არის ამომრჩევლის დაკვეთაო. სხვა დაკვეთაც აქვს ამომრჩეველს: IRI-ს კვლევით, გამოკითხულთა 3 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპატიმრებას მოითხოვს, 50 პროცენტი – ბობოლების დაჭერითაც კმაყოფილი დარჩება. ეს გამოკვლევა ადასტურებს, რომ ამომრჩეველს კოჰაბიტაცია უნდა?