კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაიწყო რუსული ოპოზიციის ლიდერების საქართველოში ჩამოყვანა ბორის ბერეზოვსკიმ და როგორ იხსენებს ქალებისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს ვალერი გელბახიანი

ბორის ბერეზოვსკის სიკვდილი გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო, მოვლენა რომელმაც ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მის თვითმკვლელობაში ეჭვი  ეპარება თითქმის ყველას, ვინც ბიზნესმენს პირადად იცნობდა, მათ შორის პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანიცაა. ბატონი ვალერი კარგად იცნობდა ბორის ბერეზოვსკის, მის სახლშიც ცხოვრობდა და უამრავი მოგონება აძლევს იმის საფუძველს, რომ თქვას: ოლიგარქი არ იყო ის ადამიანი, ვინც თავს მოიკლავდა.

 

 ვალერი გელბახიანი: ბორის ბერეზოვსკი 2006 წლის ზაფხულში გავიცანი, ლონდონში. ბადრი პატარკაციშვილთან ვიყავი და მასთან სახლში მოვიდა. იმავე წელს არაერთხელ მომიწია ლონდონში ჩასვლა და ქალაქის ცენტრში, ბერეზოვსკის ოფისში ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. ძალიან გახსნილი და თავისუფალი ადამიანი იყო, კომპლექსების გარეშე. ვერ გეტყვით, მაღალი იყო თუ არა ნდობის ხარისხი ბერეზოვსკისა და იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც კონტაქტები ჰქონდა, მაგრამ პირადი ურთიერთობების პრობლემა არასდროს ჰქონია. 

– ვისაც ამდენი ფული აქვს, სხვა ადამიანების ნდობა ძალიან უჭირს და გარშემო მყოფებს ხშირად ერთგვარ სატესტო რეჟიმში ამყოფებს...

– მასთან კონტაქტზე გასვლა და ოფისში მოხვედრა, ძალიან რთული იყო. თუმცა, მის ოფისში ვისაც არ უნდა დაერეკა, პასუხს ყოველთვის მიიღებდა. თუ ჟურნალისტი იყო, რა თქმა უნდა, ხვდებოდა და ყველა კითხვას პასუხობდა. პირადი კონტაქტი კი, რასაკვირველია, რთული იყო. თუ მიაღწევდი მასთან შეხვედრას, მერე უკვე უპრობლემოდ ხდებოდა ყველაფერი. არ უყვარდა მიკიბ-მოკიბვა, პირდაპირ ლაპარაკობდა საქმეზე. ბორია მოწოდებით პოლიტიკოსი იყო, რაც ბადრის არ ჰქონდა. ბადრი უფრო ბიზნესპროექტებში იყო ჩართული და ამ ორი ადამიანის ერთობლივი ბიზნესების მართვა, ბადრის ჰქონდა დავალებული. იშვიათად თუ მომისმენია მათი საუბარი ბიზნესზე. ბერეზოვსკის სხვა ამოცანები და მოწოდებები ჰქონდა. ის სულ პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული და ჩემთანაც ყოველთვის ამ თემებზე ლაპარაკობდა.

როდესაც გადაწყდა, ბადრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კამპანიის, საშტაბო ორგანიზაციის მთელი სქემა მან ჩანახატის სახით წარმოადგინა. ყველაფერი თავისი ხელით დამიხაზა და ეს ჩანახატი ახლაც შენახული მაქვს. 

– ჟურნალ „ფორბსისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში ბერეზოვსკი ამბობს, რომ ნანობს ბადრი პატარკაციშვილს ასე ბრმად რომ ენდობოდა და ეყრდნობოდა. ამბობს – საქმიანი პარტნიორობა და მეგობრობა უნდა გამემიჯნაო. 

– ალბათ, იმიტომ რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანი იყო. ბადრის ღირებულებათა საკუთარი სისტემა გააჩნდა, სადაც ადამიანური ფაქტორები წინ იყო წამოწეული, რაც უფრო თბილისური მენტალობიდან მომდინარეობდა. ბერეზოვსკის ამ ღირებულებებთან საერთო არაფერი ჰქონდა. ის სხვანაირი რეგულაციებით მოქმედებდა და ნაბიჯებს, არა ადამიანური ფასეულობების მიხედვით, არამედ დასახული ამოცანის მიხედვით დგამდა. ეს ორი სხვადასხვა ტიპაჟი იყო და მიკვირდა კიდეც მათი ასეთი მეგობრობა. 

– ეს ძალიან უცნაურია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფინანსებს მხოლოდ პატარკაციშვილი განაგებდა.

– გაყოფის ისტორიაც საინტერესოა. არჩევანიც სწორედ ფასეულობების აღრევიდან გამომდინარე მოხდა. კურსკის ჩაძირვას ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რუსეთის პირველ პირს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და სახელმწიფო პოზიცია არ დაფიქსირებულა. პუტინი მაშინ მოსკოვში არ იმყოფებოდა. სამი დღე სრული სიჩუმე იყო... ბადრიმ და ბორიამ მოძებნეს მისი ადგილსამყოფელი, ის ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა და პირველ პირთან ამ საკითხზე კონფლიქტი მოუვიდათ. მათ მიაჩნდათ, რომ პუტინისთვის ამის თქმის უფლება ჰქონდათ. ყველასთვის ცნობილია, რომ მათ მის გაპრეზიდენტებაში დიდი წვლილი მიუძღოდათ. პიროვნული ინტერესის გამო, მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მოხდა სწორედ სახელმწიფო ინტერესების გამო. როდესაც პუტინი მოსკოვში დაბრუნდა, დაიბარა ბადრი და ულტიმატუმი წაუყენა: არჩევანი უნდა გააკეთო, ან ჩვენთან იყო, ან ამ ქვეყნიდან წახვიდეო. ბადრი ამაყობდა იმით, რომ ღირსეული ნაბიჯი გადადგა – ხელისუფლებასთან ურთიერთობას, მეგობრობა არჩია და რუსეთიდან წამოვიდა. მას პირდაპირ უთხრეს, უნდა „განქორწინდე“ შენს ბიზნესპარტნიორთანო.

– ბერეზოვსკი ამ „განქორწინებაზეც“ ყვება და ამბობს, რომ ის ფიქტიური იყო. 

– მოდი, ზუსტად ვთქვათ, ეს როდის მოხდა. იმ დროს არაფერი გაყოფილა. მათი ბიზნესების გაყოფა მოგვიანებით დაიწყო და ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. ეს ხომ არ არის ქეში ფული, ორად გაეყოთ. ბადრი ფიქრობდა, რომ აუცილებელი იყო ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ხელისუფლებისკენ, რომ მომხდარიყო ვითარების დარეგულირება. რუსეთის ხელისუფლებამ შეუთვალა, რომ თუ ჩვენსკენ დგამ ნაბიჯს მაშინ ბერეზოვსკის გაემიჯნეო. დაიწყო მეორე ეტაპი, ფორმალური გამიჯვნის, რა თქმა უნდა, ბერეზოვსკისთან შეთანხმებით და ეს იყო ფიქტიური „განქორწინება“. აქციები, უძრავი ქონება და აქედან წარმოშობილი დივიდენდები ასეთი ადვილი გასაყოფი არ იყო. ამიტომ, ყველაფერი ხელახლა დააფუძნეს ოფშორულ ზონებში და დაიწყო უძრავი ქონების გაყიდვის პროცესი. ამით, ბადრი პატარკაციშვილმა რუსეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩემი მხრიდან თქვენკენ ნაბიჯები გადმოდგმულიაო. შედგა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა, რომელიც, ძირითადად, ისრაელში ხდებოდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის პირველ პირთან შეხვედრა ვერ მოხდა. თუმცა, გარდაცვალებამდე ის ამ შეხვედრას ელოდა, რადგან ორმხრივი მოლაპარაკებები გრძელდებოდა ბოლო წუთამდე. ამის გამო ბერეზოვსკის ფაქტორმა უკან გადაიწია, რამაც ის გაანაწყენა. მასა და ბადრის შორის ბზარი გაჩნდა. ბერეზოვსკის მიაჩნდა, რომ თუ ბადრი რუსეთის ხელისუფლებასთან საერთო ენას გამონახავდა, პოლიტიკიდან მთლიანად ამოვარდებოდა. ის ფიზიკურად, მორალურად მოწოდებული იყო რუსეთის ხელისუფლებასთან საბრძოლველად და არანაირ შერიგებას არ აღიარებდა. 

– ბერეზოვსკის სახელს მიაწერენ ელცინისა და პუტინის პრეზიდენტად გახდომას...

– არა მარტო. უკრაინის და კიდევ არაერთი სხვა ქვეყნის პირველი პირების სკამების დაკავებაში მიუძღვის საკმაოდ დიდი წვლილი. ბევრ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა. ეს მათთვის იყო ამოცანა ნომერი პირველი. სადაც ისინი ბიზნესების გაფართოებას გეგმავდნენ, იმ ქვეყნებში სანდო და საიმედო დასაყრდენი სჭირდებოდათ და დებდნენ პოლიტიკურ ფსონებს. ეს იყო მათი თამაშის წესები. უკრაინის მხარემ, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და „გადააგდო“. ამ თამაშში წაგებაც ხშირი იყო და მოგებაც, მაგრამ ნამდვილად არ ნანობდნენ პოლიტიკურ პროცესებში მოთამაშე მხარეებად გამოსვლას.

– ამხელა მოჭადრაკე, რომელიც ერთგვარად მანიპულირებდა პირველი პირებით, როგორ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში?

– ის არ გრძნობდა თავს თამაშგარე მდგომარეობაში, ბოლო წუთამდე ჰქონდა ცვლილებების იმედი და ამის შესახებ, ჩვენც გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ, გარკვეულწილად, ისიც და ბადრიც ნანობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას და მიაჩნდათ, რომ ეს შეცდომა იყო. მათი მხრიდან სიტუაცია არასწორად შეფასდა. მიაჩნდათ, რომ მათი გავლენა რუსულ პოლიტიკურ და ბიზნესწრეებზე იმდენად დიდი იყო, ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი,  ვერ გაბედავდა მათთან კრიმინალური მეთოდებით დაპირისპირებას. აღმოჩნდა, რომ მათი თავდაჯერებულობა მოჩვენებითი იყო და აღიარებდნენ, რომ არასწორად შეაფასეს როგორც პუტინი, ისე რუსული სინამდვილე. ბერეზოვსკიმ ბრძოლის პირდაპირი გზა აირჩია, მან გადაწყვიტა, ოპოზიციური ძალები გაეერთიანებინა და დაემარცხებინა მაშინდელი და დღევანდელი ხელისუფალი. ის დარწმუნებული იყო, რომ პუტინი მესამედ ვერ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში. რადგან ამ გათვლაში შეცდა, ის საშინლად გულგატეხილი იყო და ეს ყველაფერი მის ხასიათზეც აისახა. 

– მაინც, საბოლოო ჯამში, ის იმედგაცრუებული იყო როგორც საკუთარი თამაშის წესების, ისე ბადრი პატარკაციშვილის გამოც.

– მთლად გულწრფელი ამ განცხადებაში არ უნდა იყოს, რადგან გარკვეული წვლილი მაინც მიუძღვის ბადრის საბოლოოდ დამარცხებაში. ამ პროცესის მომსწრე ვარ და ამიტომაც ვამბობ. ბადრიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, ამ გზით პოლიტიკური დევნა თავიდან აეცილებინა. ჩვენ შევთანხმდით, რომ, თუ მის საქმეს ასე სჭირდებოდა, მხოლოდ განაცხადი გაგვეკეთებინა და რეალურ ბრძოლაში არ ჩავრთულიყავით, რადგან სხვა შემთხვევაში ბრძოლა წაგებული გვქონდა. აქცენტი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაგვეკეთებინა, რომელიც ექვს თვეში იმართებოდა. ჩამოვიდა თბილისში, გამოვიდა დიდ მიტინგზე და  განაცხადა, რომ ბოლო კაპიკს დახარჯავდა, სანამ ამ ხელისუფლებას სახლში არ გაგზავნიდა. ამ გამოსვლის გამო იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მის წინააღმდეგ და ამ დღიდან ის საქართველოში ცოცხალი აღარავის უნახავს. მას უნდოდა რომ რეალურ ბრძოლაში უკვე საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაბმულიყო. ეს იმიტომ მოვყევი, რომ ამ გეგმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბერეზოვსკი. მან თქვა, რომ ბრძოლა უნდა იყოს ბრძოლა, რომ მას სჭირდება საქართველო როგორც სტრატეგიული საყრდენი და რუსეთის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო. ჩათვალეთ, ამ ბრძოლიდან გათიშული ვარ, რადგან მარცხისთვის ვართ განწირულები, ფიზიკურად არ ვართ მომზადებული-მეთქი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ თვალწინ ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილს სერიოზული კამათი მოუვიდათ. დავინახე, რომ მასთან ბადრი უფრო იმაღლებდა ხმას, უფრო მეტის უფლება მისცა თავს, ვიდრე ბერეზოვსკიმ. მანამდე მეგონა, ბერეზოვსკი იყო ხელმძღვანელი და ასე არ ყოფილა. სხვა წონა დავინახე ამ დღეს ბადრიში, რომელიც ბერეზოვსკიმ „გადაყლაპა“, უხეშად რომ ვთქვათ. ამის შესახებ დაიწყო შეხვედრები ისრაელში. დაიწყო საარჩევნო კამპანია, შტაბებთან დადგა მხარდამჭერთა რიგები. გაისმა ზარი და ჩავედი მათთან შესახვედრად. ბადრი ჩუმად იჯდა და ბერეზოვსკი ამბობდა, ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ, ხომ ხედავ, რამხელა აქტივობაა, ხალხს ზურგი არ უნდა შევაქციოთ და სერიოზულად დამმუხტეს ამ იდეებით. უბრალოდ, რეგისტრაცია გვინდოდა და უცებ რეალურ ბრძოლაში აღმოვჩნდით. და, თუ ბრძოლა გვინდოდა, მაშინ ოპოზიციას გაერთიანებული ძალებით და ერთიანი კანდიდატით უნდა შეეტია. ბერეზოვსკიმ საკუთარ თავზე აიღო ეს საქმე და თქვა, რომ შეძლებდა ქართველი ლიდერების ისრაელში ჩამოყვანას, დაელაპარაკებოდა ყველას და მიაღწევდნენ ერთიანი კანდიდატის, ანუ ბადრი პატარკაციშვილის გარშემო გაერთიანებას. ეს შეხვედრები შედგა, ბევრი კონსულტაცია გავიარეთ, შევხვდით დიპლომატიურ წარმომადგენლებს... სამწუხაროდ, მიუხედავად ამდენი შეხვედრისა, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და ვერც სხვა წარმომადგენლის გარშემო გავერთიანდით, რადგან მას მიაჩნდა, რომ ხალხი მხარს მას უჭერდა. მაგრამ, ასეც არ იყო. ბადრის რეიტინგმა აიწია და გაჩეჩილაძის რეიტინგმა დაიწია ანუ აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს ვუყოფდით ხმებს. ეს კი დაუშვებელი იყო. ბერეზოვსკი ამ საკითხში კატეგორიული გახლდათ, მას მიაჩნდა, რომ ნებისმიერი ხერხით უნდა მოგვეპოვებინა ხელისუფლება. ამის შემდეგ ჩვენ სადილად წავედით და მოულოდნელად მან პოზიცია შეცვალა. როგორც ჩანს, იფიქრა – ის სულ აზროვნებაში, ფიქრსა და მოძრაობაში იყო, დროს არ ხარჯავდა ტყუილად. მოულოდნელად ეუბნება ბადრის, რომ კარგი, დასთანხმდი ამათ კანდიდატურას, მაგრამ გარანტიები მოვთხოვოთო. მათ წარმომადგენელს ეუბნება – ბოლომდე მხარს დაგიჭერთ, ოღონდ ხელისუფლება უნდა მოიპოვოთო. დავინახე ერთი რამ, რომ მისთვის სულერთი იქნებოდა, ვინ მოიგებდა. მას უნდოდა, ამ ხელისუფლების კონტროლის საშუალება ჰქონოდა. ბადრისთვის კი პოლიტიკა ნამდვილად არ იყო მოწოდება და მას არ უნდოდა საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ რუსეთთან  ომი დაეწყო და კონფრონტაციაში შესულიყო. მას თავისი გეგმები ჰქონდა, თუ როგორ დაელაგებინა რუსეთთან ურთიერთობები. 

– ანუ, მას საქართველო ბრძოლის იარაღად სჭირდებოდა?

– დიახ. მის სახლში ვცხოვრობდი ლონდონში და ხშირად ვსაუბრობდით. დავინახე, რომ ბადრიზე გულგატეხილი იყო და პირდაპირ მითხრა: მან ჩემი პოლიტიკური იმედები ჩაფერფლაო. ეს მისთვის კატასტროფა აღმოჩნდა, რადგან საქართველო იყო ბოლო დასაყრდენი, რომელიც რუსეთთან ბრძოლაში სჭირდებოდა. ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჩემთან კონტაქტები გაწყვიტა, მაგრამ სასწრაფოდ დაიწყო ახალი კავშირების ძიება სააკაშვილის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოსანახავად. მას უნდოდა, აქ ჩამოსვლა და აქედან ღია ბრძოლის დაწყება რუსეთის ხელისუფლებასთან. ნაწილობრივ ეს მან შეძლო. ამ მოვლენებს ემიგრაციიდან ვაკვირდებოდი. ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო. მას გაუჩნდა მედიაკონტროლის საშუალებაც. საქართველოში დაიწყო რუსული ოპოზიციის ლიდერების ჩამოყვანა, რაც ძალების კონცენტრაციას ახდენდა. თუმცა, გეგმების განხორციელება ვერ შეძლო.

– როგორ გგონიათ, რეალურია მისი თვითმკვლელობა?

– ეჭვი მეპარება კი არა, თითქმის გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომ მან თავი მოიკლა. სიკვდილის წინ რუსეთის ხელისუფლებას ბოდიშებს უხდიდა, რომ ის დეპრესიული და განადგურებული იყო... ყველა დამეთანხმება, რომ ის ჰიპერენერგიული ადამიანი იყო, მის სხეულში თითქოს ათასი ადამიანის ენერგია იყო ჩაბუდებული, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული გახლდათ. ხუმრობით ტროცკის ვადარებდი, ბევრ რამეში ჰგავდნენ ერთმანეთს. 

– ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა: ის თავს არ მოიკლავდა მარტო იმიტომ, რომ რელიგიური იყოო.

– არც ეს ინფორმაცია მგონია სწორი. მის რელიგიურობაში ეჭვი მეპარება. მის პრივატულ ცხოვრებას იმ დონეზე კი ვიცნობ, რომ ვთქვა, რელიგიური ადამიანები ასე არ ცხოვრობენ. კარგად ვიცნობ იმ ადგილს, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს და ბოლოს იმ ვილაში ვცხოვრობდი. ამ ვილიდან ათ-თხუთმეტ მეტრში დახურული შენობაა, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი, სავარჯიშოებია განთავსებული და ვერ დავიჯერებ, რომ იქ მარტო შევიდა და თავი მოიკლა. საერთოდ, იქ მარტო არასდროს შედიოდა. მარტო მხოლოდ თავის კაბინეტში წერდა ნაშრომებს. ბერეზოვსკი არ იყო ის ადამიანი, ვინც დროს ტყუილად კარგავდა. ჩაკეტილიყო და დეპრესიას მისცემოდა, ასეთი რამ გამორიცხულია. საერთოდ, მასთან არ მოიწყენდი, მასთან ერთი საათიც რომ გაგეტარებინა, ის ერთი საათი სულ გემახსოვრებოდა. ორიგინალური კაცი იყო. შეეძლო, დაცვა უცებ მოეხსნა და ფეხით გაესეირნა. ერთხელ ერთად მოვდიოდით ლონდონში. ფეხით გავიაროთო მითხრა. დაცვა მოხსნა და სუში-ბარში შევიდეთ, აქ კარგი რუსი გოგოები მუშაობენო (იცინის). ამით დამანახვა, თითქოს ასეთი თავისუფალი ტიპია და გამახალისა. 

– მისი მექალთანეობაც ცნობილია.

– კი, ეს ყველამ იცოდა. ბერეზოვსკის ვილაში რომ ვცხოვრობდი, თვითონ ლონდონიდან წასული იყო, როცა ერთი ლიტველი მოდელი ეწვია სტუმრად. უკეთესს თვალი ვერაფერს ინატრებდა. თვითონ იმ დილით თელ-ავივში გადაფრინდა. მითხრა, საღამოს აქ ვიქნებიო. მეც სტუმარს ვუთხარი, საღამოს დაბრუნდება-მეთქი. იმანაც მაშინ დავრჩებიო. დარჩა, ვუმასპინძლე. მოურავს ვუთხარი, ვახშამი მიერთმიათ, იცურავა, გაერთო. ჩვეულებრივად ვუმასპინძლე. ბერეზოვსკი არ ჩამოვიდა იმ საღამოს და დილით ეს გოგო წავიდა. მოურავმა ტელეფონი მომიტანა და ბერეზოვსკიმ რომ გაიგო, ეს გოგო ჩამოსული იყო, მკითხა, რატომ არ მიაქციე ყურადღებაო. როგორ არ მივაქციე-მეთქი და არა მე სხვა რამეს გეუბნებიო (იცინის). როგორ, შენთან იყო სტუმრად-მეთქი. ჩემთან რა, ვალი კი არ მაქვს მისიო. როგორ შეგირცხვენივარ, რას იფიქრებს ქართველ კაცებზე, ლეგენდები დადისო. აქეთ დამტუქსა, არადა მეგონა, სწორად მოვიქეცი (იცინის). მოკლედ, ასეთი კაცი იყო და თავად გამოიტანეთ დასკვნა, მოიკლავდა თუ არა თავს. 

 

скачать dle 11.3