თანაცხოვრების დიადი აქტი
კოაბიტაცია თუ კოჰაბიტაცია – საკითხავი აი, ეს არის!
მართალია, საბოლოოდ კვლავაც ვერ გაგვირკვევია, კოაბიტაციაა მართებული ფორმა თუ კოჰაბიტაცია (სახელდობრ, ფრანგულად განათლებულები კოაბიტაციის ვერსიაზე არიან, კოჰაბიტაციას კი ლათინურის მოყვარულნი ანიჭებენ უპირატესობას), მაგრამ, რაც მთავარია, თავად პროცესი აქტიურ ფაზაშია.
სულ პირველი დიდი აქტი თანაცხოვრებისა (მე, როგორც ქართულად განათლებული უპირატესობას მშობლიურ ფორმებს ვანიჭებ) საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას შედგა. ზედაც, ისე ჰარმონიულად გამოუვიდათ, რომ დასავლეთი პირდაღებული დატოვა, იმას გარდა, რომ ორივე მხარეც კმაყოფილი დარჩა (ჰარმონიულად, ვინაიდან 100 კი არა მთელი 135 ხმა მოუგროვდათ არც ერთის წინააღმდეგ).
სავარაუდოდ, იმ მარტივი მიზეზით, რომ მადა ჭამაში მოდის, უმცირესობა ისე გამამაცდა (ეჭვი მაქვს, თითო „ნაციონალის“ ხმაში, მაგალითად, რიჩარდი არათუ ნახევარს, მთელ სამეფოსაც შეაძლევდა), რომ თავისი კომპეტენტური აზრის გათვალისწინებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც ითხოვს (მართლაც: თუ კოაბიტაციაა კოჰაბიტაცია იყოს?!).
მეორე მხრივ, ამ რანგის კანონს უმრავლესობის ხმებიც ჰყოფნის, მაგრამ, რაკი თანაცხოვრებაა, უმრავლესობა უმცირესობასთან კონსულტაციებს მართავს (საკონსტიტუციოზე დაწყებული აქტის მთლად ღირსეულად თუ ვერა, კოა-კოჰაბიტირებულად დასაგვირგვინებლად).
ამის პარალელურად, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი აშშ-ის ელჩი ბ-ნი ნორლანდი იმედოვნებს, რომ „საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს საქართველოში აშშ-ის ელჩების იმედები, როგორც წესი, სრულდება ხოლმე, უნდა ვივარაუდოთ, ამ კონკრეტულ ელჩსაც გაუმართლებს იმედებში. ამის შემხედვარებს კი სხვა არაფერი დაგვრჩენია, ვინატროთ, რომ ელჩის იმედების წყალი ჩვენს იმედებსაც გადასხმოდეს და გაზაფხული არა მხოლოდ კალენდარზე, ჩვენს ქუჩაზეც მოსულიყოს!