კაეშნიანი კანონმორჩილება
ანუ დრონი მეფობენ და არა ნაგუბერნატორლები
რაკი „დრონი მეფობენ“, მით უფრო არა – ნაგუბერნატორლები, პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის 300 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს (შეგახსენებთ, პროკურატურა ყოფილ გუბერნატორს დიდი ოდენობით ქონების გადამალვის წაქეზებასა და ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებას ედავება. აქვე დავამატებ, რომ ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 9-წლიან სასჯელს ითვალისწინებს).
300 000-იანი გირაო ბ-ნი ჩოჩელის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შესაბამისად, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა კი ის ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაანახევრა, ანუ გირაოს თანხა 150 000 ლარამდე შეამცირა.
ამის მიუხედავადაც, ადვოკატი ბ-ნი გაბაიძე საზოგადოებას შესჩივის, რომ ბ-ნი ჩოჩელი გადახდისუუნაროა. შესჩივის, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და ბ-ნი გაბაიძეც, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და ადვოკატი სევდიანად შენიშნავს, „იძულებულნი ვართ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ.“
თუმცა სხვის ჯიბეში ხელის ფათური ერთობ უკადრისი საქციელია, ვინაიდან საქმე ნაჩინოვნიკარს ეხება, არ დავიზარე და ბ-ნი ჩოჩელის ქონებრივ დეკლარაციებს შევავლე თვალი (იმის გასარკვევადაც, რამდენად გულწრფელია ადვოკატის კაეშნიანობა).
შევავლე და შთაბეჭდილებებს თქვენც გაგიზიარებთ: ასე, მაგალითად, 2008 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს ნაღდი ფულის სახით 300 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი – 20 000 აშშ დოლარი, 2009 წელს ბ-ნი ჩოჩელი, ნაღდ ფულად, 200 000 აშშ დოლარის ამარა იყო დარჩენილი, მისი მეუღლე, სულ რაღაც, 10 000-ისა. 2010 წელს ხელში 220 000 აშშ დოლარი ეჭირა, მის მეუღლეს – 7 000. 2011-ში გუბერნატორს 205 000 ლარი ჰქონდა, მის მეორე ნახევარს შეუდარებლად ცოტა – 8 000 ლარი.
2012 წლის დეკლარაციის თანახმად კი, გუბერნატორი ნაღდ ფულად 170 000 ლარსა და 50 000 აშშ დოლარს ფლობდა, მისი მეუღლე – 30 000 აშშ დოლარს (აღარ დავწვრილმანდები ჩოჩელების კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალით, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია).
ამ ჯიუტი ციფრების გათვალისწინებით კი, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნი გაბაიძე აინშტაინის თავგადაკლული გულშემატკივარია და მტკიცედ სწამს, რომ ყველაფერი შეფარდებითია (მაშინაც კი, როცა საქმე 150-ლარიანი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნის გუბერნატორს ეხება)!