გამოჰუმანურებულები
„ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ“
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაინცდამაინც, დიდი ჰუმანურობით ვერ გამოვირჩევით და იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც საპატიმროებში ხდებოდა, სავსებით ბუნებრივია, რომ დიდად გულს ვერც ამ ამბით გაგიხეთქავთ. თუმცა, როგორც უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ არანაკლებ უბედურია ამ ქვეყნის ოთხფეხათა ცხოვრება.
რაკი ამ ჩვენი კანონმდებლობით (სხვათა შორის, იმიტომ რომ დასავლელმა პარტნიორებმა დაგვაძალეს), მაწანწალა ძაღლები და კატები დაცულები არიან, მათ აღარ ხოცავენ და აცრებსაც უტარებენ (ყოველ შემთხვევაში, უნდა უტარებდნენ) და სტერილიზაციასაც (რომ მათნაირი უბედური და მშიერი ოთხფეხების ამქვეყნად მოვლინება აღიკვეთოს).
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქმე მთლად ასე უღრუბლოდაც ვერ ყოფილა: „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერიის მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთ მაწანწალა ძაღლს სტერილიზაცია გაუტკივარების გარეშე გაუკეთეს და ასე იარაგახსნილები ისევ იქ დააბრუნეს, საიდანაც წაიყვანეს.
ჩვენ არ ვიცით, რამ გაასადისტა თვით ვეტერინარებიც კი, თუმცა, თუ ციხის ისტორიებს გავიხსენებთ, შესაძლოა, მოვლენები, სწორედაც რომ, ლოგიკურად ვითარდება (თუმცაღა მეცხრამეტე საუკუნის ქართული რეალობის ლოგიკით): „შენ პირუტყვი ხარ და მე, მეტყველი, ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება“, ოღონდ ისიცაა, რომ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია ვერც საქართველოს ორფეხა და ვერც ოთხფეხა ბინადრებისთვის!