სიუჟეტშეძრულები
„გლოვის საათია“
იმ მარტივი მიზეზით, რომ ლამის ერთადერთ ოპოზიციადაა დარჩენილი, ერთადერთად, ვინაიდან მხოლოდ მას აქვს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების საშუალება (როგორც მმართველი კოალიცია განმარტავს, საპარლამენტო ხმები აქვთ და იმიტომო), სავსებით ბუნებრივია, რომ ყველაზე აქტიურად აჭარაში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის დაღუპვას ყველაზე აღშფოთებით სწორედ „ნაცმოძრაობა“ გამოეხმაურა.
იმდენად გულთან ახლოს მიიტანა მომხდარი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის ფერადგუმბათიან სასახლეზე დროშაც კი დაუშვა გლოვის ნიშნად (იმის დასტურადაც, რომ გმობს ამჟამინდელი ხელისუფლების გულგრილობას).
გასაკვირი ამ ჟესტში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ, რაზეც ერთ დროს სკოლაში გვასწავლიდნენ: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“. სახელდობრ, ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გამოაქვეყნა „იუნისეფმა“ კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც, ირკვევა, რომ საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (დღეში, დაახლოებით, 2 ლარამდე მოიხმარს). ფარდობითი სიღარიბით კი 205 ათასი ბავშვის ცხოვრებაა დამძიმებული.
საერთო ჯამში, ჩვენი 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის 35 პროცენტი ღარიბ-ღატაკია (ესე იგი, მშიერიც და ჯანმრთელობაშერყეულიც).
უფრო მეტიც, იმავე კვლევით, დადგენილია, რომ საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800 ბავშვი იღუპება (მათგან სამასის დაღუპვის მიზეზი კი კვების დეფიციტია). ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ, ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპის 44 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა.
როგორც მოგახსენეთ, ხსენებული მონაცემები 2012 წლის ივლისში გამოქვეყნდა, თუმცა ქართულ საერთო მაუწყებლებს კამერაც არ შეუბერტყავთ (ან კი როგორ შეიბერტყავდნენ, როდესაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ქვეყანაში გაჩაღებული აღმშენებლობის პროცესის გაშუქებით ოფლი მიკროფონებიდან შადრევნებად ასხამდათ) და, მაინცდამაინც, არც დაშვებული დროშები მოგვხვედრია თვალში. ხოლო, რაკი ვითარება შეცვლილია (ანუ დროშაც დაშვებული და საერთო მაუწყებლებიც ერთი წლის ბავშვის დაღუპვის გამო სიუჟეტშეძრულნი ბრძანდებიან), სულ მცირე, უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუ ერთ მხარეს „ბოლო აკვირვებს“, ისინიც არანაკლებ ხალხურად იგულიანებენ თავს: „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“.