რჩევანატყორცნები
და ასპირანტობას დაჯერებულები
თუმცა ამთავითვე აშკარაა, რომ ვილნიუსის სამიტზე კრამიტებს არათუ ევროკავშირულად, ჩვენებურადაც ვერ ავუტეხავთ რაკარუკს, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის (ან კი როგორ შეუშლის) ქვეყნის ამაგდარ პირველ პირს, რჩევა-რჩევაზე მისცეს ახალ და ჯერ კვლავაც ნორჩ ამ ჩვენს მთავრობას (სინორჩეში, ბუნებრივია, დანიშვნიდან ხუთთვიანობას ვგულისხმობ).
ერთ-ერთი ბოლო რჩევა პოლიტიკურ ოპონენტებს ბ-ნმა სააკაშვილმა თავისუფალი მასმედიის მიმართულებით სტყორცნა. კერძოდ, ბრძანა: „მთავრობა რაც ნაკლებად ჩაერევა ტელევიზიების მუშაობაში, მით უკეთესი“.
მეტიც, პირველი პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობითაც ფრიად კმაყოფილია (რატომ არ იქნება, როდესაც ამ არხის საინფორმაციო საბჭოთა „მოამბის“ პათოსს ვერა და ვერ გასცდა) და მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს: „მთავრობა, თუ ახლოს არ გაეკარება რომელიმე ტელევიზიის მუშაობას, ეს არის კარგი (მარტო მე უნდა გავეკაროო?!). ჩვენ ასეთ თემებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ საქართველოს უდგება საკითხი, მივიღებთ თუ არა ასოცირებულ შეთანხმებას ვილნიუსის სამიტზე“.
შესაბამისად, კვლავაც პირველი პირი ასკვნის, რომ, „თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო, შემდეგ მატარებელზე ლოდინი მოგვიწევს ძალიან დიდხანს (არადა, ხომ ზუსტად იცის, რომ ვილნიუსის სამიტზე არავინაც არაფერს არ მოგვცემს?!).“
იცის თუ ვერ ხვდება, მთელ ამ საპრეზიდენტო შეგონებაში მთავარი მაინც ლაიტმოტივია (ხელები შორს მედიისგან!), ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართული საერთო მაუწყებლებისა და ქართული ხელისუფლების კავშირი ერთობ ცოდვიანი იყო (საერთო მაუწყებლების ჟურნალისტები გულში დამეთანხმებიან, ვინაიდან არაერთი სიუჟეტი მოუმზადებიათ, მხოლოდ დირექტივებს ვინ ჩივის, მინისტრებთან დუეტში), ბ-ნ სააკაშვილს თავად რომ ესარგებლა ამ შეგონებით, თუ მთლად ევროკავშირში ვერა, „ნატოს“ ასპირანტობას ხომ უკვე გაცდენილი ვიქნებოდით?!