მკვდარი ვერსია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-12(638)
ცენტრალურ ოფისში სტუმრობამდე ნიკამ საგულდაგულოდ შეისწავლა „ინტელგრუპჯორჯიასთან” დაკავშირებული მონაცემები. ოფიციალურად ის იყო პანამაში დაფუძნებული „ინტელგრუპპანამის” შვილობილი კომპანია. მის მფლობელად ითვლებოდა პანამის მოქალაქე ლუის მიგელ სუარესი. პანამურ კომპანიას „ინტელგრუპჯორჯიის” ანალოგიური შვილობილი კომპანიები ასევე დაფუძნებული ჰქონდა უკრაინასა და ყაზახეთში. კომპანია ძირითადად მსხვილი ობიექტების მშენებლობით იყო დაკავებული. საქართველოში. ის აშენებდა ორ საცხოვრებელ კორპუსსა და გასართობ ცენტრს, მაგრამ, ამ მონაცემებით სუარესის ქართველი პარტნიორების დადგენა შეუძლებელი იყო. ოფიციალურად ქართულ „ინტელგრუპჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, ვინმე მერაბ ინწკირველი ხელმძღვანელობდა. ზურაბმა ნიკას მის შესახებაც მიაწოდა გარკვეული მონაცემები. ინწკირველი ასაკით 53 წლის იყო, ცხოვრობდა თბილისში. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. „ინტელგრუპჯორჯიის” აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე ის სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. ნასამართლევი არ იყო და არც კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირებზე არსებობდა რაიმე მონაცემები.
კომპანიის მთავარი ოფისი უცნაურად ეჩვენა. კარგად მოწყობილ შენობაში არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ აქ მუშაობდნენ. არ ისმოდა ოფისებისთვის დამახასიათებელი ხმაური. დერეფნებში არ მიდი-მოდიოდნენ თანამშრომლები. ნიკამ მხოლოდ სამი ქალბატონი შენიშნა, რომლებსაც ყავის ფინჯანთან გაჰყავდათ დრო. ვიდრე ის ქალებს ათვალიერებდა, დერეფანში ტანდაბალი, საფეთქლებშეჭაღარავებული მამაკაცი გამოჩნდა. ის სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა, მის პირისპირ შედგა და ჰკითხა:
– ნიკოლოზ გურული ბრძანდებით?
– დიახ, – უპასუხა ნიკამ.
– მე მერაბ ინწკირველი ვარ, აღმასრულებელი დირექტორი. წამობრძანდით, – თქვა მან და კაბინეტის კარს მიუბრუნდა.
სამუშაო კაბინეტი კომფორტულად იყო მოწყობილი. იქ იდგა სათათბირო მაგიდა, კუთხეს კი დივანი, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა იკავებდა. ერთ-ერთი კედლის გასწვრივ საცხოვრებელი კომპლექსის მოზრდილი მაკეტი იდგა. კედლებზე სხვადასხვა დანიშნულების შენობების პროექტების გრაფიკული გამოსახულებები ეკიდა.
მერაბმა სტუმარს დაჯდომა შესთავაზა, თავად მის პირისპირ მოეწყო და ლაპარაკი განაგრძო:
– რა საკითხზე გსურდათ ჩემთან საუბარი?
– რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ, – უპასუხა ნიკამ.
– გისმენთ, – ინწკირველი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.
– რა ურთიერთობა გქონდათ ანდრო სირაძესთან? – ჰკითხა ნიკამ.
– ვისთან?
– ანდრო სირაძესთან, – გაიმეორა ნიკამ.
– ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ, – მშვიდად უპასუხა ინწკირველმა.
– უცნაურია. ჩანს, ძალიან ბევრი აქციონერი გყავთ, იმდენად ბევრი, რომ არც კი იცნობთ პიროვნებას, რომელმაც თქვენს კომპანიაში რვაასი ათასი ლარი ჩადო! – ირონიით შენიშნა ნიკამ.
– უკაცრავად, მაგრამ კიდევ ერთხელ ამიხსენით ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა ინწკირველმა.
– მე კერძო დეტექტივი ვარ. ეს ჩემი პირადობის მოწმობაა, ეს კი ხელშეკრულება, რომელიც მე სირაძის მეუღლესთან მაქვს დადებული, – თქვა ნიკამ და საბუთები გაუწოდა.
ინწკირველმა ყურადღებით დაათვალიერა პირადობის მოწმობა და ხელშეკრულება, შემდეგ კი უთხრა:
– გასაგებია... კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
– დაახლოებით ექვსი თვის წინ ანდრო სირაძემ თქვენს კომპანიაში რვაასი ათასი ლარი ჩადო. მე მაინტერესებს ხელშეკრულების დადების თარიღი და პირობები, – თქვა ნიკამ.
– თვითონ რატომ არ მობრძანდა? – ჰკითხა ინწკირველმა.
– ანდრო სირაძე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ახლა მის კაპიტალდაბანდებებში გარკვევას ცდილობს.
– სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. მე ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ყველა არც კი მახსოვს. ხელშეკრულებას კი ვერ გიჩვენებთ, ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა, – უპასუხა ინწკირველმა.
– ხელშეკრულების ჩვენება მაინც მოგიწევთ! – ცივად თქვა ნიკამ.
– მართლა?! – ირონიით უპასუხა ინწკირველმა, – მაინც როგორ მაიძულებთ?
– ძალიან მარტივად – სასამართლოს მივმართავ.
– სასამართლო ვერ დამავალდებულებს, გაგაცნოთ ხელშეკრულება, მით უმეტეს – კერძო დეტექტივის მოთხოვნით. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
– ახლა ჩემს ნაცვლად ანდრო სირაძის მეუღლეს რომ ესაუბრებოდეთ, როგორ მოიქცეოდით?
– თუ ის გარდაცვლილის მემკვიდრედაა აღიარებული, პრობლემა არ შეექმნებოდა.
– ის მემკვიდრედაა აღიარებული, მე კი მის ინტერესებს ვიცავ. ასე რომ... – აღარ დაასრულა ნიკამ.
– ერთი რამ ამიხსენით: კომპანიისგან რატომ ითხოვთ ხელშეკრულებას? პირს, რომლის ინტერესებსაც იცავთ, მემკვიდრედ აღიარებისთანავე უნდა გადასცემოდა გარდაცვლილის დოკუმენტაცია.
– მართალი ბრძანდებით, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ოჯახის წევრებმა დოკუმენტების ნაწილს ვერ მიაგნეს, – უპასუხა ნიკამ, – მეუღლე თითქმის არ ერეოდა გარდაცვლილის ბიზნესსაქმიანობაში და ზუსტად ისიც კი არ იცოდა, რა პირობებით დააბანდა ანდრო სირაძემ ფული.
– მე მართლაც არ მახსოვს ეს პიროვნება, მაგრამ, ჩვენს იურიდიულ სამსახურში ყველა აქციონერია აღრიცხული, – ამ სიტყვებთან ერთად ინწკირველი ტელეფონს გადაწვდა, დარეკა და თანამოსაუბრეს უთხრა: შენთან საქმე მაქვს, ახლავე შემოდი ჩემთან.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო. ნიკამ უკან გაიხედა და გაოცებული გაშეშდა – შემოსასვლელში მისი ძველი ნაცნობი, დოდო კასრაძე იდგა.
დოდო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, ოღონდ, ის ნიკაზე ერთი წლით ადრე ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ტანმაღალი, ქერა, ლურჯთვალება და უნაკლო სახის მქონე გოგონა, დოდო ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ფაკულტეტის ბიჭების უმრავლესობა თავდავიწყებით იყო მასზე შეყვარებული, მაგრამ, მიმზიდველი გარეგნობა დოდოს ერთადერთი დადებითი მხარე იყო – ამ სილამაზის უკან ამპარტავანი, თავნება და ავადმყოფურად პრაგმატული ქალი იმალებოდა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ის თბილ, გულუბრყვილო და სუსტ გოგონად მოგაჩვენებდათ თავს, ან, სწავლას მოწყურებულ, მორცხვ სტუდენტად გარდაიქმნებოდა, რომელიც კონსპექტებით ხელში მიიჩქაროდა აუდიტორიისკენ. წუთის შემდეგ კი ანჩხლ დედაკაცად შეეძლო ქცევა, რომელიც არნახული კივილითა და თვალების ბრიალით მოითხოვდა მისი ყველა სურვილის შესრულებას. ერთი ხანობა ნიკაც მისი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ, დოდოს უკეთ გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ მასთან ახლო ურთიერთობა უსიამოვნების მეტს არაფერს მოუტანდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დოდო რამდენიმე წელი გამომძიებლად მუშაობდა, შემდეგ პროკურატურის ცენტრალურ აპარატში გადაინაცვლა; გარკვეული პერიოდის მერე კი ხელმძღვანელობას წაეჩხუბა და სამსახური დატოვა. რას საქმიანობდა ამჟამად, ნიკასთვის უცნობი იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.
– ნიკა?! – გაკვირვებულმა შემოხედა დოდომ, – რას აკეთებ აქ?
– შენ? – ჰკითხა ნიკამ.
– მე აქ ვმუშაობ, კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი ვარ.
– ჰოდა, მეც სამუშაომ მომიყვანა აქ, – გაიცინა ნიკამ.
– გამოდის, რომ ერთმანეთს იცნობთ, – ჩაურთო ინწკირველმა, – დოდო, ბატონ ნიკოლოზს ჩვენს კომპანიონთან, ანდრო სირაძესთან დადებული ხელშეკრულება აინტერესებს, დაეხმარე, თუ შეიძლება.
* * *
დოდომ ნიკას მოსმენაც არ ისურვა. შუბლშეკრულმა გააფრთხილა: ვიდრე ყავას არ დაგალევინებ, საქმეზე სიტყვის თქმა არ გაბედო, თორემ, აღარასოდეს გაგცემ ხმასო!.. შემდეგ კი ლამის ძალით დასვა დივანზე, მაგიდაზე ხილი, ტკბილეული და შამპანური დააწყო და ყავის მომზადებას შეუდგა.
– აკი ყავასო? – შამპანურის ბოთლს გახედა ნიკამ.
– რა მოხდა, მანქანით ხარ? – სერიოზული სახით ჰკითხა დოდომ.
– ჰო.
– ოფისში წინ ფაეტონი ნახე?
– რაა?! – დაიბნა ნიკა.
– მეც მანქანით ვარ. ერთი დაჯარიმებით არ დავიქცევით. ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ქვეყნის ბიუჯეტი, – დოდო ყავის ფინჯნებით დაბრუნდა მაგიდასთან, ჩამოჯდა და ნიკას სახეში მიაშტერდა, – საერთოდ არ შეცვლილხარ, ბიჭო!
– სამაგიეროდ, შენ შეიცვალე!
– ძალიან?
– უფრო ლამაზი გახდი, – უპასუხა ნიკამ.
– გმადლობთ, – დოდომ ყავა მოსვა და ლაპარაკი განაგრძო, – ასე როგორ შეიძლება, ბიჭო. ერთხელ არ უნდა მომიკითხო? ბოლოს და ბოლოს ზარმაცებისთვის ტელეფონი და ინტერნეტი არსებობს. ორი წელია, არ გაგხსენებივარ!.. ნაწყენი ხომ არ ხარ ჩემზე?!
– სამუშაო, დოდო! ხომ იცი, ერთხელ თუ ჩაგითრია, თავს ვეღარ გაანებებ.
– ჰო... შენ ხომ ფანატიკოსი მანიაკი ხარ. უნივერსიტეტში სწავლას აკლავდი თავს, ახლა – სამუშაოს. მაგრამ, დროდადრო მაინც უნდა გაიხედო გვერდზე – იქნებ, რამე საინტერესო შეამჩნიო.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ნიკამ.
– ჩანს, ტყუილი მითხრეს შენზე – კარგი გამომძიებელიაო, – გაიცინა დოდომ.
ნიკამ ყურადღებით შეათვალიერა და შემდეგ მარცხენა ხელზე მიანიშნა.
– ქორწინების ბეჭედი?
– რომელიც შენც არ გიკეთია... არ დაქორწინებულხარ თუ ბეჭედს „ვარიანტის” ჩაშლა შეუძლია? – თვალი ჩაუკრა დოდომ.
– არ დავქორწინებულვარ, – უპასუხა ნიკამ.
– რატომ?.. ამ ქალაქში არავინ გამოჩნდა შენი მოსაწონი? – გაიცინა დოდომ, – რა გემართება, მე გავხსნა შამპანური?
ნიკამ ბოთლი გახსნა და შამპანური ჭიქებში ჩამოასხა.
– მოდი, ჩვენს მოულოდნელ შეხვედრას გაუმარჯოს, – დოდომ ხელის მოხდენილი მოძრაობით ასწია ჭიქა და შამპანური მოსვა.
შამპანური დალია ნიკამაც და ლაპარაკი განაგრძო:
– შენზე მითხარი რამე. რატომ წამოხვედი პროკურატურიდან?
– თავი მომაბეზრა ფობიებით შეპყრობილი, მუდამ დაღვრემილი და ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანების საზოგადოებამ. ბიზნესსტრუქტურაში უკეთ ვგრძნობ თავს: სამუშაო ბევრი არ მაქვს, ხელფასი და თავისუფალი დრო კი მეტია.
– ოფისით თუ ვიმსჯელებთ მართლაც ბევრი თავისუფალი დრო გექნება, – შენიშნა ნიკამ.
– ჰო... კომპანიას გარკვეული სირთულეები შეექმნა. მცირე კრიზისია, მაგრამ, არა უშავს, მალე აღვიდგენთ ჩვეულ ფორმას, – უპასუხა დოდომ.
– აქ მოსვლამდე თქვენი დიღმის ობიექტი დავათვალიერე. მშენებლობა შეჩერებულია... რატომ?
– ისევ საქმეზე გადაუხვიე? – დოდო ჭიქას წაეტანა.
– არა, საქმემდე ჯერ არ მივსულვარ... – ნიკამ ჭიქა ასწია და დაამატა – ამით, შენი თამადობით ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოს!
– ტყუილი და პირფერობა არასდროს გახასიათებდა, მაგრამ, მაინც უნდა გკითხო: მართლა ასე ფიქრობ?
– სიმართლე გითხრა?
– თავისთავად.
– გასაგიჟებელი ქალი ხარ. მიკვირს აქამდე რომ არ მოგიტაცეს! – გულწრფელად უპასუხა ნიკამ.
– ეგ არც ისე იოლია! – გაუღიმა დოდომ.
– ვერც სხვანაირად დაიმსახურეს შენი ყურადღება? – განაგრძო ნიკამ.
– ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ვისაც მოვწონვარ, მე არ მომწონს და, ვინც მომწონს, ის საერთოდ ვერ მამჩნევს. რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ ძალიან ახლოს ვიყავი ოჯახის შექმნასთან, მაგრამ... ბოლოს გამბედაობა არ მყოფნიდა, უფრო სწორად, შეცდომის დაშვება არ მინდოდა და უკან ვიხევდი. თუმცა, არ ვნანობ, რადგან, მოგვიანებით ვხვდებოდი, რომ სწორად მოვიქეცი... კარგი, რა, ნიკა. საერთოდ გამიფუჭე ხასიათი. ამას ჯობდა, საქმეზე გველაპარაკა!
– ვილაპარაკოთ.
– კარგი... მაინც, რით დავიმსახურეთ შენი ყურადღება? – ჰკითხა დოდომ.
ნიკამ ორიოდ სიტყვით აუხსნა, რისთვისაც იყო მოსული „ინტელგრუპჯორჯიას” ოფისში.
– ესე იგი, ანდრო სირაძე მოკლეს?! – გულისტკივილით ჩაილაპარაკა დოდომ, – მახსოვს... საკმაოდ სიმპათიური ადამიანი იყო. ახლავე მოგინახავ ხელშეკრულებას.
ორიოდ წუთში დოდო სქელი საქაღალდით დაბრუნდა მაგიდასთან და ნიკას ხელშეკრულება გაუწოდა.
ხელშეკრულების თანახმად, ანდრო სირაძე რვაასი ათას ლარს აბანდებდა კომპანიაში. თავის მხრივ კი „ინტელგრუპჯორჯია” ვალდებულებას იღებდა, რომ საცხოვრებელი და სპორტულ გასართობი კომპლექსის აშენების შემდეგ მას კერძო საკუთრებაში გადასცემდა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის სრული ფართის ოცდაათ პროცენტს, რომელიც საოფისე სათავსოების მოსაწყობად იყო გამიზნული. გარდა, ამისა მასვე გადაეცემოდა კორპუსის ორი სართული, საერთო ფართობით ხუთასი კვადრატული მეტრი.
– აქ მითითებული არაა მშენებლობის დასრულების თარიღი, – დოდოს მიუბრუნდა ნიკა.
– ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საუბარი ერთ შენობაზე რომ იყოს, თარიღი აუცილებლად იქნებოდა მითითებული, მთელი კომპლექსის მშენებლობის ვადის განსაზღვრა კი ძალიან ძნელია.
– მაგრამ კომპანიას რამემ თუ შეუშალა ხელი და საერთოდ ვერ ააშენა კომპლექსი, აქციონერს იურიდიულად პრეტენზიის წაყენების საშუალება არ ექნება, – შენიშნა ნიკამ.
– რა უცებ წყვეტ! – გაეცინა დოდოს, – ეს უბნის ბირჟაზე ძველი ბიჭების ბაზარი კი არ არის, კომპანია განსაკუთრებით უფრთხილდება თავის ავტორიტეტს – სხვანაირად ბაზარზე დამკვიდრება შეუძლებელია. ნებისმიერი კაპიტალდაბანდება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. შეფერხება ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ, კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, – უპასუხა დოდომ.
– მე მოვინახულე კომპლექსის სამშენებლო მოედანი. იქ საძირკველიც კი არ არის გაჭრილი, არადა, გარკვეულ პიროვნებებს კომპლექსის მშენებლობაში მსხვილი თანხები აქვთ ჩადებული.
– ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა.
– შეგიძლია, ამიხსნა? – სთხოვა ნიკამ.
– რა თქმა უნდა. კომპანია კორპორაციის პრინციპზეა აგებული. ჩვენ არ განვიხილავთ ერთ მშენებლობას ცალკე აღებულს. ჩვენთან დაბანდებული ფული ერთ კონკრეტულ მშენებლობას არ ხმარდება – ყველა თანხა ერთად იყრის თავს და შემდეგ ყველა ობიექტზე ნაწილდება. ამჟამად ჩვენ ერთად ვაშენებთ რამდენიმე ობიექტს – ორ საცხოვრებელ კორპუსსა და გასართობ ცენტრს. კომპანიას მცირე ფინანსური კრიზისი შეექმნა – ბაზრისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოიმატა სამშენებლო მასალების ფასებმა და, ამავდროულად, ფართებზე იკლო მოთხოვნილებამ. ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. რა უფრო უკეთესი იქნებოდა: ბალანსზე ორი დაუმთავრებელი ობიექტის ქონა თუ ერთის დამთავრება და რეალიზაციის დაწყება?! ამიტომაც, მთელი სახსრები მშენებარე კორპუსების დასამთავრებლად მიმართეს. მალე იმ ობიექტების მშენებლობა დასრულდება და ფართების რეალიზაციიდან ამოღებულ თანხებს კომპლექსის მშენებლობაზე გადაისვრიან. გასაგებად გიხსნი? – ჰკითხა დოდომ.
– სავსებით... რა მექანიზმით შეიძლება ხელშეკრულების გაწყვეტა და დაბანდებული ფულის უკან დაბრუნება? – განაგრძო ნიკამ, – ხელშეკრულებაში ამაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი.
– ოო... ეს შეუძლებელია. საქმეში ჩადებული თანხის გატანა შესაძლებელი რომ იყოს, შესაბამისი მექანიზმი ხელშეკრულებაში იქნებოდა აღწერილი, – უპასუხა დოდომ, – სირაძის მეუღლეს აქვს ასეთი სურვილი?
– ჰო.
– სამწუხაროდ, არაფერი გამოუვა. რა თქმა უნდა, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ, წინასწარ გეტყვი, რომ ვერაფერს მიაღწევს. თანხის უკან მიღება თუ უნდა, ურჩიე, წილი გაყიდოს. მართალია, იმდენს არ გადაუხდიან, მაგრამ, ფულის უდიდეს ნაწილს მაინც ამოიღებს.
– ვინ იყიდის აქტივს, რომლის მშენებლობა არც კი დაწყებულა?
– ჩვენი აქციები საკმაოდ პოპულარულია. შეიძლება, დრო დასჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაიყიდება.
– შეგიძლია, მითხრა, კონკრეტულად ვინ განაგებს კომპანიას?
– ვინ განაგებს?! – გაიკვირვა დოდომ – შენ ხომ ცოტა ხნის წინ მის კაბინეტში იჯექი!
– კარგი, რა, დოდო!.. ორივემ კარგად ვიცით, რომ ინწკირველი დაქირავებული მმართველია! – თქვა ნიკამ, – მე რეალური მფლობელი მაინტერესებს.
– სათავო კომპანიის პრეზიდენტი პანამის მოქალაქე ლუის მიგელ სუარესია. მას თავისი წარმომადგენელი ჰყავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ის კიევში იმყოფება და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, რაც ერთ ან ორ თვეში რამდენჯერმე ხდება. ისე კი, კომპანიის მთელ საქმიანობას ინწკირველი განაგებს, – უპასუხა დოდომ.
– მე კიდევ ერთი პიროვნების შესახებ მჭირდება ინფორმაცია.
– ვის შესახებ?
– თქვენ კიდევ ერთი აქციონერი გყავდათ – ალექსანდრე ნინუა.
– მახსოვს... საშინელი ტრაგედია იყო – საკუთარი სახლის წინ მოკლეს.
– შეგიძლია მასთან დადებული ხელშეკრულება მაჩვენო? – ჰკითხა ნიკამ.
– შენ რა, მისმა ოჯახმაც დაგიქირავა?! – გაუკვირდა დოდოს.
– არა, მაგრამ, ის გარკვეულწილად უკავშირდება ჩემი დამქირავებლის საქმეს – ორივე მკვლელობაში ერთი და იგივე პიროვნება იყო ეჭვმიტანილი.
– იყო თუ არის?
– იყო... – უპასუხა ნიკამ, – იმ პოროვნებამ თავი მოიკლა. მაჩვენებ მის ხელშეკრულებას?
– საერთოდ, ეს კომპანიის შიდა წესდების დარღვევაა, მაგრამ, შეგიძლია, მომისყიდო, – გაუღიმა დოდომ.
– რა გავაკეთო ამისთვის? – ჰკითხა ნიკამ.
– დღეს ხუთშაბათია... შაბათს საღამოს სადმე დამპატიჟე, სად – შენ თვითონ გადაწყვიტე.
– მოსულა.
– ვიდრე ხელშეკრულებას მოვძებნი, შამპანური დაასხი, – უპასუხა დოდომ და თაროს მიაშურა, რომელზეც საქაღალდეები ელაგა.
* * *
ნიკა და ზურაბი ერთად მივიდნენ ნინუების ბინაში. ოფიციალურად ზურაბს ამის უფლება არ ჰქონდა – სისხლის სამართლის საქმე უკვე დახურული იყო და მას აღარ შეეძლო ნინუას ოჯახის წევრების დაკითხვა.
კარი შუახნის სანდომიანმა ქალმა გააღო. მან ყურადღებით შეათვალიერა სტუმრები და შემდეგ ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. მე კერძო დეტექტივი ვარ, – თქვა ნიკამ და პირადობის მოწმობა გაუწოდა ქალს, – სოსო ნინუასთან მსურს გასაუბრება.
– რისთვის? – დაიძაბა ქალი.
– ჩვენ ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ და სოსოს დახმარებით რამდენიმე საკითხის გარკვევა გვსურს.
– ჩვენ ყველაფერი ვუთხარით გამომძიებელს და ვეღარაფერს დავამატებთ!.. წაბრძანდით აქედან! – ცივად თქვა ქალმა და კარის დაკეტვა დააპირა. ნიკამ ხელით შეაკავა კარი:
– გთხოვთ, მომისმინოთ...
– თავი გაგვანებეთ! – ქალი მთელი ძალით მიაწვა კარს.
– დედა!.. – მოულოდნელად გაისმა დერეფანში.
ქალმა კარს ხელი გაუშვა და ერთ-ერთ ოთახში მიიმალა. ზურას და ნიკას კი 25-27 წლის მამაკაცი მიუახლოვდა.
– ნუ გეწყინებათ. ჩვენ ძალიან დაგვღალა ამ ამბავმა. დედა განსაკუთრებით ღიზიანდება, როდესაც სახლშიც არ გვაძლევენ მოსვენებას. შემობრძანდით, – თქვა მან.
ორიოდ წუთში საუბარი სასტუმრო ოთახში გაგრძელდა.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურამ უკვე დახურა ეს საქმე, – თქვა სოსომ.
– მართალია, საქმე დაიხურა, – დაუდასტურა ნიკამ.
– მაშ, რაღას იძიებთ?
– ჩვენ სხვა მკვლელობაზე ვმუშაობთ.
– თქვენ გაცნობეს, რომ თქვენი მამის მკვლელობა ვაჟა ვერულიძემ ჩაიდინა? – ჩაურთო ზურაბმა.
– დიახ. გამომძიებელმა ისიც მითხრა, რომ ვერულიძე ვინმე სირაძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. თქვენ ამ საქმეს იძიებთ? – იკითხა სოსომ.
– გამომძიებელმა გითხრათ?! – გაოცებით უთხრა ზურაბმა. მისთვის არაფერი იყო ცნობილი ამის შესახებ. რუხაძემ ისე დახურა საქმე, რომ მან ნინუების ოჯახში მისვლა ვერ მოასწრო, – რომელმა გამომძიებელმა?
– თუ არ ვცდები, პროკურატურის გამომძიებელი იყო... რეზო ფიფია.
– როდის იყო მოსული?
– წინა სამშაბათს.
– ნაბიჭვარი! – უნებურად წამოსცდა ზურაბს. ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც ის რუხაძეს შეხვდა. ფიფია იმ შეხვედრას არ ესწრებოდა. გამოდიოდა რომ, ვიდრე ზურაბი ზედამხედველ პროკურორთან იმყოფებოდა, ის სოსო ნინუას კითხავდა, მისი ჩვენება კი საქმეში დახურვის შემდეგ ჩაიდო და ზურაბმა არაფერი იცოდა ამის შესახებ.
– ჩვენ გვაქვს ნანახი თქვენი ძველი ჩვენებები. ფიფიას რამე ახალი უთხარით? – განაგრძო ნიკამ.
– არა, – თავი გააქნია სოსომ, – პრინციპში, ეს დაკითხვაც არ იყო. გამომძიებელმა მკითხა, ძველი ჩვენებებისთვის, რამის დამატება ხომ არ გსურთო. როდესაც უარი ვუთხარი, მან ძველი ჩვენება თავიდან გადაწერა, შემდეგ ხელი მომაწერინა და წავიდა.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ნიკამ, – მოდი, თავი დავანებოთ ფიფიას და მამათქვენზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული მამის ბიზნესსაქმიანობაში.
– თავისთავად. მამას სურდა, რომ გარკვეული გამოცდილება შემეძინა. ამიტომაც ყველა საქმეს ჩემი მონაწილეობით აწარმოებდა.
– თქვენ „ინტელგრუპჯორჯიასთან” გამართულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდით? – ჰკითხა ზურაბმა.
– არა... მამისთვის ეს ახალი საქმე არ იყო. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით „ინტელგრუპჯორჯიასთან”, – უპასუხა სოსომ.
– თანამშრომლობაში რას გულისხმობთ? – ჰკითხა ნიკამ.
– ჩვენ მათი ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაში ჩავდეთ ფული. მამა კმაყოფილი დარჩა მოგებით და გადაწყვიტა, მომავალშიც გაეგრძელებინა კომპანიასთან თანამშრომლობა.
– ვინ დააკავშირა მამათქვენი ამ კომპანიასთან? – განაგრძო ნიკამ.
– არავინ. ჩვენ ორი წლის წინ „ინტელგრუპჯორჯიას” პრეზენტაციას დავესწარით და ყურადღებით გავეცანით მათ პროექტებს. პირობები სავსებით მისაღები იყო და მამამ კომპანიაში ფულის ჩადება გადაწყვიტა, – უპასუხა სოსომ.
– მოდი, „ინტელგრუპჯორჯიასთან” დადებულ ბოლო ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ. თქვენ, რა თქმა უნდა, იცნობთ მის პირობებს.
– თავისთავად.
– მე გავეცანი იმ ხელშეკრულებას და, სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი. მამათქვენს ხომ არავითარი გარანტია არ ჰქონდა, რომ, თუ კომპანია მშენებლობას ვერ დაასრულებდა, ის უკან მიიღებდა თავის ფულს?!
– ჩვენ წინა ხელშეკრულებები იმავე სახით დავდეთ – ეს „ინტელგრუპჯორჯისათვის” ხელშეკრულების სტანდარტული ფორმაა.
– მაგრამ, წინა შემთხვევებში კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები შეასრულა, ამ შემთხვევაში კი მშენებლობა არც დაწყებულა, უფრო მეტიც, კომპანიაში მშენებლობის დაწყების თარიღს საერთოდ ვერ ასახელებენ, – თქვა ნიკამ, – როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა?
– ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ჯერ ჩემს იურისტთან უნდა გავიარო კონსულტაცია, – უხალისოდ უპასუხა სოსომ.
– იურისტთან ამ საკითხზე ჯერ არ გქონიათ საუბარი?! – გაუკვირდა ზურაბს.
– არა... სამწუხაროდ, სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული! – სოსომ ცივად მიანიშნა თავის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე.
– მამათქვენს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კომპანიის შეფერხებასთან? – ჰკითხა ნიკამ.
– ის გაგებით ეკიდებოდა ამას. დარწმუნებული იყო, რომ „ინტელგრუპჯორჯია” უეჭველად შეასრულებდა პირობას.
– ესე იგი, ამ საკითხზე მამათქვენი არავის დაპირისპირებია?
– არა!
– ისეთი გულუხვი იყო, რომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დავიწყება შეეძლო?!
– მე ხომ გითხარით, რომ მამას ეჭვი არ ეპარებოდა კომპანიაში!
– ჭუმბურიძეში ეპარებოდა ეჭვი?! – ცივად თქვა ზურაბმა.
– რა ბრძანეთ?! – გაოცებით გახედა სოსომ.
– არ გახსოვთ ეს პიროვნება? – განაგრძო ზურაბმა.
სოსო ნინუამ დუმილით უპასუხა.
– მაშინ, მე შეგახსენებთ: რომან ჭუმბურიძე მამათქვენის თანაშემწე იყო. მან უშუალოდ დაგეგმა ერთ-ერთი ბიზნესგარიგება, მაგრამ მამათქვენს პირობები არ მოეწონა და ჭუმბურიძეს მოლაპარაკებების შეწყვეტა უბრძანა. მიუხედავად ამისა, ჭუმბურიძემ, როგორც ნდობით აღჭურვილმა პირმა, მაინც დადო ხელშეკრულება და, საბოლოო ჯამში, მამათქვენი დაახლოებით ათი ათასი დოლარით აზარალა. ბუნებრივია, რომ მამათქვენმა ჭუმბურიძეს დააკისრა ამ თანხის ანაზღაურება, მაგრამ, მან უარი თქვა. ამას, თავისთავად, მოჰყვა საქმის გარჩევა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით!.. გახსოვთ, რა მოხდა თქვენს ოფისში?
სოსომ მზერა აარიდა.
– მამათქვენი ყველა გარიგებას გასწრებდათ და გასწრებდათ საქმის გარჩევებსაც, რადგან, ბიზნესმენს არა მხოლოდ მომგებიანი ხელშეკრულების დადება უნდა შეეძლოს, არამედ, თავისი პრინციპების დაცვასაც უნდა ახერხებდეს!.. იმ საღამოს ჭუმბურიძე საავადმყოფოში ფეხში დაჭრილი მიიყვანეს. ოფიციალურად მან განაცხადა, რომ ოფისში შემთხვევით გაუვარდა პისტოლეტი, საქმეს ცეცხლსასროლ იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის კლასიფიკაცია მიენიჭა და ჭუმბურიძე დააჯარიმეს. მაგრამ, რატომღაც, მამათქვენს მისი „შემთხვევითი” გასროლა ათი ათასი დოლარი დაუჯდა, მარტივად რომ ვთქვა, ვალზე საუბარი შეწყდა!.. გითხრა, ვინ დაუშვა მაშინ სასხლეტი?! – მკაცრი ტონით დაასრულა ზურაბმა.
– რა გინდათ ჩემგან? – ყრუდ ჩაილაპარაკა სოსომ.
– უბრალოდ, ვცდილობ, გავერკვე ამ უცნაურობაში. მამათქვენმა ათიათასდოლარიანი ზარალი არ აპატია ადამიანს, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა მასთან და ძალიან მშვიდად მოეკიდა ექვსასიათასლარიან ზარალს?!.
– რა გინდათ?! ეს ჩვენი ფულია და რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, რატომ ერევით ჩვენს საქმეში?! – ნერვიულად წამოიძახა სოსომ.
– ხმას დაუწიე და ყურადღებით მისმინე, – ცივად განაგრძო ზურაბმა, – ფული შენია და როგორც გინდა, ისე მოექეცი, ეგ ჩემი საქმე არ არის. მაგრამ, იმ ნაბიჭვრის სული, რომელმაც მამაშენი მოკლა, მე მეკუთვნის, შენ კი ჩვენ შორის დგახარ და მასთან მიახლოების საშუალებას არ მაძლევ! შენ რომ გეთქვა: მამა ნერვიულობდა... ცხარე საუბარი ჰქონდა „ინტელგრუპჯორჯიასთან,” საქმის გარჩევას უპირებდაო, დაგიჯერებდი. მაგრამ, შენ მიმტკიცებ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მამაშენი ჯილა გოიმივით ელოდა, როდის ინებებდა კომპანია მშენებლობის დაწყებას და თქვენთვის საქმეში ჩადებული თანხის დივიდენდებით დაბრუნებას!.. ასე არ იქცევა ის ადამიანი, რომელიც თავის შვილს ათი ათასი დოლარისთვის თანაშემწის დაჭრის შესაძლებლობას აძლევს!
– მამა ხომ ვერულიძემ მოკლა, რას დააკლებთ მკვდარს?! საფლავიდან ამოთხრით და საკანში გამოამწყვდევთ?!
– ვერულიძე ვერ ქაჩავს ქილერის როლზე. მაგრამ, ასეც რომ იყოს, უნდა არსებობდეს დამკვეთიც! ერთი რამ გაითვალისწინე: ის პიროვნება თავისუფალია და, ვინ იცის, იქნებ, იმ დროს, როცა შენ ლაი-ლაით გვართობ, ის ვიღაცას მომდევნო მსხვერპლზე აძლევს შეკვეთას! იმას, რასაც შენ აკეთებ, ჩვენს ენაზე დანაშაულის განუცხადებლობა და ძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა ეწოდება. ასეთი დანაშაული დიდ სასჯელს არ ითვალისწინებს, მაგრამ, პირობას გაძლევ, რომ, როდესაც ამ საქმეს გავხსნი და შენს როლს ბოლომდე გავარკვევ, უმოკლესი გზით აღმოჩნდები საბრალდებო სკამზე, შემდეგ კი იქ უმტკიცე მოსამართლეს, რომ არაფერი იცოდი! – თქვა ზურაბმა. მერე ფეხზე ადგა და ნიკას ანიშნა წავედითო.
– მოიცადეთ!.. – წამოიძახა სოსომ, როგორც კი ზურაბი წამოდგა, – თქვენ რა გგონიათ, მე არ მინდა მკვლელის დასჯა?
– ჯერჯერობით სხვა ვერაფერი შევნიშნე შენში! – ცივად თქვა ზურაბმა.
– მინდა... ძალიან მინდა, მაგრამ, მე არ მაქვს ამის საშუალება და არც იმის იმედი, რომ თქვენ შეძლებთ ჩემი ოჯახის დაცვას! – ყრუდ ჩაილაპარაკა სოსომ.
– თქვენ ვინმე გემუქრებათ? – ჰკითხა ნიკამ.
სოსომ უხმოდ დაუქნია თავი.
– თქვენი ოჯახი მხოლოდ მაშინ იქნება უსაფრთხოდ, როდესაც იმ ნაბიჭვარს საკანში გამოვკეტავთ! – თქვა ზურაბმა, – გაქვთ რამე ჩვენთვის სათქმელი?
გაგრძელება შემდეგ ნომერში