მმკვლელი ამბიცია
სებასტიან სემპსონი ამაყობდა თავისი პერსონით და ფანატიკურად იყო საკუთარ სახელზე შეყვარებული. ენით გამოუთქმელ სიამოვნებას ანიჭებდა დოკუმენტებზე ხელის მოწერა. განსაკუთრებული რუდუნებით გამოჰყავდა პირველი ასოები – ორი დიდი „S“. რამდენი რამე იმალებოდა ამ თითქოსდა უბრალო აბრევიატურის უკან! ძალიან ბევრი ივარჯიშა, რომ „სებასტიან სემპსონი“ ლამაზად და ეფექტურად ყოფილიყო გამოყვანილი. დიახ, სებასტიან სემპსონს უყვარდა საკუთარი სახელი, ისევე, როგორც საკუთარი თავი. ან, რატომ არ უნდა ჰყვარებოდა?! 55 წლის ასაკში მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც კი შეიძლებოდა მისი სოციალური სტატუსის ადამიანისთვის. ამიტომაც იყო დარწმუნებული, რომ მისთვის უნდა მიებაძათ, მით უფრო, რომ ყველაფერს თავისით მიაღწია. ბევრი დაიკვეხნიდა ასეთი წარმატებით?! ბევრს შეეძლო ბანკის უბრალო მოლარის თანამდებობიდან, მთელი კომერციული ბანკის პრეზიდენტობისთვის მიეღწია?! ეს ნახტომი მის სფეროში მწვერვალის დაპყრობას უდრიდა. მართალია, ამ გზაზე ვიღაც-ვიღაცეებს წინ გადაურბინა, მაგრამ, ეს ხომ არ იყო მთავარი? ბოლოს და ბოლოს, მიზანი და შედეგი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. სებასტიან სემპსონს მიაჩნდა, რომ, შესაძლოა, ვიღაცეებს არც ჰყვარებოდათ – ბანკის თანამშრომლებს შორის, რა თქმა უნდა, მაგრამ, ამაზე ნაკლებად დარდობდა. მიღწეული თანამდებობით მისი პატივმოყვარეობა სრულად იყო დაკმაყოფილებული, ამბიციაც – რეალიზებული. ო, როგორი ნეტარება იყო საკუთარი ხელმოწერის მზერა... იმ საღამოს კი განსაკუთრებით კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. ბანკისთვის მეტად მომგებიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამიტომ, გადაწყვიტა, ეს მოვლენა თეატრში წასვლით აღენიშნა, თან, ცოტა გაესეირნა. გადაწყვეტილების შესახებ თავის მოადგილეს, ვიცე-პრეზიდენტს ამცნო – აქაოდა, უნდა იცოდე, შენი პრეზიდენტი კულტურული ღონისძიებებითაც არის დაკავებული და თავის ინტელექტუალურ დონეს იმაღლებსო.
– მანქანა გამოვიძახო? – ჰკითხა ვიცე-პრეზიდენტმა.
– არა, დღეს ფეხით გავივლი. მეტროში ჩავალ, თან აფიშებს დავათვალიერებ, – სებასტიან სემპსონმა თავისი ძვირფასი კალამი პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო და კაბინეტის კარი მოხურა. ოქროსფერი ფირფიტაც პომპეზურად იუწყებოდა კაბინეტის მფლობელის ვინაობას.
– არა, მიზანი ყოველთვის გაამართლებს საშუალებას, – ჩაილაპარაკა სიამაყით.
– რა ბრძანეთ? – ჰკითხა ვიცე-პრეზიდენტმა.
– არაფერი, ეს ისე... ხვალ შევხვდებით. არავინ დააგვიანოს...
სემპსონი აფიშის წინ იდგა და ათვალიერებდა. უცებ ძალიან მოუნდა, კიდევ ერთხელ დაეწერა თავისი სახელი. ბევრი არ უფიქრია, კალამი ამოიღო და აფიშის კუთხეს მსხვილად მიაწერა: „სებასტიან სემპსონი.“ მერე გარშემო მიმოიხედა. სხვა მგზავრები მშვიდად იდგნენ და მატარებელს ელოდნენ. მალე კი ელექტრომატარებელიც მოვიდა და სემპსონი მგზავრებთან ერთად ვაგონში შევიდა. იმავე საღამოს, გვიან, როცა სპექტაკლით ნასიამოვნები უკან ბრუნდებოდა, აფიშასთან შეჩერდა, რათა კიდევ ერთხელ დამტკბარიყო თავისი ხელმოწერით. მაგრამ... სემპსონი ლამის წაიქცა მოულოდნელობისგან – ვიღაცას მისი სახელისა და გვარის გასწვრივ მწვანე მელნით მიეწერა: „იდიოტი“. სემპსონი გაწითლდა. იგრძნო, როგორ გამალებით დაუწყო გულმა ცემა და სისხლი გაუხურდა. ვის უნდა გაეკეთებინა ეს? იქნებ, შემთხვევით...
საცოდავ პრეზიდენტს მთელი ღამე არ სძინებია... მეორე დილით აქოშინებული გაიქცა მეტროს სადგურზე და აფიშას მიაშტერდა. შემთხვევა უკვე გამორიცხული იყო. ამჯერად აქ უკვე ახალი ფრაზა გაჩენილიყო. ისევ მწვანე მელნით ეწერა: „სებასტიან სემპსონი – იდიოტი და გაბერილი კრეტინი. ინდაური ფხორია“. პრეზიდენტისთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია – ეს უკვე მეტისმეტი იყო. ვიღაცა მის დამცირებას, განადგურებას ცდილობდა. სიბრაზისგან გალურჯებულმა სემპსონმა მიაწერა: „შენ კი ქუჩის მწერლუკა ხარ – არარაობა და ნაგავი“. ის დღე გაფუჭდა. გონება ვეღარაფერს დაატანა. მდივანს უთხრა, ყველა შეხვედრა გადაედო. საღამოს უკვე აფიშასთან იდგა და კითხულობდა ახალ წარწერას, რომელიც აშკარად მისთვის იყო განკუთვნილი: „მხოლოდ განდიდების მანიით დაავადებულ ადამიანს შეუძლია, ქალაქში ირბინოს და თავისი სახელი აფიშებზე წეროს“. ეს უკვე გამოწვევა იყო და სემპსონმაც არ დააყოვნა: „მშიშარავ და არარაობავ, მითხარი, ვინ ხარ, რომ ფიზიონომია გაგილამაზო“. დილამდე ძლივს მიატანა. ბრაზით ერთიანად ცახცახებდა. აფიშაზე დილით წაკითხულმა ინფორმაციამ კი მისი ბედი გადაწყვიტა: „მისამართი: 110-ე ქუჩა, 1873-ე სახლი, კორპუსი „ე“, მეხუთე სართული. მეორე კარია მარცხნივ. გელი მოუთმენლად, საღამოს 9 საათიდან. ვეჭვობ, არ მოხვალ. შენ მარტო ჯღაბნა შეგიძლია“... სემპსონმა სიმწრით დაიღმუვლა...
მეორე დღეს გაზეთები წერდნენ:
„წუხელ, 110-ე ქუჩაზე, 1873-ე სახლში, უცნაური უბედური შემთხვევა მოხდა: დაღუპულია ქალაქის კომერციული ბანკის პრეზიდენტი სებასტიან სემპსონი. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაახლოებით საღამოს ათის ათ წუთზე პრეზიდენტი თავქუდმოგლეჯილი მივარდა სახლთან, აირბინა მეხუთე სართულზე და, ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავს, პირდაპირ შევარდა მარცხნივ მდებარე ბინის კარში... საქმე ისაა, რომ ეს სახლი უკვე ოთხი თვეა, ასაღებად არის გამზადებული და ბინაში იატაკი აყრილი იყო. სავარაუდოდ, სემპსონმა ეს არ იცოდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. გამოძიება თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა მისტერ სემპსონს ამ ბინაში, ან, რა მიზეზით უნდა მისულიყო იქ“...
სამი დღის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს, როცა გარდაცვლილი პრეზიდენტი დაკრძალეს, მისმა მოადგილემ კაბინეტის კარს სიამაყით მიამაგრა ახალი წარწერა, თავისი სახელი და გვარი, ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში. საკუთარი თავით კმაყოფილმა, გარდაცვლილის ოჯახს მწუხარების წერილიც გაუგზავნა და ქუჩაში გამოვიდა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ჯიბიდან მწვანემელნიანი კალამი ამოიღო და იქვე, ურნაში ჩააგდო – ის მას აღარ სჭირდებოდა.