მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-12(638)
პარიზში გამთენიისას ჩავფრინდი და აეროპორტიდან კონსპირაციულ ბინაში გავემართე. იქიდან რომ გამოვედი, უკვე ამერიკელი საზღვაო ოფიცერი – ჯეიმს ნოლი ვიყავი. საღამოს საელჩოში მივედი წვეულებაზე და „უჩინარი კაცი“ სპეციალური შხამიანი ისრით მოვკალი, რომელიც კალმისტარში მქონდა ჩამონტაჟებული. ხოლო, სანამ მკვლელის ძებნას დაიწყებდნენ, საელჩო დავტოვე და პირველივე რეისით დავბრუნდი მოსკოვში.
„უჩინარი კაცის“ ლიკვიდაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია „ცეერუში“, რადგან, მას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. მომხდარის გამო, რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დაკარგა. რა თქმა უნდა, ხელი მოსკოვისკენ გამოიშვირეს, ყველაფერში „კაგებეს“ დასდეს ბრალი და ამერიკულმა და პროამერიკულმა პრესამ მორიგი ანტისაბჭოური ისტერია გააჩაღა. თუმცა, ჩვენები ამას ჩვეული სიმშვიდით შეხვდნენ და ფარულად ზეიმობდნენ, რადგან, ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი მოღალატე მოიშორეს თავიდან.
– ერთი ნაძირალითა და მოღალატით ნაკლები გახდა. ყოჩაღ, კოკი, ამერიკელებს მორიგი სეირი ვუჩვენეთ, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში ჩავედი და გენერალს ლუბიანკაზე ვეწვიე.
მოღალატეების თემა ყველგან და ყოველთვის აქტუალური იყო და რომ არა ამ კატეგორიის ნაძირლები, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ღალატი, ჩემი აზრით, ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვაა, შენდობას არ იმსახურებს და სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მოღალატის გამოსწორება წარმოუდგენლად მიმაჩნია – ერთხელ თუ გაყო ადამიანმა თავი ამ მარყუჟში, აუცილებლად დაიღუპება. პირადად მე, ღალატს ვერაფრით გავამართლებ და იოტისოდენადაც არ მჯერა იმ კოლეგების, რომლებიც აცხადებენ, იდეური მოსაზრებებით ვმოქმედებდით, როცა მოწინააღმდეგეზე ვმუშაობდითო. ასეთი რამ გამორიცხულია. მოღალატემ, როდესაც ის ამ გზაზე დგება, მშვენივრად უწყის, რას სჩადის და ყველაფერს შეგნებულად აკეთებს, ესე იგი, შეგნებულად ღალატობს...
მართალია, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს სამოცდაათწლიანი კომუნისტური პერიოდი ჩვენი ქვეყნის აღორძინების ხანად მიმაჩნია, დიდ პატივს ვცემ ყველა იმ მებრძოლ პატრიოტს, ვინც 1921 წლის რუსულ ოკუპაციას აღუდგა წინ და საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა თავი. ისინი ნამდვილი გმირები არიან და მიუხედავად იმისა, თუ როგორი ორიენტაციის მთავრობა იქნება საქართველოში, მათი სახელები უკვდავყოფილი უნდა იყოს. მეორე მხრივ კი, იმ კაცს, ვინც ეს ოკუპაცია მოაწყო, ანუ სტალინს, მე მოღალატედ არ მივიჩნევ და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის იმ თავდადებულ ქართველებზე არანაკლები პატრიოტი იყო, ვინც რუსულ წითელ არმიებს შეაკლა თავი. ჩემი სიტყვები ბევრს, ალბათ, პარადოქსად მოეჩვენება, მაგრამ, საქმე ისაა, რომ, როდესაც სტალინი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებდა, წინ იყურებოდა და მშვენივრად იცოდა, რომ საბჭოეთის შემადგენლობაში მყოფი საქართველო აღორძინდებოდა და ეს ასეც მოხდა...
ამას წინათ, ლონდონში ერთ ქართველ პოლიტიკოსს შევხვდი, რომელიც იქ ცხოვრობდა და ფრანგული გამოცემისთვის ინტერვიუ ვთხოვე (მე იქ ფრანგი ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი ჩასული). როდესაც ფეშენებელურ ბინაში ვეწვიე, მან მეფესავით მედიდურად გადმომხედა, თუმცა, გაკოტრებულ თავადს უფრო ჰგავდა და მითხრა:
– როგორც იქნა, პრესასაც გავახსენდი. აბა, გისმენთ...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ სუბიექტმა ყველა და ყველაფერი გალანძღა, რაც ქართველებთან და საქართველოსთან იყო დაკავშირებული და ისე მომაბეზრა თავი, რომ ერთი ტყვია შუბლში დავაჭედე, მეორე კი – პირში და ჩუმად წამოვედი მისი სახლიდან... ამ ობიექტს 30 მილიონი დოლარი ჰქონდა საქართველოდან გატაცებული, რომელიც მან გაფლანგა, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კი 300 ათასი დოლარი გადამიხადა მის ლიკვიდაციაში. ამ შემთხვევაში, მუშნი ზარანდიასი არ იყოს, ჩემი პირადი ინტერესი ჩემს პროფესიულ ინტერესს დავამთხვიე. არადა, კოჯრის სპეცსკოლაში მტკიცედ მასწავლეს, რომ „კაგებეს“ ლიკვიდატორს ფოლადის სიმტკიცე უნდა ჰქონოდა და დავალების შესრულებისას ნებისმიერ რამეზე უნდა წასულიყო.
– კურსანტო, – ცივი თვალებით და დაბალი ხმით მითხრა ინსტრუქტორმა, რომელიც ფსიქოლოგიურად მამუშავებდა, – ლიკვიდაცია ისეთი აქტია, რომლის დროსაც საკუთარი პიროვნების მამხილებელი არანაირი ფაქტი არ უნდა დატოვო. შენს შემდეგ რჩება მხოლოდ გვამი. გასაგებია?
– დიახ, გასაგებია, – მივუგე პეტროვიჩს.
პეტროვიჩზე ამბობდნენ, რომ ის ძველი ქილერი იყო. არც ერთხელ არ ჩაუგდია დავალება და ყოველთვის სუფთად, „უკუდოდ“ მუშაობდა და ჩვილ ბავშვსაც არ დაინდობდაო. ის 60 წლის იყო, მაგრამ, თავისზე ორჯერ ახალგაზრდაზე ყოჩაღად გამოიყურებოდა და ისეთი ცივი თვალები ჰქონდა, რომ მათი დანახვისას ტანში გაგაჟრჟოლებდა. თუმცა, მე მისი არ მეშინოდა და ყოველთვის თამამად ვუყურებდი თვალებში. ის, რა თქმა უნდა, მშვენივრად ამჩნევდა ამას და, მართალია, არ გამოხატავდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ვერ მიტანდა და, ნება რომ მოეცათ, სიამოვნებით გამიხვრეტდა შუბლს... მან ჩვეული მზერა მომაპყრო და მკითხა:
– აბა, რა არის გასაგები, მითხარით, კურსანტო!
– ის, რომ ლიკვიდაცია ისე უნდა განვახორციელო, რომ ჩემი აღმოსაჩენი კვალი არ დავტოვო.
პეტროვიჩს ჩაეცინა და მითხრა:
– მერე, შეძლებ ამის შესრულებას?
– დიახ.
– კარგი. მაშინ, მაგალითს მოგიყვან და ვნახოთ, სწორ პასუხს თუ გამცემ.
– ბრძანეთ.
– დავუშვათ, ობიექტი თავის ბინაში გაანადგურე და უნდა წამოხვიდე, ამ დროს კი ოთახში მისი 5 წლის შვილიშვილი შემოვიდა, რომელმაც დაგინახა. რას იზამ?
– სწრაფად გავეცლები იქაურობას, – მტკიცედ მივუგე პეტროვიჩს.
– გასაგებია, – მითხრა პეტროვიჩმა და განაგრძო, – დავუშვათ, ოთახში ობიექტის ფეხმძიმე ქალიშვილი ან მეუღლე შემოვიდა, რას იზამ?
– იმავეს – სწრაფად გავეცლები იქაურობას, – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, კვლავ მტკიცედ ვუპასუხე პეტროვიჩს. მან კი თავი გააქნია და მითხრა:
– ორივე შემთხვევაში არასწორი საქციელია. ბავშვიც და ფეხმძიმე ქალიც უნდა მოკლა.
– არ გეთანხმებით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საქმეზე შენიღბული წავალ და ვერც ერთი ვერ დამიმახსოვრებს.
– შეუნიღბავად წასვლა რომ მოგიწიოს?
– არა, შენიღბულად წავალ, – ჯიუტად მივუგე პეტროვიჩს და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემი სწავლების პერიოდში, როდესაც ინსტრუქტორის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე. თუმცა, პეტროვიჩმა ეს არ შეიმჩნია და მითხრა:
– დავუშვათ, ფეხმძიმე ქალმა იარაღი მოგიშვირათ. რას იზამთ ასეთ შემთხვევაში?
– თუ იარაღის წართმევას ვერ შევძლებ, მაშინ მას მსუბუქად დავჭრი ხელში, იარაღს გავაგდებინებ და სასწრაფოდ გავეცლები იქაურობას.
– ყველაფერი ნათელია. თავისუფალი ხართ, – მითხრა პეტროვიჩმა და მასთან ურთიერთობა კოჯორში ამით დასრულდა.
წლების მერე, უკვე პოსტსაბჭოურ პერიოდში 200 000-დოლარიანი შეკვეთა მივიღე და ობიექტს, რომელიც სოხუმში, უზარმაზარ სახლში მარტოდმარტო ცხოვრობდა, შუაღამეზე თავზე წამოვადექი:
– გაიღვიძე, მოხუცო, შენი აღსასრულის ჟამი დადგა!
ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, ობიექტი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და, ნება რომ მიმეცა, თავად გამომასალმებდა სიცოცხლეს. მაგრამ, მე მას ბალიშის ქვეშ შეყოფილი ხელი დავუჭირე და პისტოლეტი ავართვი. შემდეგ, მეორე პისტოლეტიც ავართვი და, როცა დავრწმუნდი, რომ განიარაღებული იყო, ვუთხარი:
– დაბერდი, პეტროვიჩ, ვეღარ ქაჩავ.
– შენი ხმა მეცნობა.
– კარგი მეხსიერება გქონია. კი... წესით, უნდა მიცნობდე.
პეტროვიჩი საწოლზე წამოჯდა, კარგად შემათვალიერა, თავი გააქნია და მითხრა:
– ხმა ნამდვილად მეცნობა, მაგრამ, სახეზე ვერ გცნობ.
– იმიტომ, რომ კარგად ვარ შენიღბული.
– კოკი, კოკი, ჩვენო ყველაზე ნიჭიერო კურსანტო! – მითხრა პეტროვიჩმა და ვითომ არაფერიო, დაამატა – რისთვის გარჯილხარ, ჩემთან რამ მოგიყვანა?
– ხომ გითხარით, თქვენს სალიკვიდაციოდ.
– კი მაგრამ, რა დაგიშავე?
– შეკვეთა მაქვს.
– კოკი, ჩემო მეგობარო, ყოველთვის მოხიბლული ვიყავი შენი მორალით. არ გახსოვს, ტესტირებისას რა მიპასუხე?
– მახსოვს.
– მერე? განა უმწეო მოხუცის მოკვლა ისეთივე ამორალური საქციელი არ არის, როგორც ბავშვის ან ფეხმძიმე ქალის მკვლელობა?
– თქვენნაირის ლიკვიდაცია, ჩემი აზრით, კეთილი საქმეა.
– რა სიკეთეა, ჩემო კარგო, ოთხმოცს გადაცილებული მოხუცის მოკვლა?
– ძველმა ცოდვამ მოგაკითხათ. კიევში, თქვენ ერთი გამომძიებლის ოჯახი გაწყვიტეთ. თუმცა, მისი 10 წლის შვილი დამალული იყო და გადარჩა. მან დაგიმახსოვრათ და, რომ გაიზარდა, თქვენი მოკვლა შემიკვეთა. ვინ იცის, რამდენი ასეთი საშინელება გაქვთ ჩადენილი?
– რას იზამ, ჩემო კარგო! ასეთი დავალება მქონდა და ურჩობას ვერ გავბედავდი.
– მეც ასეთი დავალება მაქვს. აბა, შე ბილწო, ჯოჯოხეთში გასამგზავრებლად მოემზადე! – ვუთხარი პეტროვიჩს. ის საწოლზე იყო წამომჯდარი. უცებ, ალესილი ხანჯალი ამოაცურა სახელოდან და მომიქნია, მაგრამ, მე მას მაჯა დავუჭირე, მისივე მოქნეული იარაღი მარცხენა თვალში ჩავუყარე და სული გავაფრთხობინე....
მოხუცებულობის მიუხედავად, პეტროვიჩი მოსაკლავი იყო. მას მრავალი საშინელება ჰქონდა ჩადენილი და ასეთ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ის ბილწი მართლაც ყველაფერზე წამსვლელი იყო და „კაგებეში“ მას ყველაზე ბინძურ დავალებებს აძლევდნენ. კარგად იცოდნენ, ვინც იყო და მასთან ახლო ურთიერთობებს ერიდებოდნენ... ახლო ურთიერთობები „კაგებეში“, ისევე, როგორც სხვა ანალოგიურ სამსახურებში, პრინციპში, არ იკრძალება, მაგრამ, მაინცდამაინც სასურველი არ არის.
„რაც ნაკლები ადამიანი გიცნობს, მით ნაკლები შანსია, რომ გაიშიფრო“, – დაახლოებით ასე ჟღერს ერთ-ერთი „კაგებეშნიკური“ ლოზუნგი და მართალიცაა. ჩვენი პროფესიის ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ კონსპირაცია, რადგან, უამრავი შინაური და გარეული მტერი გვყავს, რომლებიც მზად არიან, გაგვანადგურონ და, რაც არ უნდა კარგად ფლობდე შენიღბვის ხელოვნებას, თუკი პიროვნულად გაიშიფრე, მეტი შანსია, რომ მოგაგნონ და ბოლო მოგიღონ. ამის მსურველი კი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ბევრი გვყავს, თანაც, არცთუ ისე იშვიათად გწირავს თვითონ ის, ვინც უშუალოდ გგზავნის საქმეზე და შენ შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი ორია – ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი და ანდრეი ლუკიჩ მუხინი. ეს ორი გენერალი, ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დროს, ჩემზე თითქმის ყველა ინფორმაციას ფლობდა. მათ ყოველთვის იცოდნენ, თუ სად ვიმყოფებოდი და, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლოთ ჩემი თავიდან მოშორება. მაგრამ მათ ეს არასდროს მონდომებიათ და ამ გარემოებამაც ითამაშა დიდი როლი ჩემს „კარიერულ დღეგრძელობაში“.
ერთხელ, პირადად შჩუკინის მითითებით, ერთი მაღალჩინოსანი პარტიული ბოსის ლიკვიდაცია მოვახდინე. ის თავისი მოქმედებებით, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს და ეს „კაგებეში“ კარგად იცოდნენ. თუმცა, მისი არა მხოლოდ დაპატიმრება, ჩამოქვეითებაც ვერ ხერხდებოდა და თავიდან სწორედ იმიტომ მოიშორეს. მაგრამ, მას ძმა სამხედრო გენერალი ჰყავდა, რომელიც ბრეჟნევთან იყო დაახლოებული. ამიტომ, თვით ანდროპოვიც არაფრად ჩააგდო და მკვლელის, ანუ, ჩემი დასჯა კატეგორიულად მოითხოვა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, შჩუკინს უთხრეს, რომელსაც ყოველგვარი გართულების გარეშე შეეძლო ჩემი გაწირვა, თუნდაც იმის გამო, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა. მან კი კონსპირაციული შეხვედრა დამინიშნა მოსკოვს გარეთ, მდინარის პირას, ბუნების წიაღში. რომ მივედი, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და მითხრა:
– როგორია? გესმის, რა საფრთხეში ხარ?
რა თქმა უნდა, არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რამხელა რისკზე წავიდა ჩემ გამო „კაგებეს“ ერთ-ერთი ცენტრალური მაღალჩინოსანი ფიგურა და ვუთხარი:
– საფრთხეში მაშინ ვიქნებოდი, თქვენ რომ გაგეწირეთ. ახლა კი, რა მიჭირს.
– არა, კოკი, ძალიან დიდ საფრთხეში იმყოფები და დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.
– რას მირჩევთ?
– ერთადერთს – გენერლის ლიკვიდაციას, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ ადგა და წავიდა.
გენერლის ლიკვიდაცია არც ისე რთული საქმე იყო და მე ის ჩვეულ, მაღალ დონეზე შევასრულე. უბრალოდ, ისეთი დრო შევარჩიეთ, როდესაც ბრეჟნევი დასასვენებლად იყო წასული. მოსკოვში რომ დაბრუნდა, გენერლის მკვლელობის საქმის ძიებით თავი არ შეუწუხებია. ეს ისტორია იმის ნათელი დასტურია, რომ „კაგებეში“ საიმედოდ იცავდნენ თავიანთ თანამშრომლებს თვით ქვეყნის პირველი პირებისგანაც კი. მთავარი იყო, მოღალატე არ ყოფილიყავი, სამშობლოსთვის პირნათლად გემსახურა და მისგან ყველა იმ სიკეთეს მიიღებდი, რაც საჭირო იყო ნორმალური ადამიანისთვის. „კაგებე“ არასდროს ტოვებდა უყურადღებოდ გასაჭირში ჩავარდნილ თავის თანამშრომელსა და მის ოჯახს.
ერთხელ, ლუბიანკაზე შევიმუშავეთ სპეცოპერაცია, რომელიც საბჭოთა არალეგალი მზვერავის – იური ტიხონოვის ტყვეობიდან დასახსნელად იყო გამიზნული. ტიხონოვი, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ მოგონილი გვარია და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის ეროვნებით ქართველია, დღესაც ცოცხალია და მოსკოვში ცხოვრობს. ეს ტიხონოვი გერმანიასა და ამერიკაში მუშაობდა და საბჭოეთს უძვირფასეს ცნობებს აწვდიდა. ტყვედ თავისი მოღვაწეობის გამო კი არ ჩავარდა, არამედ იმიტომ, რომ ამერიკიდან ევროპაში მოფრინავდა და არაბმა ტერორისტებმა თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები ტყვედ აიყვანეს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან თავიანთი ტერორისტი კოლეგების ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამერიკა ასეთ ნაბიჯზე არ წავიდოდა და მძევლები განწირულები იყვნენ. ორას ორმოცდაათ მძევალს არაბი ტერორისტები აფრიკაში, სუდანში, ქალაქ პორტ-სუდანის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში ამყოფებდნენ, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და საიმედოდ იყო გამაგრებული და დაცული. ჩვენ ციხესიმაგრეში ღამით შევედით ორი რვა-რვაკაციანი ქვედანაყოფით და ტიხონოვი ისე მალულად, ყოველგვარი გასროლის გარეშე წამოვიყვანეთ იქიდან, რომ ტერორისტებს არაფერი გაუგიათ. თუმცა, იქ ერთი ისეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდით და რამაც კინაღამ მთელი ოპერაცია ჩაგვიშალა: ტიხონოვი თითქმის სამშვიდობოზე გვყავდა გამოყვანილი და კატერში უნდა ჩავმსხდარიყავით, როდესაც ციხიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ისღა დაგვრჩენოდა, რომ საპასუხო ცეცხლით მოგვეგერიებინა ისინი და გავქცეულიყავით. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და სამშვიდობოზე გავაღწიეთ. მოგვიანებით კი შევიტყვეთ, რომ, თურმე, ამერიკელ მძევლებს შორის „ცეერუს“ თანამშრომელი იყო, რომელიც ტიხონოვს „კუდზე აჯდა“ და ევროპაში მიჰყვებოდა, რათა ის გაეშიფრა, ანუ, „ცეერუს“ ტიხონოვზე ეჭვი მიუტანია და მას უთვალთვალებდნენ. სწორედ იმ „ცეერუელ“ მოთვალთვალეს შეუნიშნავს ტიხონოვის გაუჩინარება და ხმაურიც მას აუტეხავს...
– სწორედ რომ, დროზე ამიყვანეს მძევლად არაბმა ტერორისტებმა და თქვენც დროზე მომისწარით, – ამბობდა შემდეგ ტიხონოვი და მართალიც იყო. ჩვენ რომ ის არ გამოგვეხსნა, ამერიკელები ერთ-ერთ ჩვენს ყველაზე ძვირფას მზვერავს ჩაიგდებდნენ ხელში და, ღმერთმა უწყის, რა დღეში ჩააგდებდნენ. ამერიკული ჯურღმულიდან კი ადამიანის გამოხსნა ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე არაბი ტერორისტების ციხესიმაგრიდან.
ტიხონოვის ტყვეობიდან გამოხსნისთვის, უმაღლესი საბჭოს სპეციალური ბრძანებით, საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მომანიჭეს, რომელიც ანდროპოვმა პირადად გადმომცა საკუთარ კაბინეტში და წარმატებები მისურვა. ამ ცერემონიას შჩუკინიც ესწრებოდა და, თავმჯდომარის კაბინეტიდან რომ გამოვედით, მითხრა:
– წავედით, ერთი სიურპრიზი უნდა მოგიწყო.
– რა სიურპრიზი?
– ამას მაშინ შეიტყობ, პოდმოსკოვიეში რომ ჩავალთ.
პოდმოსკოვიეში „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ აგარაკზე შჩუკინის მანქანით ჩავედით. მწვანეში ჩაფლული აგარაკის ეზოში რომ შევედით, სახლიდან ჩემ მიერ სამი დღის წინ ტყვეობიდან გამოხსნილი იური ტიხონოვი შემომეგება და ქართულად მითხრა:
– კეთილი იყოს შენი აქ მობრძანება!
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ იური ტიხონოვი ქართველი იყო და, ისე გამიხარდა, რომ გადავეხვიე და ვუთხარი:
– ყოველთვის სასიამოვნოა თქვენნაირი დიდი ადამიანის გაცნობა, მით უმეტეს, თუ ის შენი თანამემამულეა.
პოდმოსკოვიეს აგარაკზე სულ ათიოდე ადამიანი ვიყავით შეკრებილი და გაშლილ სუფრასთან გვიან საღამომდე ძალიან კარგი, დასამახსოვრებელი დრო გავატარეთ. მოსკოვში მე და შჩუკინი ერთად დავბრუნდით. გზაში ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– ტიხონოვი რუდოლფ აბელის დონის ფიგურაა. მინდა იცოდე, რომ შენ უდიდესი პიროვნება გადაარჩინე და გამოჰგლიჯე „ცეერუს“ კლანჭებს, ამიტომ, შეგიძლია, იამაყო ამით.
იური ტიხონოვისა და რუდოლფ აბელის მსგავსი არალეგალი მზვერავები მთელი ცხოვრების განმავლობაში ღრმად კონსპირირებულ ადამიანებად რჩებიან და, ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან მათი საქმიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ტიხონოვი და აბელი გაიშიფრნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, მათი ადგილსამყოფლის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ისინი საჯაროდ არასოდეს ჩნდებოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უზარმაზარი რაოდენობის საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ და მტრებისთვის სასურველ სამიზნეს წარმოადგენდნენ.
ტიხონოვს რომ პოდმოსკოვიეს აგარაკზე დავშორდი, არ მეგონა, თუ კიდევ მომიწევდა მასთან შეხვედრა. თუმცა, ასეთი შეხვედრა კვლავ მოხდა და თითქმის იგივე ისტორია განმეორდა, რაც რამდენიმე წლით ადრე.
ერთი ცხელი ზაფხულის დღეს, მეკავშირემ სოჭში მომძებნა, სადაც ოჯახთან ერთად ვისვენებდი, თვითმფრინავის ბილეთი გადმომცა და მითხრა, რომ სასწრაფოდ მოსკოვში უნდა გადავფრენილიყავი. მეკავშირესთან შეხვედრიდან სამი საათიც არ იყო გასული, როდესაც შჩუკინის კაბინეტში შევდგი ფეხი და მასთან მყოფ იური ტიხონოვს მოვკარი თვალი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძალიან აღელვებული იყო. თუმცა, არალეგალური მუშაობის წლებში გამომუშავებული სიმტკიცის წყალობით, არ იმჩნევდა. ტიხონოვი წამოდგა, ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა:
– როგორ ხარ, ჩემო კარგო?
– თქვენ როგორ ბრძანდებით?
– ცუდად, ძალიან ცუდად. შვილიშვილი მომტაცეს, 15 წლის მერი.
მე სიტყვის თქმა დავაპირე, მაგრამ, შჩუკინმა დამასწრო:
– საქმე ძალიან სერიოზულადაა. ამერიკელებმა მერი საერთაშორისო პიონერთა ბანაკ „არტეკიდან“ მოიტაცეს და ულტიმატუმს გვიყენებენ – ბაბუის სანაცვლოდ შვილიშვილს დავაბრუნებთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გაუპატიურებითა და თავის მოკვეთით იმუქრებიან.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რა იცით, რომ ეს ამერიკელებმა ჩაიდინეს?
– ეს დაზუსტებული ფაქტია. ერთ-ერთ გამტაცებელს მილიციელმა ტყვია თავში მოარტყა და მოკლა. მისი პიროვნება დავადგინეთ და მასში „ცეერუს“ ოპერატიული თანამშრომელი ამოვიცანით.
– რა პირობებით გვთავაზობენ გაცვლას?
– შეტყობინებაში წერია, რომ იური ტიხონოვი დასავლეთ ბერლინში უნდა ჩავიყვანოთ და ხელში რომ ჩაიგდებენ, მაშინ გვეტყვიან, თუ სად დატოვებენ გოგონას.
– ალბათ, ის ვერ მოუნელებიათ, თითქმის გაშიფრული აგენტი ცხვირწინ რომ ავაცალეთ, – ვთქვი მე. ტიხონოვმა კი თავი გააქნია და მითხრა:
– არა მგონია. როგორც ჩანს, „ცეერუში“ აინტერესებთ, ვფლობ თუ არა ინფორმაციას მათი ჯაშუშური ქსელის შესახებ ლათინურ ამერიკაში. „ცეერუ“ იქ ფართომასშტაბიან არეულობებს გეგმავს და ჯაშუშური ქსელის გარეშე ამას ვერ შეძლებენ, გაშიფრული ქსელი კი ქმედუუნაროა. მე მთელი ინფორმაცია ჩვენებს მოვახსენე და, დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაგება სურთ ჩემგან.
– ძალიან ცუდი, – ვთქვი მე და შჩუკინს ვკითხე – რით ვპასუხობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– საპასუხო ქმედებით, რომელიც ბევრად უფრო მასშტაბური და თავზარდამცემი იქნება მათთვის.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, საქმე შემდეგშია, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა, – ზეგ ამერიკის ქალაქ მაიამიდან „ბოინგი“ ნიუ-იორკისკენ უნდა გაფრინდეს, რომელშიც 250 მგზავრი იჯდება, ძირითადად, ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ შორის იქნებიან კონგრესმენების შვილები და სახელმწიფო მდივნის 23 წლის ვაჟი. შენ და შენი ჯგუფის ოთხი წევრიც იმ თვითმფრინავში იქნებით და, აიწევა თუ არა ლაინერი ჰაერში, მას კურსს შეაცვლევინებთ და ჰავანაში, კუბაში დასვამთ. ჩვენ კი ამერიკელებს შევუთვლით, რომ მერი ერთ თვითმფრინავ ხალხში გაგვიცვალონ. რას იტყვი, როგორი აქციაა?
– იძულებითად ცუდი.
– აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემო კოკი, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს და ოპერაცია სუფთად უნდა ჩატარდეს.
– ყველაფერი რიგზე იქნება, ამერიკელები ვერ გაბედავენ ურჩობას.
– მეც მასე ვფიქრობ. ახლა კი ბაზაზე გაემგზავრე და სპეცინსტრუქტაჟი გაიარე. აბა, შენ იცი, ყველაფერი შენებურად სუფთად მოაგვარე, – მითხრა შჩუკინმა.
მე და ჩემი ჯგუფის ოთხი წევრი მაიამიში ოპერაციის დაწყებამდე სამი საათით ადრე ჩავედით. იქვე გავიარეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი, საჭირო აღჭურვილობა მივიღეთ და თვითმფრინავში ავედით. მაშინ მგზავრებს თითქმის არ ამოწმებდნენ, განსაკუთრებით – შიდა რეისებზე და იარაღი და ასაფეთქებელი მასალები ყოველგვარი პრობლემების გარეშე შევიტანეთ ლაინერში. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, სულ რაღაც წუთ-ნახევრის მერე, უკვე პილოტის კაბინეტში ვიმყოფებოდი, წელზე ასაფეთქებელი ნივთიერება მქონდა შემოკრული, ხელში ებრაული „უზი“ მეჭირა და პილოტს ვუთხარი:
ას ოთხმოცი გრადუსით შეცვალეთ კურსი და კარიბის ზღვისკენ აიღეთ გეზი, კუბაში მივფრინავთ. ჩემი მეგობრები სალონში იმყოფებიან და, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავს ააფეთქებენ.
– კარგი, სერ, არ აღელდე. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც მიბრძანებთ, – მითხრა ეკიპაჟის მეთაურმა, კურსი შეცვალა და ჩვენ კუბისკენ დავიძარით.
– ეგ თქვენ არ ინერვიულოთ, სერ და მიკროფონი მომაწოდეთ, რომ ხმელეთს დავუკავშირდე, – ვუთხარი პილოტს.
– აი, ინებეთ, – ეკიპაჟის მეთაურმა მიკროფონიანი შლემი მომაწოდა, რომელიც თავზე მოვირგე და ხმელეთს გადავეცი:
– მე და ჩემი მეგობრები ბავშვთა გადარჩენის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გახლავართ და მოგიწოდებთ, ხელი არ შეგვიშალოთ ფრენაში, რომ დაუბრკოლებლად დავეშვათ თავისუფალი კუბის დედაქალაქში! ჩვენი შემდგომი მოთხოვნების შესახებ კი მოგვიანებით გაცნობებთ.
ხმელეთზე უკვე იცოდნენ ჩვენი მისიის შესახებ და მიპასუხეს:
– არანაირი დაბრკოლება არ შეგხვდებათ. მშვიდად იფრინეთ და, გთხოვთ, მგზავრებს არანაირი ზიანი არ მიაყენოთ!
როგორც მოგვიანებით, უკვე მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, შევიტყვე, მერი, თურმე, დასავლეთ ბერლინში ჰყავდათ ამერიკელებს. ჩვენი თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში იმყოფებოდა, როდესაც გატაცებული გოგონა აღმოსავლეთ ბერლინში გადმოიყვანეს და ჩვენი საელჩოს წარმომადგენელს პირადად ჩააბარეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში