როგორ გაძარცვა თაღლითმა ქალმა საყვარელი და ვინ გააბა ის მახეში
წარსულში ორჯერ ნასამართლევი 37 წლის ეკა კ-ძე დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის გამო გისოსებს მიღმა მესამედ მოხვდა. მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა რამდენიმე ეპიზოდი სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალის მიერ შერჩეული ახალი მსხვერპლის მეშვეობით გახსნეს, რომელიც ეკა კ-ძემ ჯერ თაღლითობის მახეში გააბა, შემდეგ კი მისი ქონების მესაკუთრე გახდა. სამართალდამცველებმა თაღლითი ქალი ორთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღიძრა.
დანაშაულებრივი წარსული
ეკა კ-ძე პირველად 25 წლის ასაკში გაასამართლეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მუხლით. მან ციხეში სამი წელი დაჰყო და პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. ამის შემდეგ ეკა კ-ძე ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელიც ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ეჭვიანობის ნიადაგზე დანით დაჭრა. ეკა კ-ძე, სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით, მეორედ აღმოჩნდა ციხეში, სადაც ექვსი წელი გაატარა. სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში წავიდა სამუშაოდ, თუმცა, მალე დეპორტით დააბრუნეს უკან და სწორედ მაშინ დაიწყო მისი დანაშაულებრივი ცხოვრების ახალი ეტაპი. ეკა კ-ძემ დეიდაშვილთან ერთად დააარსა შპს „ნდობა”, რომლის „საქმიანობის” სპექტრი მრავალფეროვანი იყო – ძირითადად, სხვადასხვა ორგანიზაციის და კერძო პირების მეშვეობით, თაღლითურად ფულის გამოძალვას ეწეოდა საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მოტივით. ამის გამო ეკა კ-ძეს ისევ შეექმნა დაპატიმრების საფრთხე, თუმცა, ამჯერად ის ციხეს გადაურჩა, რის შემდეგაც, უკვე გამოცდილმა თაღლითმა, მორიგი მსხვერპლის შერჩევა პირადი ურთიერთობებისა და კონტაქტების გამოყენებით დაიწყო, ყველა ობიექტს კი წინასწარ, დიდი დაკვირვებით არჩევდა.
დაზარალებულთა მრავალრიცხოვანი სია
ეკა კ-ძის მიერ დაზარალებულთა სია მრავალრიცხოვანია: ქალბატონები, რომლებიც გამოცდილი თაღლითის კრიმინალურ მახეში დასაქმების, დამატებითი შემოსავლის გამომუშავების სურვილით, შვილის სამსახურში მოწყობისა და სხვა მოტივების წყალობით მოხვდნენ; მამაკაცები, რომლებიც ეკა კ-ძემ თავისი მომხიბლავი გარეგნობის წყალობით, ჯერ ფარულ ინტიმურ ურთიერთობებში გააბა, შემდეგ კი, შანტაჟის გზით, აიძულა, სხვადასხვა სახის ქონება დაეთმოთ. ეკა კ-ძეს მათი ნდობის მოპოვება არ უჭირდა, რის შემდეგაც ის საკუთარი გეგმების განხორციელებას იწყებდა. 54 წლის ჟანა ბ-შვილმა 3 000 ამერიკული დოლარი შვილის იტალიაში გამგზავრებისა და იქ დასაქმების მიზნით გადაუხადა, თუმცა, როცა მიხვდა, რომ ფული დაკარგა და არავინ აპირებდა იტალიაში მისი შვილის გაგზავნას, მან ეკა კ-ძის ძებნა დაიწყო, რომლის კვალიც ვეღარ იპოვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ეკა კ-ძე დაოსტატებული იყო მსხვერპლის შერჩევასა და გაუჩინარებაში – ის ისე იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, საცხოვრებელ სახლებსა და „ოფისებს”, რომ მისი პოვნა დაზარალებულთათვის ძალიან რთული იყო. ეკა კ-ძე ბინებს ხანმოკლე დროით ქირაობდა და ყველა ასეთ საცხოვრებელ ადგილს ერთი დაზარალებული მაინც აკითხავდა ხოლმე. მაგალითად, გამოძიებისთვის ცნობილია დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ეკა კ-ძის მეზობლად ცხოვრობდა; მან 2 500 ლარი გადაუხადა ეკას ერთ-ერთ კოსმეტოლოგიურ ფირმაში ბუღალტრად „დანიშვნაში“. ასევე მოატყუა მან ქალბატონი, რომელსაც ერთ-ერთი ქარხნის კანცელარიის უფროსობას შეჰპირდა მაღალანაზღაურებადი ხელფასით და ეს შეპირება ქალს 5 000 ლარი დაუჯდა. როდესაც დაზარალებულმა ქალმა ეკა კ-ძის კვალს ვეღარ მიაგნო, ქარხნის ძებნა დაიწყო, თუმცა, ქარხნის ნაცვლად იმ მისამართზე ნასახლარი დახვდა.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ეკა კ-ძეს თაღლითურ საქმიანობაში საკუთარი დეიდაშვილი და მეგობარი გოგონა ჰყავდა ჩართული. დადგინდა, რომ მისი დეიდაშვილის, 30 წლის ლალი კ-იას მეშვეობით, მან თაღლითურად მიითვისა ვინმე კოტე კ-შვილის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც მოგვიანებით დეიდაშვილებმა ერთად გაყიდეს. მცირე მეწარმე კოტე კ-შვილს ეკა კ-ძე ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენად – ევა გრეგორად გაეცნო და 10 000 დოლარის სანაცვლოდ პროდუქციის ყაზახეთში გატანას დაჰპირდა. საქმის საბოლოო გარიგებამდე კი ლოგინშიც შეიტყუა. 10 000 დოლარის გადახდამდე ქალებმა მამაკაცი ავტომობილის გადაფორმებაზე დაითანხმეს და კოტე კ-შვილმა ძვირად ღირებული „ჯიპი” ლალი კ-იას სახელზე გადააფორმა, ქალებმა რამდენიმე დღით ნათხოვი ავტომობილიც გაყიდეს, დაპირებული ათი ათასი დოლარიდან ხუთი ათასი დოლარიც მიიღეს და, ამის შემდეგ, მუქარით, რომ, თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ოჯახს აუწიოკებდნენ და პოლიციაში უჩივლებდნენ უკანონო გარიგებისთვის, აიძულეს, რომ გაჩუმებულიყო. გარდა ამისა, მათ გაკეთებული ჰქონდათ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ევად ქცეული თაღლითისა და კოტეს რომანი და, ასევე, უკანონო გარიგების კადრები იყო ჩაწერილი და გადაღებული. დაშანტაჟებული მამაკაცი თაღლითების მსხვერპლი რომ გახდა, გვიან მიხვდა. ამის შემდეგ მან დასახმარებლად სამართალდამცველებს მიმართა.
გამოცდილი ქალის ბოლო მსხვერპლი
გამოცდილი ქალის ბოლო მსხვერპლი 33 წლის დათო დ-ძე გახდა. „წარმატებულმა ბიზნესმენმა” ეკა კ-ძე შემთხვევით გაიცნო ქუჩაში. ქალმა მას კომერციული ფირმის მეპატრონედ წარუდგინა თავი. მათი ურთიერთობა ჩვეულებრივი ფლირტით დაიწყო და ორ კვირაში მგზნებარე რომანით გაგრძელდა. ეკა კ-ძე ფიქრობდა, რომ ხელში სასურველი მსხვერპლი ჩაიგდო – ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი სოლიდური ავტომობილითა და კეთილმოწყობილი ბინით. მაგრამ, გამოცდილმა ქალმა სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა – მან მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ მამაკაცი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა და შორსმიმავალი თაღლითური გეგმები ჰქონდა, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა.
ამონაწერი დათო დ-ძის ჩვენებიდან: „როდესაც ეკა კ-ძე გავიცანი, თავი წარმატებულ ბიზნესმენად წარვუდგინე და თვითონაც ასე გამეცნო. თავიდან მის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია. ეკამ იცოდა, რომ სამშენებლო კომპანია მქონდა და ასფალტის ბიზნესში ვიყავი ჩართული. ურთიერთობის დაწყებიდან ერთ თვეში შემომთავაზა, რომ გამაცნობდა თავის პარტნიორ ქალბატონს, რომელიც საჭირო კონტაქტების დამყარებასა და გარკვეული პროდუქციის იაფად შესყიდვაში დამეხმარებოდა. ჩემი თანხმობის შემდეგ მან გამაცნო ვინმე ლალი, რომელიც როგორც მოგვიანებით გავიგე, მისი დეიდაშვილი იყო და მას საკუთარი ოფისის ხან ბუღალტრად, ხან კი იურისტად ასაღებდა. როგორც ვიცოდი, მათ კიდევ ჰყავდათ ერთი კომპანიონი – ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საჭირო კლიენტურის მოზიდვით იყო დაკავებული.” ქალებს ეგონათ, რომ დათო დ-ძის სახით კარგი კლიენტი იშოვეს და მასზე „მუშაობდნენ,” ის კი ვერ წარმოიდგინეს, რომ დათო დ-ძე მათ საკუთარ ქსელში უპირებდა გაბმას. შესაძლოა, ეს ურთიერთობა, ეკა კ-ძეს სხვა ფინალით დაესრულებინა, მაგრამ, ან მოთმინებამ უმტყუნა, ან, ჩათვალა, რომ მამაკაცს საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში ვერაფერს დასტყუებდა და გეგმა შეცვალა.
ამონაწერი დათო დ-ძის ჩვენებიდან: „ერთ დღეს რესტორნიდან ნასვამი დავბრუნდი სახლში, ეკას დავურეკე და ჩემთან ამოსვლა ვთხოვე. ორი თვის განმავლობაში ჩემს ბინაში რამდენჯერმე იყო ნამყოფი და იმ ღამესაც ამოვიდა. ერთად დავლიეთ. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, რამე ჩამიყარა სასმელში, რადგან, ისე დამეძინა, არაფერი გამიგია. როცა გავიღვიძე, ეკა ბინაში აღარ იყო. მივხვდი, რომ სახლი გაძარცვული იყო – ეკას ჩემი ოქროს სამკაულები, ფული, აიპადი და რამდენიმე ნივთი გაეყოლებინა თან. სასტუმრო ოთახში აღმოვაჩინე ჩემთვის დატოვებული წერილი: ჩემს მოძებნას ნუ შეეცდები, თორემ, ამ ერთ თვეში შენს შავბნელ საქმეებზე იმდენი რამ გავიგე, ცუდად დაგიბრუნდებაო. ამ მუქარას, რა თქმა უნდა, არ შევუშინებივარ, რადგან, სინამდვილეში, არანაირი ბიზნესი არ მქონდა. პირიქით, იმავე დღეს დავიწყე ეკას ძებნა, რომელსაც მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა და, როგორც აღმოჩნდა, საცხოვრებელი სახლიც, რომელიც მან მაჩვენა, სულაც არ ყოფილა მისი. სამართალდამცველებმა ეკა კ-ძეს ორთვიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. თავიდან ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა მის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან დაპირისპირებისა და რამდენიმე გახსნილი დანაშაულებრივი ეპიზოდის გამოცხადების შემდეგ, იძულებული გახდა ჩადენილი დანაშაულები ეღიარებინა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; მასთან ერთად პასუხისგებაში მოხვდა მისი დეიდაშვილი, ლალი კ-ია, რომელიც კოტე კ-შვილთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ და თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.