სექსი კოსმოსში სასიკვდილოდ საშიშია
უკვე ნახევარი საუკუნეა, კაცობრიობა წარმატებით ითვისებს კოსმოსს. მთვარის კოლონიზაცია და ექსპედიციები მარსზე უკვე რეალური პერსპექტივებია. თუმცა, შეიძლება, „გალაქტიკის შვილები“, ანუ, დედამიწის „გარეთ“ გაჩენილი ადამიანები, სამყაროს არასდროს მოევლინონ. სამეცნიერო ფანტასტიკა მრავალფეროვან სიუჟეტს გვთავაზობს, სადაც ადამიანები ქმნიან ოჯახებს, აჩენენ შვილებს, მრავლდებიან სხვადასხვა თანავარსკვლავედზე, ორბიტულ სადგურებსა და პლანეტებზეც კი, მაგრამ, მეცნიერები სასტიკნი არიან და პირდაპირ აცხადებენ: „სინამდვილეში, მიწიერი სიყვარულისთვის კოსმოსი მტრულადაა განწყობილი“.
თანამედროვე მკვლევრების აზრით, კოსმოსში სექსმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. მართალია, ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტები არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, ყველა ასეთ ჭორს, თითქოს საბჭოთა და ამერიკელი კოსმონავტები კოსმოსში ყოფნის დროს ცდილობდნენ ბავშვის ჩასახვას, კატეგორიულად უარყოფენ.
მკვლევრებმა ადამიანების ნაცვლად „ცდის პირებად“ ჯერჯერობით მხოლოდ მცენარეები გამოიყენეს. როგორც აღმოჩნდა, ჰიპერგრავიტაციის დროს, საფრთხე ემუქრება უჯრედის შიდა ცირკულაციას; ხოლო, შედარებით ძლიერი და შედარებით სუსტი გრავიტაციის დროს კი „მოზარდ უჯრედში“ ირღვევა უჯრედის გარსის „მშენებლობის“ პროცესი. ამ კვლევების მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ყველა ცოცხალ ორგანიზმზე, მათ შორის, ადამიანებზეც ვრცელდება. უწონობა ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის რეპროდუქციულ პროცესსა და ტვინის მუშაობაზე. გრავიტაციის მნიშვნელოვანმა და ხანგრძლივმა ცვლილებებმა კი, შეიძლება, ისეთი საშიში და სასიკვდილო დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა ალცჰეიმერის დაავადება ან კიბო.
კოსმოსში სექსის პერსპექტივა არსებით მნიშვნელობას იძენს, რადგან, იქ ადამიანთა ხანგრძლივი ან მუდმივი ყოფნა რეალური მომავალია კოსმოსის ათვისების საქმეში. უკვე გაისად დაიწყება ცნობილი ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კუთვნილი კომპანიის – Virgin Galactic-ის მიერ ორგანიზებული სუბორბიტული ტურისტული ფრენები. ჯერჯერობით კომპანიამ უარი თქვა „კოსმოსური პორნოს“ გადაღების 1 000 000-დოლარიანი პროექტის შეთავაზებაზე.