შიდსი მოსწავლეებს – მფარველებისგან
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსწავლეთა, სულ მცირე, 28 პროცენტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებელია, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა აარონ მოტსოლედიმ. არასრულწლოვან გოგონათა შორის დაავადების ასეთი დიდი პროცენტი გამოწვეულია იმით, რომ მათ სქესობრივი კავშირის დამყარებას მდიდარი ასაკოვანი მეურვეები აიძულებენ. გოგონები ნამდვილად არ ავადდებიან თავიანთი თანატოლებისგან, რადგანაც, ლაპარაკია 10-დან 14 წლამდე მოზარდებზე. ამ ასაკის ვაჟებიდან კი იმუნოდეფიციტის ვირუსით მხოლოდ 4 პროცენტია დაავადებული. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებელ მოსწავლეთა შორის ფეხმძიმეებიც არიან. 2011 წელს ქვეყანაში 94 ათასი ფეხმძიმე გოგონა იყო, მათ შორის 77 ათას სახელმწიფო კლინიკებში გაუკეთდა აბორტი.
ოფიციალური სტატისტიკით, სამხრეთ აფრიკაში 5 მილიონი ადამიანია იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებელი, ანუ, მოსახლეობის 10 პროცენტი. გასულ წელს შიდსით დაავადებული 260 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა ნახევარს შეადგენს.