ადამი და ევა
ის წავიდა...
ამ შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქალიც და კაციც ერთნაირად შეიძლება, აღმოჩნდეს მიტოვებული და იმედგაცრუებული. მოკლედ, ის წავიდა... ერთი შეხედვით, ეს თითქმის ტრაგედიაა. განშორება არასდროსაა დროული და ორმხრივი გადაწყვეტილების ლოგიკური შედეგი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალობა სხვაა და ამას მხოლოდ მოგვიანებით ვაცნობიერებთ.
უპირველესად, უნდა შეეგუოთ აზრს: გადაწყვეტილება მიღებულია. საბოლოოა და თქვენზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული. ალბათ, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე მოექცნენ. მას უკვე სხვა ჰყავს. ჰყავდა შენამდეც და ახლაც ჰყავს. იქნებ ეს კიდევ არ არის მისი საბოლოო არჩევანი, მაგრამ ეს თქვენ უკვე აღარ გეხებათ. შეეცდებით, მეტი გაიგოთ მის ახალ ურთიერთობებზე? – მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. არავითარ შემთხვევაში, არ დაიდანაშაულოთ საკუთარი თავი. ნუ „დაიგლეჯთ“ ნერვებს და ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას. იგრძენით თავისუფლება. დაუბრუნდით საკუთარ „მეს“! თქვენი შინაგანი სამყარო გაცილებით მრავლისმომცველია, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანი. უთხარით საკუთარ თავს: ჩემო კარგო, შენ ახლა შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო, ყველაფერი, რაც მოგესურვება!
გაუფრთხილდით თავს მათთვის, ვისაც მართლა უყვარხართ და სჭირდებით. ან დაელოდეთ მომენტს, როცა შეგიყვარებენ. გჯეროდეთ, ეს აუცილებლად მოხდება.
არჩევნის პრობლემა
არჩევნის პრობლემა ბევრისთვის კარგად ნაცნობი თემაა, თანაც, ყოველთვის არის პატარა ტრაგედია: ირჩევ ერთს და ავტომატურად ამბობ უარს უამრავ დანარჩენზე. კარგად რომ დაფიქრდე, შეიძლება, საერთოდ აღარც გააკეთო ეს არჩევანი და მუდმივად იყო ძიებაში. მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ქალბატონების შემთხვევაში, თანაც, ჩვენს კონკრეტულ საზოგადოებაში?! ვერაფრით გაამართლებ ორმაგ და სამმაგ ურთიერთობას, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მეტ სავარაუდო პარტნიორზე. ახლა, რაც შეეხება თავად არჩევნის კრიტერიუმებს. ხშირ შემთხვევაში, რამდენი ხანიც არ უნდა აკვირდებოდე კანდიდატებს, დიდი შანსია იმისა, რომ ვერც ერთი მათგანი წესიერად ვერ გაიცნო. რაშია გამოსავალი, – ანუ, როგორ გავაკეთოთ არჩევანი? ღირს კი, საერთოდ, იფიქრო? იქნებ ჯობდეს, გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო?! პასუხი მარტივად გასაცემი ნამდვილად არ არის. ქალი, რომელიც ერთდროულად ორ მამაკაცთან ურთიერთობაზე მიდის, რათა ყოველთვის ჰქონდეს ალტერნატივა, თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, რისკავს, ვერც ერთი ვერ გაიცნოს ბოლომდე. რეალურად, ეს აუცილებლად ასე მოხდება. შეუძლებელია, ორ ფრონტზე ერთნაირი, დაბალანსებული ძალით იბრძოლო. ვერც ერთის მიმართ ვერ გამოიჩენ სრულ ძალისხმევას და, ბუნებრივია, ვერც ერთთან ურთიერთობა ვერ მოგგვრის სრულფასოვან კმაყოფილებას. გამორიცხული არ არის, ქალმა მარტოსულად იგრძნოს თავი. რატომ უნდა გაწვალდე, როცა შეიძლება, ერთთან დახარჯო შენი გრძნობები და ემოციები, გაიხსნა ბოლომდე და იპოვო შენი ბედნიერება?!
მხოლოდ სიამოვნება
იცით, რომ არსებობს სპეციალურად დაწესებული დღე, როცა უნდა ჭამო ის, რისი ჭამის სურვილიც გაქვთ და უარი თქვა დიეტაზე?! 1992 წელს ამიტომაც დააწესეს დიეტაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე. ინიციატორი იყო ვინმე მერი ევანს იანგი, რომელიც ანარექსიის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ეს დღე 6 მაისს აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მერი იანგი დარწმუნებული იყო, რომ მუდმივად დიეტაზე მყოფი ადამიანები ვერ იღებენ სიამოვნებას ცხოვრებისგან. რა მნიშვნელობა აქვს, მსუქანი ხარ თუ გამხდარი, მთავარია, ფორტუნამ გაგიღიმოს და შენს ცხოვრებაში ყოველდღე დღესასწაული იქნება. ამიტომ, ძალიან ნუ გაიწვალებთ თავს დიეტებით – ისინი თქვენ აგრესიულ და დეპრესიულ არსებებად გაქცევენ. მთელი ცხოვრება იწვალებთ და ვერასოდეს მიიღებთ ცხოვრებისგან სიამოვნებას. კილოგრამები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, არეგულიროთ, მაგრამ, თქვენი წონა სერიოზულ კომპლექსად თუ გადაგექცათ, გაწამდებით. სწორად შერჩეული სტილი, მორგებული სამოსი აუცილებლად დაგიფარავთ კონკრეტულ ნაკლოვანებებს. ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მათზე მიგითითებენ. გაუღიმეთ სამყაროს და ადამიანებს. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ღიმილი, თუნდაც ნაძალადევი და ხელოვნური, გვეხმარება, ფიქრები პოზიტიურ ტალღაზე გადავაწყოთ. ნუ იქნებით ისეთი, როგორიც ყველაა.
ბოლოს და ბოლოს, ეს ვერც ბედნიერებას მოგიტანთ. თუ თქვენთვის ჭამა სიამოვნებაა, მიირთვით, რადგან, სიამოვნებას მოაქვს სიხარული, სიხარულს კი – ბედნიერება.
როცა გიყვარს...
შეყვარებულები დიდხანს ცოცხლობენ, ანუ სიყვარულის ნიჭი სიცოცხლეს ახანგრძლივებს – ფსიქოლოგებისთვის ეს უკვე ფაქტია, მაგრამ, სჯერათ თუ არა ამის ადამიანებს? მივყვეთ სიღრმისეულად: როცა შეყვარებული ხარ, ბუნებრივია, ხარ ბედნიერიც, რადგან, სიხარულის განცდა ბადებს ბედნიერებას – ამაში უჩვეულო არაფერია. ბედნიერ ადამიანებს გაცილებით ძლიერი იმუნიტეტიც აქვთ, რაც მათ დაავადებებისგან იცავთ და შესაბამისად, დიდხანსაც ცოცხლობენ.
ადამიანს სჭირდება საკვები. ჩვენი ცხოვრების წესსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩვენი ემოციური მდგომარეობაა. თუ მუდმივად ხართ ცუდ გუნებაზე, თუ სული დამძიმებული გაქვთ და გათენება არ გიხარიათ, ეს ყველაფერი თქვენს ორგანიზმს ნელ-ნელა, ყველა ვირუსზე უკეთ დაანგრევს.
როცა ადამიანი თავისი ბედით კმაყოფილია და ცხოვრება უხარია, მით უმეტეს, თუ არ არის მარტოსული, აქვს იმის განცდა, რომ სახლში შეყვარებული ელოდება, რომელიც მისთვის ცხოვრობს და მასზე ზრუნავს, ვერანაირი ავადმყოფობა ვერ მოერევა. პრობლემები ყოველთვის უარყოფითი ემოციებისგან ჩნდება.
P. S. მუსიკა ყველაზე უფრო დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ცნობილია, რომ სასიამოვნო ჰანგები მცენარეების ზრდასაც კი უწყობს ხელს. ყველაზე სასიამოვნო და სრულყოფილი მელოდია კი, რაც კაცობრიობას შეუქმნია – სიყვარულია!