რა არის სიკვდილისწინა გამოცდილება და რატომ ხვდებიან ადამიანები საიქიოში ექსტრემალურ სიტუაციებში
მეცნიერები, ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები, ბოლო დროს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ ფაქტების გამოკვლევით, როცა ადამიანი „დროებით“ იმქვეყნიურ სამყაროში ხვდება, შემდეგ ამქვეყნად ბრუნდება და ათასგვარ ისტორიებს ყვება. მოკლედ, ისინი სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენას სულ უფრო და უფრო ამტკიცებენ. დიდი ხანია, მსჯელობენ, იკვლევენ ფაქტებს, აკეთებენ ანალიზს, ესაუბრებიან „იმქვეყნად მყოფ“ ადამიანებს. მართალია, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ახლაც უამრავია ისეთი, ვინც ამტკიცებს: კლინიკური სიკვდილი მქონდა, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე დავინახეო. შეუძლებელია, ისინი ტყუოდნენ, რადგან, ბევრის ნათქვამი ემთხვევა ერთმანეთს. მოკლედ, საიქიოს არსებობაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება. ფაქტები მოწმობს, კლინიკური სიკვდილი ადამიანებს ძირითადად ექსტრემალურ სიტუაციებში ემართებათ და, მათი თქმით, იმქვეყნად ბევრი რამ ნახეს – გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები და, ბოლოს, რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად მოაბრუნა. თუმცა ვერავინ ხსნის, რა არის სიკვდილისწინა გამოცდილება. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბატონი დავითი, სწორედ ის ადამიანია, რომელიც ათეისტურ გარემოცვაში გაიზარდა და მას ყოველთვის სჯეროდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობდა, თუმცა დღეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ სიკვდილის შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე. ასევე, მისი მტკიცებით, არსებობს მექანიზმი, რომლის წყალობითაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მოვლენას ეჯახებიან.
დავითი: კომუნისტურ რეჟიმში გავიზარდე და თავის დროზე საკმაოდ მაღალი თანამდებობაც მეჭირა. ვერ გეტყვით და ვერ მოგატყუებთ, საიქიოს არსებობის მჯეროდა-მეთქი, კლინიკურ სიკვდილსა და გვირაბის ბოლოს სინათლის ხილვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მოკლედ, არ მჯეროდა ამ მისტიკური, ამოუცნობი და შეუცნობელი ფენომენების და რა მექნა? მაგრამ, დღეს ზუსტად ვიცი ეს რა არის და რომ, საიქიოს ხილვა ეს ძილის ნაირსახეობაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ერთ-ერთი ფაზა, ეგრეთ წოდებული სწრაფი ძილის დარღვევა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი მოვლენები. ზოგადად, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, გიჭირს ადამიანს რაიმეს დაჯერება. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ისეთი რამ შემემთხვა, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები.
– ასეთი რა მოხდა, რომ მთლიანად შეიცვალეთ რწმენა და ირწმუნეთ საიქიოს არსებობის?
– ერთ-ერთ რაიონში ვმუშაობდი, ჩემი ოჯახი კი თბილისში ცხოვრობდა. ამიტომ, ყოველ შაბათ-კვირას გზაზე ვიყავი გაკიდებული. ერთ დღეს ადრიანად გავიღვიძე, რომ რაიონში წავსულიყავი. ცოლმა მთხოვა, დღეს ნუ წახვალ, დარეკე მოადგილესთან და რამე მოიმიზეზეო. გადავირიე, რას ჰქვია, მოვიმიზეზო, სამსახურს ვერ გავაცდენ, თან, საპატიო მიზეზი ხომ უნდა მქონდეს-მეთქი. თურმე ჩემს ცოლს რაღაც ცუდი სიზმარი უნახავს. მომიყვა, სიზმარში ხორცი მომაწოდე, გატრიალდი და წახვედი, ბურუსში დაიკარგე, მე კი ვჭამდი და თან, ცრემლები მომდიოდაო. გამეცინა, როდის იყო სიზმრებს ვუჯერებდი-მეთქი. თუმცა, დილიდან ისეთი განცდა მქონდა, მანამდე რომ არ მიგრძნია. თითქოს ყველაფერს ვემშვიდობებოდი, ბავშვებს ვუთხარი, აბა, თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ, კარგად ისწავლეთ, დედას დაუჯერეთ და არ იცელქოთ-მეთქი. გაეცინათ – როდის იყო, ასე გვაფრთხილებდი, რა გჭირსო. ვისაუზმე, დავემშვიდობე ცოლ-შვილს და კიბე ჩავირბინე. სანამ მანქანასთან მივიდოდი, ვიგრძენი, ვერ ვიყავი კარგად. გული ამიჩქარდა და ცივმა ოფლმა დამასხა. შევჩერდი, დავფიქრდი ცოლის ნათქვამზე, მართლა რამე ხიფათი ხომ არ მელის გზაზე, ნეტავ, რატომ მთხოვდა დარჩენას, ან ეს გულის აჩქროლება რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი. მოკლედ, ჩავჯექი მანქანაში და გზას დავადექი. გზაში ვფორიაქობდი, თითქოს რაღაც არ მასვენებდა, თან საშინელი აზრებიც ამეკვიატა, გარდაცვლილი დედ-მამაც გამახსენდა. თან, ცოლზე ვბრაზობდი, სულ იმის ბრალია ყველაფერი, ასე როგორ ამაფორიაქა ერთი უბრალო სიზმრის გამო-მეთქი. ქარელის რაიონს რომ მივუახლოვდი, ჩემს უკან მომავალმა მანქანამ საშინელი სისწრაფით გამისწრო, საპირისპიროდ მომავალ, წინმხვედრ მანქანას გვერდი ვეღარ აუარა და დაამუხრუჭა. მეც სწრაფად დავამუხრუჭე, საჭე მარჯვნივ ავიღე, ვიფიქრე, არ დავარტყა-მეთქი და ამოვტრიალდი. ეს კი მახსოვს, მაგრამ ამის მერე, მთელი თვე კომაში ვიყავი. უბრალოდ, რომ ვთქვათ, კლინიკური სიკვდილი გადავიტანე.
– ადამიანები ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში, ცხოვრებამ კადრებივით ჩაიარა ჩემს თვალწინო. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
– დიახ, სწორედ ასე იყო. ახლა აღარ მეპარება ეჭვი, რომ კლინიკური სიკვდილი ნამდვილად შესაძლებელია და არც მაშინ ტყუიან ადამიანები, როცა ამბობენ, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე ჩანდაო. როგორც ყველა იმქვეყნად დროებით მოხვედრილი ადამიანი ამბობს, მეც ენით აუწერელი სილამაზე ვნახე და სიმშვიდე, ნეტარება განვიცადე, არ მინდოდა აქეთ დაბრუნება. დედაჩემი შემეგება პირველად და სხვათა შორის, არ გახარებია ჩემი დანახვა. მითხრა, ვიცი, შენი დრო ჯერ არ დამდგარა და ჩემს სანახავად დროებით მოხვედიო. სხვათა შორის, რაც კლინიკური სიკვდილი მქონდა, ტკივილი არ მიგრძნია. გამოფხიზლებისას კი ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ვერ აგიწერთ. მთელი ერთი თვე ვიყავი კომაში. გამოფხიზლებულს კი, მეგონა, სულ რაღაც ხუთი წუთი იყო გასული.
– გამიგია, რომ ასეთ დროს ტვინი გამუდმებით მუშაობს და ყველა იმ ინფორმაციას ინახავს, რაც ადამიანს კომის მდგომარეობაში ესმის. გამოფხიზლებულს კი ზედმიწევნით ახსენდება ყველაფერი.
– ტვინს ასი პროცენტით არასდროს სძინავს და არც ასი პროცენტით იღვიძებს. ყველაზე საინტერესო სწორედ მაშინ იწყება, როცა ძილი და სიფხიზლე ერთმანეთს ეჯახება. ამ თემით თავად დავინტერესდი და წლებია, ინფორმაციებს ვაგროვებ. მოკლედ, მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოს მყოფ ადამიანთა ხილვები. მათი თქმით, გვირაბი ადამიანის ტვინში კეფის მხარეს ჩნდება. ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილში ჩერდება. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გვირაბს ხედავს. მთელი ცხოვრება თვალწინ გაირბენს, გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილები ამუშავდა, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის. სული სხეულს რომ ტოვებს, ეს ფენომენიც შეიძლება აიხსნას. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ქაოსურად აქტიურია ის ნაწილი, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად სიგნალები ირთვება ერთმანეთში, ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები, გამოფხიზლებისას კი ადამიანს ახსენდება: თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებდა; თითქოს სიზმარში ნახა ის, რაც რეალურად გადახდა; ახსენდება ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი მომენტები; თითქოს ტვინში ხან რაღაც ირთვებოდა, ხან ითიშებოდა და მერე ისევ თავიდან იწყებდა მუშაობას. აქედან მოდის ხილვებიც. ადამიანი ცხადსა და სიზმარს კარგად არჩევს ერთმანეთისგან და რომ მეუბნებიან, შენ იმქვეყნად კი არ იმოგზაურე, კლინიკური სიკვდილი კი არ გქონდა, არამედ, სიზმრებს ნახულობდი და ახლა ისინი გახსენდებაო, მწყინს. დამიჯერეთ, მე ის ადამიანი არ ვარ, მოვიტყუო – სიზმარი ხილვის ან რეალობისგან ვერ გავარჩიო. სხვათა შორის, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, ადრე არ ახმაურებდნენ, დღეს კი თამამად ლაპარაკობენ ამაზე.