ეკლესიაში გონებით დგომისათვის
იყო მონასტერი შუენიერი, სახელსა ზედა იოანე ნათლისმცემლისასა შეკრებილნი ძმათა სავსება. წინამძღუარმან ერთი ძმათაგანი შაბათს, მწუხრზე მორჩილად წარგზავნა სხუასა ადგილსა და იწყეს ძმათა ყოველთა ლოცვა ეკლესიასა შინა და მღვდელმან რა აკმია, ერთსა ბერსა, მუნ მყოფსა, არა უკმია. გარნა რომელიცა ძმა წარვლენილ იყო მორჩილებად, მისსა ადგილსა უკმია. და ოდეს სრულ იქმნა მწუხრის ლოცუა, მოახსენა წინამძღუარსა ბერმან მან:
– უფალო წინამძღუარო, ამას მწუხრსა რიგის მღუდელმან მე არა მაკმია!
ხოლო წინამძღუარმან მოუწოდა მღუდელსა მას: ნუ უკუე გულსა ძვირი აქვნდეს რაიმე, რომელი დააბრკოლებს საღმრთოსა მსხვერპლის შეწირვასაო და ჰრქუა:
– შვილო, რაისათვის არა უკმიე ბერსა ამას?
მიუგო მღვდელმან:
– შემინდევ, პატიოსანო მამაო, რამეთუ არა ვიხილე ეგე ეკლესიასა შინა.
მაშინ სიტყუა უგო ბერმან:
– ვითარ არა ვიყავ ეკლესიად, რომელ მე არა მიკმიე და მორჩილებად წარგზავნილსა ძმისა ადგილს უკმიე?!
მიუგო მღვდელმან წინამძღუარსა:
– გრწმენინ ჩემი, ღმერთშემოსილო მამაო, მე არა უწყი, თუ ძმა იგი მორჩილებად წარგიგზავნიეს, გარნა ესე უწყი, რომელ იგი ძმა ეკლესიასა შინა ვიხილე, თვისსა ადგილსა მდგომარედ და უკმიე; ხოლო ესე ბერი არა მიხილავს მუნ და მისთვის არა უკმიე.
მაშინ ღუთისა მიერ გამოეცხადა ღირსსა მას წინამძღუარსა და ჰრქუა ბერსა მას:
– შვილო, თუმცა შენ ეკლესიასა შინა ჰსდეგ, გარნა გონება შენი სხუასა საქმესა შეექცეოდა და ღმერთმან ესრეთ შეგირაცხა, ვითარცა არა მუნ მყოფი; ხოლო ძმა იგი, მორჩილებად წარგზავნილი, გონებითა ეკლესიასა შინა იყო და ღმერთმან ესრეთ შეიწყნარა, ვითარცა მუნ მლოცველი!
და ოდეს მოვიდა ძმა იგი, ჰრქუა მას წინამძღუარმან:
– გამოგვიცხადე, ძმაო, თუ რასა იტყოდი სლვასა შენსა, ანუ სადა იყავ გონებითა?
ხოლო მან ჰრქუა:
– ღუთივსულიერო მამაო, პირითა მარადის ამას ვიტყოდი: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!“ და გონებითა ჩემითა ეკლესიასა შინა ვიყავ თქუენთანა მლოცველად.
მაშინ ბერმანცა მან შეინანა და აღიარა, მეტყველმან:
„შემინდვე, წმიდაო მამაო, რამეთუ ეკლესიასა შინა ვსდეგ ხორცითა, გარნა გონებითა გარეშე საქმესა ვიწურთიდი.“
„მანანაი“, თბილისი, 1882, გვერდი 93-95.