მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სნეულების გამო არ მაქვს ეკლესიაში სიარულის ფიზიკური უნარი. შეიძლება თუ არა, სახლში წაკითხულმა ლოცვებმა შეცვალოს წირვა-ლოცვაზე დასწრება და მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებები?
პასუხი: საეკლესიო ლოცვებს ვერანაირი სხვა ლოცვები ვერ შეცვლის. მაგრამ, რადგან ფიზიკური უძლურების გამო ვერ მიდიხართ ტაძარში, ილოცეთ სახლში და ეცადეთ წელიწადში რამდენჯერმე თქვენს ბინაში მოახერხოთ მოძღვრის მიყვანა, რათა უთხრათ აღსარება და ეზიაროთ.
კითხვა: ჩემი შვილი ქორწინების გარეშე დაიბადა. როგორც მითხრეს, ეს დიდი ცოდვაა. ძალიან ვნერვიულობ, ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილს? როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ქალი მრუშობის ცოდვას აარიდოს, მაგრამ, როდესაც ღვთის უდიდესი სასწაული – ბავშვის ჩასახვა ხდება, ეკლესია თანადგომას უცხადებს ჯერ მომავალ დედას, რათა აარიდოს ის უდიდეს ცოდვას – აბორტს, ხოლო ბავშვის დაბადების შემთხვევაში ეხმარება მარტოხელა დედას. ღვთისთვის არ არსებობს განსხვავება ქორწინებით და ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს შორის, ამიტომ მშვიდად იყავით და ქრისტიანული რწმენით გაზარდეთ თქვენი შვილი.
კითხვა: აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ მისთვის აღსარებაზე განდობილი ცოდვები?
პასუხი: მოძღვარს არავითარ შემთხვევაში არ აქვს აღსარებაში ნათქვამი ცოდვების გამხელის უფლება. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოს წესს და კანონს. დათესავს უნდობლობას სინანულის წმიდა საიდუმლოს მიმართ. მოძღვარს შეუძლია, ქადაგებისას ან თუნდაც პირად საუბარში მორწმუნესთან განიხილოს ესა თუ ის ცოდვა ზოგადად, ეს კი შესაძლებელია.